ეილინ ეილერი

მწერალი, ლიტერატორი

მოძღვარი

- სად დაიბადა, ბიჭო, იესო? - ჰკითხა მოძღვარმა პატარა სტიქაროსანს, როცა საკურთხევლის ყველა კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა, წითელი ფარდა გასწია და ხალხიც რაღაც სასწაულის მოლოდინში ჩაყუჩდა. 
- ?! 
- რა ერქვა იესოს დედას?
- მარიამი. 
- მარიამი რა გვარი იყო?
„ ვაა, ე რა ჩამჭრელი კითხვა დაუსვაა? “ - უცებ გამეფიქრა და შემდეგ, როცა საკუთარ თავთან დასმული კითხვა გავაანალიზე, ჩემს თავზე ყურებამდე გამეცინა, რადგან, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, არც მე ვიცოდი რა გვარი იყო ღვთისმშობელი. 
- ?! - სტიქაროსანი ხმას არ იღებდა და, რადგანაც უხერხული სიჩუმე უსაშველოდ გაიწელა, დასჯილი ბავშვის ხმით ამოღერღა - არ ჰქონდა გვარი.... 
- არ ჰქონდა?.. ჰმ... - ჩაიცინა. - გვარი არ ჰქონდა... სად დაიბადა, ბიჭო, იესო? - კითხვა გაუმეორა და, ჩემი ინტუიციით, ალბათ, თვალებში ჩააშტერდა დაბნეულ პატარას. 
-თავლაში. 
- თავლაში? კარგი, იყოს თავლაში. და სად დაიბადა? 
-?! 
- თავლაში დაიბადა, ჰო? .. ოხ... - მსუბუქად, მაგრამ შესამჩნევად ამოიოხრა და თითქოს ოხვრას მთელი გული ამოაყოლა. – “ოცდა... ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და...” ეს მაინც არ გაგიგონია? რა ნიშანი დავუწეროთ, გიორგი, დღეს? 
- ექვსი. 
- ექვსი ცოტაა, კაცო. 
- მაშინ... შვიდი. - გაისმა საბოლოო პასუხი. 
- გამოწიე ხელი, ნიშანი უნდა დაგიწერო.
სტიქაროსანი დაიბნა, ერთბაშად ალმური მოედო სახეზე, ღაწვები შეუფაკლდა და ხელები ზურგს უკან დამალა. 
- გამოწიე ხელი, ნიშანი უნდა დაგიწერო! - კიდევ ერთხელ გაიმეორა და ხმაში უჩვეულო სიმკაცრე გაუკრთა. ბავშვი მის ნებას დამორჩილდა, პაწია ხელი წინ გამოსწია და ამ დროს მოძღვრის თავშეკავებული სიცილი გაისმა. 
არ ვიცი, ჩემთან ერთად მყოფმა ხალხმა რა იფიქრა მის ამგვარ სიცილზე, მაგრამ მე ბავშვური სიცილი დავარქვი. 
გრძელი წითელი სტიქარით შემოსილი კაცი საკურთხევლიდან გამოვიდა. უკან პატარა სტიქაროსანი მოსდევდა, ათრთოლებულ ხელში სანთელი ეჭირა და, თითქოს ისიც ბიჭის მღელვარებას იზიარებდა, ალი აქეთ-იქით ირწეოდა... ბოლოს საცეცხლურით ხელში მოწიწებით მოძღვარი მოაბიჯებდა, საკმეველს აკმევდა, ჩუმი ჩურჩულით ლოცვას ბუტბუტებდა და კათედრასთან ატუზულს უცებ მომეჩვენა, რომ საკმეველთან ერთად ტაძარში იმედი, მორჩილება და სიყვარული გააფრქვია. სახეზე უწინდელი სიმკაცრე შეჰყინვოდა, თვალებით ყველასგან შენდობას ითხოვდა და შიგადაშიგ შანდალზე უსწორმასწოროდ დანთებულ სანთლებს მარცხენა ხელის უცნაური მოძრაობით ასწორებდა... 
ტაძარში სიარულისას ბევრი რამ აღმოვაჩინე, ბევრიც დავიწყებას მიეცა, მაგრამ მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ადამიანი ტკივილის დროს ეცემა სულიერად. მე კი მრავალჯერ დაცემული უამრავჯერ წამოვმდგარვარ, სევდიანი მზერით შემიხედავს დროსთვის და კვლავ უჩუმრად გამიგრძელებია გზა... დასანანია და, კიდევ დავეცი, ისე დავეცი, რომ ვეღარაფერი დავინახე ტკივილის გარდა... 
მოძღვარი ფილონის შრიალით საკურთხევლიდან გამოვიდა, ხალხის ჩურჩული ნელ-ნელა შეწყდა... მე კვლავ კათედრის უკან მივიყუჟე და ფიქრებში გართულმა მექანიკურად დავხარე თავი. 
- აღსარებაზე არის ვინმე? - მორცხვად იკითხა, ოლარი შეისწორა და თვალწამიერად ყელზე ჩამოკიდულ ჯვარს სიყვარულით დახედა. 
ხალხი ისევ ახმაურდა. ზოგმა ყურები დაძაბა, რომ სხვისი ცოდვების მოსასმენად მზად ყოფილიყო, ზოგმაც შვებით ამოისუნთქა. „მაინც რა არის აღსარება და რას ნიშნავს აღმსარებელი?“ - ვეკითხებოდი საკუთარ თავს და გაოფლილ ხელში აღსარების ფურცელი მოვჭმუჭნე. – „ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელიც „ჩრჩილის აღსარებას“ ჩააბარებს მოძღვარს და არცერთ ცოდვას არ დამალავს...” ბოლოს ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი, თვალი ბრბოსკენ გავაპარე და შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ჩემი თანასოფლელი ამოვიცანი. „ნეტა ღმერთმა მოიყვანა თუ განსაცდელმა, აქეთ რა ქარმა გადმოაგდო?„ - ისევ გავიფიქრე და მკრთალად გავიღიმე, შემდეგ საკუთარ თავზე დავფიქრდი, მე რამ მომიყვანა აქ, განსაცდელმა თუ ღმერთმა? არ ვიცი, ალბათ, ორივემ ერთად... 
ჩემგან მოშორებით მოძღვარი აღსარებას იბარებდა. მედავითნეს უხეში ხმა ყოველგვარ ხმაურს ფარავდა, ლოცვა მთავრდებოდა და ხალხმაც უჩვეულოდ უმატა ჩურჩულს... 
თავდახრილი ტაძრის ბოლოში ვიდექი, მოთმინებით ველოდი აღმსარებელი ხალხის შემცირებას... ბოლოს, როცა თითქმის ყველა წავიდა, ფრთხილად მივუახლოვდი ამბიონთან მდგარ მოძღვარს და აღსარების ფურცელი ათრთოლებული ხელით გავუწოდე. 
- როგორა ხარ? - მკითხა და გამიღიმა. 
- ?! - პატარა სტიქაროსანივით გავჩუმდი და ფურცელს დავაშტერდი, რომელსაც აუჩქარებლად კითხულობდა. თუმცა, არ ვიცი, მართლა კითხულობდა თუ არა, ან იქნებ, უბრალოდ, დროს მაძლევდა სულიერი მდგომარეობის სათქმელად. მე კი დაცემულს ერთი სიტყვაც აღარ მეთქმოდა... 
აღსარება წაიკითხა, ფურცელი დაკეცა, ყველა მხრიდან გახია ისე, რომ ჯვრის ფორმა ჰქონოდა და ისევ მკითხა, სათქმელი ხომ არაფერი გაქვსო...
მხრები ავიჩეჩე, დამნაშავემ თავი ურცხვად ავწიე და შევხედე. სახე უცნაური ნათელით ჰქონდა გაცისკროვნებული... მის თვალებში წამით ჯვარცმული ქრისტე დავინახე... ცოდვილს მხრები სასოწარკვეთილი ადამიანივით მითრთოდა, ერთბაშად თითქოს სულიერად დავპატარავდი და გაოცებულმა ღიმილით ვკითხე: 
- მარიამი რა გვარი იყო?...
                                                                                         ეილინ ეილერი