- სევდა


ოჰ ღვთისმშობელო ... მერამდენე მოგიკლეს შვილი
და მერამდენედ სისხლისფერი დაგვიდგა დილა.
თითქოს ვწერ მაგრამ გამცვდარ სიტყვებს ქვებივით ვისვრი
მე ის შვილი ვარ სხვის ნაცვლად რომ სიცოცხლე მტკივა.

მძიმე ჯვარია... ხედავდე და არა შეგეძლოს
როგორ დასტირის წლების ნაფერ სხეულს ნაწამებს
მამა რომელსაც შვილის გამო კვდომა შეეძლო -
დედა რომელსაც საფლავის ქვა გულზე დაადეს.

მინდა ერთ დღესაც თვალგახელილს ვიგრძნო რომ მორჩა
მორჩა .... დამთავრდა... სიცრუეა რაც კი ყოფილა.
მინდა ვიფიქრო რომ ცხოვრება იმ ზღაპარს მოჰგავს,
ზღაპარს რომელსაც წლების უკან დედა მომიყვა.

სადაც კეთილი უსიკვდილოდ ამარცხებს ბოროტს
სადაც ცხოვრება ჯადოსნურად არის ლამაზი.
აქ კი ვცხოვრობ და ერთ აზრამდე მივდივარ მხოლოდ
ეადვილებათ ბავშვებსაც კი „სისხლით“ თამაში.

ღმერთო რა ხდება....ჯერ კვლავ გუშინ ვითვლიდით თერთმეტს
და საქართველოს ყველა კუთხეს მოედო სევდა.
ჩემო ბიჭებო იმ ქვეყნად თუ ერთმანეთს შეხვდეთ,
იმხიარულეთ (დედის გული ყველაფერს ხედავს).

და მე ვინა ვარ?  მე სევდა ვარ შვილმკვდარი მშობლის
დედა ვარ მკვლელის უსიცოცხლო ... და ვარ მოკლულიც.
მიწა ვარ და გთხოვთ მეც დამინდეთ ტკივილი მყოფნის
ამდენ „თოთო ბავშვს“ როგორ შევძლებ... როგორ მოვუვლი.

რა დრო დაგვიგა... აცილებენ შვილებს მშობლები
შვილებს რომლებიც თავის თავზე ძლიერად უყვართ.
მაგრამ მე მათგან თუნდაც ნამცეც იმედს მოველი
-ცოცხლებზე მეტად ერთგულება წასულ სულს უნდა.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი