ეს შენ ხარ, შენ ხარ მესხურო ვაზო

ასპინძის სიახლოვეს გაშენებულ მესხური ჯიშის ვაზს.

ნუთუ ეს შენ ხარ, ნუთუ ეს შენ ხარ..
თვალის ჩინი თუ წარსულის ხმა ხარ..
არა წარსული , აწმყო ხარ , აწმყო!
ოროკოებზე დარგულო ვაზო.
ძარღვებში სისხლის აგორდა ტალღა,
ძარღვი დაჭიმა  აღმა და დაღმა ,
სისხლი არ დაცხრა, სისხლმა ისურვა
 აქ შენს ფესვებთან წვეთებად დაღვრა.
ეს შენ ხარ , შენ ხარ მესხურო ვაზო
ასულო ნაზო თუ კოხტა ვაჟო,
მესხურო მწვანევ და ხარის თვალო,
ჩიტისკვერცხავ და საწურო -  ვაზო.
სამარიობოვ და როკეთულავ
მესხის მარჯვენამ კვლავ გიერთგულათ,
ცხენის ძუას და მესხურ საფერეს
დღეს შევხვდი და დღეს ბევრი ვეფერე.
ეს შენ ხარ, გიცან შენ კლერტმაგარავ
მოგიხსენია მესხმა მაგარად,
ცხენის ძუძუვ და ახალციხურო
თეთრო ყურძენო - ვაზო მესხურო.
თეთრ ბუდეშურას და საფარულას
მზე ეფერება ჩემგან მალულად,
მზის სხივი ტყდება, მზის სხივი დნება
მესხური ვაზის ფოთლებს ადნება.
 მოვედი, შეგხვდი და მოგეფერე
მესხური მზით და მიწით ნაფერებს,
გადარჩა მესხი, გადარჩა ვაზი, 
მესხურ ტერასებს დღეს დავუზავდი.
გაიზრდება და მტევანი ვაზის
წითელი, თეთრი,  საწნახელს დაღლის,
ქვევრში მესხური ჩადგება ღვინო
,,მუმლი მუხასა“ მსურს ვიღიღინო.
ეს შენ ხარ , შენ ხარ მესხურო ვაზო,
ასულო ნაზო თუ კოხტა ვაჟო,
არა წარსული, აწმყო ხარ, აწმყო
ოროკოებზე დარგულო ვაზო.