უილიამ შექსპირი სონეტი #77


სარკე განახებს ჭაღარას და პირველ ნაკეცებს,
საათი წუთებს მოგაგონებს, გამქრალ ზმანებას,
რასაც ცხოვრება სტრიქონებად გიმრავალკეცებს,
ჩაიფურცლება მის წიგნშივე დაუნანებლად.

სარკეში ნახავ, მოგაჩრდილეს დროის მარაო
და იღვენთება სილამაზე მიმქრალ ნათებად,
საათი გამცნობს, რომ ამაოდ წარამარაობ,
რადგან სიცოცხლე იმ ქვეყნისკენ მიემართება.

ჰოდა, დრო არი, ხელნაწერებს გულით გაენდო,
შავი აჩრდილი გონებაში სანამ მოვანდა,
მოვლენ შვილებიც, დაკარგულნი უერთმანეთოდ
და დაირღვევა მდუმარება სამაროვანთა.

ეს მოგონება შეინახავს მიმქრალ მშვენებას
და ცხოვრების წიგნს სინატიფედ გადაეშლება.


ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი