ხელები


ხელები უნდა ჰქმნიდნენ მწვერვალებს,
მშვენიერებებს,შედევრებს ჰქმნიდნენ,
უნდა ბედავდნენ თავისუფლებას
და სასწაულებს სამყაროს ოდენს,
რომ მათ მუშტებათ შეკვრის უფლება,
მერე მოთხოვნის უფლება ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ პარნასებს,
ახალ მსოფლიოს დიდებას ჰქმნიდნენ,
უნდა აქციონ სივრცე უბნებად
და მზე მოსტაცონ შორეულ ბლონდებს,
რომ მათ შენს ცეცხლთან მისვლის უფლება,
მერე გათბობის უფლებაც ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ გუმბათებს,
მტევნებს, უქურთმებს, ღიობებს ჰქმნიდნენ,
უნდა შეჰბრწყინონ ცას ალუბლებად,
უნდა ნაღმავდნენ თავთუხით კორდებს,
რომ შენს სუფრასთან მოსვლის უფლება
და სადღეგრძელოს უფლება ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ წალკოტებს,
ცას და ყვავილებს, ოცნებებს ჰქმნიდნენ,
უნდა შეუნდონ ცოდვა უვნებლად
ისევ ვნებებით მოდერნილ ცოდვებს,
რომ შენს მუხლებთან დგომის უფლება
და წამოდგომის უფლებაც ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ ღვთაებებს,
სათნოებას და სიყვარულს ჰქმნიდნენ,
უნდა შეიძლონ გასაუბრება
თმებთან, თვალებთან მთრთოლავთან ოდეს,
რომ მათ საკინძის შეხსნის უფლება,
მერე შეღილვის უფლებაც ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ ხელები,
მადლს და სიკეთეს, სინათლეს ჰქმნიდნენ,
უნდა აკმიონ სულებს სუფევა,
აღიღონ წიგნი მარტვილთა ოდენ,
რომ მათ განკითხვის ჰქონდეთ უფლება
და პატიების უფლებაც ჰქონდეთ.

ხელები უნდა ჰქმნიდნენ ხელები,
მუდამ და მუდამ, ქროლავდნენ, ჰქმნიდნენ
მეც ხელები მაქვს და მეც კაცი ვარ
მაგრამ ვის ჯოგში დამასახელებ?
და ვხედავ მხოლოდ ხურდა აცვივა
ქუჩაში უქმად გაშვერილ ხელებს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი