მდუმარე დრო


შეხედე საათს... ან დრო სდუმს და ან მე ვგიჟდები
ისრებიც ისე დათქმულივით იცვლიან ადგილს,
რომ წლების უკან ჩაფერფლილი ჩემი ფიქრების
მარტოსული და უიმედო პატრონი დავრჩი.

მე შენი ლოცვა ავ თვალთაგან უთუოდ მიცავს,
სხვისი ტკივილიც მაგიჟებს და სულთან პაექრობს.
საკუთარ მესაც ვერ ვპატრონობ დედაო ღვთისავ
და არც ის ვიცი სადა ვარ და ვინ ვარ საერთოდ.

ვუყურებ საათს თვალები კი გამირბის ცისკენ,
თავს ვხრი და ფიქრთა ტყვეობაში გასაფრენ ფრთებს ვშლი.
მომზირალს ვუცქერ ფანჯრის ქვევით სიცოცხლის რისკებს 
და უსუსური ჩემს თეთრ ზეცას შორიდან ვეტრფი.

ეს დღეც დამთავრდა... ვერ შევიბი ჩიტივით ფრთები
დრო კვლავ წყეულად გაიწელა ... მე მებრძვის თითქოს.
მინდა შემეძლოს ეს სამყარო გავთელო ფეხით,
მინდა შემეძლოს კვლავ ბავშვური ... ძველი 'მე' ვიყო.

ხელში ჩამაკვდა საღამო და დავტირი ღამეს, 
გათენებისას იმედები კვირტებსაც ვერ შლის.
თუ სადმე ნახავ უიმედოდ გამომშრალ თვალებს
არ დააკვირდე!.. გეფიცები ჭკუიდან შეგშლის.

დედაო ღვთისავ შენი რწმენა ცამდე მამაღლებს,
დღეს ჩემი სულიც აჯანყდა და ხორცთან პაექრობს.
ჩემი თვალების ბავშვურობა ღმერთთან მამართლებს
და არ მადარდებს სად დავალ და ვინ ვარ საერთოდ.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი