ვწერივარ, მაგრამ არ მკითხულობ - მხოლოდ ვარსებობ.


ხან ვგავარ ფურცლებს რომლებზედაც არაფერს წერენ,
ხან წიგნის თაროს სიძველის რომ ატყვია მტვერი.
ყველაფერს ვუძლებ, ვიმახსოვრებ ჩემში და მერე
ხმა გადაკარგულ უსიცოცხლო პარტიას ვმღერი.

იმედთა სხივი სიკვდილი რომ არგუნა ბედმა,
სულის კედელზე ატუზულა სიბნელის ფონზე.
გიჟს ვგავარ, ვიღაც გაიფიქრებს რომ ცოტა ვერ ვარ,
მაგრამ მე მაინც ყოველ დილას ვიხსენებ ლოცვებს.

ლოცვებს რომლებიც გამიფანტავს მწუხრის აისებს,
შემაჩვევს სევდას გულს მომილბობს ანდა პირიქით.
მე ყოველ დილით ნიღბით ვმოსავ სულის კლავიშებს
და დღეს, რამდენი გავაშიშვლე ჩემო ვინ იცის.

ვდგავარ მშვიდად და ზეცას ვუმზერ - ფერები მხიბლავს,
ფრთებს ვშლი და ჩემი ვერ გაფრენა ძლიერ მაწამებს.
ამოდენ დარდი ცუდს თუ არა კარგს არას მიზამს,
წლებია ცრემლი შევაჩვიე დიდრონ წამწამებს.

ჩემს სევდას ახლა მოიისფრო ლექსის სუნი აქვს,
შემოეცრიცა ფიქრების ზღვას ყველა ნაპირი.
ყურს თუ დაუგდებ შორიდანაც ჩემზე მღერიან,
თუკი გაჰყვები თავდახრილი ღამის ლაბირინთს.

მეც ღამესავით სველ ქუჩებში დავრჩები მარტო,
ვერას მიშველის ვერც თვითგვემა, ტანჯვა, გოდება.
ტუჩის კუთხესთან შემოპარულ წვიმის ცივ ამბორს,
ჩამოათოვა დანგრეულმა ფიქრთა ლოდებმა.

წიგნის დასასრულს წერია რომ მეც შევაკვდები,
მზისგან გაცრერილ, გახუნებულ გრძნობის არშიებს.
ჯერ ჩაუდენელ ცოდვასავით მომენატრები,
მაგრამ დღეს მაინც ხელს გიქნევ და ჩემგან გაცილებ.

მოქუფრულ ცაზე ჩამავალ მზეს ლექსს ვერ უწერენ,
ვერც უკვდავება შევისწავლე ჩემო ასე რომ,
როგორც წიგნიდან ამოხეულ ობოლ ფურცელზე,
ვწერივარ, მაგრამ არ მკითხულობ - მხოლოდ ვარსებობ.

✍️ ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი