* * *მე შენი ნავის მგზავრი ვიყავი


მე შენი ნავის მგზავრი ვიყავი,
ყავლგასულ სიტყვის უტყვი მენიშნე
და ბოლო აზრი ბოლო იგავის,
შენ რომ ვერაფრით ვეღარ შენიშნე.

მე მზის ვარვარა კალთა მეხურა,
მწველი ალერსი სხივის და ფარჩის,
შენ ფრთამომტყდარი, როგორც ბეღურა,

იმ ლურჯი ღელვის კარებთან დარჩი.
ძაფებს, სიშორის ქარით დაწყვეტილს,
ისევ ნასკვავდა ფერადი სუნთქვა
...და მე ვიყავი სიტყვის ნაწყვეტი,
რომელიც შენთვის არასდროს უთქვამთ.

და ის ჩამდგარი ბოლო გრიგალი,
შემახსენებდა ბოლო მშვენებას,
რომ შენ იყავი შეურიგალი
და ბედისწერას მსხვერპლი ენება.

და თავდახსნილი დროის კლანჭიდან,
არ ვეშვებოდი, მაინც, ძიებას!...
ამდენი ხანი რისთვის დასჭირდა,
იმ სიყვარულის მონანიებას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი