სიზმარი


მე ბოლო დროს მესიზმრება,
როგორ კვდებიან ახლობელი ადამიანები.
მე მესიზმრება ომი, რომელშიც ყველას გვკლავენ
და გამოღვიძებისას ვერ ვგრძნობ ცოცხლად ყოფნის შვებას.

მე მესიზმრება ჩემი სიკვდილი
ის დღე, იმედით სავსე დღე ,
აწმყოთი გაჟღენთილი დღე, როცა ვკვდები.
მე მესიზმრება არასწორად გადასული გზა.
მე მესიზმრება ჭაღზე კარგად მოჭიმული თოკი.
მე მესიზმრება არასწორად დასმული დიაგნოზი.
მე მესიზმრება უპატრონოდ დარჩენილი ბავშვთა გვამები.
მე მესიზმრება უმშობლოდ დარჩენილი დედ-მამები.
მე მესიზმრება გარეუბნის კუთხეში უთანხმოება.
მე მესიზმრება ჯერ ტანჯვა და შემდეგ კი შვება.
მე მესიზმრება სოფოკლე და არდაბადება.
მე მესიზმრება აღდგომა და ისევ დაწყება.
მე მესიზმრება უმეცრობით სიკვდილის არარსებობა.
მე მესიზმრება გულის შეტევა.
მე მესიზმრება როგორ კვდება ჩემამდე ყველა.
მე მესიზმრება საავადმყოფოები.
ოხვრითა და ხვნეშით სავსე საავადმყოფოები.
მე მესიზმრება ჩემი უნიათო თავის ,
ერთი სიცოცხლე და მრავალი სიკვდილი.

და რაც მთავარია,

მე მესიზმრები შენ, ცრემლიანი, გასვენებაზე მდგომი,
ყოველი გრძნობა გაურკვევლობას რომ დაბადებს შენში,
ყოველი სიტყვა სიჩუმეს რომ მოგანდომებს
და ყოველი დამშვიდება რომ გაგაწამებს,
რომ დაწყევლი დაბადებას, დაწყევლი ნათელს
და შემდეგ, მესიზმრება შენი სიკვდილიც.

ყოველდღე მესიზმრება როგორ ვკვდები
და ვერ ვარჩევ მე ვტოვებ თუ სხვები მტოვებენ.
გამოღვიძებისას კი ვხვდები, რომ
მე ვესიზმრები ჩემივე სიკვდილს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი