მესხეთს..

მტკვარი დის, მტკვარი,
დაუღალავი
ბევრის მომსწრე და არაფრის მთქმელი,
მტკვარი მრავალჯერ ატირებული,
ატირებული მესხური ცრემლით.

მესხეთის მიწავ, ტანჯულო მიწავ,
მიწავ ნაპოხო სისხლით ქართველთა,
რამდენჯერ სცადეს, სცადეს და მაინც,
მაინც ვერ შეძლეს შენი წაქცევა.

მაინც ვერ შეძლეს შენში ჩაქრობა
ენის, სიცოცხლის, გენის ქართულის,
იდგა ხერთვისი , იდგა აწყური
მუდამ მტრის სისხლში, მტრის სისხლს ნაწყური.

და ამ მიწაზე აქ მესხი დედა
შალვას, ივანეს გმირებად ზრდიდა.
აქ ამ მიწაზე მერჩულე კალმით
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას ჰქმნიდა..

აქ ამ მიწაზე საოცარ ხელმა,
შექმნა ვარძია , შექმნა საფარა
ზარზმას და რაბათს, ბანას და ხახულს
დიდების სხივი გადაატარა.

აქ ნატერფალი პატარა კახის
გაღმა კივლი დაჭრილი ქორის,
არის წარსული დიდების კვალი
ქართველთა ომის, ასპინძის ბრძოლის.

და აქ იწყება საქართველო,
ქართული ენით.
და აქ უმღერა დედამ შოთას
ქართული ნანა,
და აქ დაიწყო საქართველოს აღმავლობა
ვეფხის ტყავის უსაზღვრო ზღვარით.


მესხეთო ჩვენი მზე შენით მზეობს
მზეობს და ზეობს დიდებავ ჩვენო.
დაე იმზეოს, დაე იბრწყინოს
შენ საქართველოს შარავანდედო..