ვგრძნობ და ვერ ვხედავ..

არსებობს რაღაც, რასაც ვერ ვხედავ
და ის რაღაცა ყველგან თან დამდევს
წვიმაში,
დარში,
მთაში და ბარში.
თუმც ხმა არა აქვს, არც სხეული და არცა ფერი,
მაგრამ თან დამდევს
ვგრძნობ სულ ყველგან დამყვება კვალში.
გავდივარ ზღვაში და სრულიად ვენდობი ჩემს ნავს,
გაშლილი აფრით მივაპობ ტალღებს,
ბობოქარ ტალღებს მძლავრად და ლაღად
აღარც კი მახსოვს, რომ ამქვეყნად არსებობს რაღაც,
რაც ყველგან დამდევს და არ უნდა,
არ იშლის თვალთვალს.
ჩემი ნავი კი მიცურავს და ირწევა ზღვაში,
მე კი სულ უფრო, უფრო და უფრო
ვივსები ჟინით,
ჟინით დავიპყრო ზღვა,
ტალღა,
სივრცე,
და ამიტომაც თამაშ-თამაშით ვეგებები გრიგალს და ცუნამს,
მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებს, ერთი რამ მახსოვს,
მივაღწიო დასახულ მიზანს.
უეცრად ჩემში ქვეცნობიერი იღვიძებს გრძნობა
მიკვირს საიდან,რა გრძნობაა?
რამ გააღვიძა ამ დროს,
როდესაც მთელი ჩემი ცნობიერება
მიმართულია სივრცის პყრობისკენ, წინ მიზნისაკენ.
ამ უდროო დროს უცნაური, სასწაული ეს გრძნობა კი
უეცრად ჩნდება
და მახვედრებს - არსებობს რაღაც,
რაც ყველგან დამდევს
და მახვედრებს , რომ სადღაც გზაში,
შეირწევა, შექანდება იმედის ნავი..
გადაბრუნდება, ჩაეშვება წყნარად ზღვის ფსკერზე.
მაშინ ის რაღაც გამოჩნდება, ჩამხედავს თვალში
ჟინით ავსილი დავმშვიდდები, დავეშვები ნავთან ზღვის ფსკერზე
და ის რაღაცა წყნარად მეტყვის:
-ახლა დამშვიდდი, ჟინი დაიცხრე
საუკუნოდ დაისვენე, შენ ხარ დაღლილი.


კახა ყავრელიშვილი