ეილინ ეილერი

მწერალი, ლიტერატორი

მამა

მამა მწერალი იყო... სულ ვეუბნებოდი, წერისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ერთხელ მითხრა, წერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, წერა საკუთარი თავის შეცნობაში მეხმარება და ძალას მმატებს, რომ ცხოვრება გავაგრძელოო... არ ვიცი, იქნებ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის წერა, მე კი შეუძლებელს ვთხოვდი....
წვიმდა.
დილით ისევ ნინიმ გამაღვიძა, მაგრამ ამჯერად არაფერი უთხოვია, არც თეატრი უხსენებია და არც სპექტაკლის სიფრიფანა ბილეთები. უბრალოდ საწოლზე თეთრი პერანგის ამარა ჩამომჯდარიყო, შიშველ ფეხებს უცნაურად აქანავებდა და ჩაწითლებული, ზიზღიანი თვალებით მიყურებდა. ვიფიქრე, მეხუმრება-მეთქი, თუმცა ვგრძნობდი, რაღაც აწუხებდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
- ნანი... - სიჩუმე დაარღვია, თითქოს მძიმე ტვირთი იგრძნო, თვალები ოდნავ მოხუჭა.
- ოოო, რა გინდა, გოგო?! - ვუპასუხე და სახე ბალიშში ჩავრგე. ნინის ცრემლებმა დაუსველეს მწვანე თვალები. აცახცახებული, ოდნავ შეწითლებული ხელები აიფარა ფერმკრთალ სახეზე და აქვითინდა. - ხმას რატომ არ იღებ? - შიშნარევი ხმით ვკითხე და გული შემიქანდა.
- ცუდი სიზმარი ვნახე, - ჩამოშლილი ჟღალი თმა უკან გადაიყარა. - ისევ ის ვნახე... - ძლივს გასაგონად ამოიკნავლა და თვალებში შემომხედა.
- მერე? - გამეცინა.
- მაფრთხილებდა. - ატირდა.
- ო, მოიცა, რა... - ვუთხარი და საწოლიდან წამოვხტი, - ჩაიცვი!
ნინიმ დაძალებული ღიმილით გამიღიმა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. სახეზე უიმედობა აღბეჭდვოდა და წყლიანი თვალებიდან ჩუმ-ჩუმად იყურებოდა.
ნინი ხუთი წლის იყო... გამხდარი, სიფრიფანა, გულჩვილი... ყველაფერზე გული უჩუყდებოდა... ზოგჯერ ღამითაც ვერ იძინებდა, სიბნელის ეშინოდა. ერთი სული ჰქონდა, სკოლიდან როდის დავბრუნდებოდი, რათა კისერზე პაწია ხელები შემოეჭდო და ჩამხვეოდა....
დედა საავადმყოფოში ექთანად მუშაობდა და სახლშიც იშვიათად იყო, მამა არაფერს ამბობდა, თუმცა ვამჩნევდი, დედას გარეშე ძალიან უჭირდა....
მამა უბრალო ადამიანი იყო... ლამაზ ტანსაცმელს არასოდეს იცვამდა და ქუჩაში გასვლისას ბაბუას ნაჩუქარ ძველებულ, გახუნებულ ქუდს იხურავდა.ის ქუდი ბაბუამ სიკვდილის წინ აჩუქა და უთქვამს, ქუდს გაუფრთხილდიო, ისიც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა და სულ თან დაატარებდა.
ყოველთვის მარიგებდა, მნიშვნელობა არა აქვს, რაც ჩაიცვამს ადამიანი, მთავარი მაინც მისი ადამიანობააო...
ჩვენი ქუჩის ბოლოში ერთი ზანგი ქალი იდგა ბავშვით ხელში და მოწყალებას ითხოვდა. მამა ამ ქალს ბევრჯერ დახმარებია, ერთხელ საცხოვრებელი ადგილიც შეუთავაზებია, მაგრამ უარი უთქვამს.... რაც მახსოვს, დღე არ გავიდოდა, იქ რომ არ მდგარიყო. მიკვირდა, წვიმაც რომ არ აშინებდა, ერთი სიფრიფანა ქალი იყო და რამდენი გაჭირვების გადატანა უხდებოდა თავისდა უნებურად...
შეიცვალა სამყარო. ღრუბელი ჩაშავდა და მზე მოიმწყვდია კუთხეში.... თითქოს ნელ-ნელა გვანიშნებდა ბუნება საშიშროებას, ჩვენ კი, თვალებახვეული ადამიანები, ვერაფერს ვამჩნევდით და ვერც ვერასოდეს შევამჩნევდით....
შუადღისას პოეტმა დაიძახა. თან ორი ადამიანი ახლდა, ერთი ქალი იყო, რომელიც მაშინვე ვიცანი, ის ზანგი იყო,ჩვენი ქუჩის კუთხეში რომ იდგა, ოღონდ ხელში ბავშვი არ ეჭირა, დახეული მოსაცმელი ჰქონდა შემოხვეული და მხოლოდ სახე მოუჩანდა, რომელსაც ცრემლები უსველებდნენ. მეორე უცნობი კაცი იყო, დაბალი, ბრგე ტანის, მხარბეჭიანი, ღიმილისას ყვითელი კბილები მოუჩანდა, თითები სიგარეტისგან მთლად ჩაშავებოდა, თავზე კახური თუ თუშური ქუდი ეხურა, დიდი პალტო და ჩაჩაჩული (აშკარად ისიც დიდი ზომის), ნაცრისფერი შარვალი ეცვა. უცნობმა ქალს თვალით ანიშნა, წასულიყო, წავიდა.
შემოვიდნენ.
მხარბეჭიანი უცნობი კართან აიტუზა და იქვე გაჩერდა. სახეზე ეტყობოდათ, კარგი ამბავი არ უნდა ეთქვათ. მამას ბაგეზე ღიმილი უკრთოდა, ორივეს ეჭვისთვალით უყურებდა, დიდხანს აკვირდებოდა, ხან ერთს შეხედავდა, ხან - მეორეს, ელოდებოდა, რას იტყოდნენ და თვალები ბავშვივით უციმციმებდნენ...
მამას მეგობარმა მხარბეჭიანს შეხედა და დაიწყო : - ქუჩაში ხალხი იღუპება... მოცდა არ შეიძლება, ასე ვეღარ... - ენა ებმეოდა, მომსხო თითებს ლაქგაცლილი მაგიდის კიდეს აჭერდა და დროდადრო ოფლით დაცვარულ შუბლს იწმენდდა. - წითელ არმიელები შემოსულან... - დასძინა ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ და ისევ იმ კაცს შეხედა, თან რომ ახლდა.
მამა ერთიანად მოიღუშა, ოთახს დამშეული მგელივით მოავლო თვალი, შემომხედა, მზერა ჩემზე შეაჩერა.... ნერვიულობისგან ცივმა ოფლმა დაასხა, სახე ვეებერთელა ხელებში ჩარგო და ნიკაპი აუკანკალდა.
- ჰო, უნდა წავიდეთ... სხვა გზა არა გვაქვს... - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ყელში გაჩრილი უხილავი ბურთი გადაყლაპა.
დედა საწოლზე ჩამომჯდარიყო, ოდნავ ირწეოდა, თვალები ცრემლით ავსებოდა და დაბნეული აქეთ- იქით იყურებოდა. მამას აშტერდებოდა და თვალებით დარჩენას სთხოვდა. მამას მხრები უკანკალებდა და ისიც ჩუმად ტიროდა, თითქოს არ სურდა, მისი ცრემლები ბავშვებს გვენახა, ალბათ ამიტომაც ჰქონდა სახე ხელებში ჩარგული...
დილით ისევ ადრე გამეღვიძა. არეულ-დარეულ ოთახში მიმოვიხედე, დედა და მამა სახლში არ იყვნენ... მაგიდაზე მამას მტვრიანი, ძველებური ქუდი იდო, რომელიც ბაბუამ აჩუქა, გვერდით ფურცლის პატარა ნაგლეჯზე მხოლოდ ეს ეწერა :
„ მაპატიეთ, მივდივარ... სხვა გზა არა მაქვს“
თვალებში ცრემლი ამიციმციმდა....
ქუჩაში თავსხმა წვიმა ასხამდა. წითელ არმიელები უთანასწორო ბრძოლაში ამარცხებდნენ მამასა და ქართველ იუნკერებს...
წვიმდა...