აფხაზეთს...


მითხარი გადარჩნენ პალმები , აიდა?
ტალღები აქანებს კვლავ ჩვენს ზღვას შორეულს?
მითხარი, რამდენჯერ წავისვა თავიდან
მალამო ამ გულზე ტკივილებმორეულ?

მითხარი, კვლავაც ფრენს თოლია ტალღებზე?
ყვავდება ატმები მაისში, აიდა?
ბინდივით მეკვრება ტკივილი თვალებზე, 
რამდენი... რამდენი წელიღა გავიდა ...

მითხარი კვლავ ყვავის საფლავზე სუმბული?
ბებიის კალთა რომ იცავდა ქარისგან,
ნეტავი კვლავ გალობს აპრილში ბულბული
ბაბუის საფლავზე, მითხარი ,აიდა...

მითხარი, სად ვნახო მე სულის სიმშვიდე,
ზღვის ტალღებს სხვაგან რომ ვეფერო არ მინდა,
მითხარი , ოდესმე ხომ ისევ მიმიღებს,
ხომ ჩამიხუტებს  მითხარი , აიდა.

ჩემს ეზოს ხავსი ხომ არ აკრავს , აიდა,
ბაბუის მარანიც სავსეა კვლავ ღვინით?
ბებიამ იცოდა მაგ სავსე მარნიდან
სტუმრისთვის მოტანა ღვინოსი ტიკით.

კვლავ იცავს გოშია ჩემს ეზოს ერთგულად?
აღვიძებს მამალი ყოველდღე მიდამოს?
ცხოვრობენ თაგვები თხილებში მეფურად
ცდილობენ კაკალიც სხვენიდან იპარონ?

მითხარი ყვავიან ეზოში ხეები?
ნუ დუმხარ მიამბე ძვირფასო აიდა,
მითხარი რა ხერხით შევიშრო ცრემლები,
ეს გული რაღამდენ ტკივილსღა აიტანს..

ბავშვობა მანდ დამრჩა ჭიშკართან, აიდა,
ეფერე, უამბე ყოველღამ ზღაპრები 
უთხარი რომ სადღაც მშვიდობა არის და
უამბე ფერადი, ლამაზი ამბებიც...

მითხარი როდისღა დადგება ის წამი,
მის მიწას გულში რომ ჩავიკრავ, აიდა,
მზე გაბრწყინდება, ჩადგება ქარი, 
სიცოცხლეს ისევ რომ დავიწყებ თავიდან...

შორია. შორია რაოდენ ძალიან,
დავძრწივართ სხეულნი... უსულოდ დავდივართ,
სიცოცხლე რომელიც ისედაც წამია,
სულ სხვაგან გავიდა.. სულ სხვაგან, აიდა...

მიამბე , კვლავ ყვავის საფლავზე სუმბული?
ბებიის კალთა რომ იცავდა ქარისგან,
ნეტავი კვლავ გალობს აპრილში ბულბული
ბაბუის საფლავზე, მითხარი ,აიდა...

ანნა ზეიკიძე
24.07.19
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი