- დედა, რატომ მოკლეს ილია?


-     დედა, ცა ახლა რა ფერია?
-     ნისლისფერია, ჩემო საყვარელო, ცაც და ზღვაც.
-     დედა, რატომ მოკლეს ილია?
-     სიმართლისთვის მოკლეს, ნათლისთვის მოკლეს შვილო.
-     დედა, ცა მას შემდეგ არის ნისლიანი ?
-     ზეცა მაშინ ხდება ნისლისფერი, როცა ქართველი ქართველს ესვრის. 
-     ილია, რომ არ მოეკლათ, მაშინ რა მოხდებოდა?
-     ცა იქნებოდა ნათელი, მზე - ისეთი, როგორც არასდროს და სამშობლოც ისე გვეყვარებოდა, როგორც არასდროს.
-     მისი სული ხომ ახლა ზეციდან  გვიღიმის?
-     გვიღიმის, შვილო...
-     მან გოლგოთა იხილა?
-     იხილა...
-     მაინც? რატომ მოკლეს ილია?
-     უნდოდა, მოწყენილი ქვეყანა გაღიმებული ენახა. სულის მხნეობა და დიდი სიყვარული სურდა ეგრძნო ქართველ ერში. ამიტომ მოკლეს!..
 
ბავშვი გაოცებით შესცქეროდა ქალის სილუეტს, რომელიც მთაწმინდაზე ილიას საფლავზე გამუდმებით, დღედაღამ გლოვობს. ვერ გაეგო,
 რატომ უნდა მოეკლათ ილია? დედამ უთხრა -  სიმართლისთვისო... ნუთუ სიმართლე ასეთი მტანჯველია. ნუთუ, სიმართლე ასეთი მტკივნეულია! ნუთუ, სიმართლე ისეთი დაუნდობელია,  როგორც ის ტყვია, ილიას რომ ესროლეს...
 
მთაწმინდა... მთა წმინდა და უღრუბლო, უსასრულოდ ღრმა ცა ბავშვის სულს სევდას გვრიდა, აჟრჟოლებდა ტანთ პატარას და გაოცებით დააცქერდა საფლავს. 

,,აქ განისვენებს... იმ დღეს ხომ იგი ცად  ამაღლდა უფალთან..."
 
მას შემდეგ, მყინვარწვერიც ისეთი სევდიანია, როგორც არასდროს. მას შესცქეროდა ილია და სამშობლოს ბედი აწუხებდა...

და მაინც რატომ მოკლეს იგი?!
 
ყველაფერი ალბათ თერგადეულობით დაიწყო. იმ ვნებათაღელვით, თერგის სწრაფ და სულისშემძვრელ დინებას რომ ახლავს. ილიას სულში მძვინვარე და დაუდგრომელი თერგი აბობოქრდა!.. 
 დალია თერგი ილიამ...
თერგივით ბობოქარი გახდა მისი სულისკვეთებაც. ახალი განათლებით,  ახალი ძალით სურდა, შერკინებოდა  მტერს. 
პეტერბურგში, რუსეთის დიდებულ ქალაქში განათლდა ილიას გონება, იქ, სადაც ბნელეთიც ბევრი იყო და ნათელიც. მაგრამ მან სამშობლოსათვის, თავისი ხალხისათვის, თერგისათვის, შეძლო და შეითვისა ყველაფერი კარგი და განდევნა ის რაც არ სჭირდებოდა, ერის კეთილდღეობისთვის არ გამოადგებოდა და კვლავ  სამშობლოსაკენ გამოემართა უკვე განათლებული, მიზნისკენ მიმართული.
ილია სამშობლოს დაუბრუნდა სიყვარულით გულაღტკინებული ქართველების გასაერთიანებლად!..
და მაინც, რატომ მოჰკლეს ილია?!
ეროვნული ტრაგედია მოხდა, ეროვნული დეგრადაცია დაიწყო, გაუგონარი სისულელე, საზიზღარი ვნებათაღელვა, ბინძური კამპანია...
1907 წელი, 30 აგვისტო, წიწამური... წიწამურთან მოჰკლეს ილია! რისთვის? ვინ?
ქართველი ერის მტრებმა მოჰკლესო. მერე და ვინ იყვნენ ეს მტრები, ისინი, ხომ თავად იყვნენ ქართველები. გვირგვინი არ ჰქონდა ილიას, უგვირგვინო მეფეს ეძახდნენ. რად უნდოდა გვირგვინი, ღვთისგან შარავანდედი ჰქონდა მომადლებული, თუმცა, ეკლის გვირგვინიც დაადგეს!
30 აგვისტოს მოკლეს ილია ჭავჭავაძე!..
9 სექტემბერს დაკრძალეს მთაწმინდაზე...
მიწა მიაყარეს უგვირგვინო მეფეს...

* * *
 -     დედა, რისთვის მოკლეს ილია?
-     სიმართლისთვის!
-     ცა მაშინაც ნისლიანი იყო?
-     მაშინ ცისარტყელა იყო გამობრწყინებული, წუთისოფლის უსრულობის ნიშანი, უფლის მარადიული პირობა და დასტური...
-     ილიამ თერგი ნახა?
-     ილია თავად იყო თერგი...
თერგმა დაიტირა ილია და დღემდე მირბის, ბობოქარი, ცელქი, მარტოსული, დაუდგრომელი, დიადი, ამაყი. უსასრულობას, ეძებს და თავისუფლებას ლამობს, ჩქარობს, ესწრაფვის...
-     ილიამ გოლგოთა იხილა?
-     იხილა!!!

გიორგი ჩუბინიძე
1 კომენტარი
George Chkheydze 7 წლის წინ

30 აგვისტო დაიპყრო ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი .
ილია იმიტომ მოკლეს , რომ ბოლოს აურია ;) დანაშაული ჩაიდინა , მაგრამ ერის კეთილდღეობისთვის ისე გადაწყდა , რომ წმინდანად შერაცხულიყო . არ შეიძლება უერთგულო ორ ადამიანს , თუ ერთსაც და მეორესაც არ უღალატებ ;)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი