0 3322

უმღერებელი მუხამბაზი


ჩემი მძვინვარე მუხამბაზი არ იმღერება!...
ამ დუდუკებმა რა იღონონ,ან იმ ხელებმა,
ვერც გულს მოიფხან,
ვერც იბღავლებ,
ვერც იხარხარებ,
განტოტვილი ვარ, გაფანტული ცხრაჯერ ცხრა მხარეს,
სად არ დამჩეხეს, სად არ დამკლეს,სად არ დამყარეს...
ჩემი მძვინვარე მუხამბაზი არ იმღერება!...

ტაო-კლარჯეთის ბოკვერი ვარ ბღეზი ბეწვებით,
საქართველოში ქართველობას არ ვიხვეწები,
მიყვარს ზვავების და ლოდების გულზე ჯახება,
მიყვარს ამ მთებში გავარდნა და გაყაჩაღება,
ჩემს ხევხუვებში ძველებურად ქუხს მაჭახელა,
ტაო-კლარჯეთის ბოკვერი ვარ ბღეზი ბეწვებით!...
ღმერთებთან ღრეობს საქართველოს ცა,- მინანქარი!
ფუთიან ტორებს მხარზე მაფშვნის ჩემი ამქარი,
ტივზე ტორტმანებს საზანდარი, - შხივის შამფური,
ბესიკის ჯამში ანნას ბადაგს ჩააქვს ჩქაფუნი,
ირმების ბღავილს მოაქვს ამბორიც,მოაქვს ქაფურიც...
ღმერთებთან ღრეობს საქართველოს ცა მინანქარი!...
მე სხვა სასწაულს სამყაროში ვერ მივაგენი,
დასაკვდომელი დარდუბალით დამღრნის ბაგენი,
ლამის ბაგენი უბადაგო დაგვამ დალილოს,
მომეცით ჯამი! –
საყვარლის ცრემლში
მე ანგელოზებს ფეხი უნდა ჩავაბანინო.
ჩემი მძვინვარე მუხამბაზი არ იმღერება,
ვერც გულს მოიფხან,
ვერც იბღავლებ,
ვერც იხარხარებ.
კომენტარები (0)