ეილინ ეილერი - ფოტო

ეილინ ეილერი

მწერალი, ლიტერატორი

გარდავიცვალე

მე დღეს გარდავიცვალე... დედას თბილი მზერა გარდაცვლილსაც კი მათბობდა... დავინახე მისი თბილი თვალებიც... მხოლოდ დედა ეფერებოდა ჩემს გაყინულ სხეულს, გულში მიკრავდა ქვასავით ცივს და ცხელი თითებით მისწორებდა აწეწილ თმას... მაშინ უამრავმა ადამიანმა იხილა ტკივილისგან დაცემული დედაჩემი... შენ იქ არ იყავი... მე ვერ დავინახე შენს სახეზე ის ტკივილი, რომელიც უჩემობას უნდა დაემჩნია... ბოლოჯერ მიმოვიხედე სახლში და, რადგანაც შენი მოსვლის იმედი აღარ მქონდა, გულდაწყვეტილი გავემართე უფლის სამსჯავროსკენ... სადღაც დიდ კიბეებს მოვკარი თვალი... შემეშინდა და უკან დაბრუნება დავაპირე, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა, მე უკვე მთავარი განსაცდელის პირისპირ ვიდექი და საკუთარ გულისცემას წყვდიადის წინ მდგარი ვუსმენდი... ცხოვრებაში მერამდენედ დამჭირდი და ჩემთან არ იყავი.... იცი, მე სიკვდილი ვიხილე და სულ სხვანაირია... იმაზე ლამაზია, ვიდრე ჩვენ გვეგონა... 
ვაგრძელებ გზას...
არა და არ მთავრდება კიბეებიც... 
წავიქეცი... გადახეხილ ხელებზე სისხლი მემჩნევა... ტკივილს ვერც კი ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები, რომ ადამიანურ ტკივილზე ბევრად მწარეა აქ განცდილი ყველა ემოცია... 
- იარე და ნუ შეჩერდები! შენ დღეს უფალი უნდა იხილო... - მითხრა ანგელოზმა და მხრებში მოხრილი ავუყევი ძველ საფეხურებს... კიბეებზე კიდევ რამდენჯერმე წავიქეცი... წყვდიადში ამაოდ ვჩურჩულებდი შენს სახელს... არ მესმოდა შენი ჩუმი ლოცვა... მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ დედამიწაზე დარჩენილ ჩემს სხეულს დედას ცრემლები ასველებდა... ცარიელ სულში ცარიელი გული შემეკუმშა... ვკანკალებ და ქრისტესთან მისასვლელ ნაბიჯებს რიდით ვდგამ.... მიჭირს უფალს თვალი გავუსწორო... თავი დავხარე და შორი ახლოს ფრთხილად დავიჩოქე... 
- მომიახლოვდი!- მიბრძანა უფალმა და მე გულნატკენი ღმერთი ვიხილე... - აჩვენეთ დედამიწაზე დაგროვილი მადლი და მოიტანეთ სასწორი განსასჯელად... - სისხლისფერ ნაკაწრებს დახედა უფალმა, მე კი ბავშვურად გულწრფელი თვალებით შევხედე და ზურგს უკან დავმალე პატარა ხელები... 
სკივრში ჩამახედეს... ფსკერზე ცოტა მადლი დავინახე... სადღაც რწმენის კელაპტარი მიქრებოდა... შუბლი შეჭმუხნოდა ქრისტეს, გვერდით თვალცრემლიანი ღვთისმშობელი ედგა... მიყურებდა ყველა ანგელოზი... თვალს არ მაშორებდა ხალხიც... თავში ათასი აზრი მიტრიალებს... კვლავ ვგრძნობ დედას ცრემლებს გაყინულ სხეულზე და, ვფიქრობ, რა მოხდება, თუკი სიკეთეს დამალული ცოდვები გადაწონის.... 
სასწორმა შედეგი აჩვენა... 
სისხლიანი ხელები სახეზე ავიფარე, დავიჩოქე და კივილი დავიწყე ცარიელი სულით შემოსილმა:
-არა, უფალო! შემიწყალე, ყველაფერს ვნანობ...- მაგრამ ვიცი, რომ სინანული არც მაშინ მეყო... უფალმა გაოცებით შემომხედა, მწუხარების აჩრდილი გამოკრთოდა მისი თვალებიდან:
-უთხარით დედამისს, ნუ იტირებს უვარგისი შვილის გამო და ჩააგდეთ გარესკნელის ბნელში!..

                                                                                       ეილინ ეილერი