ზმანებების ფოთლოვანში


საოცარია, ვერც მე გავიგე რატომ ვფიქრობ ახლა ასე. ცნობიერების მღვრიე მდინარე გონებას რეცხავს, უკვდავების ფრთები ვინატრე სევდიან გზების მდუმარ შრიალში, თუმცა თვალებმა მწუხარება ვერ დამალეს, დაბერდა ხსოვნა დაჩაჩანაკდა, ცრემლმა დამისველა ფრთები საფრენი.
განა სადმე მაქვს წასასვლელი გარდა მიწიდან ცისა, ან ვის რგებია სხვაგვარი ხვედრი ამ საწუთროში? და მაინც განმარტოებით ვდგავარ ჩემთვის ვითარც ვადაგასული სტუმარი ჟამის გუმბათების გადაკორტნილ თავზე. ამქვეყნიური აყალმაყალით დაღლილი ჩემს ხვედრზე ვკვნესი ჟამიჟამ, გონის დახშულ კედლებში მარადიული ფიქრის მზიდველი. 
მოლოდინის ლაშქარს ეგებება ფიქრი, უთქმელ სიტყვების ჯოგს ვათვინიერებ ბუნდოვანებით აჭრელებულ ცნობიერების ტრამალზე გაჯირითებულს. მარტოსული და უშურველი ვიცავ ადამიანურ ღირსებებს და თავისუფლებას, ვასამარებ დიდებისაკენ გაპარულ მზერას, აღარ მესმის დამონებულ სულთა ნატვრა შრიალის, რომელთა იმედების და ოცნებების ლურჯი ნათელი სევდად და ცრემლად იწრიტება დედამიწაზე. სივრცეში მდუმარე ველთა სიმშვენიერე მოთმინებით შეჰყურებს ცას.
აირია პეიზაჟი, მოლოდინის დამჭკნარ ყვავილის აჩრდილი დამადგა თავზე, ზმანებების ფოთლოვანში ჩაყუდებული მზის სხივი გაკრთა. სიზმრის ტრამალებზე მაფრთხობს ცის თაღქვეშ წყვდიადის ურჩხული, დაღმართზე დაგორდა ფიქრთა კორტეჟი, განცდის ცრემლთა მწარე წვეთები გულს აწვიმს, მზარავს მდუმარება. მირონმდინარე სიჩუმეს ისრუტავს ღამე, ჩემს წინ მთვარის ტოტი ისხავს მოწყენის ფოთოლს და საკუთარ ღამის უფსკრულს თვალებში უმზერს, ვერ გადავასწარი დროს სიკვდილ-სიცოცხლის სამანზე. ხილულ აჩრდილთა გვერდით თავი დავადე მიწის სასთუმალს, დავხუჭე თვალი, სული გაფრინდა...

დათო არახამია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი