1 220

გლეხის პირით მოსაუბრე


კაცი შემომხვდა ისეთი როგორც,
ფიქრებში ღმერთი მეზმანებოდა,
თეთრი წვერებით ისეთი როგორც 
წარმოსახვაში მელანდებოდა.
მისი მზერიდან მოსჩანდა რისხვა,
როგორც ოლიმპოს მთაზე ქუხილი,
მის შუბლში იყო შეკრული ზეცა 
და მის თვალებში ჩანდა წუხილი.
სახე უგავდა მოსე ღვთისმხილველს,
გლახის ძონძებად ემოსა ზეცა,
გავბედე კითხვა დამესვა პირველს,
მაგრამ უეცრად მისი ხმა მესმა.
შვილო გინდოდა გეკითხა ვინ ვარ?
-დიახ,რაიცით ჩემი აზრები,
-მე უკვდავების წყაროსთან ვზივვარ,
ქვეყნად ამ სახით დავიარები.
ვინც კი არსებობს კაცი თუ ქალი
ყველაში მე ვარ მინდა იცოდე,
გინდა იგემო იმ წყაროს წყალი?
წყალობის ხელი სხვას გაუწოდე.
გული აჩქარდა,ნაბიჯსაც ვერ ვდგამ,
თითქოს გაჩერდა დრო,წუთი,წამი,
მისი სიტყვები სიღრმეში შემწვდა
ამიკანკალდა მთლიანად ტანი.
ალბათ იმიტომ,რომ მასში ვნახე,
რაღაც ისეთი,რაღაც ღვთიური,
მას ვერ მისწვდება კაცისა სიბრძნე,
ვერც სიბერე სჭამს ამქვეყნიური.
თავი ავსწიე,აღარსად სჩანდა,
ჩემს თავსაც ვკითხე : "ხარ გულთმისანი?
მაშინ მითხარი საიდან გაჩნდა,
ეშმა იყო თუ ვინმე მისანი?"
მეორე დღესვე განქარდა ეჭვი,
გულზე დამერჭო მწარე ისარი,
ფრესკაზე ვნახე ზუსტად ის კაცი
ღმერთი ყოფილა და ვერ ვიცანი.
კომენტარები (1)

Marishka - 23.11.2016