რატომ?

მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი არაფერი არა ხარ,
მაინც შემოგხარი, რატომ?
იცის ფოთოლმაც და ბალახმაც,
მე კი რანაირად გკადრო,
ჩემი სასურველი არა ხარ,
მაინც მესურვები, რატომ?
შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა,
ტკივილს ვეღარავის ვანდობ,
ჩემი დანიშნული არა ხარ,
მაინც ვეჭვიანობ, რატომ?
სული საოცრებამ დანაღმა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი სიყვარული არა ხარ,
მაინც მენატრები, რატომ?