* * *დღეების კამარამ გამშალა


დღეების კამარამ გამშალა,
ამშალა შარით და მითებით,
სადაც ვარ, იქ არც ვარ აშკარად,
სადაც ვარ, იქ აღარ ვიქნები.
ქარმა მომაშარა აშარმა,
მწარე დავიწყების ტიტები.

შენთანაც აღარ მაქვს საერთო,
ღამე მიმეორებს გოდებით,
ამ ყოფას ზღვარი თუ დაედო,
არყოფნას ვით ვუძღვნა ოდები.

სიცოცხლის სულ ბოლო მნათობი,
მეწვევა ტკივილის თვალებით,
მე ხომ ვერასოდეს დაგთმობდი,
შენ უნდა დაგეთმე წვალებით.

პეშვში ამოუშრობ სიშორეს,
შორით გიმეორებს წარსული,
ოფლივით ტანზე რომ გიშრობენ,
ლექსებსაც ყავლი აქვს გასული.

სხვა შეკრავს, ჩემს ნაცვლად, კამარას,
მოვბოჭავ მოსაბოჭებს მუჭით,
დუმილის თითების ამარა,
ტკივილის მაჯისცემას უჭირს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი