აგვისტოები


თქვი, საიდან მოდიან,
ცხელი აგვისტოები?..
და ვარსკვლავთა ვარჯების,
უსასრულო რტოები
ზორბად ამოიზარდა,
მე მოვებით მოვები,
ტირიფების ტირილი
გადმომედო გოდებით,
გოთების გოლგოთები,
გოლგოთების გოთები,
თოვლიანი კალთებიც
და ფხიზელი ლოთები...
სატრფოსათვის ვიტვირთე,
ცრემლით სავსე ტომრები,
გულში გადავინახე
ზღვათა შავი შტორმები,
მათთან შენარკინები
დაღლილი მატროსები,
__ ნაომარი არსება,
ტალღიანი ტორსები,
ფსკერზე პოსეიდონი,
ნავზე ჰომეროსები,
მერე მშვიდი ლივლივი,
ალბა - ალბატროსები...
სიზარმაცით ნაცემი,
ორატორის ტორებით,
ფიქრებს ვიიმედებდი,
მოსაძებნი ტროებით.
იქნებ მითხეს:
__ დროებით...
დროსთან დანატოლები,
თქვი, საიდან მოდიან 
ცხელი აგვისტოები?..
გავიხსენე ბავშვობა
ლექსში თანატოლები
და სიტყვებით ალერსი
შორს და გამარტოებით.
ფოტოების ნოტები
მომენტების ოტებით,
მომეტებით შორტებით,
საწვიმარი ბოტებით,
უბოროტო ღიმილით,
ერთად დავაბოტებდით.
ივლისშიც კი მოვძებნე,
მარტის არტის ტონები,
სანამ მე გიპოვნიდი,
მარტო რატომ მტოვებდი?..
თქვი, საიდან მოდიან,
ცხელი აგვისტოები?
თქვი!!! საიდან მოდიან, 
ცხელი აგვისტოები?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი