ვახტანგ ნაჭყებიას


ქაღალდი იშრობს 
მოგონების ფერად წახნაგებს,
ხსოვნა ლექსივით მეორდება (ლექსივით ჩუმი)
ზოგჯერ ცხოვრება
არიფებსაც იამხანაგებს,
ზოგჯერ მოვა და
დანასავით გაგვიყრის დუმილს.

ავყურებ ზეცის
ჩამორღვეულ ჩარდახს თუ ერდოს,
კაპილარებით იტოტება ბოლო ზმანება,
დავდივარ ხალხში,
როგორც სიტყვა, ნათქვამი ერთ დროს,
დავიწყებისთვის რომ
არავის დაენანება.

ასეთივეა, მგონი,
შენი გზაც და კარიბჭეც,
ფუჭ მოლოდინში მილეული ჩვენი მელანი,
მერე რა მოხდა, ბოლო ორმო
თუკი გაგვიჭრეს,
მე კი არადა რილკე ამბობს:
"ვცვივით ყველანი".

მზერა გვიშრება სიტყვასავით,
ხავსის მოდებით,
სიმწვანე ასდით ტკივილივით დროის ლიანებს,
შენ როგორ ფიქრობ,
ქვეყანაზე ვის ველოდებით,
ჯერ ჩვენს ხსოვნამდე
მოუღწეველ ადამიანებს.

მოუსვლელს არა,
ჩავლილს ვნაღვლობ, სიმწარედ ჩვენდა,
ვიღაცის ხელი, უჩინარი, თიბავს კალოებს
და რომ იცოდე,
საათივით აწყობილ სევდას,
ზოგჯერ პატარა
სიხარულიც აუბრალოებს.

ტკივილს ტკივილი უშველის
და კაცსაც-იარა,
ამიტომ გახდნენ ნაცნობები ასე უბრები,
საკუთარ თავსაც
შეხვედრების ნოტით კი არა,
სიშორის ფერით ვეცნობი
და ვესაუბრები.

... ასეა, ვტოვებთ
შემოდგომის შავ-თეთრ სავანეს,
დილის გაზონზე ფრინველივით იბუდებს ღამე
და თვალში შეყრილ ნაცარივით
დრო დაგვანანებს,
ჭიქა ღვინისთვის
ცხოვრებიდან მოპარულ წამებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი