უილიამ შექსპირი სონეტი #1


მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მშვენიერება,
რომ ვარდის სურნელს არ მოაკლდეს ეშხი მარადი,
თუ ადამის ძეს ჟამთასრბოლის სუსხი ერევა,
მის ხსოვნას შვილი შეინახავს კუბოს კარამდი.

შენ კი საკუთარ სილამაზის იქეც მსახურად,
შენივე სხეულს მიუსაჯე ცეცხლის მოდება
და სიუხვის წილ სიბეჩავის კალთა გახურავს,
სხვები კი არა, შენი თავიც არ გეცოდება.

დღეს შენ ხარ ქვეყნის სამშვენისი, გულს რომ ანაზებს,
მახარობელი გაზაფხულის, მისი სახება,
მაგრამ კოკორში თუ ჩამარხე ეგ სილამაზე,
შენი სიძუნწით ყველაფერი გაპარტახდება.

სამყარო მაინც შეიბრალე, ჩვენო იმედო,
ეგ სილამაზე საფლავისთვის არ გაიმეტო.

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი