ჯონ კიტსი


დღე  გაილია, გაიყოლა სიტკბო ჩვეული,
განქარდა მარად ტკბილი ბაგე, გულის ჯინაზე,
სუნთქვა, ჩურჩული, გაბზარული ხმა და სხეული,
თვალების კრთომა, მოშვებული წელის სინაზე. 

გახუნდა ვარდი და კვირტები გულს ვერ ანაზებს,
გახუნდა, მისი სიკეკლუცე წარსულში ჩარჩა,
გახუნდა სითბო, სიტკბოება და სილამაზე,
გახუნდა ხმათა ხავერდები, სამოთხის ფარჩა.

მზე გარდახდა და იჭვნეულად გული მოცელა,
მწუხრის ჟამია, თუ ვცდები და დილიდან ქრება,
ქსოვს სიყვარული სურნელოვან შესამოსელად
წყვდიადის სქელი მოსაქსოვით იდუმალ ვნებას.

მსმენია, თუკი სიყვარულზე აღვავლენ ლოცვებს,
ბოლოს და ბოლოს მშვიდი ძილის უფლებას მომცემს. 

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი