ჰორიზონტი


ხანდახან მგონია ჰორიზონტს მივწვდები,
გონება მშვიდი და აზრიც ნათელია,
ყველაფერს ვიგრძნობ და ყველაფერს მივხვდები,
ყველა გვერდითაა, ყველანი მშველიან.
მოვისმენ მუსიკას, რაღაცას გიყვები,
მინდა ყველაფერი ლამაზი გეგონოს,
კიდეც გავიხუმრებ, კიდეც დავიღლები,
ალბათ როგორ მინდა, შენც რომ მოგეწონო.
ქუჩებში ნაირფერ ნათურებს კიდებენ,
„კალяსკებს“ არწევენ სკვერებში ქალები;
როგორ მათბობენ და როგორ მამშვიდებენ
ჩემი მეგობრების ცისფერი თვალები.
ოცნების გარეშე წამიც არ მქონია
(ბავშვობას ვიგონებ, უცნაურ გადიებს),
ხანდახან ცხოვრება იოლი მგონია –
ვიცი, რომ ყველაფერს ყველას ვაპატიებ.
ხანდახან ჩაქრება ყველა ლამპიონი,
თითქოს უმიზეზო სევდა მეახლება...
კვლავაც გათენდება ლურჯი ალიონი,
ტკივილის გარეშეც როგორ შეიძლება?!
ხანდახან ეჭვების თოვლი და ქარია,
ვიგრძნობ, რომ გავმხდარვარ ძალიან ბებერი...
მივდივარ, ყოველთვის ჩემ გვერდით არიან –
ჩემი შოპენი და ჩემი ეგზюპერი.
რატომღაც ვმშვიდდები, რატომღაც დავღონდი
(ღრუბლები ზღვებისკენ ღიღინით მიდიან),
თითქოს გაფართოვდა ისევ ჰორიზონტი –
რაც უფრო შორსაა, მით უფრო დიდია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი