ოდესმე მოხვალ, რას მიქვია ფუჭი ლოდინი


ოდესმე მოხვალ,
რას მიქვია ფუჭი ლოდინი,
ძაფის სიჩუმე შეირხევა,
წლების მკემსავი,
მოხვალ უებრო,
გულსავსე თუ გულდაკოდილი,
სევდის კიდიდან
ამოზრდილი ნატვრის ხესავით.

დროს კი ზიგზაგი, 
ანუ წლები, 
ანუ წუთები
ჩამოეცლება, როგორც წყალი
სავსე მათარას
და ის იქნები,
სევდასავით ნასათუთები,
ქალი, რომელმაც
ყველაფერი ვეღარ გათვალა.

მერე სიჩუმის ზედაპირსაც
მოსინჯავს ღამე,
ჩემი ფიცვერცხლი
ჩაეღვრება მითოსურ ფესვში
და ლექსის ფრთებზე
დუმილივით შემოვდებ წამებს,
ოდესღაც ყველა მათგანი რომ
დუმილში შევსვით.

თოვლისფერ გამებს,
ყინვაჩაზრდილ ფერების სახეს
გამოვეყოფი, რადგან ვხვდები,
სახეც ქურდია,
რომ გახელილ თვალს, 
მერე სხვასთან
ვერაფრით ვამხელ,
რომ თავად მამხელს
ამ სიცოცხლის
ცრუ პრელუდია.

გამოვეწყობი უკანასკნელ
ფერების მარშით,
დროის ფინჯანი აივსება
ცოდვის ნალექით
და სხვა სივრცეში
უკანასკნელ კამარას გაშლის,
ზღვარდაუდები აღმაფრენა,
გზა წასალეკი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი