* * * კარგა ხანია, ეს განაჩენი


კარგა ხანია, ეს განაჩენი
ჩაკლული სულის სიმძიმედ მაწევს,
როგორც წასვლის და არა-დარჩენის,
თხოვნის და არა-დასტურის მაცნე.

დიახ, ასეა! დახუჭავს უცებ
ყველა ღვთაება მოკვდავის თვალებს
და ვიღაც ხსოვნის მეწამულ ფურცელს
გულის სიღრმეში გულდაგულ ავლებს.

ყველაზე მეტად რაც არ დაგვშორდა
არ ჩაგვითვლია არასდროს ხატად,
ძველ სასთუმალთან სძინავს ბავშვობას,
როგორც ბავშვისთვის მოყოლილ ზღაპარს.

როცა გვშორდება, ვუჩივით მერე,
ტკივილის რვეულს, მწარე გვერდებით,
თურმე ამაოდ, ამაოდ ვწერეთ,
კი გვიყვარს, მაგრამ მაინც ვბერდებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი