**

მოვდივარ, მომიხარია
ღმერთო რა კარგი დარია..
მესხეთო შენი მთა-ბარი
უგონოდ მომნატრებია.
ყველა ხეს ვეალერსები,
ვეამბორები ყველა ქვას,
დიდი ხნის უნახავები
დაველოდები შენს ნახვას.
მტკვარი დამხვდება დუმილით,
დიდის ჩივილით სოფელი,
ჭალები კაკბის ღიმილით
ღრმა სიყვარულით ყოველი.
ვაი, რომ მაშინ ვერ გავძლო
გულმა დამიწყოს ტირილი.
მზემ გადმომხედოს ღიმილით
ღიმილით, სიცილ-სიცილით.
დავწყნარდე, შემოვირბინო
მინდვრები ყვავილიანი,
განთიადისას ვიხილო
ყანები ბარაქიანი.
მერე დავჯდე და ავკინძო
ჩემი გრძნობა და ფიქრები,
პატარა ლექსი დავწერო
ცაში ნაპოვნი სიტყვებით.