ეილინ ეილერი

მწერალი, ლიტერატორი

დეე

დეე, ჯერ კიდევ მახსოვს ის მომენტი, როცა შენთან მოვედი, ჩამქრალ თვალებში ჩაგხედე, რომლებშიც მზის სხივი უცნაური ნათელით ათინათივით კიაფობდა და გითხარი, რომ შენთან დარჩენას უფლის გზა ვარჩიე... გითხარი, რომ მძიმე ჯვარი უნდა მეტვირთა და უკანმოუხედავად წავედი შენი ცხოვრებიდან... იცი, იმ დროს შევამჩნიე, რომ შენი თვალები გაუფერულდა... მზის სხივიც ჩაქრა... მე კი მხოლოდ მოგონებები ავისხი სხეულზე და ავდარში ქუჩას გავუყევი... დეე, იმ საღამოს ქუჩაც ფერმკრთალი იყო ჩემი ოცნებებივით... მტკიოდა სხეულზე ასხმული მოგონებების ჩურჩული, დედი...

დეე, არ ვნანობ არცერთი განსაცდელის არსებობას, რომლებმაც უფლის გზას დამაყენეს... მცივა, დეე.... მარტო ვარ და სიმარტოვე მაიძულებს გლადიატორივით უშენობით განცდილ ტკივილს შევერკინო და თვალებში ჩავხედო ჩემში არსებულ რეალობას, რომელიც კვლავაც იმას შემახსენებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მიარსებია.... მიგატოვე, დეე... მარტოობისთვის ურცხვად გაგიმეტე... ახლა კი მოვედი და შენდობას გთხოვ... ვიცი, პატიება გიჭირს... მიგატოვე და ისე განვიცადე უშენობა, თოთქოსდა ბოლო ნაბიჯი სიკვდილისკენ გადამედგა.... უშენოდ იმ ბავშვს ვგავარ, რომელიც წლების მანძილზე სიკვდილის სცენას თამაშობდა ცხოვრების თეატრში და, იმის ნაცვლად, რომ მომკვდარიყო, ბედისწერასთან ჭიდილში მარცხდებოდა...

ოთხ კედელში გამომწყვდეული ნადირივით ვებრძვი ტკივილს, მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ვმარცხდები, დედა.... მცივა... ჩემში გამეფებული სიჩუმე ცივი ამინდივით მზარავს... მეშინია, დეე, მეშინია, რომ ბედისწერაც ადამიანების მსგავსად დამცინებს და ტკივილი სიცოცხლეს შემიმოკლებს.... ზამთარი მოვიდა და, იცი, დეე? ამინდმა თოვლის ნაცვლად ტკივილი მომიტანა.... ეს ერთიც შემინდე, დედი, და გპირდები, ტკივილივით გიერთგულებ...