არაბესკები


ლექსები ციკლიდან :-  მზის  მისტერია

2000-2004

ვით ნეფერტიტი

 

ქარი დაიბანს ღრუბლებში თითებს,

წვიმაც საცაა ტირილს დაიწყებს,

ვენეფერტიტე შენს ნატიფ ტიტებს,

ვერც ცის ოფორტი ვერ დავივიწყე.

ხედავ, ოცნება დარაბებს გვიღებს

შორეულ მწვერვალს ვეპარნასებით,

ეს დღეც შეიხსნის ღიღილო ღილებს,

დროც ნელა წავა რევერანსებით.

ვუნეფერტიტებ შენს ფხიზელ სიზმრებს

ისედაც ცხადის მიღმაც ვარსებობთ,

ნუ მოვიგონებთ სხვა აფორიზმებს,

არც ბედს მივენდოთ სააღსარებოდ!...

*

ბეღურას..

 

როგორ შეგატოვე ზამთარს,

ასე მინდობილი ბზის ტოტს,

ავდარს უდარდელს და ამ ქარს,

სულ არ ედარდებით ჩიტო...

ხევში გადაღვრილა ნისლი, 

თითქოს რძე აჭროდეს ამინდს,

როდის დავესწრებით ისევ,

ვარდთა მათრობელა ნადიმს. 

დაქრის ზამთრის ქარი მწყრალი,

ავი ლოლუების ეშვით,

შენთვის მოწყლების წყალი,

მომაქვს გაზაფხულის პეშვით.

ცოტაც მოითმინე , ცოტაც,

უფლის შეწევნით და ნებსით.

უკვე თავთავდება ბეღუ,

შენი ასაკენკი ლექსი...

*************

ნაოსნობა გუდაურში 

 

ნატვრით ვინ მირბევს ბედის კლავიშებს,

დღესაც ცალ სიმზე უკრავს გიტარა,

დაემშვიდობა შრიალა ქვიშებს,

და მიაბოლებს გემი სიგარას!

ნუთუ ის ზღვა ვარ, შენ რომ ურწევდი.

ტალღებს და ოქროს ეძებდი თევზებს,

ცა მეცხრე ცისკენ რომ მიიწევდა

შუაღამის მზეს უხმობდა დღის მზე...

ბრიზი უშლიდა პაემანს ტალღებს'

იფურცლებოდა ლურჯი რვეული,

ვერ მომიპოვე და ვერ იბაღე

ჩემი სიშორე სამოთხეული...

 

*

ერთი ხელწერა

 

ეს წვიმა ახლა ჩემი თმებია,

თქვენც ხომ თმაწვიმა მოგწონდათ მუდამ,

იქნებ ახლა ვარ რითაც თვრებიან,

იქნებ ახლა ვარ ის თოვლის გუნდა...

ნურვინ მიმიტანთ ტკივილად გულთან,

აწ ბეწვის ხიდზე აღარ გავივლი,

რა ესაქმება მდგმურს სიყვარულთან

მალევე ჭკნება კოცნის ყვავილი..

მაგრამ ვერ გეტყვით მსგავსთთა და მსგავსთთა

დარად თმაწვიმა გავიწეწე რად?-

როს თხზავს საწუთრო ნაირფერ ფერებს

მსურს ჩემეულიც მქონდეს ხელწერა.

 

თუკი ნატვრაა...

 

სათრობელათი ვათრობ, -ვევლები,

ვითარც ჰეტერა საწუთროს ცბიერს,

ვერსალურ ხილვებს ავემხევლები

ვიდრე დღე-ღამის წარმავალ იერს...

ან თუ ნატვრაა... რაღა ათასი,

ერთი დღის გარდა ყველა დამაკლდეს,

და ეს სიცოცხლე ასე ლამაზი

ყაყაჩოსავით გულზე დამაკვდეს...

 

ბუნგალოს ჰიტი

 

ლურჯ ტალღაზე გრთავს ზღვა უსენსორო,

ამინდეს გაუწყებს ტელე-მისანი,

უნდა დატოვო ეს ბარი სენიორ,

ერთ დროსტარებად თუ დამისხალდი.

ზეცაც მოირთო პლუშის ღრუბელით,

ცხელ ნაპირს ლოკავს ზღვა მლაშე ენით,

ეს შედარება ამდილანდელი, 

მიმანდილეთ ან შემაშრეთ ფენით.

აიციტატა ცა ალბატროსმა,

ბამბუკების და პალმების პარკში,

ტაბლად გაშალა სივრცე ტაროსმა,

გემები თვლემენ პორტის ჰამაკში.

ქარი აცეკვებს ხეებს დავლურით,

ბუნგალოს ჰიტიც მომბეზრდა ჟღერით,

წავიდეთ სენიორ,- სხვა ზღვა დავლიოთ-

შემოვერცხლილი კონცხის ფუჟერით.

 

ნედლი პალიტრა

 

ჩემო ბატონო...

გახსოვს ოდესმე, 

მეც ვყვავილობდი როგორც აპრილი,

შენ კი, ზამთარი გათოვდა მძიმე, 

და ამ სიმძიმით იყავ დაღლილი.

მაგრამ ქორწილი თავისით შედგა,

და მე, აპრილი გკოცნიდი ზამთარს,

ძლივს, გაყინული გაგითბე გული,

გამოგარიდე ავარა ავდარს.

ბედი კი მაინც ცეკვავდა კანკანს,

მონეტებივიტ ვფანტავდით დღეებს,

და ღამეების კანდელთა კანკალს,

ვუსონეტებდით მშვიდ სამოთხეებს.

იხსნის აპრილი ბუნების ნებით,

ფიფქებით მორთულ გიპიურ კორსეტს,

ნედლ პალიტრაზე ნებივრობს ვნება

და ხატავს ხსოვნით აღდგენილ პორტრეტს.

--------------------------------

მთვარის მხევალი.

 

ნუღარ მომელი, ნურც გამიხსენებ,

დღეს სუსხიანი ქარები ქრიან,

ხსოვნის მკლავებზე გადამისვენე,

რადგან აწ მთვარის მხევალი მქვია.

ამ ლექსს ცრემლებით ნუ დამისველებ,

ეს სინანული ჯერ არის გვიან,

ვერ ვეგვირილე შენს ნათიბ ველებს,

სხვა ვერსალები ნედლ ვნებებს მგვრიან.

ასე მგონია, სივრცის ალერსი 

სველ ღრუბელივით გადამავიწყდა,

ვერ ავიტატე გრძნობის ალერდი 

და მოთმინების სიმიც ამიწყდა,

ცას გადაევლო ვარსკვლავი ციდა,

და ვერც სანთლები ავინთე წმინდა

ო, ნუ დამძრახავ, -უშენო ციდან

გაუთავებლად წვიმდა და წვიმდა.

 

*

შიშეტა ღამე.( ა ჩემს შავ კატას შიშეტას)

 

ბინდის ფარფალებს ფარჩა, მოდის შიშეტა ღამე,

წამლად ვარსკვლავიც არ ჩანს, უმწეოდ მოღიმღამე...

უმზეო ზამტრის შარს და მარტოობასაც ვითმენ,

ეს ლექსიც ამეშარა, როგორც აშარი ვინმე.

შარახვეია ქარი ,კარს მიზანზარებს ისე,--

რომ ვუფეშქაშე ქმარი ალბათ მიბრუნებს ისევ!!!

 

 

*

პოეტურ გრაგნილს...

 

მთვარის ფიალით შემასვა ღამე, უძილო ფიქრთა ფარულმა გზნებამ,

ბოლო სტრიქონი რითმით დავნაღმე რომ ამიმგზავრონ უნაღმო გზებმა.

ქარმა მომტაცა მერის მერდინი, ამინდმა მშრალი თმა შეისველა,

თავდავიწყებას უბელოდ მედინს, მელნისფერ მერნად დავლანდავ ველად.

ის კი, ვინც მსურდა, მაინც ვერ ვნახე, მხოლოდ უდაბურ მირაჟებს ვხედავ,

წვიმის დამიგეს ღრუბლრბმა მახე, დააგვიანდა ჩემს დაღლილ მხედარს...

ვიცი რა მელის, როს რიტორული განმეორდება კვლავ დღეთა წყება,

ამეფარება ბურვილი რული, სადღაც ხომ ობლის ვარსკვლავიც წყდება.

ჯერ ისევ მთვარის ბილიკით ვივლი, იმედიც ავად გარდასულს ხვეტავს,

გადაშლის თვალწინ პოეტურ ხილვით, ახალი გზების დაგრაგნილ ეტრატს.

 

 

*

ბეღურას ფრთებით

 

რად მემქისები მწუხრო ღამისავ,

უკურნელ ურვას რისთვის მარისხებ,

კრავი კუნტრუშებს ღრუბლის კარვიდან

ცაც უვარსკვლავოდ ავიმარიხე.

მაინც ვერ ლანდავს ბნელი ლაბადა

წვიმების ცრემლით ნაკვებ წერილებს

ბედის ობობა იაბლაბუდებს,

წერის წერაც წერს მრავალწერტილებს.

გზა კვლავ ასპიტობს უასპარეზო,

ცის ცვილ კამარებს შევეკამკამე,

ვერ ვამუნათებ დროს სატრაპეზოდ,

ნისლი ებურვის ზეცას მაკრამედ.

ზღვიდან მოვმარგლე სამარგალიტო,

მშრალ უდაბნოებს ავევენახე,

უტყვი ლოცვა ვთქვი სალიტანიო,

უფალს სამსჯავროდ ვერ დავენახვე.

ბილიკი მკრულავს უსაფეხურო,

ნება მივნებებს ნუკვის სალბუნებს

ეგება ფრთებმა ამაბეღურონ,

რომ შევემწყემსო სულის ფსალმუნებს.

---------------------------------

მაცთური ევა

 

ამ ცვლილ თითებით 

შემოდგომის სველ სიზმრებს ვქსოვდი,

და ცივ სურვილად ვაცილებდი ზამთარს სუსხიანს.

მზიან გაზაფხულს მუზის კერტთა კვირტად ვახსოვდი,

დაფლეთილ დღეებს ვაკემსავდი წარსულს ნუსხიანს.

ამ ხელით ვრგავდი ქაშანურის ქოთანში ლოდინს,

და მაღვიძარებს მზითა ვრწყავდი, ვითა ირიდა,

ვერ გამოვცალე ხსოვნის თასი მაინც ბოლომდის 

და ოცნებამაც რუხ მანდილად გადამირიდა.

ვერ ჩამტევ გულში,

მე ნაპირებს ჯებირებს ვუშლი,

ვარ ქარიშხალი, კაეშანთა შეშლილი ვნება,

სიზმრის და ცხადის უსასრულო ამ აინუშში

-მოვსულვრ თქვენდა საცთუნებლად,- მაცთური ევა

 

*

გამდნარი ვერცხლი

 

როცა ეს წვიმაც დამისვამს წერტილს,

ავფრანავ ფრანებს ჩინური გველის,

ზოგჯერ ცაცია სურვილს აწყვეტილს,

ხელს იქ გამოჰკრავ,

სადაც არ ელი...

აბსურდიც მჯერა, და მაინც ვღელავ,

მწვერვალებს იქით არავინ მელის,

დაიკლაკნება ცის კვესსზე ელვა,

როგორც- მოსეს და უდაბნოს გველი!

მაგრამ ვინ მეტი ან ვინ ნაკლები,-

რომ გადაკვეთოს საჩემო გზები,

აღარ მსურს, აღარ, გულს კვლავ დააჩნდეს

ამბორი, როგორც ტკბილი ნაკბენი.

და მომკვეთავენ მარჯვენა ძუძუს, 

ჩემი დობილი ამორძალები,

დაე, დამარცხდეს ერთ ქალშიც,- ქალი,

ბედმაც ჩააგოს შიშველი ხმალი.

ვინ გამიჩაღებს ხელახალ კოცონს,

ან ვინ დამინთო სამსხვერპლო ცეცხლი???

ცხელ ბაგეთაგან იცეცხლა კოცნამ,

და გადნა პირველ კოცნების ვერცხლი.

სახადად ვიხდი კვლავ ახალ სნებას,

სიო სტვენს,- ღამე ჭადართან მელის,-

და სისხლში ისევ დაძვრება ვნება,

- ვით მოშრიალე ჭალაში გველი.

------------------------------

არც არაფერი...

 

რად ვექარვები არგამ ქარაგმას,

ადრე ულმობელ ბედსაც ვერ ვთმობდი,

ახლა კი გრძნობის ხურდაც არა მაქვს,

და სხვა ბეღურა ფიქრით ვერთობი.

მინდობილი ვარ უცხო პასაჟებს,

თუმც დობილივით დარდიც კვლავ მახლავს,

პარაკლისს ვიხდი დამდეგ პარასკევს,

რომ დავარღვიო დუმილის მარხვა.

აწ წავალ, თორემ გული ღონდება,

ამ არაფრისგან, არაფერს ველი,

-ო, როგორ მიმძიმს დამშვიდობება,

და ...შეგატოვე ხელებში,- ხელი!

 

*

გარდასახვა

 

მივყვები მღვრიე ფიქრების ნაკადს,

გადავაწყდები საცაა მორევს,

ყვავიც არ მიგდებს იმედის კაკალს,-

იმ ძველ შეცთომებს რომ ვიმეორებ.

ამ შემოდგომის უმწეო რტოებს,

ისე შევყურებ, ვშველოდე თითქოს,

აუკენკიათ მზე ჩიტბატონებს,

და თითებს მცივან მთვარეზე ვითბობ.

დაჰბერა ჩემს წილ მოსულმა ქარმა,

ქარსაყოლილი ფოთლად ვფარფატებ,

გარდავისახე.... და ფოთოლ ქალმა,-

რაც მიპოვნია, ერთად დავფანტე..

-------------------------------------------

ქვიშის საათი

 

ჩამოილია ქვიშის საათი,

დროც ტალკვესივით მიკვესავს წამებს,

ბედმაც დაკარგა ღერი ასანთის,

რაც არ მჯეროდა, ისიც ვიწამე.

კვლავ უსაშველოდ მოველი საშველს,

ამ გრძნეულ წრიდან გაღწევას ვლამობ,

გადაუშლია წარსული საშლელს,

სულ უმნიშვნელო შეცთომის გამო.

ნება კი...- უცხო სარეცელს ეტრფის,

გავშალე გერმის გრილი მარაო,

ხან ბანოვანთა ველტვოდი ეტლებს,

ხან კურტიზანთა ვილმე მალამო.

ეს ამინდებიც გამიკაპრიზდნენ,

გრილ ბადაგივით ვეღარ ვსვამ სურვილს,

უმწეო მკლავებს კვლავ ვიკაპიწებ,-

აწ რასაც შევძლებ! - განქიქოს ნურვინ!!!

-ათასმეორე ღამე ვათიე, 

ამ ლექსის შვებით ამოქშენამდე,

აჰა, მოვედი, -და მაპატიე,

ძლივს მოვატანე სუნთქვა შენამდე...

 ----------------------------------------------

სახეცვლილება

 

მსურს მივებგერო გამად ქარაგმას,

გულით განდობილს,- გონით ვენდობი,

შორს ვერ გავყვები ვნების ქარავანს,

თუ ფატმანური ფლირტით ვერთობი.

ღრუბლების გავშლი ფრთათეთრ იალქანს,

მთვარით მთვრალსა და ნამით გალამბულს,

ეს ჩემი ნავი გაჰყვა ნიავქარს,

კვლავ მოვიკალმებ მორიგ კალამბურს.

მე მაინც ვპოვებ!!!

უსცილოდ, სანამ,

ვნების ქარიბდე ლოდინით ღმუის,

გავინპირებ უპოვარ სამანს,

გასამდეს თუნდაც წარსულის ღრმული...

და ვიცვლი სახეს, ვიხდი სამოსელს,

მოსცილდა სხეულს პერანგი გველის,

ავევენერე სუნთქვად მილონსელს,

მივისამოთხე ეს სამყოფელი!!!

 **********************

 

****

აჰა, შეიხსნა მძიმე საკინძე,

და გაზაფხული ქარაგმებს ქარგავს,

კვიმატი მარტი უძლურ ენძელებს 

უკითხავს ზამთრის უდედნო თარგმანს.

მთებს ჯერათ შვენით თოვლის ყავარი,

ბრმა მზერა ხილულ საწიერს გასცდა...

და უერთდება ვრცეულ სამყაროს-

ჩემეულ გზნების ნამლევა განცდა.

მეც გავიჟღერე....როგორც მუსიკამ,

როგორც ნიავის შრიალმა ველად,

ვერც უფერულმა ყოფამ მას უკან

ვერ გამინელა ვნების ნოველა.

დავეშურები წყაროს სიცოცხლის,

ეგება სული მომითქვს წვეთმა,-

ეგება ნება მებოძოს ლოცვის

და ხელმეორედ ამომთქვას ღმერთმა.

 -------------------------------------------

ნასესხები...

 

ნიავმა ქუჩა ამოიარა,

ფრთიანი კაბა აიფრიალა,

ღრუბელმა ნებით თუ უნებლიედ

დაღვარა წვიმით სავსე ფიალა.

მეტეხთან სული მოითქვა მტკვარმა 

და სამაჯურად მოირგო ხიდი,

გაზაფხულს ნუშმა მოხვია ნარმა,

არც კერტ კვირტების არა აქვს რიდი.

ამ ნასესხებზე ამოახველა

სნეულმა მარტმა ნაღველა ნისლი,

ამოილანძა ენძელა ველად

ჩუ, უჩვეულო ჩურჩული ისმის....

დაღლილ ქალივით სუნთქავს ბუნება,

დღე თავს იწონებს ახალი კოფთით,-

მეზობლის რიკულს როგორ უხდება

იების კონა რიკოთულ ქოთნით.

 

 

ირმის ნახტომი..

 

არ დაგეძინა....

და მთელი ღამე,

ჩემზე ფიქრებში გალიე თეთრად,

მე სასურველი ვიყავ სიამე,

ვერ ვუალერსეთ ვარსკვლავებს ერთად.

ნუთუ დაყვები დემონის ნებას,-

და სიყვარულის ბოლო რექვიემს,

კვლავ თეთრ ლექსებში დამიწყებ ძებნას

და დაივიწყებ ძველ რელიქვიებს.

მე კი გავკრთები.....

ლიზა მონა და

სიზმრეულ სიზმრად უცხო ფანტომის,

წაფარფატდება მთვარის სონატა

და წავა ღამე ირმის ნახტომით.

მერე კი მოხვალ.....

და ნატრულ ტიტებს,

გამოარიდებ ურდო დროს,-მყივარს,

ეამბორები ჩემს სათუთ თითებს,

ასე რომ გტანჯავს და მაინც გიყვარს.

 

ვიდრე...

 

არ მემეტები მშრალ წვიმებისთვის,

ვერ გადავარქვი წარსულს სახელი,

აღარც კი მახსოვს, რისთვის ან ვისთვის

რა ვალი დამრჩა გადასახდელი...

არ ამოგკითხავ თვალებით თვალებს,

სურვილსა სუნთქვითაც კი მიმიხვდები,

თავს ვნების მთვარით არ მოვიმთვრალებ,

არ გაგითეთრებ ღამეს კითხვებით.

და ვიდრე ისევ პატარძლობს სული,

ვიდრე იმედი სადღაც მზეწვიობს,

წვივმაღალ წვიმას ჩავუთქვამ სურვილს-

ეგება სადმე წამოგეწიოს...

 

***

სულიდან ისე მსხლტება ლექსები,

როგორც ნადირი უიღბლო მდევარს,

როდის ამოვთქვი ეს ლარიქსები,

რომელი მუზის მხევალი მე ვარ?

-ყოფავ, სადავე ერთხელ მომანდე,

თორემ მატყვევებს სურვილთა სნება,

რამ ამიდუღა ცხენი დოღანდე,

რა უმათრახეს სულმოკლე გზებმა???

ამიქარაგმა ფარსაგად ქარმა,

უფრთო ფრინველი ცისკენ ვფარფატებ,

არ მოგატყუოთ ბიჭებო თვალმა,---

ფარვანას, ნურვინ მესვრით საფანტებს.

--------------------------------------------------

***

სად ხარ?!-

ან განგებ რად იგვიანებ,

განგების საით აჰყევი ქროლვას?!

ვერ ვიგერიებ ხსოვნის მაგიებს,

მივებინადრე სურავანდ ურვას.

ვიცეკვე დროის ნინველა ალზე,

უმწეო წლების აწ არ ვთვლი ღარებს,---

ფანტელად მოველ ტრფობის მწვერვალზე

და ჩანჩქერივით ჩამოვიღვარე....

 

შხაპუნა

 

მომავალივით მტკივა წარსული,

ჩამოვეღვარე ღუნღულა ღრუბელს,

ქიმერა ქარით ვარ გათასმული,

სუროს სურვილიც ვერ ავისრულე...

კვლავ ყელზე ადგას უპყარ სამყაროს,

იმ განუცდელი ცთუნების განცდა,

თოთოლა ფოთლებს ვთხოვ დამაფარონ

ნატვრისხეული ხასხასა ფარდა.

ნარგიზთა მორევს გადავეგზნები,

თუმც საკამათო არაკებს ვენდე,

ცისკენ მიხმობენ ზურმუხტი გზები,

თავაშვებულნი და მოკარმენე...

ეს ლექსში , თორემ....რაც განვაცხადე,

აახალისებს სიუხვეს ფერთა,

ბატონად ვიხდი წვიმის სახადებს,--

რომ შენს შხაპუნად ჩამითქვას ღმერთმა.

------------------------------------------------------ 

 

ლექსების წვიმა

 

ნურავინ იტყვით რომ დღე მოკლეა,

რომ მოტანილი თან მიაქვთ ქარებს,

თუ სიყვარული გულმოკლულია, 

სარკმლიდან რატომ მიღიმის მთვარე?

...იყო სხვა ღამეც... ძლივს ვამწიფებდი,

სიზმრის სველ ლერწზე გალურსულ ისრიმს,

მე,--სარეცელი მერგო ნიმფების, 

შენ ყურთბალიში და---

ისიც სხვისი.

ბწკარი ვესესხე წინაპარ პოეტს,

ველურ ზმანებებს ვუზმანავ სარკმელს, 

სამოთხის ადამს ამ დროშიც ვპოვებ,

წამს ილაკმუსნებს აწმყოშიც ლაკმე...

ვერ გავექცევი საკუთარ თავსაც,

ვერც თავს მოგაწყენ მთვარის სონეტით,--

და ხელქოლგიანს თან დაგსდევს თავსხმად

ლექსები,--- ერთი ქალი პოეტის...

------------------------------------

უავტოგრაფოდ..

 

 

ნუ დაიბევე გრძნობის მაკრამე,

უსუფსარქისო ქრის გრიგალები,-

ის ძველთაძველი ძღვენი მაკმარე

უავტოგრაფო მადრიგალები.

მაგრამ დრო მაინც იმანდრაგორებს,

კვლავ მოსათელავს მოგვთხოვს ილეთებს,

ცის ციფერბლატიც ვეღარ აგროვებს

გაქცეულ წამთა მონო ბილეთებს...

ოღონდ, შენ მაინც შემიქე ლავრა,

ან ნატყვიარი სიტყვა მითხარი,-

რომ ლარიქსებით მოვლექსო სტავრა,

და გიქარავნო ფიქრთა მეჰარი...

 

 

***

წყალი მთხოვე და მოგართვი ღვინო,

გსურდა თუ არა ,არ ვიცი თავად,

მოდი, საწუთრო ჩავიღიღინოთ -

მფრთხალი აფრების გაუმართავად...

თუმც სათუოა ასეც და ისეც,

ქარსაყოლილი ოცნების ფრთები,

და ვიდრე აწმყო სასმისს შემივსებს,

წარსულის დაცლილ ფიალით ვთვრები...

მერე, ო,მერე, აიშლებიან,

არწყულ ვნებებით სულის კარვები,-

და ჟამთა ფურცლებს შეაშრებიან

ეს ჩვენეული დითირამბები..

--------------------

***

ვთვრები...და, მშრალი სათქმელი არ მაქვს,-

კმარა! რაც ფხიზელ გონებით ვევნე,

ბერწ წუთისოფლის წუთიერ ამაგს,

ვერ განვუქარვებ არქაულ ვნებებს.

ბედმა მომარგო ფლასი სელის და

მაინც ვეთნევი სივრცის სიმშვიდეს,

მარადქალური სამოსელიდან,-

პოეზიაში უნდა გავშიშვლდე...

რაკი  ვასიზმრებ მზეს ჩემით ღამეს,

ცხად ზმანებებშიც, არღარა მმართებს-

ვთვრები და...  ვიხდი ყოფიერ ხამლებს,

გავიზეცავებ   მიწიერ  მართვედ.

 ---------------------------------------------------

თუკი შენ იტყვი,

ყველაფერს დავთმობ თუკი შენ იტყვი,

თუკი შენ იტყვი, არ დავთმობ- ღერ თმას...

ვეღარ გაგწირავ მწირ წვიმებისთვის,

ვერ დაგთმობ, თუკი გაგვწირა ღმერთმაც.

მიმისათნოვებს ლოცვით საყდარი,

მისეფისკვერებს სეფას უკლებლად,

მოვიდე უნდა ახალ სამყაროდ,

ვიქცე სიცოცხლედ და უკვდავებად.

უყუნწოდ უნდა მოვწყვიტო მთვარე,

და ცა გავშალო ფიანდაზებად,

მე გადავიხდი დედოფლურ ნადიმს,-

აზარფეშებით შეგასმევ ვნებას...

-მერე მე წვიმას მოვტაცებ ქოშებს,-

და წკაპაწკუპით მოვირბენ შენთან,

წამო! ვესტუმროთ იმ საცთურ კოშკებს,

ტრფობის ცეცხლიდან რომ ამომშვენდა...

 

 

*

მთვარეს...

 

ეს რა ბარდღალა ცეცხლი დაანთე,

ან სადაური მოგსდევს ქარები?

ერთი ეს მითხარ,- რად დამანათლე 

ლაქარდიანი ყალამქარები...???

ჩვილ საიდუმლოს ვერ დაგიფარავ,

ვიცი, შენ მაინც მექომაგები,

ცა თითქოს ტბაა,- შენ ცის დუმფარა,

მეც იქედნურად გექადაგები...

ჩამო,- მოვიხენთ, მიწაც იწამე,

სხვა ბილიკებიც გვაქვს გასალევი...-

უფინჯნოდ შევსვათ ეს ყავა-ღემე,--

კათხა სიზმრებიც გვაქვს დასალევი...

 

***

თქვენ ვერ გაიგებთ ჩემი სულის უტყვ პანტომიმას, 

როგორც სანთელი მე თქვენს თვალწინ კენტად ვიწვები,

ვეღარ გავიგნე გზა ოცნების კარიბჭის მიღმა,-

თან სად მომყვება მავრი მამრის მრუმე იჭვები???

ეს ჩემი ბედი შეეხიზნა სარკის ორეულს,

მიმიკა ამხელს მეტყველებით სევდის კაფიას,-

და მე ...გიტოვებთ სამახსოვროდ ხედვას შორეულს,

ჩემი განცდების უმეტყველეს ფოტოგრაფიას...

 

***

წუთების რინგეზე....

ნოკაუტს ვიტან...

ნოსტალგიურად მტკივა დარჩენა,

ცხოვრებას ვიწყებ ისევ თავიდან,

და მემყიფება ყოფის არენა.

ეს გამოწვევა ჰგავს დუელს,

დუენდე!!!...

მელიმურ ხმათა ამოჰანგებას,

ლიდივით ვითმენ ვეება ლოდინს,

-შორს განდაგანას ცეკვავს განგება...

 

***

დღემდე მაგონდები როგორც ცთომილება,.

როგორც მოგონების ცივი გრადაცია,

უტყვი განშორების მცდარი განსაცდელით.

რომ თვით უკვდავებას სული გარდაცვლია...

მორიგ სინანულზე ნანობს გასასჯელი,

ბეთლემ მოთმინებას არ თმობს ლიტანია,

დაცვდა მონატრების თალხი ტანსაცმელი,

სიტყვა ნართაული ახლა ლიტონია..

თურმე აღსარება უკვე გვიანაა,

როგორც ფოთოლცვენის ბოლო სიმფონია,

დაშრა ცხელ ბაგეზე კოცნის ნაკადული,

გზნება სფინქსია და....ვნება--გრიფონია!!!!

ისე უსურვილოდ დაგვთმეს სურვილებმა,

გზამ გზა აიმგზავროს რაღაც არ მგონია...

ღმერთო !!! დამავიწყე ვარდთა სურნელება,

და ამ შუაღამის თეთრი აგონია....

 

***

არ ვიცი, როგორ მოგეჩვენებათ,

ჩემი ლამაზი სახე ამჟამად,

მე მინდა სადმე, შორს დასვენება

და ფოთოლცვენა მოსასმენ გამად,

არ ვიცი როგორ მოგეჩვენება, ... იხილე მეტი

ეს ფოთოლცვენა და ჩუმი განცდა,

მინდა დავეგზნო მზიურ ვნებებად,

თუ ჩვენი გზები ერთმანეთს ასცდა...

განშორებასაც ცრემლი აკლია,

და მას უბრალო შეხვედრას ვადრი---

შენგან გაქცეულს სიცილს მაყრიან,

ფოთლები ვერხვის, ფოთლები ჭადრის..

---------------------------------------------- 

***

აი, გათენდა, უცხოდ, ზღაპრულად,

უზმო ალიონს ცხად სიზმარს ვუმხელ,

ვით გამიტაცეს მღვრიე ღრუბლებმა

და ვარსკვლავებთან ვცეკვავდი წუხელ..

თუმც, მაინც ვფიქრობ, აწმყო დაკეტავს,

ჩემი ცხოვრების კარღია კარავს,

ახლა ვინ მოვა, ვინ შეთხზავს ნეტავ,

ტკბილ სიყვარულზე უმტკნარეს არაკს?

მგონია თითქოს რომ დღე დამოკლდა,

და ავდარს ახლოს მოუჩანს პირი,

ზამთარი მახვილს ართმევს დამოკლეს, 

და მანდოლინა ამინდი ტირის.

უკვე ლექსებიც ცივ სარეცელზე 

ვეღარ აწყობენ მერწყულთა აღლუმს,

შემომრჩენია გაწვდენილ ხელზე

ხელთათმანივით ქალური ალღო.

აწ სულერთია--ყოფნა?- არყოფნა?

ახდენილ სიზმრებს ალიონს ვუმხელ,

ცამ უსარეცლა ღრუბლის სარკოფაქს,---

მე, ვარსკვლავებთან ვცეკვავდი წუხელ.

 

------------- 

შორეულ სურნელს....

 

...და ვინახავდი შორეულ სურნელს, წიგნში ჩამარხულ დამჭკნარი ვარდის,

უწინ შემეძლო ფრენა უფრთებოდ, მერე ზეციდან ძირს ჩამოვარდი.

ცხოვრების გზაზე პირისპირ შევხვდი ჩემს ფრთამოტეხილ ბედის ანგელოზსს,

და შეეგუ ამორჩილად ხვედრი, უმზეო ყოფას, ვიდრე სამზეოს.

დიდი ხანია ძველ რელიქვიებს გადასურნელდათ სურვილთა ყავლი,

ფარფათა ნოტა მიაქვს რექვიემს ბერწ წუთისოფლის მწირი ნადავლი.

აშრიალდება წარმართულ სახით იმ ვართთა გოფრე მეწამულ სახის,

ისევ დარჩებით ჩვილ გარდასახვით, ვინაც უზღაპრო ზღაპრებში დარჩით.

შენ სად ხარ ეხლა, თუ შენშიც ჩაკვდა იმ სიყვარულის სისხლსავსე ვარდი,

თუ დღემდე მტუქსავ, და არც კი გახსოვს, იმ ბავშვურ კოცნებს რომ გიკრძალავდი?

ან იქნებ, ისევ კვლავ გამოჰყურებ, ჩემი ტერფებით გათელილ გზაწვრილს,

და შენც ინახავ ვით რელიქვიებს, ნობათებს მოძღვნილს, ცრემლებით ნაწვიმს.

რამ გამახსენა???

ჰო,- გადავფურცლე წიგნი სტენდალის, წითელიც...შავიც...

მივიწყებული შეირხა უცებ, მოგონებათა უნიჩბო ნავით.

ჩვენს ნაკვალევზე იმ ცეცხლის ნავლი,ხსოვნის ფანტელად ბარდნის და ბარდნის,

დავხურავ წიგნს და ვინახავ კრძალვით, შორეულ სურნელს დამჭკნარი ვარდის!

 

მარაოს აფრა..

ცხელ ოცნებებსაც მოცელავს ჟამი,

ცელმოცლილი და ყოვლის მთიბველი,

გამჟღავნდდებიან წამები წამით,

ვით გაცრეცილი ნეგატივები.

და მაინც...ზვინებს დავდგამ იმედის!!!

წარსულს ბზესავით ავზმანავ ქარში,

ნუთუ არ მერქვა ქიმერა მაშინ,-

წერტილს რომ ვშლიდი ცრემლის მძიმეთი?!

რა დრო გასულა...მაგრამ ჟინიანს,

არ მეშინია მიეთ-მოეთის,

შეხეთ, გავშალე მარაოს აფრა,

ზაფრანა ფრთები საფო პოეტის.

არც რამ მაღელვებს, 

დაე ცხოვრება ჰგავდეს პეპელას,-

მუტრიბალ მეტრფეს,

დავეწაფები ყოველ წამს როგორც,

აკაციების ყვავილთა ნექტრებს.

მერე კი წავალ...

სულ მარტოდმარტო,

გზა თეთრ ბილიკებს მომივლენს როცა,

ობ მარტოობას ავემარტები,

ხმელ ფოთოლივით წამცდება ლოცვა.

ერთხანს შევრჩები ჩემს ბედს ხარიხად,

ამ უტიტრებო, ტკბილ მოტივებით,--

მემახსოვრებით ვინც მინახიხართ,

ამოტვიფრული ნეგატივებით.

---------------------------------------------- 

 

უენო ზარი...

 

გაჩერდა ჩემი დაღლილი გული, ბოლო აკორდი ჩამოჰკრა აკმემ,

შავ ვუალივით მამშვენებს რული, დრო უდროობის საკმებელს აკმევს.

.და ..დავიწყების მდინარეც შევსვი, ვერ ვუწყალობე მარილით ნამჭნევს,

ერთი სიცოცხლით ვცხოვრობდი მაგრამ...ასჯერ მომკლეს..ათასჯერ დამჭრეს.

არა სთქვას არვინ, რომ დღეა მოკლე, ნამზევ ზმანებებს აწმყოთი რთავენ,

რომ მზე არ მზეობს აღსავლის მერეც...ან მოგონებიდს ბინდდება მთვარე.

იყო წუთები თავს ვერ ვართმევდი ამ ბანალური ცხოვრების ისრიმს,

რადგამაც ბოლოს ყოფნა უმიზნო,სამიზნე ისარს უკუღმა ისვრის.

რადგანაც ვიღაც კვლავ მესვრის ტალახს, და თაიგულებს მომაწვდის ჭინჭრის.

უქმ ბომონივით ბრმად გავაღმერთე ამაოება!- -ფერფლით და ჭირხლით...

აწ დავეკარგე ღმერთსაც და კაცსაც, ვით წუთისოფლის უძღები მგზავრი,

და... მიხმობს დღემდე სიცოცხლის კართან, ურჩი ვნებების უენო ზარი...!!!

 

მულენის ცისარტყელა

 

ამ აღსარებას არ ვრტყვი არვის,

ვერ ვანდობ აწმყო დროებას,მეძავს,

ვერ ამიბორბლეს ეტლებმა მთვარის,

მულენურ ხილვებს სხივებად ვძენძავ...

თუ გადავლახე ეს ბედისწერა,

და ავემგზავრე საკრალურ ბგერას,

დღემ თუ პირჯვარი გადაიწერა,

ამიორკესტრა სული სიმღერამ...

ისეთ ოცნებებს გადავითქორებ,

ქორონიკონებს ავკონავ ყველას,---

თვალთა სარკმლიდან გასვლა თქვი თორემ,-

ყელზე მოვიხვევ სველ ცისარტყელას...

 

 

ზღვარს მიღმა..

დღეს უნდა შევქმნა ხვალ შესაქმნელი,

ზეგ გადავფურცლავ ნაჩუქარ კაფკას,

რაც უკვე ვთესე, სხვა შესაქმეა,

დრო კი , უდროოდ დაიწყებს კაფვას.

ნურვინ დამწამებს სისწრაფეს სულის,

აპრილი ზამთრის შემივსებს ნაპრალს,

ასე მწყურვალი ვერ დავთმობ სურვილს,

და ვერც ანთებულს ჩავაქრობ ლამპარს.

აწ გარდასული წარსულის გვირისტს,

შეუსვენებლად ვართავ.და ვართავ,

გზადაგზა მხვდება ყინული ხისტი,

ხანაც, ბაღნარი, ვერნერულ ვარდთა.

ან თუ სახადი ავად დამეტყო,-

გუმანი მეტყვის:- მზეს კვლავაც ნახავ,

ეგება დღესვე ავამეტყველო, 

მარადმედინი ეს გარდასახვა.

სულის ფსკერიდან ამოვთქვამ პეპლებს,

ავაქალწულებ სველ იასამანს,

თამბაქო წუთებს მომოვაფერფლებ,---

დაუსაბამოს გავცდები სამანს....

 

პიკის ქალივით..

მე და ზამთარი ვიცეკვებთ ერთად,

აწ აწმყო მოვა ახალ კირთებით,

აებურცებათ ალუბლებს კერტად,

დასიზმრებული კიკნა კვირტები.

აფარფალდება სულის ფითილი,

ჩვილ ვარდობისთვის კვლავ მოვირთვები,

გაბრუებული ვითარც პითია,-

და გათვალური დელფურ მითებით..

გაიავდარებს...უკვე უძლური,

ენძელა გრძნობა..ახელს წამწეამებს,-

და მისახსოვრებს ხსოვნის კუნძული, 

საპნის ბუშტივით გაფრენილ წამებს.

ვიმანანე და...ისიც მანანეს!!!

წვიმით აცრილმა ქარებმა მცემეს,

ვეასამინე იასამანებს,

და კურცხალ კურცხალ ვაგროვებ ცრემლებს.

პიკის ქალივით მაინც დავიცდი,

თუნდ მატიტვლებდნენ ტანტრა მანტრები,-

ამ განშორებას ისე განვიცდი,

რომ უსათუოდ მომენატრები.

 

ღამის სიმბოლოდ...

 

ჩემზე ჩუმია ეს შეღამება,

მიტოვებული და მოწყენილი,

დავარდნილ ვარდის ფერშეხამება,

გზას ახატია--რტოს მოწყვეტილი...

მიასვენებდნენ ვარდები კუბოს,

ვით ცხედრის ბოლო სუნთქვის სურვილი,

უკანასკნელი კადრით კაბუკის,

ბურნუთის სივრცით შემობურვილი.

მიასვენებდნენ ქარებიც აფრებს,

ფარდებს ზეცისკენ ფრთებაბყრობილებს,

კატაკლიზმებმა გადაიზამთრეს,

და ზეცაც იქცა ცივ საპყრობილედ.

მზე რამზესისა სწყუროდათ სფინქსებს,

უდაბნოს ქვიშა ფაფარაშლილი,

და მიდიოდა გრძელი სოფლისკენ,

წუთისოფელი ბედშავ არშინით.

ამ პინა-კითხვებს პასუხი აკლდა,

ცხადიც, ცხელ სიზმარს უხსნიდა ფანტომს,

ამოისუნთქა შვებით აკლდამამ,

...და ...შავი ღამის შეიხსნა მანტო...

------------------------------------------------

პოეზია-- ოლეანდრები .

 

დღესასწაული

 

 ისევ იწყება თავდავიწყება,

მინთებს კელაპტრებს დღეს კვლავ ამური,

მე ყველგანა ვარ, ყოველი ჩემში,

კრთის სახეების დღესასწაული.

ეს მე ვარ ყველგან,

დავთმე ოცნება,

მიახლოვდება ვნება ქალური,

მიახლოვდება სხვაგვარი გზნება,-

და მოარული ტრფობისდ სამუმი.

წამიღებს ქარი, ქარი რომელიც,

სულმოუთქმელად დაფლეთს ჯებირებს,

გადავივიწყე დრო, ჟამი, წამი,

თავი მივანდე ფიქრებს ნებიერს….

წამო, წავიდეთ!---

ეს გზა ხსნილია,

ხსნილია ახლა ყველა კარიბჭე,

მილულავს თვალებს წამით ქარიბდა,

ვასრულებ ბორგვას დღეის ამიერ.

და ჰა, იწყება თავდავიწყება,

მიახლოვდება ეშხით ამური,-

წამლეკავს წარღვნით სხვაგვარი გზნება,

და მოარული ტრფობის სამუმი!

 

 

ხელოვნურ პალმას

 

 ნუ მექოლგები, ნუ მეპალმები,

აბსურდულ დღეებს ნუ ემონები,

ნურც პაროდიულ პერფონანსებით

სუვენურ სურვილს ედემონები.

აღარ ვდარდობ და ვეღარც ვივარდებ,

დაპლისულ დღეთა მარაოს დავშლი,

ვერ ვანუგეშებ სევდით ვივალდის,

ტრფობის ტაფობზე თუ ასე დავშრი…

ურცხვი ფიქრები დამქილიკებენ,

ტარიგ ღამეებს ვერ ავიტანთო,

ვთოვ….

ჩემი ბედის მშრალ ბილიკებზე,

წარსულმა უკვე იცეკვა ტანგო…

 ---------------------------------------------

 

დროც დადგა….

 

 იმ წითელქუდა ზღაპრისაც მჯერა,

ვარდისფერ ლინზებს დღემდე არ ვიხსნი,

ეს თბილი ყოფა მიციებს კერას,

ნეტავ, ტყვე ნატვრას როდის დავიხსნი?!

-შეაგვიანდა მკითხავ გვირილას,

კვლავ უყვარხარო ვეღარ მამშვიდებს,

რა ვქნა, იოლად გავალ გვიმრითაც,

და შინაბერა სურვილს ვაშიშვლებ.

დღეები ისევ ფუქსავატობენ,

თავსაც ვიტყუებ ამო ცთუნებით,

იმედს ხსოვნის ტოტს ვერ შევატოვებ,

-დროც დადგა ურმის გადაბრუნების
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი