0 142

მზე კი მიღიმოდა....


ფარავანს ჩავუყევი,ფარავანს,ჯავახეთის ულამაზეს მდინარეს და ხერთვისის ციხესთან შევჩერდი .შევნიშნე, ციხის გარშემო მცველები იდგნენ, ციხეზეც. ზოგი ხმლით იყო შეიარაღებული, ზოგი კი შუბით. თავზე რკინის მუზარადები ეხურათ და ჯაჭვის პერანგები ეცვათ. მე კი ჯინსები მეცვა, ფეხებზე ბოტასები. პერანგი მეცვა, ოღონდ არა ჯაჭვისა. აბრეშუმის, ალბათ შალნარევი. ციხის მცველებმა ყურადღება არც კი მომაქციეს. ისინი სამცხის გზას გაჰყურებდნენ, ჯავახეთისა და ვარძიისკენ მიმავალი გზისკენაც ფხიზლად იყურებოდნენ. ფარავანი ხერთვისის ციხესთან, ხერთვისის ციხის ფეხებქვეშ ჩაედინებოდა და მტკვარს უერთდებოდა. ორი მდინარე ერთმანეთს ერწყმოდა, ერთმანეთის ესმოდათ და ერთად მიედინებოდნენ ქართლისაკენ. უეცრად მცველებმა ყიჟინა შემოკრეს, ხერთვისის ციხეზე გადმოდგნენ და პირჯვარს იწერდნენ. ხერთვისის ციხისაკენ მომავალი ლაშქარი შევნიშნე.ცხენოსნები და ფეხოსნები, შეიარაღებულები. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მეცნო თამარის მხედრობა, მეფე თამარის, მეცნო ქართველთა მხედრობა.
    მეფე თამარს გარს საუკეთესო მცველები ახლდნენ, გვერდში მთავარასარდალი დავითი და ძმები მხარგრძელები მოყვებოდნენ.ჯავახეთის მხრიდანაც გამოჩნდა ქართველთა მხედრობა. შალვა და ივანე ახალციხელები შევნიშნე, მესხთა რაზმს მოუძღოდნენ წინ. ქართველთა ლაშქარმა გეზი ვარძიისაკენ აიღო , მიყვებოდნენ მტკვრის ხეობას, მტკვარი კი რაღაცას ბუტბუტებდა...
თმოგვის ციხეზეც გადმომდგარიყვნენ ციხის მცველები, ისინიც ჯაჭვის პერანგებში ისხდნენ. მათაც ყიჟინა დასცხეს თამარის მხედრობის დანახვაზე. საქართველოს საუკეთესო მხედრობა შეკრებილიყო, გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდნენ. ბასიანთან გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართებოდა, საქართველოსათვის გადამწყვეტი..
    მხედრობა ვარძიას მიუახლოვდა, ვარძიისაკენ ასასვლელ გზასთან შეჩერდნენ. შოთა რუსთაველი შევნიშნე, ვეფხისტყაოსანი ეჭირა ხელში. მხედრობა დაბლა გაჩერდა. შალვა და ივანე ახალციხელები, სხვა სარდლებიც თამარს გაყვნენ და კლდეში ნაკვეთ ქალაქში შევიდნენ. იქ დიდი დარბაზი იყო, შეიკრიბნენ და რაღაცას თათბირობდნენ. შოთა რუსთაველიც მანდ იყო, ხელში ვეფხისტყაოსანი ეჭირა და ყურადღებით უსმენდა.
    იმ დროს ერთმუშტად შეკრული ერი ერთად იდგა, ერიც და ბერიც, მშენებელიც და ხუროთმოძღვარიც, სარდლობაც და ჯარიც. ყველა თამარისა და საქართველოს დიდებისათვის მზად იყო თავი გაეწირა. რა საოცრებაა, ყველა, ყველა სამშობლოზე რომ ფიქრობს და მზად არის სიცოცხლე დათმოს სამშობლოს გულისათვის. მათ იციან, რომ სამშობლოს სიყვარული მარადიულია, უკვდავია. ის უსასრულობაა. მას არა აქვს დასასრული. სამშობლოს მიწა, წინაპართა სისხლით და ოფლით გაპოხილი მიწა, სამშობლოს მთები, ზღვა, ტბა, წყალი, ჰაერი - ეს ყველაფერი მშობლიურია, იმდენად რომ ყველა მზად არის თავი შეწიროს სამშობლოს. ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს ეკლესია-მონასტრები, ციხე-გალავნები, ქალაქები, შექმნეს საგანმანათლებლო ცენტრები, ყოველთვის სცადეს დროის აყოლა და გადარჩა საქართველო. თუმცა იყვნენ მოღალატეებიც, გამყიდველებიც, მხოლოდ საკუთარი ბედნიერების მაძიებელნი, მაგრამ უმეტესობას მაინც სამშობლოს სიყვარული ამოძრავებდა, ეს აერთიანებდა უმეტესობას და გადარჩა საქართველო..
   და მაინც რა საოცრებაა, ყველა ერთად არის, ერთმუშტად შეკრული და ყველა მზადაა სიცოცხლე დათმოს, სიცოცხლე შესწიროს იმას რასაც სამშობლო ჰქვია..
   მეც მომინდა მათთან დგომა, შალვა და ივანე ახალციხელების რაზმში დგომა. თამართან მისვლა გადავწყვიტე...სითბო ვიგრძენი, მზის სხივი ჩემს წამწამებთან კრთოდა. გამოვფხიზლდი, თვალი გავახილე, მზე სარკმელში იხედებოდა და მიცინოდა.. მეწყინა, მზემ პირველად მაწყენინა. მე სიზმარში დაბრუნება მინდოდა, მზე კი ისევ მიღიმოდა..



კახა ყავრელიშვილი  
2017 წელი
კომენტარები (0)