თეთრდება ახლა ეს კალამიც - ედრება ღამეს


ადრე თუ გვიან შევწყვეტ წერას და მერე ვიცი
ვემსგავსო უნდა მზეგაცრეცილ მცივან ამინდებს.
ამ ცხოვრებასთან მაკავშირებს იმდენი ფიცი,
რამდენი სუნთქვაც გამოვტოვე, რომ არ დამინდეს.

დარაბებს მიღმა ყოველ ღამე ვკითხულობ ლოცვებს,
სულში კი დარდი უგზო უკვლო ფიქრივით დამდის.
ვიხსენებ ჩემთვის საყვარელ და მისაბაძ მგოსნებს,
დილაა მაგრამ ვიღაცასთან მზე ახლა ჩადის.

სურვილებს ვკლავ და გაცრეცილად ცხოვრებას ვჩემობ,
ვატყობ, რომ მაინც კვლავ წარსულში დავიწყე ქექვა.
ფიქრები ისე მაცოტავებს ვერც ვხვდები ჩემო
სხვა მსურდა, მაგრამ უნებურად სხვა რაღაც მეთქვა.

თეთრდება ახლა ეს კალამიც - ედრება ღამეს,
შენა ხარ მუზა დაწერილი სულ ყველა ლექსის.
ცრემლით ნაბანი მოგონება ქუჩაში ათევს,
ვჩუმდები, რადგან დღეს ჩემი ხმა არავის ესმის.

არის მომენტი დიდი სევდით სული ფრთებს შლის და
ვიღაცისათვის დახურული ძველი წიგნი ხარ.
გადაგიკითხოს ერთხელ მაინც ვინმემ შენც გინდა,
ჩერდები, რადგან გზა არ ჩანს და ვერსად მიდიხარ.

ვსუნთქავთ და ჩვენს წილ გასავლელ გზას თავადვე ვირჩევთ,
მე არ მწამს ბედის სადაც მუდამ ლოდინით ვცხოვრობთ.
გადის დრო მაგრამ ვერ ვეწევით საათის ისრებს,
ცხოვრება გვექცა სიკვდილამდე შესაფარ სოროდ.

მე ნაადრევად ვუარყავი ჯვარი და მეტიც,
ვიცი დრო გავა სიკვდილის წინ გაჩუქებ წუთებს.
ნებით ვიქეცი საკუთარი არსების მსხვერპლი,
და ახლა შენზე მოვუყვები სისხლიან ქუჩებს.

ჩუმი 'პოეტესა' • გვანცა კომახიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი