ჯორჯ გორდონ ბაირონი


დღეს შემისრულდა ოცდათექვსმეტი


დროა ეს გული, ბუდე დარდების, 
დანებდეს გამჩენს და არა ვნებას,
თუმცა არავის შევუყვარდები,
მე შევიყვარო, მომეცი ნება!

ჩემი დღეები ფოთლებში ჩარჩა
და ტრფობის ყველა სარო გადახმა,
მელის ჭია და ვაების ფარჩა,
იმ გზის გადაღმა.

ცეცხლი რამ მიწვავს ამ გულს გათელილს,
კუნძულს ვულკანი მოედო თითქმის,
ოღონდ ეგაა, არ აქვს ნათელი
და ტანჯვად ითქმის.

იმედი, შიში, ასე რომ მნაცრავს
და ტრფობის ექო, გულს რომ მოჰკივის,
ვერ შევითვისე და შვების ნაცვლად,
დამრჩა ბორკილი.

მაგრამ არ არის ამის დრო აწი,
ეს ფიქრი ჩემს სულს ამაოდ ზაფრავს,
აგერ დიდებით მოსავენ თვალწინ,
გმირების საფლავს. 

მინდორი, დროშა, მჭრელი მახვილი,
ბრძოლის ქარცეცხლმა ელადას უხმო
და ვით სპარტელი, ფარზე დახრილი,
მეც ვდგავარ უხმოდ.

აღსდექი, სულო! (ელადის მსგავსად) 
დრომ დღეს იმ სისხლის ჩქეფა მოდენა,
რომ შეერევა მშობლიურ ტბას და
 აბობოქრდება მოულოდნელად.

დათმე წარსულის ყველა სურათი,
ნუღარ იქნები ვნებებით მთვრალი,
ნუ აგაღელვებს აწი ნურაფრით,
ღიმილი ქალის.

და ნუ მისტირი ყმაწვილურ სულთქმას,
ჰა, იშრიტება შენი კანდელი,
შეგაცივდება ბაგეზე სუნთქვა
უკანასკნელი. 

და ასე... წარსულს ნუღარ იხსენებ,
გმირის სამარე ეძიე ტკბილი,
დაცხრი, დაწყნარდი და განისვენე,
მარადი ძილით! 

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი