გზები


გზები, 
ფართო და თვალუწვდენელი, 
ხანდახან ვიწრო და ბნელი. 
არ არის სანთელი, 
მაგრამ არის ხმა, 
უტყუარი და ერთგული ხმა, 
უფლისა. 
მე მესმის და ვხედავ, 
შენ? 
შენც გესმის და ხედავ, 
მაგრამ საკითხავია, 
გინდა თუ არა იმ გზებზე სიარული, 
სადაც ან არავინ არის, 
ან არის ოღონდ, 
შენსავით ჩურჩულს აყოლილი ვინმე, 
მწუხარე ორჭოფობით; 
იქნებ, 
არც არის უფლის ხმა? 
... 
სიწყნარე სუფევს ჩემში, 
როგორც უზარმაზარ ეგვიპტურ აკლდამაში 
და ძველი შეცდომები არიან აქ ბრწყინვალე მიცვალებულნი, 
მე კი, 
ვუვლი და არ ვივიწყებ მათ. 
გზები 
და 
გზები, 
ურიცხვი, 
ბუნდოვანი, 
დაუსრულებელი 
და 
საკუთარი, 
ჩემი გასავლელი მხოლოდ, 
სადაც არ მეშინია და არც ყოფნა მბეზრდება, 
რადგან ეს, 
დიდი სიმშვიდის საწინდარია, 
დიდი ღიმილის გზა, 
ჩემში. 
  
                                                                      2012.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი