მოცარტის ბავშვი


იცი? ბავშვს სულ არ აინტერესებს მუსიკა. როიალს ზიზღით ჩაუვლის და რაღაც სათამაშოებით ერთობა. მე ვუყურებ ბავშვს და მწარედ მეღიმება. მერე ვდგები, ფანჯრებს ვაღებ და უბედურის სიხარულით ვხარხარებ.

ქერა მადონებს, თეთრი პარიზის,
სულში სონატა უთრთით მთვარისი,
თმებზე ხავერდი უთრთით მთვარისი,
და რეკავს, რეკავს მწუხრის პარიზი.
მთვარევ ამოდი, ამოჟრიალდი,
ბულონის ტყეთა ამო შრიალში...
დიდრონ ხეების მკრთალი ბინდები,
განცხრომას გიკმევს, ნუ შეშინდები.
’’მე ჩემს სიყვარულს გამოვეთხოვე,
მე შენს სიყვარულს გამოვეთხოვე’’
მოცარტს უკრავენ, მაგრამ ვნებები,
ჭაბუკ ბეთხოვენს,უფრო მეტს სთხოვენ.
იის მტევნების გრილი კონები,
ღვთისმშობლის ტაძრის მდუმარ კედლებთან
მოდის საღამო და გოგონები
და სიყვარული ღმერთს ევედრება.
დიდრონ ხეების მკრთალი ბინდები,
განცხრომას გიკმევს, ნუ შეშინდები.
ავე მარიას თეთრი სურვილით,
შენ გეუფლება რამე სურვილი.
და შენს წამებას მღერის თამამად,
ვიღაც ბაჟღლემი და დაურვილი,
და შენს წამებას მღერის საოხრად,
წვივჭუჭყიანი მიუსაფარიც.
რამ ააოხრა, ვინ ააოხრა,
ცხოვრება მერე ისიც ზღაპარი,
გენიავ... მწირო... და უდაბურო,
შენ დადიოდი ულუკმაპურო.
როგორც ეხვევა ჭირხლი ვერხვიანს,
ისე გეხვია ურდო ოქროთა,
შენთვის კი გარეთ ქარებს ბნელხმიანს,
ღამე და თეთრი მთვარე მოჰქონდა.
თითქო წაგასწრეს დანაშაულში,
თითქო ეწყება სინდისს წამება,
შვილი როიალს ზიზღით ჩაუვლის
და სხვა გასართობს ეძებს კარებთან.
მწარე ღიმილის ბანგით ითვრები
და კლავიშებზე ცვივა მკლავები,
შენ გელანდება იგი მდიდრები,
მოხარხარე და მოცეკვავენი.
სული ცხელია როგორც მკათათვე
და თავქვე გთიბავს უილაჯობა,
იქნებ ბალღია მართლაც მართალი,
იქნებ ალღოთი ბალღმა გაჯობა.
ხარხარებ... ცრემლი თვალზე გადადის,
ცრემლში ხტის ეშმაც, ჭინკაც, სატანაც,
ეჰ, რომელია ქვეყნად მართალი
შენ თუ ის შენი შვილი პატარა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი