ეილინ ეილერი

მწერალი, ლიტერატორი

როცა მსხვერპლი ტირის

რედაქციიდან გამოსულ ნასვამ კაცს, რომელსაც ღარიბულად ეცვა, მდივნის ფუჭი სიტყვები გულში სიხარულის ცეცხლს უნთებდა. ვარდისფერი ქვებით მოკირწყლულ ტროტუარს გაუყვა, მეტროში ჩავიდა, კოტიტა თითებით ჭუჭყიანი შარვლის ჯიბეები მოისინჯა და, რადგანაც მონეტა არ აღმოაჩნდა, თვალები ეშმაკურად გააცეცა, ესკალატორთან მდგარ მელოტ, მსუქან კონტროლიორს რაღაც ჩასჩურჩულა და სადღაც აჩრდილივით გაუჩინარდა.
მეტროში მოფუსფუსე ადამიანებს შეერია და მათთან ერთად მატარებელში შთაინთქა. მატარებელი ქშენითა და ხმაურით დაიძრა. ცნობისმოყვარე მგზავრები ერთმანეთს ათვალიერებდნენ. უსაქმურები მობილურებში იყურებოდნენ. ზოგი ღარიბ პოეტს მისჩერებოდა, სახედაბრეცილი დედაბრები ჩუმად ქირქილებდნენ მის გარეგნობაზე, ჭუჭყიან, სუნიან ტანსაცმელზე და გამოხედვაზეც...
პატარა ბავშვები მისკენ საჩვენებელ თითს იშვერდნენ, დასცინოდნენ. უფროსები დედაბრებივით ჩუმად ჩურჩულებდნენ. პოეტს ეს არ აწუხებდა, პირიქით, ეცინებოდა მათ ბავშვურ საქციელზე, ზიზღით მოკუმულ ტუჩებზე... და სულაც არ ადარდებდა არც წარსული, არც აწმყო და არც მომავალი. სიმდიდრის უკან სიცარიელე არსებობდა, რომელსაც სამოთხეც კი ვერ შეავსებდა. 
მართალია, არაფერი გააჩნდა ამქვეყანაზე საკუთარი სახელის გარდა, მაგრამ მაინც ამაყად, თავაწეული მიაბიჯებდა სახლისკენ მიმავალ გზაზე. შეიძლება ღარიბიც იყო, მაგრამ სიმდიდრეს სხვებივით არსად დაეძებდა. ფიქრობდა, რომ სიმდიდრე თვითონ იმ ადამიანში იყო, რომელიც სიღარიბეს არაფრად აგდებდა. 
კარი ფართოდ გააღო და შევიდა. ზაფხულის სულისშემხუთავი ჰაერი ხარბად შეისუნთქა, რეცხვისგან გაცრეცილი, ჭუჭყიანი პერანგის ღილები ოდნავ შეიხსნა, საწოლზე გაიშოტა და არაფრისმთქმელი, აისისფერი ჩანისლული თვალებით მტვრიან, ძველებურ ჭაღს მიაშტერდა. წამით ჩაფიქრდა, თითქოს ყველაფერზე ფიქრობდა, წარსულზე, აწმყოსა და ჩაბნელებულ მომავალზე, რომელსაც არაფრის მოტანა შეეძლო... არასოდეს არაფერს მოუტანდა მომავალზე ფუჭად დამყარებული, ოცნებების შავი თაიგული! ნელ-ნელა ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს ემსგავსებოდა, რომელიც შველას ითხოვდა, მაგრამ არავინ ეხმარებოდა. თუმცა ერთი გამოსავალი ყოველთვის არსებობდა. უნდა წამომდგარიყო! წამომდგარიყო და ცხოვრებისთვის თვალი გაესწორებინა, თვალებში ჩაეხედა, მიწაზე ფეხი დაედგა... მისი ცხოვრება წარსულის აჩრდილი იყო, რომელიც მის გათელვას ყოველ წუთში ცდილობდა. 
ტკივილი ერთადერთი რამ იყო, რომელიც ყოველთვის ახსენებდა თავს... ვერ დაივიწყებდა, ვერასდროს დაივიწყებდა, რადგან ახსოვდა დანაკლისი, რომელიც ტანჯავდა და სულში უფათურებდა ჭუჭყიან ხელებს... 
ყველაზე მეტად მატარებელით მგზავრობა სძულდა. მგზავრებიც სძულდა, მათი უაზრო გამოხედვა და კისკისი აგიჟებდა, წარსულს ახსენებდა, რომელიც ჩაბნელებული მომავლის უკან იდგა, თუმცა მომავლის სულ ცოტა იმედი გულში მაინც ჩარჩენოდა.
მატარებელში ასვლისას პლასტმასის ჭიქებიან ტყუპ დებს ხედავდა, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ. პოეტს ოდესღაც თვითონაც ტყუპისცალი ჰყავდა და ეს ტყუპებიც რაღაცნაირად, განსხვავებულად უყვარდა, თითქოს საკუთარი შვილები ყოფილიყვნენ. შემოქმედი ყველაფერს სხვანაირად ხედავს, ალბათ, პოეტიც რაღაცას ხედავდა ტყუპებში, ასე გაგიჟებით რომ უყვარდა.
თითქმის აღარაფერი ახსოვდა წარსულიდან, მხოლოდ დედის ნაცრისფერი ეტლიღა ჩარჩა მეხსიერებაში. დიდი ხნის წინ უკან მოიტოვა ბავშვური მოგონებები, მაგრამ ხანდახან თავს ახსენებდა, ბოჭავდა, თრგუნავდა და წარსულის ქარცეცხლში ხვევდა.
თვითონ პოეტი იყო. გაჭირვებაგამოვლილს მუყაოსფერი, დაღლილი, დაქანცული თვალები ჰქონდა. წერამ ბევრი რამ ასწავლა, მივიწყებული, სადღაც დაფერფლილი მოგონებები და სიამაყე შეახსენა, მაგრამ სიცარიელეს ვერაფერი მოუხერხა. სიცარიელე ყოველთვის ტანჯავდა. ყველაფერი ჰქონდა. აგერ, კიდევ ერთი წიგნი დაიბეჭდება დღეს დილით და მშიერი მგლებივით მისცვივდებიან კრიტიკოსები. თუმცა რაღაც აკლდა, რაღაც უცნაური, რისი დავიწყებაც არ შეეძლო, რადგან სამუდამოდ დასმული დაღი ყოველთვის ახსოვდა. ეს ის დაღი იყო, წლების წინ ბედისწერამ რომ დაასვა, ახლა კი ცხოვრებას ნელ-ნელა უმახინჯებდა... 
ლამპის წინ იჯდა. ცალი ხელი ყბაზე მიებჯინა და ჩაფიქრებული, სევდიანი თვალებით ცეცხლს მისჩერებოდა. ახლა უკვე თავის სახლში იყო, ჟანგისფერ ვაგონში, სადაც გატეხილი ჭურჭელი ეყარა, თუმცა დამსხვრეული ჭურჭელიცა და ვაგონიც ძალიან უყვარდა... დამსხვრეულ ჭურჭელს უყურებდა და ცოდვებისგან დამძიმებული სული ახსენებდა თავს. თვითონ, უბრალოდ, ბედისწერისა და ცხოვრების მსხვეპლი იყო, სადღაც უკიდეგანო სივრცეში იკარგებოდა და საკუთარი თავის სიძულვილი უმძაფრდებოდა.
გარეთ წვიმდა. ოთახში ციოდა. ახალგაზრდა კაცს ტანში ჟრუანტელი უვლიდა. საწოლიდან ადგა. სწრაფად ჩაიცვა. გზას გაუყვა და რომელიღაც ეზოში შევიდა, ძაღლებმა ყეფა დაიწყეს. სახლის კარი ფართოდ გაიღო და შავებში ჩაცმული გრძელწვერიანი კაცი გამოვიდა, კალთას ექვსი წლის პატარა ბავშვი ექაჩებოდა. 
- ბატონო, რომელი ხარ? - დაიძახა.
- მე ვარ. - უპასუხა პოეტმა და სიბნელეს თავი დააღწია.
- შემოდი, მანდ რას დგახარ.
შევიდნენ. ოთახში თბილოდა. შესვლისთანავე მასპინძელმა სკამი შესთავაზა. დაჯდა და თვალები დახარა. ახალგაზრდა სტუმარს ცხვირში მოხარშული სტაფილოს სუნი უღიტინებდა. გრძელწვერიანი კაციც იქვე ახლოს ჩამოჯდა, თეთრი, ქათქათა ხელები ჰქონდა... თვალებით სიკეთესა და მიმტევებლობას ასხივებდა. ყელზე ჩამოკიდულ ჯვარს ტანსაცმლის ქვეშ მალავდა რატომღაც და წამდაუწუმ ცდილობდა პოეტისთვის თვალებში შეეხედა. ისიც ვერ ბედავდა, თვალებს არიდებდა და სახეს გვერდზე აბრუნებდა...
- მამაო... - ამოილუღლუღა და პატარა ბავშვივით აწითლდა. - მამაო, ცოდვილი ვარ და მეშინია.
- ვისი გეშინია, შვილო? 
- ცოდვილი ვარ, მამაო, და ღმერთის მეშინია...
- ?! - მამაო ჩაფიქრდა. ცდილობდა საჭირო სიტყვები მოეძებნა და ვერ პოულობდა. - მითხარი, შვილო, რა გაწუხებს...
- მე არაფერი მაწუხებს. უბრალოდ, ვგრძნობ, რომ დაღლილი სული მტკივა, მტკივა და ვერაფერი მომიხერხებია მისთვის.
- ეკლესიაში იარე, ღმერთი დაგეხმარება. - ჩაიჩურჩულა და ყელზე ჩამოკიდული ოქროს ჯვარი ტანსაცმლის ზემოთ მოაქცია. 
- არა, ის ვერ დამეხმარება. მე მან ყველაფერი წამართვა... მგონი აქაც არ უნდა მოვსულიყავი...
- გიყვარს ვინმე?
- არ მჯერა სიყვარულის. 
- რამე დაკარგე?
- დავკარგე. 
- მერე?
- რა მერე?
- შენი აზრით, რატომ დაკარგე?
- ?! 
- ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ უგზავნის, რომ მან ბედნიერების ფასი გაიგოს. თუ ადამიანი ყოველთვის ბედნიერია, მაშინ ვერც ჭეშმარიტ განსაცდელს გამოცდის. რას იტყვი, რა არის დანაკლისი? 
- დანაკლისი ერთადერთი რამ არის, რისი დავიწყებაც არ შემიძლია... მე უკვე დავკარგე ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა... დავკარგე და სწორედ მაშინ ჩავკიდე ტკივილსაც ხელი...
- ვინ დაკარგე?
- ტყუპისცალი. ასთმით გაიგუდა. ახველებდა, ახველებდა და ბოლოს სიკვდილმა მომპარა. დედა ძალიან განიცდიდა მის დაკარგვას, მთელი დღე ტიროდა. მამა არაფერს ამბობდა, ბოლოს სასმელს მიეჩვია, თითქოსდა ტკივილის დამალვას ცდილობდა. მე მის გარდა არავინ მინდოდა, ტირილიც არ შემეძლო, მხოლოდ უძრავად მივჩერებოდი გაციებულ ცხედარს, მინდოდა ჩავხუტებოდი და გამეთბო.... დაკრძალვის დღეს მამა თითქმის არ გამოჩენილა. ბოლო წუთზე მოვიდა, თხილის ჯოხი მოიტანა, ზუსტად ჩემი სიმაღლე და გვერდით მიუწვინა, თან რაღაცას ლუღლუღებდა, ამბობდა, ტყუპისცალს რომ არაფერი ავნოს, ასეა საჭიროო.... მეტი არაფერი უთქვამს...
- მამაშენი სად არის, შვილო?
- მამაც დავკარგე, დედაც.
- გგონია, ის არის დანაკლისი, რომ ტყუპისცალი დაკარგე? არა, შვილო... როცა განსაცდელში ჩავარდები, მერე გაიგებ ბედნიერების ფასს... 
ცოტა ხნის შემდეგ პოეტმა წასვლა დააპირა. უხმოდ დაემშვიდობა მღვდელს, თავი მდაბლად დაუკრა და გაუჩინარდა. 
ჭუჭყიანი ბალიშის ქვეშ შენახული ფოტო გამოაძვრინა და ჩუმი ღიმილით მოკრძალებულად დაუწყო ცქერა. ტყუპისცალი ძალიან ენატრებოდა. აკლდა და უმძიმდებოდა უმისობით განცდილი ყოველი წამი... როგორ უნდა ახლა, კარი ოდნავ გააღოს და უსიტყვოდ, უთქმელად ჩაეხუტოს.
ღამე თვალი არ მოუხუჭავს. სულ მღვდელი ახსენდებოდა, რომელიც მიმტევებელი თვალებით უყურებდა. ნანობდა. ყველაფერს ნანობდა, დაბადებას, სიცოცხლესა და იმასაც კი, რომ სასაფლაოზე ერთხელაც არ მისულიყო, ალბათ, იმიტომ, რომ ტკივილის ეშინოდა.
სწრაფად ჩაიცვა და გარეთ გავარდა. გუბეებში ატყაპუნებდა შიშველ, გაყინულ ფეხებს და ქუჩაში მირბოდა. მირბოდა და ილუზიას ქმნიდა, თითქოს სიკვდილიც ვერ დაეწეოდა. 
უბრალოდ, იდგა საფლავთან და ცრემლებს იწმენდდა. მხოლოდ ახლაღა მიმხვდარიყო, რაც დაეკარგა. მის გარეშე ყოველთვის უმძიმდა ცხოვრება, რაღაც უცნაურს გრძნობდა, რისი გამოთქმაცა და აღწერაც ძალიან უჭირდა. ვეღარც ხალხის დამცინავ ღიმილს უძლებდა. ცხოვრებას უამრავჯერ გაეთელა ფეხქვეშ, პოეტიც ყოველ ჯერზე ცდილობდა ადგომას. მაგრამ ახლა დაცემულს ხალხის დამცინავი ღიმილი ორმაგად თელავდა, მიწასთან ასწორებდა და სიკვდილსაც არ აცლიდა. მხოლოდ ოცნებობდა... ოცნებობდა ტანჯვას ბოლო მოღებოდა და ამით დამთავრებულიყო ყოველივე.... 
წამზომი. წამზომში ჩატეული დრო. დროში ჩარჩენილი ადამიანები და მის მიღმა დარჩენილი ის, რომელიც გაქრა, წავიდა, ისე, რომ საკუთარი ნაბიჯების კვალიც ვერ დატოვა. დრო მისთვის წლების წინ გავიდა... წლების წინ ცხოვრების მახეში გაება, რადგან არასწორი გზა აირჩია და საკუთარ თავს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა..
გადაწყვიტა თვითონვე დაემთავრებინა ყველაფერი, ცრემლები მოიწმინდა, თავი ამაყად ასწია და მდინარისკენ დინჯი ნაბიჯით წავიდა. ჩვეულებრივად ადგა და წავიდა. უნდოდა ცხოვრებისთვის წერტილი დაესვა, იმ ცხოვრებისთვის, რომელიც აწამებდა, ტანჯავდა და ფეხქვეშ თელავდა. თითქოს არავინ არაფერს აძალებდა, მაგრამ ხალხმა აიძულა ასე მოქცეულიყო. თავში უამრავმა აზრმა გაუელვა. წარსულმა თავი შეახსენა, მოგონებები თვალწინ დაულაგა... ერთხანს გაშეშებული უყურებდა მდინარის ქაფმორეულ ტალღებს, შემდეგ ყველაფერი მობეზრდა, მდინარეში გადაეშვა და ცხოვრების მარწუხებისგან თავი სამუდამოდ გაითავისუფლა.
                                                                              ეილინ ეილერი