პოეტობა კი გეფიცები მძიმეა ჯვარი


მე წუხელ ღამით თვით ჩემს სიკვდილს გავესაუბრე,
რა მკაცრი იყო რომ გენახა შეშინდებოდი.
ჩემმა ფიქრებმა სულიერი კვდომა მაუწყეს
- მარტო დარჩენას მე ამისთვის ვერიდებოდი.

მიცქერდა თითქოს უკუნიდან დაღლილი სული,
ვკარგავდი თავს და საკუთარი მიპყრობდა შიში.
ის იმედები რომ მომეცი ყოფილა ფუჭი,
მე უიმედოდ განვიცდიდი სიცოცხლის შიმშილს.

ნაღვლიან ღამეს ეტყობოდა უჩემო დამღა,
სევდისფერ დილას გათენება ეწერა მაინც.
ვერ გავიმარჯვე ... ღიმილები მეტყობა რადგან,
ვერ შევატოვე დარდნარევი წარსული მაისს.

მე წუხელ ღამე მერამდენედ მეწვია შიში
და მერამდენე გათეთრებულ ღამეს ვემთხვიე.
ვიცი მოიგებს სიცოცხლესთან სიკვდილი ჭიდილს
და მეც უთუოდ მივატოვებ ნაცნობ ხეივნებს.

დილა გათენდა ხის ქერქივით ჩემთვის უხეში,
შემომეთენა ყველა განცდა მთვარის ბალიშზე.
სადმე მივაგდებ (მოძებნამდე) კალამს კუთხეში,
სანამ ღამე კვლავ გამიშიშვლებს სულის კლავიშებს.

ხარბათ ვისუნთქე ტყუილი და (ყველა ჭრილობა
შებინდებისას იწყებს გახსნას...) - ჩემი ბრალია!
მე მუდამ სხვისი ღიმილების ნახვა მინდოდა
და სული მექცა საკუთარი ტანჯვის გალიად.

მე ყოველ ღამე საათობით ვკვდები და ვფიქრობ,
ამაყი სახით შევინახავ ჩემს სულს ზეცამდე.
სისხლში ლექსები სასიცოცხლოდ დამიდის თითქოს
და ყოველ ჯერზე წამოვდექი როცა ვეცადე.

მე დავწერ ისევ... მიკანკალებს ახლაც თითები,
პოეტობა კი გეფიცები მძიმეა ჯვარი.
შენ თუ დაგჭირდა მომაკვდავიც შენთან ვიდგები,
მაგრამ იგივე არ გაბედო და ჩემგან წადი!

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი