გიორგი ხულორდავა - ფოტო

გიორგი ხულორდავა

აღმოსავლეთმცოდნე (ირანისტი)

0 33

* * *ვერ ვიუარე ვერაფრით შხამი


("წარმოგვიდგება მთელი სიცხადით,
რასაც ვაქებდით, ანდა ვკიცხავდით".

ოთარ ჭილაძე )


ვერ ვიუარე ვერაფრით შხამი
და როგორც სხვისთვის ზედმეტი წამი,
რაღაცა ძვირფასს ჩამოვრჩი ბოლოს,
საკუთარ სინდისს მხოლოდ და მხოლოდ.
და მომლოდინე სიშორის კართან,
გვიან მივუხვდი მტყუანს და მართალს,
რომ არ ეშვება არასდროს ფარდა
მანამდე, სანამ ჩვენ არ ვეშვებით
დაბლა და მერე დროის ეშვებით
გამოფატრული სულის ნაწილი,
უარყოფილი და განაწირი,
დაუბრუნდება საკუთარ წარსულს,
როგორც წამებულს და ძელზე გასმულს.
წარსული, როგორც თეთრი თაბახი,
გაშავებული ცოდვა-ტრაბახით,
მერე არეკლავს, ალბათ, ყველაფერს,
ტალახსაც, რაშიც ვდგავართ ყელამდე.
სირცხვილის გუდას, ოფლსა და სინდისს,
ვინ ვის ყიდულობს ან ვისთან ყიდის.
მერე დაწყდება ყველა აღვირი,
თუ გულზე რამე გვეჯდა დაღივით.
მაგრამ ვიღაცა გვპატიობს ისევ,
მოყვასი მოყვასს ეკრობა მყისვე
და როგორც ოფლით დაცვარულ მიწას,
რაღაც განგება ყოველთვის გვიცავს.
კომენტარები (0)