სერგეი ესენინის წერილი აისედორა დანკანისადმი


ჰო, დავიწყება ვერ ვისწავლეთ
აქამდე ორმა,
იქნებ, ცხოვრების დუღილშიაც ასე ვირევით
და ისე ვიცვლით, რა ხანია
აზრსა და ფორმას,
როგორც სტრიქონი,
გასაჩალხად ნაჯახირევი.

რას გიყვებოდით? არც არაფერს,
მძებნელის გეშით
ვერ ვიგუმანე რა მიმღვრევდა მინავლულ სახეს,
რომ გვიან მივხვდი სიმართლესაც,
უბრალოდ თქვენში
"ბედნიერებას ვეძებდი და
სიკვდილი ვნახე".

გულში ლოდინის ანარეკლი
დარჩა უჩვევი,
ვით ზამთრის ბაღში ჩამომტყდარი, სველი, რტოები,
არც რიაზანი, არ მოსკოვის
ბნელი ქუჩები
აღარ ელიან ძველებურად
ღიმილს პოეტის.

თქვენ ისევ ცეკვავთ, თუ ნებდებით
ბოლო იარას,
წლები იხევა, ვით ნაჭერი ძვირფასი ფარჩის,
რით განუგეშოთ,
ამ ცხოვრებამ გადაიარა
და რა ხანია, სულ სხვადასხვა
ნაპირზე დავრჩით.

იქნებ, ცხოვრება თქვენც ზედმეტად გაწუხებთ, რადგან
ის დუმილია, ყველასათვის გასაგონარი,
როგორც გითხარით იმ ღამით, რომ
სიჩუმე დადგა
და ლოდინივთ
რომ წყდებოდა კაბის ზონარი.

გთხოვთ, მაპატიეთ, იქნებ, მართლა,
ლოთი ვიყავი,
იქნებ, არასდროს ჩავიმუხლო
სიბერის მწუხრთან,
ცხოვრება დარჩა აუხსნელი, როგორც იგავი
და იმას ვჩივი,
რასაც ბლოკი, უბრალოდ, წუხდა.

ეს ხულიგანის აღსარება, იქნებ, არც არი,
იქნებ ღელვაა დავიწყების,
გატეხილ ფიცის,
ჩემს ნაკვალევზე,
რა ხანია, დარჩა ნაცარი,
თქვენს სიცოცხლესთან,
რა ხანია, სიკვდილი იცდის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი