ხათუნა ჟორდანია

მწერალი, პოეტი, კინოსცენარისტი

0 1429

ტაბითას უდაბნო


გ ა მ ო ხ მ ა უ რ ე ბ ა
     
                      ხათუნა ჟორდანიას ნაწარმოებზე _ “ტაბითას უდაბნო”

წავიკითხე ხათუნა ჟორდანიას ნაწარმოები “ტაბითას უდაბნო”.  ეს არის სიღრმისეული. ფილოსოფიური, მხატვრული და ზღაპრული მოთხრობა. მასში უჩვეულო, მაგრამ რეალური სინამდვილეა წარმოდგენილი. ეს არის პიროვნების შინაგან სამყაროში  მოგზაურობა, მასში “მე”-ს შინაგანი სინამდვილეა დახატული. მკითხველი ამ შინაგან სამყაროში ჩართვისას  მასში ისეთ მოვლენებს აღმოაჩენს, რომლებისთვისაც შეიძლება მას არასოდეს მიუქცევია ყურადღება. ის მკითხველს  შინაგანი, ქვეცნობიერი სამყაროს აღმოჩენაში ეხმარება. ყველაფერი, რაზეც ავტორი მოგვითხრობს, ადამიანის პიროვნებაში არაცნობიერად ხორციელდება, მაგრამ შეიძლება ის მისთვის სრულიად შეუმჩნევლად დარჩეს, შესაძლებელია იგი მან ვერასოდეს გააცნობიეროს. ეს მოთხრობა განსაკუთრებული ფორმის მხატვრული ნაწარმოებია და ყველა დონის მკითხველისათვის არის განკუთვნილი, მაგრამ მისი ინტელექტუალური და მხატვრული შინაარსი ინტელექტუალური ადამიანების მოთხოვნილებებს ეხმიანება.
მოთხრობის გმირი: გონიერი და მშვენიერი ასული ტაბითა ცხოვრების მაღალი სულიერი ძალების მიერ ისეთ სამყაროშია მივლინებული, სადაც “მე”-ს, პიროვნული მხარეების, არსებითი თავისებურებების გაგება და შემეცნებაა შესაძლებელი. სურვილების, ბოროტების, ცნობისმოყვარეობის, სიკეთისა და სხვა ადამიანური თვისებების გაგებისა და თავისთავში აღმოჩენა-შეფასების შემდეგ ტაბითა შეხვდა საკუთარ თავს. თვითცნობიერებისა და თვითშეფასების შედეგად მისთვის ნათელი ხდება პირადი პიროვნული თავისებურებები და ის ვალდებულება, რაც მას, როგორც სამყაროს წევრს აკისრია. მისთვის ნათელი ხდება ისიც, რომ მის მიერ განცდილი და შემეცნებული სინამდვილე ასეთივე განცდილი და გაგებული ხდება ყველასათვის. მისთვის ნათელი ხდება, რომ მისი “მე”, საზოგადოება და გარესამყარო ერთმთლიან სინამდვილეს წარმოადგენს, სადაც ყველას თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. ასეთი სამყაროს ცვლის საფუძველზე მას უმტკიცდება რწმენა ღმერთისა, რომელიც ჰქმნის და აერთიანებს მთელ სამყაროს. ტაბითა სულიერად გამდიდრებული უბრუნდება რეალურ სინამდვილეს, სადაც მას უცდის მისი მეგობარი, საყვარელი არსება და ჩვენ გვექმნება რწმენა, რომ მათი შემდგომი ცხოვრება ბედნიერი იქნება.
ეს ნაწარმოები გვიმაღლებს ინტერესს სულიერი სამყაროს მიმართ და გვიძლიერებს დადებით განწყობებს გონების, მორალის, კეთილშობილებისა და სხვა სულიერი ღირებულებებისადმი.
ეს მოთხრობა _ ტრაქტატი აყალიბებს ახალ ხედვას სინამდვილის შესახებ, მას შეუძლია გაამდიდროს ადამიანის გონება ახალი ცოდნით სინამდვილის შესახებ.

დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის
    ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი 
    შოთა ნადირაშვილი
     
ტაბითას უდაბნო _ ანუ გზა ყოფიერების ორმოდან ცამდე


მწერლის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, თუ ის ზემაღალი ღირებულებების მატარებელია _ პირადი სულიერი გოლგოთის გავლის გზით _ ჭეშმარიტებამდე ანუ აბსოლუტურ თავისუფლებამდე მისვლა, რაც საფუძველთა საფუძველია იმისა, რომ ადამიანი, წუთისოფლის მგზავრის, თავისი ამ არასრულყოფილების კონდიციიდან, იქცეს მარადისობის ბინადრად. აი, დედაარსი იმისა, რაზედაც დგას ხათუნა ჟორდანიას, როგორც მწერლისა და მოაზროვნის მსოფლგანცდა. მისთვის უმთავრესია შეიმეცნოს არა მხოლოდ საგნის გარეგანი მხარე, არამედ შინაგანი არსი და ახალი მხატვრული საშუალებებით მკითხველი გახადოს ამ შემეცნების პროცესის თანაზიარი. ადამიანი ეკუთვნის სამ სამყაროს: სხეულებრივს, მშვინვიერსა და სულიერს. ხათუნა ჟორდანიას სააზროვნო ინტერესის სფეროში ნაკლებად არის სხეულებრივი და მშვინვიერი სამყარო, მიისწრაფვის სულიერისაკენ, რათა თუნდათ წამით მაინც განათდეს ის კოსმიური ნათელი, რასაც უკვდავებასთან ზიარება ჰქვია.
ხათუნა ჟორდანიას პროზაული ნაწარმოებების უკან ძნელი დასაჯერებელია რომ დგას ქალი _ პოეტურ ქმნილებებში კი ლექსების ლირიკული გმირი მხოლოდ და მხოლოდ ქალია, თავისი ტკივილითა და აღმაფრენით, ეჭვითა თუ სამყაროს მშვენიერებასთან ზიარებით. ის რომ პროზაში გარდაისახება, ხოლო პოეზიაში _ რჩება თავისთავად ლირიკულ გმირად _ მწერლის ღირსებად მიმაჩნია.
თავის ერთ-ერთ საუკეთესო ლექსში “კარვების დღესასწაულამდე”, სადაც რთული ასოციაციური სახეებია მოხმობილი, მაცხოვრის განკაცების შემდგომ პერიოდისა და მისეულ დრო-ჟამტან მიმართებაში, თავის სიღრმისეულ დამოკიდებულებას შემდეგი მხატვრული სახეებით გამოხატავს:
“ვერ გადავუხდი ახალ აღთქმას ძველიდან პასექს,
სარიტუალო რომც ჩამაცვან გვემის ოლარი”.
პოეტის მახვილ თვალს, მისივე სტრიქონით რომ ვთქვათ, რომელსაც “ღამე ლექსად აქვს გადათეთრებული”, მბჟუტავ ვარსკვლავით სუსტად განათებულ ღამეშიც შეუძლია დაინახოს, “ღრუბლებმა თავი რომ მოიმთვრალეს”.
ყველა მწერალს აქვს ერთი გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც ყველაზე სრულად წარმოადგენს ავტორის სამყაროს, მის მხატვრულ შესაძლებლობებს, ანუ იმ მთავარს, რისი თქმაც სურს ავტორს მკითხველისადმი. ხათუნა ჟორდანიასთვის ასეთი გამორჩეული ნაწარმოებია “ტაბითას უდაბნო”, სადაც ყოფიერების ლაბირინთებში დაუსრულებული სვლის და შემეცნების სხვადასხვა საფეხურების გავლით ღრმა მისტიკურ-ეზოთერულ სიბრძნეს ზიარებული ტაბითა გადის სულიერი ინიციაციის აღმავალ გზას, რის შემდეგაც მარადისობაში შეაბიჯებს, რომ შეიმეცნოს სამყაროს ჰარმონია, რომლის ერთ-ერთი სიმიც თავად არის. უდიდესი ქრისტოლოგიური ქმნილება “მიზეზთა წიგნი” გვამცნობს, რომ: “ყოფიერება, რომელიც მარადისობამდეა, არის პირველი მიზეზი, რადგანაც იგი მარადისობის მიზეზია”. ეს არის სათავე მწერლის მსოფლგანცდისა, რაზედაც აგებულია ნაწარმოების სტრუქტურა. ჩემი აზრით არ შეიძლება “ტაბითას უდაბნოს” მივუდგეთ ტრადიციული ლიტერატურული ნაწარმოების აღქმის პრინციპით, მაშინ ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარი გახდებოდა. ის არის მხატვრული ქსოვილით მოტანილი ფსიქოლოგიზმისა და ეზოტერიზმის სინთეზი.
ტაბითა ცდილობს ზოგად ყოფიერებაში შეიმეცნოს ადამიანის უმთავრესი დანიშნულება, თავისივე ქვეცნობიერი შიდამეური სამყაროს უდაბნო. და რაც მთავარია მან მარტომ უნდა გააცნობიეროს სულიერი ინიციაციის გზა ყოფიერების ორმოდან ცამდე. რეალური ყოფიერი სამყაროს გვერდით _ თავისივე ქვეშეცნეული რეალობის ხილვა _ ანუ ორო სამყაროს თანადროულობის განცდა, რაც გმირისაგან უპირველესად შიშის დაძლევას ითხოვდა. ტაბითამ დასძლია შიში, გადადგა ნაბიჯი და ქვეცნობიერში სულიერი თვალი გაახილა, რადგან მან გახსნა უფლისთვის კარი და მზად იყო განახლებისა და ფერისცვალებისთვის. რაც ალბათ ყოველი ადამიანის ზნესრულობის მიზანი უნდა იყოს. ტაბითა ხვდება სამყაროში, სადაც დრო თითქოს იყო და არც იყო _ ანუ ზღაპრის დასაწყისის მსგავსად “იყო და არა იყო რა”. სადაც შეიძლება გადაადგილდე დროში, როგორც სივრცეში, წარსულიდან მომავალში და პირიქით მომავლიდან წარსულში. ტაბითას აწუხებს კითხვა, რომელიც ამავე დროს ქვეცნობიერში, მისი მომავალი მგზავრობის მიზანს წარმოადგენს. რის ფასად ეძლევა თავისუფლება ადამიანს. აქედან ხდება ჭეშმარიტების გაცნობიერებაც, რომ ადამიანი იმდენად არის ადამიანი, რამდენად თავისუფალია. ხოლო თუ ის სულიერ ნათელს იხილავს, აღმოაჩენს, რომ გალაკტიკები, მთელი კოსმოსი, თუ ცათა საუფლოც მასშია დაუნჯებული.
საგნისა თუ მთლიანად სამყაროს არსის შესაცნობად ტაბითა შედის მინერალურ, მცენარულ, ცხოველურ სამყაროში, რომ დაეუფლოს იმ დიდ სიბრძნეს, თუ საით უნდა ჭვრეტდეს ადამიანის მსოფლგანცდა, რომლის აზროვნება საბედისწეროდ დაშორდა სამყაროს კოსმიურ-ეზოტერულ აღქმას და თავიდან დაიწყო განვითარება ეონიდან ეონამდე.
ქვეცნობიერის ლაბირინთებით მოცულ გზაზე ტაბითა ხვდება ბრმა მონაზონს, ანუ საკუთარ თავს, თავისივე ფიზიკურ სიბრმავეს და მოხდა სასწაული: მეუდაბნოესთან შეხვედრის შემდეგ ტაბითას სულიერი თვალი აეხილა. ეს იყო მისი ხელახალი დაბადების დღესასწაული, ხრიოკი უდაბნო ედემად იქცა, ტაბითასთვის ეს იყო უზარმაზარი მზის ბილიკი, რომელიც მარადისობისაკენ ეძახდა. ტაბითა ეზიარა სულიერ სიბრძნეს და მიიღო ღვთიური საბოძვარი: ჭეშმარიტების შემეცნების გვირგვინი _ თავისუფლება.
ტაბითა _ ურთულესი, გრძელი, მომქანცველი სულიერი ინიციაციის გზის გავლით აღწევს ზესრულყოფილებას. მარადისობაში შებიჯების შემდეგ კი ზე-მარადისობის წვდომას.
მცირე შესავალ წერილში, მისი მცირე ფორმიდან გამომდინარე, შეუძლებელია ნაწარმოების ყველა რთულ სიმბოლურ-ალეგორიულ ხატ-სახეებზე საუბარი, იქნებ ეს უკეთესიც იყოს, რომ მკითხველს პირველაღმომჩენის განცდის სიხარული არ მოვაკლოთ. მხატვრული ღირებულებებით გამოირჩევა და ცალკე აღნიშვნის ღირსია მწერლის სხვა ნაწარმოებებიც, რომელზედაც ამჯამად ვერ შევჩერდებით.
მთავარი მაინც ის არის, რომ ხათუნა ჟორდანია თავისებური ხელწერით ცის იდუმალების პოეტია, ყოფიერების პარალელურად ის იმ ზეციურ სამყაროში ცხოვრობს, რომელსაც ერთი სახელი ჰქვია _ მშვენიერება. მწერლის ცისადმი ასეთი ერთგულება იყო ალბათ ჩემთვის შთაგონების მიზეზი იმისა, რამაც მისდამი მიძღვნილი ეს ლექსი დამაწერინა:
 		
ც ა
ხათუნა ჟორდანიას

ცამ თითქოს სულზე შეგვახო ხელი,
ცამ თითქოს გული დაისათბუნა,
ცას იდუმალი ემოსა ფერი,
შენი თვალების ფერი, ხათუნა.
დღემ დამზრალ რტოსაც გაუთბო კვირტი,
ღამე ხომ იცი რომ მის მტერია,
აქ, ცრუ ქარებთან არ შედგა ფლირტი,
ცაში ხომ შედგა “მზის მისტერია”.
ციურ ხმათ ჟღერა მოციმციმეთი,
გალაკტიკატა ფლობდა ალბათ ტონს,
შენს წილ ცას მეც რომ ვინაწილებდი,
გთხოვ პატიებას, ზეცის ქალბატონს.
ეს ხმა იქნება ზენა ხმას ერთვის,
განგებამ უფლის ასე ინება,
სანთელ სხივლექსად მოგქონდა ჩემთვის,
რაც დაგაბარეს სერაფიმებმა.
არ გაიოცო ქარის ქირქილზე,
მსურდეს დღემ მზესთან რაც ისათბუნა,
რომ ზესთასოფლის სავალ ბილიკზე,
მეც წამიყოლო შენთან, ხათუნა.

დავით შემოქმედელი 18. I. 2007 წ.





                           ტაბითას უდაბნო   
 
                                           "შეიმეცნო ღმერთი, ნიშნავს
                                            განიცადო სამყაროს ქმნადობის
                                            პროცესი, სამყაროს ქმნადობის 
                                            დრამა, როგორც საკუთარი 
                                            სულის ბედის ისტორია."
                                             (ფილონ ალექსანდრიელი)
  

                                    II

      და აი, ეს დღეც დადგა, ბენი რომ ტაბითასთან მივიდა, ათი საათი სრულდებოდა. ტაბითას საწოლი ჯერაც აულაგებელი ჰქონდა.
  _ ბენედიქტ, ორიოდე წუთი მოითმინე, ახლავე მოვალ, მანამდე ჟურნალები დაათვალიერე.
     ბენიმ თანხმობის ნიშნად გაუღიმა და იქვე, სალათისფერ სავარძელში მოთავსდა, ტაბითა კი საძინებელ ოთახში გაუჩინარდა. კარი ოდნავ ღია დარჩა,  იმ ოთახს ფანჯრიდან შემომავალი მზის სინათლე კარის ბოლომდე კინოპროექტორის შუქივით მიჰყვებოდა. ტაბითამ ფარდები გადასწია და ოთახიც მთლიანად განათდა.  ბენის ჟურნალებისთვის არც დაუხედავს, განმარტოებული თავისთვის ფიქრობდა, შემდეგ ტაბითას შესძახა: ყავას მოვადუღებო.
  _ ახლავე…..…..ახლავე, _ ვრჩები ალაგებას. _ ნაჩქარევად გამოეპასუხა ტაბითა და, მართლაც, ორიოდე წუთში საძინებლიდან გამოვიდა, კარი გასანიავებლად ღიად დატოვა და ბენისთან ერთად სამზარეულოსაკენ გაემართა.
  _ წიგნები მაგიდაზე აწყვია ჟურნალების გვერდით, როგორც იქნა დაგიბრუნე.
  _ არც იყო საჩქარო..…კონიაკს დალევ?| 
  _ ამ დილით?
  _ ჰო, დილით უკეთესია, თანაც ყავასთან ერთად, ტვინის უჯრედებს უკეთ ხსნის. 
   ბენის გაეღიმა:
  _ რა კონიაკია?
  _ სომხური, დიმამ ჩამომიტანა, _ აი, და ოქროსფერეტიკეტიანი ყავისფერი ბოთლი კარადიდან გამოიღო.
  _ კარგი, დავლიოთ, მაინც გზა უნდა დაგილოცო.
  _ რაა? _ გაუღიმა ტაბითამ, _ სად მიშვებ?
  _ მე არსად, მაგრამ მოსაწვევი შენს სახელზე მოვიდა. _ ბენიმ თეთრი კონვერტი გახსნა და ტაბითას გაუწოდა.
  _ იცი, შენ მიგიღეს ტაბითა! მოსამზადებელი კურსები რადგან გაიარე, ახლა გამოცდის ჩაბარება მოგიწევს. _ თქვა ბენიმ და კონიაკი ვერცხლისფრად მოვარაყებულ თხელ, გამჭირვალე ჭიქებში ჩამოასხა.
  _ შენს ბილიკებს გაუმარჯოს, და იმ შორეულ მგზავრობას. რამდენ
 სიახლესაც ნახავ, იმდენს იმეცნებ, თვალთახედვითაც გამდიდრდები, მოკლედ, გაგიმარჯოს!                   
      _ რამდენი დღე დასჭირდება ამ მოგზაურობას? _ იკითხა შეცბუნებულმა 
 ტაბითამ.
      _ სამდღენახევარი... .
      _ როდის უნდა გავემგზავრო?
       _ ხვალ დილით, _ ბენიმ კონიაკი დალია, ჭიქა მაგიდაზე დადგა
და შოკოლადის ფილა დატეხა..
       ტაბითამ არ იცოდა რა ეთქვა. ის ამ მოგზაურობას არ ელოდა,
მოგზაურობას, სადაც ყველაფერი იყო მოსალოდნელი. დაბნეული  იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო.
       _  ვიცოდი, რომ ყოფიერების ლაბირინთში დაუსრულებლად უნდა მევლო, გაასწორე ბილიკებიო და მეც შეძლებისდაგვარად ვასწორებდი, თუმცა შევეჩვიე  რეალობის ბუტაფორია-დეკორაციებს და მის წარმავალ აბსტრაქციას.
       ტაბითამ თმა გადაიწია და შეეცადა არეულ ფიქრებს ხელის მოძრაობით აჰყოლოდა. ასეა თუ ისე, ეს დღეც დადგა... ძლივს
დაალაგა აზრი და მოსაწვევს კიდევ ერთხელ დახედა.
      _   აღარ ილაპარაკო ზერელედ, იგავებით, შეფარულად ან
სიმბოლოებით. ისე აღწერე ყოველივე, როგორც არის.ჰერმეტიულობა
მოხსნილია, მთავარია სწორი კარით შეხვიდე. დიდი ხანია ფარდაც
გადაიხია და სიმბოლოები გარეთ, ცხადიერში გამოცვივდნენ...
ვერც კი წარმოიდგენ, წინ რა გელოდება...
    _ შენც გაიარე ეს გამოცდა?
    _   არა, შენ გერგო ეს მოგზაურობა, შენ მიგიწვიეს. გულწრფელად 
მიხარია...
    _  გმადლობთ, ბენი, მაგრამ რაღა მე? ეს ხომ ასე რთულია, თანაც
ყველას არ მიეცემა...
      ბენი ჩაფიქრდა, მხრები აიჩეჩა, _ ალბათ შენ გაცილებით მეტი გაიარე რაღაც რაღაცეებიც ჩააბარე, 
 წინაპირობა რომ არ ყოფილიყო, არც ეს შედეგი იქნებოდა.. ეცადე დღეს
მოემზადო, მეც დაგტოვებ.  ხვალ დილითვე მოვალ, დაასრულა ბენიმ და წამოდგა. ტაბითა კარამდე მიჰყვა. არც კონიაკი გახსენებია და აღარც საუზმე. 
ბენის დაემშვიდობა და საკუთარ თავთან მარტო  დარჩა. მთელი ის დღე ვეღარაფერი გააკეთა. ტელეფონსაც არ პასუხობდა. ხან მუსიკას უსმენდა, ხანაც უგულისყუროდ  წიგნს ფურცლავდა, ხან  კი ქოთნის ყვავილებს ეალერსებოდა. ფანჯრიდან ქალაქის ხედი მოსჩანდა, სიცოცხლით ავსილი ქუჩა ფუსფუსებდა. მოპირდაპირედ მდგარი ალვის ხის კენწერო ნიავის მსუბუქ შერხევაზეც კი ირწეოდა და შრიალებდა, ზემოდან დაჰყურებდა მონაცრისფრო ლამპიონს, მოსახვევთან რომ თავისებურ სილუეტს ქმნიდა. ტაბითა, ვინ მოსთვლის, მერამდენედ, გასცქეროდა ჩამწკრივებლ ალვის ხეთა პროცესიას.  _  უმზერდა, მაგრამ ვერ ამჩნევდა, თითქოს ფოთლების ფარდის იქეთ იხედებოდა. ის დღე მიილია. საღამოს იოანეს  სახარება გულისყურით გადაიკითხა. ძალიან გვიან, თითქმის გამთენიისას  ჩაიძინა. დილით ბენის კარი გაუღო თუ არა შვება იგრძნო.
       _ როგორ ხარ? აბა შემომხედე, _ ჰკითხა ბენიმ და თვალებში ჩახედა.
        ტაბითას უჩვეულოდ მშვიდი იერი ჰქონდა.
        _ ძალიან კარგად იცი, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, აქამდეც ყველანაირი განსაცდელისათვის ვიყავი მზად და როგორ ფიქრობ, ახლა ამ უცნობ გზაზე, სადაც ერთეულები მიდიან, უარს ვიტყვი?
        _ ეს არ არის იოლი, თან ყოველივე შენზეა დამოკიდებული. 
        _ მაგრამ ავირჩიე მხოლოდ ეს გზა.. ძალას ხომ არავინ მატანს?! იგი ავირჩიე ყველა ტკივილის ფასად და ყველა სიხარულის საზღაურად... 
        _ ჰო, ალბათ, შეგნებულად ზოგად ყოფიერებაში უნდა გააცნობიერო შენი ადამიანური დანიშნულება, ის, რისთვისაც გაუჩნდი სამყაროს, არაცნობიერი ცნობიერი გახადო, რეალურად აღიქვა ისევე, როგორც მე
მხედავ, ეს კი რთულია.
        _ მესმის ბენი...
        _ მინდა გაგაფრთხილო, _ ბენიმ საუბარი შეწყვიტა, მცირე ხნით პაუზას მიენდო.. დაფიქრდა, ხელები გაშალა, შემდეგ ისევ ერთმანეთთან მიიტანა, თითქოს აზრებს უხმოდ, განცდებით აჯერებდა; _ იქ უდაბნოა, შენივე ქვეცნობიერი შიდამეური სამყაროს უდაბნო. უდაბნოა იმდენად, რამდენადაც არ იცი წინ რა გელოდება. იქ ზღურბლის ებგურიც შეგხვდება, როგორც ზღაპრებშია, საგანძურს რომ ურჩხულები დარაჯობენ, ისე.. არ უნდა შეგეშინდეს. ამ ფართო, თვალუწვდენელ უდაბნოში ორ ავაზაკს გადაეყრები: ერთს უგუნურთა მეუფე ჰქვია, მეორეს მეოცნებეთა მეუფე. ისინი ამქვეყნიურ სამყაროს ხელმწიფობენ 
და აუცილებლად გარეთ უნდა დაინახო, მოპირდაპირედ, თუ გარეთ ვერ დაინახავ, მაშინ გამოდის, რომ ჯერ კიდევ შენში არიან და გზის გაგრძელებას აზრი დაეკარგება.
       _ მერედა, თუ გარეთ დავინახე რა უფლებით უნდა მივიდე მათთან?! _ ჰკითხა ტაბითამ.
      ეს მართლაც ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავდა. იმ წუთში ისეთივე განცდა დაეუფლა, როგორიც ბავშვობისას, დიდედა რომ ზღაპარს მოუთხრობდა.
      _ უფლების მეუფებით, _ უპასუხა ბენიმ. _ ეს თვითონ უნდა შეძლო, ადამიანი მარტოა როგორც სიკვდილის, ასევე  ჭეშმარიტების აღქმის პირისპირ. და ყველამ მარტოდ მარტომ უნდა გააცნობიეროს ეს გზა. 
      ტაბითამ კვერი დაუკრა..  იგი ყველაფერზე ყაბულს იყო, თუმცა სიცოცხლის დატოვებას არავინ სთხოვდა. ყოფიერების ორმოდან უნდა ამოსულიყო. მისი გადასაწყვეტი იყო, მოისურვებდა თუ არა საერთოდ წასვლას. და ეს გადაწყვეტილებაც უმალ მიიღო.
       _ გამიშვი ბენი! ვგრძნობ ზღურბლთან სულ ახლოს ვდგავარ, ერთი ნაბიჯი და დაგტოვებ.
       _ თუ ასე გსურს, წადი ტაბითა, თავისუფალი ხარ შენს არჩევანში, მშვიდობით...
       _ მშვიდობით, ¬_ დაიჩურჩულა ტაბითამ და გზას გაუყვა... 
       იგი ვეღარ აცნობიერებდა დროს, იმ წუთში თითქოს სამყაროს არსი, წუთები, წამები, წლები, ყოველივე თავუკუღმა დატრიალდა, მერე გასწორდა. მას ახსოვდა, რომ ორივე სამყარო ერთდროულად უნდა დაენახა, საკუთარი, რეალური ყოფიერი სამყაროს გვერდით, ასევე საკუთარი, ქვეშეცნეული რეალობაც უნდა
ამოეზიდა. რა ადგილია ეს? შეეკითხა საკუთარ თავს და პასუხიც თავადვე გასცა: _ ეს არის ადგილი შეუცნობელის შეცნობის ზღვართან. უცბად შეშინდა, გაიბრძოლა და უკან დახევას შეეცადა. თუმცა შინაგანმა ძალისხმევამ ისევ სიმტკიცისკენ უბიძგა და შიში დათრგუნა. ეს სიმტკიცე იმ ერთგულების ყალიბი იყო, რომლისთვისაც ამდენ ხანს იღწვოდა. ტაბითას უკან დახევის შერცხვა  და ეს სირცხვილი შიშზე მძლავრი აღმოჩნდა. რომელი სჯობს გეშინოდეს თუ გრცხვენოდეს?! _ სირცხვილი, სინანული ბოლომდე შენში რჩება. შიშს კი ერთხელაც შეიძლება სძლიო...  კარნახობდა შინაგანი ხმა.
        _ ნუ ყოყმანობ და ნუ ებრძვი შენსავე თავს, ტაბითა, ბრძოლა არ ნიშნავს მიღწევას, საკუთარ თავთან ბრძოლა მხოლოდ ძიებაა, გსურს ამ ძიებაში დარჩენა?! _ ეკითხებოდა ვიღაც თავის თავში არსებული, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობდა.
         _ არა, არ მინდა! _ ისევე მტკიცედ უპასუხა ტაბითამ, როგორც უკან დახევის განცდისას, სირცხვილი რომ დაუპირისპირდა და შიშმაც კიდევ ერთხელ  გამჭოლ ტალღასავით ჩაიარა... ტაბითამ თავდაჯერებულად ნაბიჯი წინ გადადგა... აი, მოვედი თქვა და ქვეცნობიერში თვალი გაახილა.
         თავდაპირველად ბურუსის გამო ვერაფერი გაარჩია, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნისლით შეზავებული ღამეაო. შეეცადა წინ ევლო, მიხვდა ეს ბურუსიც უნდა გადაელახა, მას აღარ სურდა ლოდინი, ის უკვე იქ იყო, საკრალურ წიაღში და გუმანით აღიარა, რომ საკუთარი ფიზიკური რეალობა, მისივე შიდამეურ-ფშვინვიერ რეალობასთან იყო ცხებული. უკვე აქ უნდა  დაეუნჯებინა ხილული სამყარო, რათა ჭეშმარიტად ამოეზიდა ქვეცნობიერი სახეები და გამთლიანებული ცნობიერებით პირადი არსებობა თანაზიარეყო აწმყოში არსებულ ყოფიერებასთან. უცბად ამ ბინდში ნაფლეთ-ნაფლეთი, გაურკვეველი ფორმები დაინახა. თავდაპირველად, თითქოს თოვლის ბარდნას ჰგავდა, მხოლოდ ეს თოვლი ზემოდან კი არ ეშვებოდა, არამედ გარშემო ფარფატებდა და ფრინავდა. ტაბითამ ნელ-ნელა გარკვევით დაინახა თეთრი ბაბუაწვერები რომ დაფრინავდნენ... ეს რეალობა ახლა იმ ნახატს ჰგავდა ბენის დაბადების დღისთვის რომ შეურჩია საჩუქრად, ბაბუაწვერები დიდ მწვანე ველზე... ახლა ეს იმდაგვარი ბაბუაწვერები მკვეთრად იშლებოდნენ ტაბითას თვალწინ და ჰაეროვნად დაფარფატებდნენ. ტაბითა მოიხიბლა. თითქოს ისიც ბაბუაწვერად გადაიქცა, წონა დაკარგა და მათ ფრენას შეუერთდა. შორიდან კი, ამ რიბრაბოში, თანდათანობით, სიოსმაგვარად, სუნთქვასავით მოირწეოდაAსხივთა ნათელი და როცა უეცრად ირგვლივ ყოველივე,  დღის სინათლის მსგავსად განათდა, ტაბითა უზარმაზარი ბაბუაწვერების ველზე აღმოჩნდა... ო, ეს ხომ მონატრების არეა, მე ჯერ ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს და უკვე მენატრება რაც მაქვს ნანახი და განცდილი, ის სამყარო საიდანაც აქამდე მოვედი.  _  აკი იმ ნახატსაც მონატრება ერქვა! 
        აქ ცოცხალი ბაბუაწვერების ხასხასა მწვანე ველია... ბენიმ კი გააფრთხილა: უდაბნოს ნახავო. _ ალბათ უდაბნოს ავცდი, და სხვაგან მოვხვდი...  ტაბითას ფიქრი არ დასცალდა, უმალ მოფრინდა ასიოდე ბაბუაწვერა, გარშემო მოლივლივე სხივებთან ერთად...
          _ წამოდი ტაბითა _ შესთავაზა ერთმა მათგანმა. ამ სიტყვებით თითქოს უხილავი ფრთები გამოასხესო, ტაბითაც თან წარიტაცეს. ეს არც სიარული იყო და არც ფარფატი... ეს იყო ფრენა! ტაბითა ბაბუაწვერებთან ერთად მიფრინავდა... რა მშვენიერია, ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასე კარგი იქნებოდა აქ. მე კი მეშინოდა...  აი, ეხლა თქვენზე მაღლა ავფრინდები, შეეჯიბრა ბაბუაწვერებს და კიდევაც გაუსწრო. ისინი კი მისდევდნენ, კისკისებდნენ, თავს ევლებოდნენ. 
          _ ეს ხომ მღვიძარე ყვავილების ქვეყანაა, აქ ყოველივე ფხიზლობს, თითქოს სივრცეც კი ფხიზელია... 
          _ ტაბითა...  ტაბითა... _  გზადაგზა ეხმიანებოდნენ ბაბუაწვერები და სხეულზე ეფრქვეოდნენ... 
          _ მშვენიერია ბაბუაწვერებთან ფრენა. _ აღტაცებას ვერ მალავდა ტაბითა. ნეტავ სადამდე ვიფრენ მათთან ერთად? გაიფიქრა და ბაბუაწვერებიც შეეპასუხნენ: 
          _ იფრინე რამდენიც გინდა, თუნდაც დაუსრულებლად... 
          ტაბითას მხოლოდ ის ადარდებდა, იყო კი ეს მისი გზა, სადაც მას უნდა ევლო...  ხომ არ ასცდა თავის რეალობას? 
-	ნუ შეანელებ ფრენას, უკვე ჩამოგვრჩი...
-	იფრინე ტაბითა, _ ერთხმად ჩასძახოდნენ ბაბუაწვერები...
          თითქოს ფიქრის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ.
         _ იცი საით მივფრინავ ახლა? _ საუბარი გაუბა ერთ-ერთმა ბაბუაწვერამ.
მონატრება მიმაქვს... 
         _ რაა? _ კითხვა გაუგრძელა ტაბითამ. 
         _ ერთი გოგონას მონატრება მიმაქვს მზეჭაბუკთან. სურვილი ჩამითქვა და მეც მივფრინავ, მისი მონატრება უნდა გადავცე, თუ გსურს ჩემთან ერთად წამოდი...            
         _ ეს არ არის ჩემი დანიშნულება. მშვენიერია ეს განცდები, მაგრამ მე სხვა გზა მაქვს გასავლელი, ოდესღაც ასეთი სურვილი ჩავუთქვი ხელისგულზე ბაბუაწვერას ჩემს ბაღში, რომ მოვწყვიტე და ქარს გავატანე... ოდესღაც, მაშინ... იმ განცდით, იმ ბაბუაწვერას თან გავყვებოდი, მაგრამ ახლა სხვა სურვილი მაქვს...  დღეს ეს ძალისხმევა სხვაა.
         _ თქვენ ხომ ყველანი მონატრების მფრინავი ყვავილები ხართ? _ ჰკითხა ტაბითამ.
         _ დიახ, ჩვენ ყველანი მონატრების მღვიძარე  ყვავილები ვართ... 
შენ ვინ გენატრება ყველაზე ძალიან?
         _ მენატრება ის, ვინც პირველად ამომთქვა... 
         _ ეს გზა ხომ შორია, შეიძლება ვერც მიხვიდე... ჩვენც კი ვერ მივალთ.
         _ ვიცი, რომ შორია... 
         _ ჩვენ სიყვარულის ბარათებს ვტოვებთ გზადაგზა, ყველაზე მშვენიერი გრძნობები გადაგვაქვს გულიდან გულში... მაგრამ ეს შენი გზა, ეს მონატრება მართლაც ისე შორია და უცხო... ვერაფერს შევადრით. იქ შენით უნდა მიხვიდე.
         _ ბენიმაც ასე მითხრა... 
         _ ბენი ვინღაა, შენი მზეჭაბუკი?
         _ ო, არა...  ან თუნდაც კი, ბენი ჩემი სულის ნაწილია, როგორც სხეულის ნაწილი შეიძლება იყოს ხელი, ბენი ახლაც ჩემთანაა ამ მონატრებით _ ხედავ, ბენი რა კარგია აქ! ერთად შეგვიძლია ვიფრინოთ მონატრების ველზე, Lლამაზი განცდები და გრძნობები ჩამოვარიგოთ. მაგრამ ბენი დუმდა!
         _ იქ შეიძლება ტკივილებს ან სირთულეებსაც შეხვდე. არ წახვიდე, ხომ გენატრება უკვე შენი სამყარო?! ჩვენთან სულ სიხარულია, აქ ჩვენ ფრენას ვასწავლით, რაც დაიბადე და თავი გახსოვს ხომ სულ გტკივა? 
აქ არ სჯობს? 
         _ ჰო, კარგია, მაგრამ ვერ დავრჩები, რადგან  წინსვლა მსურს. არ მინდა შევჩერდე, და ვერაფრის სანაცვლოდ სვლას ვერ დავასრულებ. შევჩერდე ნიშნავს რაღაც ამოვწურო, შევწყვიტო, შეიძლება წამი მშვენიერიც იყოს და სასტიკიც. ეს სიკვდილიც შეიძლება იყოს. მაინც არ მსურს შეჩერება, ფერისვალების უფრო მწამს და განახლებისთვისაც მზად ვარ, ოღონდ არ შევჩერდე... ეს ძალისხმევა რომ არ მქონდეს, ვერც აქამდე მოვიდოდი. აქ არც გზის დასასრულია, არც სამყაროსი და არც ჩემივე მსოფლმხედველობის.
         _ მაგრამ მაინც ხომ ის სამყარო გენატრება, რომელიც ეს ესაა დატოვე. .  
         _ ჰო, მენატრება ჩემი წუთიერი სამშობლო, მაგრამ სხვა სამშობლოც მაქვს მარადიული. წუთისოფელში ხომ მდგმურად ვარ, სტუმრად... რამდენ ქვეყანაშიც მიცხოვრია, ყველა მომნატრებია, ყველას თავისი ხიბლი და სიცხოველე გააჩნია.
         _ თუ გსურს იმ ქვეყნებსაც შემოგატარებთ, _ შესთავაზეს ბაბუაწვერებმა.
         _ არა, ახლა უდაბნო უნდა განვვლო... 
         _ უდაბნოც აქვეა... მაშინ დავეშვათ და დაგემშვიდობებით, ჩვენ კი კვლავ განვაგრძობთ ფრენას.
         _ მშვიდობით, ამ უსასრულობაში ყოველთვის შევხვდებით.
         _ მშვიდობით, ვიდრე კვლავ გნახავთ, თქვენი მონატრება თან გამყვება, _  დაემშვიდობა ტაბითა და ძირს დაეშვა, ტერფებქვეშ სიმყარე შეიგრძნო,  დიდხანს თვალს ვერ აცილებდა მოფარფატე ბაბუაწვერებს, რომლებიც თანდათან შორდებოდნენ. მაგრამ ვიდრე გაუჩინარდებოდნენ, მოეჩვენა, რომ ბაბუაწვერები უკან შემობრუნდნენ, როცა მოუახლოვდნენ, აღმოჩნდა, რომ ისინი ბაბუაწვერები კი არა, პეპლები იყვნენ. 
         ტაბითამ  ერთ-ერთ პეპელას უკვე თავად გაუბა საუბარი:
         _ თქვენ სადღა მიფრინავთ?
         _ შენთან, ტაბითა, შენში ვბრუნდებით, _ თითქმის ერთხმად უპასუხეს პეპლებმა.
         _ კი მაგრამ, ჩემში რატომ?
         _ ჩვენ შენი მეხსიერება ვართ...
         ტაბითას ერთ-ერთი, მოიისფერო პეპელა მხარზე დააფრინდა და ჩასჩურჩულა:
         _ მეხსიერება გარეთ პეპელასავით დაფრინავს, მიკვირს, ვერა გვცნობ, თუმცა არა უშავს, შენში რომ აღმოვჩნდებით, უმალ ყოველივეს გაიხსენებ, და ასეთი უცხონი აღარ მოგეჩვენებით.
         _ კარგი, და საით მიდიხართ?
         _ ხომ გითხარით, შენთან, მიგვიღებ? მაშინ შენში პეპლები კი აღარ ვიქნებით, არამედ მოვლენად გარდავიქმნებით.
         _ გმადლობთ, მაგრამ მეხსიერება ნამდვილად არ მღალატობს.
         _ მართლაც ასეა, აი ხომ ხედავ, შენთვის არ გვიღალატია და დაგიბრუნდით.
         ტაბითას მათთან შეკამათება არ უცდია, მაგრამ გრძნობდა, რომ აშკარად სხვადასხვაგვარად საუბრობდნენ, თუმცა ბოლოს მაინც შეეწინააღმდეგა.
         _ რომ არ დაგიჯეროთ და არ მიგიღოთ?
         _ განა ასე უნდა მოგვიზღო ერთგულებისთვის სამაგიერო? ჩვენი გარეთ ფარფატი ეს ხომ შენი ხთომილებაა... ბრალი შენი, თორემ ჩვენ რა, ფარფატს ვინ გვიშლის. სულაც რომ მიგატოვოთ მერე? კარგად დაფიქრდი, _ უთხრა ერთ-ერთმა პეპელამ და უცბად ტაბითამ იმ პეპლის შეფერილობა ვეღარ ამოიცნო. შეშფოთებულმა, მეხსიერება მთლად არ დავკარგოო, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო.
         _ კეთილი, დაბრუნდით ჩემში, _ თუმცა ვერ წარმოედგინა უთვალავი პეპელა როგორ უნდა შეეთვისებინა.
         _ ნუ ფრთხილობ, შენს თვალს სალბუნად დავეფინებით და როცა თვალს აახელ, შენი მზერა უფრო გამჭოლი იქნება, შორეულ სიღრმეებს აღიქვამს და სამყარო სულ სხვანაირად წარმოგიდგება. ხელახლა გაცხადდება შენში ის, რაც გაგივლია და განგიცდია, მთლიანი მეხსიერების აკიაფებით გაცილებით უკეთ შეიცნობ აწმყოს. შესაძლებელია მონატრება თვალს მიეფაროს, მაგრამ მეხსიერება თუ დაგებინდა, მაშინ რა? განა თან წაჰყევი ბაბუაწვერებს? თუმცა შენი არჩევანია, ძალას არ გატანთ, ისე გადაწყვიტე, როგორც გსურს. . .  
         ტაბითა მიხვდა, რომ მეხსიერებაში უნდა გამთლიანებულიყო. მან წამით თვალი დაადუმა, თუმცა არავითარი სალბუნი არ უგვრძვნია და როცა თვალები კვლავ გაახილა  პეპლები აღარსად ჩანდნენ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო უდაბნო.
         _ ნეტავ რა დრო გავიდა? _ ასე თუ ვიფრინე, სამდღენახევარში როგორღა დავბრუნდები?! _ გაიფიქრა ტაბითამ. _ აქ დრო თითქოს იყო და არც იყო,  შეეცადა დრო შეეცნო...  მაგრამ არ დასცალდა, უცბად ზღურბლთან აღმოჩნდა, ალბათ დროც ამის იქით უნდა გადაელახა, ზღურბლი კი არც ჩინურ კედელს ჰგავდა და არც რაიმე მიჯნას. თითქოს ეს ზღურბლი საერთოდ არ არსებობდა.. ახლა, ერთი ნაბიჯიც კი ამ მიჯნის გადალახვას ნიშნავდა. საოცარია, გაიფიქრო და უმალ იქ აღმოჩნდე, სადაც ფიქრს მიჰყავხარ, ეს ხომ დროის ფლობაა, ისევე გადაადგილდე დროში, როგორც სივრცეში, წარსულიდან მომავალში და პირიქით. 
          დრო რომელსაც ვადგავარ ალბათ სხვებისთვის აბსტრაქტულია, ჩემთვის კი რეალური... ახლა ეს რეალობა შეიძლება ღრმად პირადულია. _ მაგრამ ჭეშმარიტება ობიექტურია ყოველთვის...  კაცობრიობისა და ღმერთის ნაწილი თუ ვარ ერთდროულად, მაშინ ინდივიდუალობა უფრო მარალ რეალობას უნდა თანავუხვედრო, ჩემიც ამოვზიდო და მივიტანო როგორც შემოქმედება, მარადიული უნარი იმისა, რაც ოდესღაც ჩემში ხატად და პიროვნულად ჩადეს..  დიდი ამბავი დრო თუ გავითავისე ან კაცობრიობის ერთსხეულად ვიგრძენი თავი, როცა შემოქმედებითი უნარით სამყაროს შიდაარს ჩავწვდი... თუმცა, გაუკვირდა ასეთ დროს იუმორის გრძნობა  რომ შერჩენოდა.
          აქ, ზღურბლთან ერთი ნაბიჯიც და არავინ უწყის სად გადაეშვება,
ყველგან შეიძლება იყოს, ილუზიაში, ყოფიერების უთვალავ ფორმაში, მაგრამ ფშვინვიერ სამყაროში ნაკლებად, რადგან ახლა ფიზიკური რეალობა სულიერის ანარეკლს ჩამოჰგავდა. სულიერი სამოსელი უხილავია და მხოლოდ ქვეცნობიერიდანაა შესაძლებელი მისი მიწიერთან ერთობლივი გულზიარება. ტაბითამ შეამჩნია ზღურბლს იქით, მის მოპირდაპირედ ვიღაც  ელოდა. ეს ვინღაა? გაიფიქრა, მითიური ქარონი, დარაჯი თუ მართლაც რაიმე საგანძურის მცველი ურჩხული? ნეტავ ვინ?
          ტაბითა მიუახლოვდა, დააკვირდა და სასწაული... ყველას ელოდა, ყველანაირი სახე შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ აქ, შორეული გზის გასაყართან მას საკუთარი თავი შემოსცქეროდა.  
         _ შენ აქ რა გინდა? _ ჰკითხა თავის თავს.
         _ დიახ, ეს მე ვარ, შენივე ორეული, მიცანი, არა? _ უპასუხა მან._ კარგად დამაკვირდი, _ საუბარი გააგრძელა და უცბად მეორე მხრიდან შემოტრიალდა. ტაბითა ადგილზე დაბარბაცდა, ცოტაც და წაიქცეოდა, თითქოსდა საყრდენი ეცლებოდა, და მარილის თოჯინასავით უნდა განფრქვეულიყო, უსაზღვროდ საზარელი და მახინჯი იყო  სახე, რომელიც მას მოპირდაპირედ უმზერდა.
         _ ეს მე ვარ, ტაბითა, ასეთი მახინჯი, და ეს შენა ხარ, ეს ჩვენი სახეა, შეხედე, როგორი შემქმენი შენვე? რატომ გიკვირს? მე ის ბოროტება ვარ, რომელსაც შენ ქმნიდი განვითარების განმავლობაში. ეს მე ვარ, ყველა შენივე მანკიერებით, და ეს ჩვენა ვართ! შენივე მანკიერების რეალური და ნამდვილი სახე, შენ კი ჩემი ანარეკლი და ნიღაბი, რომელსაც წუთიერებაში ანსახიერებ. განა შენ არ მაიძულებდი სხვისთვის ტკივილი მიმეყენებინა?! განა შენი რისხვით არ ვესხმოდი თავს ადამიანებს? ხანდახან ღვარძლით, ეგოიზმით, შურით და ყველა შენივე მომხვეჭელობით არ ვმოქმედებდით?! პატიება და მიტევება რომ არ შეგეძლო? შენს ორეულს კი ყოველივე შეაძლებინე... სად დაიკარგა შენი ლამაზი ნიღაბი,  თვალსატყუარი,  ხედავ  სინამდვილეში როგორი გონჯია შენივე სახე და ორეული? რომელიც თავად შეჰქმენი. განგებამ კი როგორი მშვენიერი დაგბადა. მაგრამ ამ მშვენიერების წილ რა დააგროვე არ გახსოვს? დაგავიწყდა? 
         _ არ დამვიწყებია...  _ თქვა ტაბითამ და თავის გონჯ ორეულს თვალი გაუსწორა.
         _ რაც უფრო კარგი, კეთილი და მშვენიერი ხარ, მით უფრო მეტი ხარკია  გადასახდელი. ეს ყოველთვის მახსოვდა... და რაც უფრო სახიერი ხარ ცდუნებაც  გაცილებით მეტია. შენ ჩემგან კი არა, ჩემში შემოსული ცდუნებით შეიქმენი, და სახის სახე კი არა, სახის სახის სახე ხარ... ჩემთან შედარებით არარაობა ხარ. თუმცა ვიცოდი, რომ სადღაც ჩემს სიღრმეში მაინც არსებობდი. მრცხვენოდა და ვინანიებდი კიდეც... შენ თუ არა და სხვამ ვინ უნდა იცოდეს, რომ თანაგრძნობის თანაზიარებით ყოველივეს მიტევება შევძელი და მუდამ უნდა გეშინოდეს ჩემი, როგორც შეგქმენი, ისევე ჩაგაქრობ. ზღურბლის წინ რომ დამხვდი, რაღა გსურს? 
         _ რაც შექმენი, იმას ვერ მოკლავ... უკვე მეც არსება ვარ...  მაშ, შემებრძოლე.
         _ შენდამი შიშს არ ვგრძნობ, შიში ერთხელ უკვე გადავლახე, შენთან ბრძოლა ხომ ბოროტებაში დაბრუნებაა... შენ ამ ბრძოლის ნაყოფი ხარ, როცა არ გებრძვი და გიმეცნებ, მხოლოდ მაშინ ნადგურდები და ქრები... 
         _ იმ სიმახინჯეს ხომ ვერ მოსპობ, რაც შექმენი... 
         _ დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა ადამიანში იგივე ბოროტებაა და გონჯი სახე, როგორც ახლა ჩემს პირისპირ. ამ უკეთურებითაც არავისგან  განვსხვავდები და არც არავისზე ვარ რაიმეთი აღმატებული. თუმცა, მომეცა უნარი თავისუფალი შემეცნებიდან დამენახა ჩემს თავში არსებული, რომელიც ასე გაიდუმალებულია და დაფარული. იმ წუთას ტაბითამ უსაზღვრო სევდა და სინანული იგრძნო. ამ სინანულითვე დაუკავშირდა იგი იმ დროს, როცა ცნობიერად გაუჩნდა სამყაროს პატარა გოგონას სახით, ოდესღაც, შეგნებულად  ცხოვრება რომ მიიღო პირაქეთ მომავალი. დიახ, ეს იყო არა მხოლოდ მისი, არამედ საერთო სინანული... 
         _ ეს მე ვარ, შენი ორეული, _ მესამედ გაუმეორა ზღურბლის დარაჯმა.
         _ კიდევ ათასჯერ მითხარი თუ გსურს! _ რადგანაც სიცოცხლის უნარი მომეცა, ამ სვლაში რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა იმდენჯერ შეგქმნიდი, ვიგემე არა მხოლოდ სიკეთის, არამედ სიკეთის და ბოროტების ხის ნაყოფი, რათა ორთავე შემემეცნებინა. შენც ამ შემეცნების ნაყოფი ხარ. მართალია მახინჯი, გონჯი, მაგრამ გაცილებით დიდ მიზანს ემსახურები, ვიდრე ჩემში შემოსული და ჩემს მიერ შექმნილი ბოროტებაა. მაღალი შემეცნებიდან შენც სიკეთეს ემსახურები, რადგან ამავე შემეცნებიდან, მტერი როგორც ასეთი არ არსებობს! ... . 
         _ ხედავ? ვერსად  გაექცევი შენსავე თავს, ტაბითა! _ კვლავ გააგრძელა საუბარი ორეულმა. ეს შენ შემქმენი და დამაყენე ზღურბლის ებგურად. რომ  უდროო შემომტევებისაგან დამეცავი. რადგანაც შემიცანი, რადგან შენივე თავი შეიცანი შენს ორეულში, განთავისუფლებ ჩემი დაცვისაგან. ამიერიდან გეძლევა უნარი გააგრძელო გზა უსასრულობისაკენ. წადი! _ ნება დართო ზღურბლის დარაჯმა და გაუჩინარდა. 
          ტაბითამ დატოვა საკუთარი ორეული, მას შეეძლო თავისი სხვა სახესხვაობებიც ეხილა, მაგრამ უმთავრესი მისთვის მხოლოდ ერთი კითხვა იყო!      _ თუ რის ფასად ეძლევა თავისუფლება ადამიანს?! ან ზოგადად, რისთვის დაიწყო ეს ყოველივე? ადამიანური განვითარების გზა, სიკვდილისა და გამუდმებული ტანჯვის ფასად, განახლებისა და ნეტარების საზღაურით.
         ტაბითამ გზა განაგრძო... ამაზე ამაზრზენი რაღა შემხვდება, რაც უკვე ვნახე? _ გაიფიქრა და ირგვლივ მიმოიხედა, მთავარი ის არის, რომ ყოველ ნაბიჯზე, ყველა საქციელზე მოგვეთხოვება პასუხი, მართლაც ყოველი თმის ღერი დათვლილია. ადამიანი კი ხარ იმდენად, რამდენადაც თავისუფალი, რამდენი სიკეთის გაღება და თანაგრძნობა შეგიძლია. მხოლოდ ის ხარ, რა სიკეთესაც ხელიმწიფებ და გასცემ და არა თურმე ის, თავკერძად უზომო ცოდნა დაიგროვო...  მთელ დედამიწისეულ ცოდნას ერთი ნამცეცა სიკეთე გადაწონის.  მოულოდნელად შეამჩნია, რომ ორი პიროვნება უახლოვდებოდა. ორითავეს მდიდრული სამოსი ემოსა და მედიდურადაც გამოიყურებოდნენ. ტაბითა მათთვის გვერდის ავლას შეეცადა, მაგრამ ისინი მიუახლოვდნენ და პირისპირ დაუდგნენ. ერთმა თვალებშიც ჩახედა.
         _ მადლობა ღმერთს, ავაზაკებს არ ჰგვანან, _ თავი დაიმშვიდა, მაგრამ სანამ აზრს დაასრულებდა ის, ვინც თვალებში ჩაჰყურებდა, გაეცნო: 
         _ მე უგუნურთა ხელმწიფე ვარ!
         _ აი, თურმე ვინ, კარგია რომ გარეთ ხართ და შემხვდით; ვიცი ვინცა ხართ... 
         _ შენ რა იცი? 
         _ ვიცოდი, რომ უნდა შეგხვედროდით, განა ჩემში არ იყავით ხოლმე? აქ კი საშუალება მომეცა გარეთ მეხილეთ, თქვენო აღმატებულებავ, ეს თქვენ არ იყავით პატივმოყვარეობას, პირმოთნეობას, ამპარტავნებას და ძალაუფლების სურვილს რომ მინერგავდით?! შენ არ იყავი დღენიადაგ რომ ჩამჩურჩულებდი სინათლე სიბნელეა, სიბნელე კი სინათლეო?! განა შენ არ იყავი ყველა საზარელი ცდუნებისკენ რომ მიბიძგებდი?!
         _ მე კი ყოველთვის გეუბნებოდი, რომ უნდა დაჯერებულიყავი შენს წილ ყოფიერებას. შენი თავი შეგეძლო გეძებნა კოსმოსში, მირაჟებში, ილუზიებში, სხვა პლანეტაზე, სიკვდილის შემდგომ, მხოლოდ აქ არა!
         ¬_ ვინ ხარ, რომ ზღუდავ ჩემს თავისუფლებას? არჩევანის უფლება ღმერთმა მიბოძა და თავისუფალი ვარ ჩემსავე არჩევანში, ეს გზაც ჩემი არჩევანია.
         _ არ უნდა დაგეწყო შენს თავში კოსმიური მთლიანობის შეგრძნების ძებნა. ჩვენი ხილვა თუ გინდოდა, იქ არ ვიყავით შენში?! ყველაფრის მოპოვება შეგეძლო, ძალაუფლებისაც, ცდუნების სანაცვლოდ...  შენ მეტი მოისურვე! ყოველივე მოგეცით, ახლა რაღა გსურს? სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ ვერ აგვცდები.
         _ შენ! უგუნურთა მეუფევ, განა არ იცი, ადამიანმა საკუთარი თავი რომ იპოვოს, ამისათვის კოსმოსში გაფრენა სულაც არ არის საჭირო? 
         _ რატომ მიწოდებ უგუნურთა მეუფეს, ბრძენთა მეუფე ვარ და სჯობს ასე მიწოდო. ეს თქვენ, ადამიანები ხართ უგუნურები, რად მოგაქვთ თავი?  რა იარაღიც ადამიანებს მივეცი იმითივე მებრძვიან, სასაცილოა, სასაცილო... პათეტიკურად წამოიძახა უგუნურთა თუ ბრძენთა მეუფემ, ტაბითას თვალწინ თითქოს ერთგვარი სცენა გადაშლილიყო, სადაც დრამაც და კომედიაც ერთდროულად თამაშდებოდა. მაგრამ ცხოვრების სცენა ხომ გაცილებით რთულია, იქ თამაშში მონაწილეობ, თუნდაც პაიკი, მაგრამ თანამონაწილე ხარ, აქ კი თამაშგარეთ იმყოფები.
        _ კარგად გახსოვს, რომ გეუბნებოდი სინათლე სიბნელეა, სიბნელე კი სინათლე, ახლაც გეუბნები, სადაც ამჟამად ხარ, ილუზიაა, მირაჟი, გაქვავებული მატერიის უმიზნო და უაზრო სიზმარი, მატერიას მიზანი არ აქვს, ის ქვავდება, მტვრად იქცევა, იფერფლება, კვდება! შენც ამ უგუნურების და უნაყოფო ქვიშის ტყვე ხარ... აქ სიტყვა ქვად იქცევა, ქვას კი ვერასოდეს გადააქცევ სიტყვად... 
         _ ვიცი, რომ ყოველივე სიტყვიდან დაიწყო. შენც ამ სიტყვას მოჰყევი და ყოველივე სიტყვითვე დამთავრდება, იმ სიტყვით, რომელსაც პირმშოობა შეეძლება. იმ სიტყვით, სადაც აზრი არა მხოლოდ ამეტყველდება, არამედ გაცხადდება. .  .
         _ ყველაზე დიდი ბრძენი მე ვარ! თქვენ ვერ შემებრძოლებით, ჩემგან სვამთ და ჩემგან იკვებებით. ისეთ იარაღს არ მივცემ არავის, რომელიც მე მომერევა.
         _ არ მინდა შენი იარაღი, _ ის ბოროტებას და შუღლს აღვივებს, რომელიც ყოველთვის ბუმერანგივით დამიბრუნდება, თუნდაც მოვკვდე და ათასჯერ დავიბადო, ვერსად ვერ გავექცევი ჩემს კვალს და ნამოქმედარს... ბოროტების მთესველი ბოროტებასვე მოიმკის, შენი იარაღი ბუმერანგივითაა, ყველგან მომწვდება და ყველა ყოფიერებაში წამომყვება... 
         _ ეხლა კი გავიგე, ჩემო დედოფალო _ უთხრა პირმოთნე ცბიერებით უგუნურთა მეუფემ და გარს შემოუარა, უფრო დაკვირვებით შეათვალიერა, პირსახე ყურთან მიუტანა და ისე ჩასჩურჩულა, ტაბითამ მისი ცივი სუნთქვა იგრძნო. სისინისმაგვარი, სტვენასავით, რომ ესტვირებოდა ხრინწიანი ხმით ტაბითას სმენას. _ შენ არ იყავი ყოველღამ და ყოველდღე ჩემთან რომ ცეკვავდი და თვალებში შემომციცინებდი? წამოდი, წავიდეთ ყოფიერების მეჯლისზე, იქ ისეთ მშვენიერ წამს გაჩუქებ, სხვას აღარაფერს ისურვებ... 
         _ ტაბითამ უეცრად მის თითებს მიაპყრო მზერა, მარჯვენას, დაკრუნჩხულს და გამხმარს, ხოლო მარცხენას საოცრად თლილს და ნატიფს, მერე თვალებში ჩახედა, ერთი თვალი ჭრელი ჰქონდა, მეორე მუქი, სახე კი ისეთი, რომ ვერ დაიმახსოვრებდი, თითქოს ჰქონდა და არც ჰქონდა, _ უგუნურთა მეუფემ უცებ უკან დაიხია და ტაბითას უბრძანა, _ ნუ მიყურებ! უფლება არა გაქვს, რომ დამაკვირდე! 
         _ ვერ დამისაზღვრავ, რომ ვერ ამოვიცნო შენი უკეთურება. მე ვარ ჩემივე უფლების მეუფე და უფლების მეუფებითვე გიბრძანებ, დიდი ხანია მიგიღე, გაგითავისე, შენით ვიმოქმედე, შეგიმეცნე და ისე გამოგაძევე ჩემივე მეობიდან, როგორც თხრამლიანი მუწუკის სიბილწე. დიახ, ყოველღამ ვცეკვავდი შენთან, ხანდახან სარეცელსაც ვიყოფდით და თვალებშიც შემოგციცინებდი...იმ ჯოჯოხეთშივე გიმეცნებდი და გიღებდი, ახლა კი ჩენთან აღარ გაქვს წილი, არც ძალაუფლებაში, არც ბოროტებაში, აღარც მზაკვრობასა და მომხვეჭელობის უნარში... 
         _ მაშ, ყოფიერებისაგან რა გინდა? როგორ გამამხიარულე _ თავმომწონედ გადაიხარხარა უგუნურთა მეუფემ.
         _ გველეშაპი კუდს იქნევს, შუბი მხოლოდ შემართულია, იგი ჯერაც არავის დაუმარცხებია, მისი დამარცხება ხომ უდროო სიკეთე იქნება, ისევ და ისევ ბოროტების ხის ნაყოფია შესამეცნებელი... 
         _ განა ძალაუფლებისკენ არ ისწრაფვი? მაშ, აქედან შეგებრძოლები და დაგამარცხებ! ძალაუფლების ხელმწიფობას ახლავე გაძლევ, მიიღე ჩემგან! თუ აღზევება გსურდა, ამხელა გზის გავლა რაღა საჭირო იყო? _ ჩაიქირქილა უგუნურთა მეუფემ.
         _ ჩემი მიზანი შენს ძალაუფლებაზე და ამ ძალაუფლების სურვილზე უფრო დიდია, მისკენ მიმავალ გზას კი ვერ მიმასწავლი...  ვიცი ვინც ხარ, მიგიღე, შეგიცანი და დაგძლიე, გარეთ გამოგაძევე ეხლა კი გამშორდი!
         _ მე ყოფიერებაში მსურდა, მიმეჯაჭვე... 
      _ საბოლოოდ ეგ შენი ბოროტებაც სიკეთეს ემსახურება... ის ჩემს ბილიკებსა და აზროვნებას ასწორებს... სწორი აზრიც ისევე ანათებს, როგორც მზე! ესაა შენი მსჯავრი... აწმყოში, ცნობიერად შეგიმეცნე, იქ, სადაც არ არის შენი ადგილი. აწმყოში წამივით წარმავალი ხარ, მოკვდავი, იფშვნები და ნადგურდები, რადგან საფუძველი არ გაგაჩნია, თუმცა შენ აქვავებ აზრებსაც და გულსაც, მაგრამ თავისუფალ არჩევანში ვერ ჩაერევი... . 
        უგუნურთა მეუფემ ზურგშეუქცევლად უკან დაიხია. შემდეგ მეორე ავაზაკი მიუახლოვდა და უთხრა: 
       _  როგორც შენ უწყი, მე მეოცნებეთა მეუფე ვარ,  რადგანაც სძლიე ილუზიასაც, ყველა მიწიერ ილუზიას, ხოტბას, ჯილდოებს, ანგარებას...  და აქამდე მოხვედი, აკი უგუნურებასაც სძლიე და კიდევ ერთი საფეხურით ამაღლდი. ამიერიდან შენს სამსახურში ვარ. აღარ უნდა შეჩერდე, უფრო და უფრო უნდა განვითარდე... მიზანიც ესაა. შედეგად კი თავისუფლებას მიიღებ... სულ მალე უდაბნოში შეხვალ... იქ ილუზიები აღარ არის, იქ მხოლოდ მირაჟებია და იმ მირაჟებში უნდა შეძლო რეალობის ამოცნობა, შენივე ცნობიერების უდაბნო ყველაზე მყარი და შეუვალი შრეა... იქ მირაჟების სახით საცდუნებელიც გაცილებით მეტია, როგორც უდროო შემოტევა... ეს მე ვიყავი ოდესღაც თვალი რომ აგიხილე, თავდაპირველი თავისუფლებაც მე მოგეცი, ფიზიკური მზე, სამყარო, ბუნება დაგანახე. უგუნურთა მეუფემ კი შენს სულში არსებული სულიერი ნათელი დაბურა, წონასწორობა დაგაკარგვინა და მხოლოდ გარე სამყაროში გამოგახედა. გარეთ რა გინდა, რას ეძებ! ყოველივე ხომ ზეცაც, გალაქტიკები მთლიანი სამყარო, ცათა საუფლოც კი  შენშია, რასაც შენს თავში გამოხსნი და აღმოაჩენ, შენვე გეკუთვნის, ღმერთიც იქ დუმს და გელოდება. გარეთ შეგიძლია გასცე ის, რაც დააგროვე, ეს დაუსრულებელი გზაა, მე კი ამიერიდან შენს სამსახურში მიგულე, _ საუბარი დაასრულა მეოცნებეთა მეუფემ... უგუნურთა ხელმწიფე აღარსად ჩანდა... მეოცნებეთა  მეუფეც გაუჩინარდა. _ ტაბითამ შვებით ამოისუნთქა და
გზას გაუყვა, სულ მალე მომცრო გორაკი დაინახა, გორაკის წვერზე ავიდა თუ არა, მის თვალწინ მარადმთვლემარე მუყაოსფერი უდაბნო გადაიშალა... აქ მღილიც კი არ ჩანდა, ტაბითას რომ დამგზავრებოდა. ალბათ ესაა დიდი მარტოობის სადგური, სადაც სულ გარინდება სუფევს, _ გაიფიქრა ტაბითამ. მოულოდნელად საიდანღაც ცხელმა ქარმა დაუბერა და ქვიშის ტალღები ისეთი ხვნეშა_ხვნეშით ააშრიალა, თითქოს ღმერთები ქშინავენო. მთვლემარე უდაბნო იზმორებოდა, იღვიძებდა, ირწეოდა ეს უნაყოფო ქვიშა, ცოტაც და მისი გამოღვიძება სამუმივით დაატყდებოდა ტაბითას, თავის წიაღში თუ სტიქიაში მოიქცევდა და მოიყოლებდა. აი, ტერფები დაუფარა ქვიშამ და ოქროსფერი მარცვლები უკვე მის წვივებთან ირხეოდნენ, მას ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს საყრდენს აცლიანო...  შემდეგ დაიხარა, რათა უფრო მყარად ეგრძნო თავი ამ მოძრავ ქვიშაზე, მისი მარცვლები მუჭაში მოიმწყვდია და ხელისგული გაშალა... ახლა მის ხელისგულზე გაცოცხლდა და ამოქმედდა ქვიშა, მოულოდნელად ქვიშის მარცვლებს შორის მისთვის აქამდე უცნობი ჯუჯა გამოჩნდა. ტაბითა შეკრთა და შეშფოთებულმა ხელი დაიბერტყა.
         _ რამ გაგაოცა? ეს ხომ მე ვარ _ კეთილმოსურნედ და თავმომწონედ უღიმოდა უღიმღამო პაწია არსება. ახლა სავსე მთვარის პერიოდი იწყება, სხვა ფაზაში შევდივართ, ისედაც უამრავი საქმე მქონდა გასაკეთებელი, შენთვის სულ არ მეცალა... არადა, მოულოდნელი სტუმრობით მყუდროება დამირღვიე, თანაც საქმეებს მომწყვიტე...
         _ შენ ვინღა ხარ? ან აქ რა გინდა? _ განცვიფრებული ტაბითა თვალებგაფართოებული შესცქეროდა ჯუჯას, _ ჰო, მირაჟი ხარ! და ხელი ისე აიქნია, თითქოს ამ მირაჟის გაქრობას ლამობდა. 
         _ მირაჟი არ ვარ, აქ ვცხოვრობ,  დიახ, აქ ჩემი სახლია... . მირაჟი თავად ხარ, საიდან მოხვედი ან აქ  რა გინდა? პირიქით, ეს ცხვირმიჭყლეტილი და გაბურძგნული არსება გაგულისებას აღარ მალავდა. ტაბითა გაოგნებული უსმენდა... თითქოს ვერ გაეგო რომელი იყო მათ შორის მირაჟი თუ ილუზია, კეთილი და მართლაც რეალობა რომ იყოს! მერე?  თუ რეალობა ხარ, ვინ ხარ? _ ჰკითხა ტაბითამ. 
         _ როგორ არ იცი, ვინ ვარ, ამ ქვიშის მარცვლებს, მინერალებს, საერთოდ ყველანაირ მარცვალს და თესლს მე ვპატრონობ, თუ მინდა რეპტილიებად გადავაქცევ..  შენ გგონია ეს მინერალები თავისით არსებობენ? ჩემი თანამონაწილეობის გარეშე? ნურას უკაცრავად, ის კი არა და შენ გამაოცე, შენი სხეულის მინერალების ბატონ-პატრონიც მე ვარ, ასეა, მაგრამ თავად რაღასთვის მობრძანდი აქ? _ დაფიქრდა ჯუჯა. ტაბითა განცვიფრებული უმზერდა ნამცეცა ჯუჯას. მერე ამ პატარა არსებამ ხშირი დაბურული წარბებიდან ამოხედა, გაუღიმა და ისე სასაცილოდ გაებუშტა წითელი, ს	ახესთან მიჭყლეტილი იარულდა, თითქოს შვებაც კი იგრძნო რომ აქ, ამ მიუვალ უდაბნოში მარტოდ_მარტო არ ყოფილა. 
         _ კარგია აქ რომ ხარ, _ უთხრა ტაბითამ გულწრფელად.
         _ მართლა პატარავ? რახან შენ იტყვი... თუმცა მეც მიხარია, განა არ გიცნობ და არ ვიცი აქ რისთვის ხარ, კარგი, დავზავდეთ, მე ტონი მქვია. დიახ, ფერებს და ფორმებს ვანიჭებ ამ მუყაოსფერ ქვიშას და ყველანაირ მარცვლეულს... რაც მინერალებში ბზვინვარებაა სულ ჩემითაა, შენ კი გეგონა, ვერ გხედავდი ქალბატონო? ეს შენ იყავი ბრმა. შენი მინერალური სხეული შენივე შემოქმედება გეგონა მხოლოდ? არადა ერთი თმის ღერის მომატებაც კი არ შეგიძლია. ამ მინერალებში, ნივთიერებათა ცვლაში, შენივე ფიზიკური სხეულის მოქმედებაში, ხომ ხედავ როგორი დასაზღვრული ხარ! ეხლა კი იმის ბედნიერება მოგენიჭა, რომ გაგეცანი _ თავმომწონედ ასწია თავი ჯუჯამ და მიესალმა.
         _ გამარჯობა ტაბითა, მე ტონი ვარ! _ საბოლოოდ გაეცნო ეს უცნაური არსება, კეთილი იყოს შენი მობრძანება... 
         _ გაგიმარჯოს ტონი... კეთილმოსურნედ უპასუხა ტაბითამ... 
         _ თუ გსურს სხვებსაც გაგაცნობ, ოღონდ ფრთხილად, ფეხი არ დაგვადგა და არ გაგვჭყლიტო. 
          ტაბითას ნაბიჯის გადასადგმელად აწეული ფეხი ჰაერში გაუშეშდა, მართლა ვინმე არ შემომაკვდესო,  დაბნეულმა აღარ იცოდა წინ წასულიყო თუ არა... 
         ტონი კი ხითხითებდა, ლამის ჩაბჟირდა _ რა ყველაფრის გჯერა, მართლა გგონია, რომ გაგვჭყლეტ? ხა, ხა, ხა ვეღარ ჩერდებოდა, ქვიშაც ატორტმანდა, თითქოს უდაბნოც ხარხარებდა. რა სასაცილო ხარ...  ხა, ხა, სულ მთლად სულელი... ნეტავ ჩამახედა ტვინი როგორა გაქვს მოწყობილი, ალბათ ასიმეტრიულადაა განლაგებული... დაიცა, ფეხზე ჭიანჭველასავით ააბობღდა, შემდეგ ხელის მტევნიდან მაჯაზე გადაინაცვლა. სულ ბოლოს ყურთან ააცოცდა, _ ახლა შენს ყურში შევძვრები, უნდა ვნახო შენს თავში რა ხდებაო. შეშფოთებულმა ტაბითამ ტონი სასწრაფოდ კვლავ ხელისგულზე დაისვა.
         _ არ გინდა, _ სთხოვა ტონის და თავზე ხელი გადაუსვა.
         _ რატომ? იქნებ უკუღმა გაქვს მოქსოვილი ტვინის უჯრედები? არ ჯობს რომელიმე თუ ამოვარდნილია თავის ადგილას, ჩავსვა? ნუ შიშობ, შენს უჯრედებზე ისე დავუკრავ, როგორც ფლეიტაზე, თუმცა ერთი ჩვეულებრივი, უმნიშვნელო ტვინი, რომ გქონდეს აქ რა მოგიყვანდა. კარგია, რომ მოხვედი, დარჩეს როგორც არის თავის ადგილას, _ ხელი ჩაიქნია ტონიმ, _ ტაბითა კი სულ უფრო წუხდა ტონის ამ საუბარზე. 
         _ ტონი, მითხარი რა ხდება აქ? სად ვარ? 
         _ სად ხარ და უდაბნოში, როგორც ხედავ, ეს უდაბნო შენს გამოა, სხვას ვერაფერს ნახავ, ჯერ შენი ფშვინვიერება უნდა აყვავდეს, ბრმა რომ ხარ შენივე სამყაროს მიმართ, თვალი აგეხილოს, გინდა სულიერი, გინდა ფიზიკური, რაც გინდა ის დაარქვი. მინერალური სამყარო უნდა გაამშვენიერო და გააკეთილშობილო შენი არსებობით თუ სულიერი უნარით. მეც აურაცხელი საქმე მაქვს, რაღაც დიდი კანონზომიერებაა და მას ვემსახურები მთელი ჩემი ოჯახით, ყველანი, ვინც აქ ვართ.
         _ მაინც რას შრომობთ ასე გაუთავებლად?
         _ მაშ, ეს ქვიშის მარცვლები ვინ უნდა შეაგროვოს თუ არა ჩვენ: ხედავ რამდენია? ვერც კი დაითვლი, აუარება, ან რა გგონია მარცვალს რომ დებენ ხნულში, იქ ვინ აღვივებს? ჩვენ! ფოთლებსაც მწვანე ხასხასა ფერი რომ აქვთ, ხანაც ყვითელი, ვინ აფერადებს? ისევ ჩვენ!
         _ მართლა? _ გაუკვირდა ტაბითას. 
         _ თუ არ გჯერა, გაჩვენებ!
         _ რას მაჩვენებ? _ კიდევ უფრო გაოცდა ტაბითა.
         _ პაწია ხორბლის მარცვალს.
         _ მერე, ამ უდაბნოში ხორბალს რა უნდა? 
         _ ეს შენთვის არის უდაბნო.  ვინაიდან მე ამ მინერალების მეუფე ვარ და ყველაფერს ვხედავ, ძირის-ძირამდე შემიძლია შენს უდაბნოში ფხვიერი მიწაც კი გაჩვენო... 
         _ მართლა, ტონი? 
         _ მართლა ტონი? _ მართლა ტონი? _ გამოაჯავრა უდაბნოსა თუ მინერალების ჯუჯამ, მეტი არაფერი იცი? _ როგორ შეიძლება სამყარო მხოლოდ საკუთარი ცხვირის წვერზე აღიქვა, აი, შეხედე, ეს ხომ მიწაა? _ ტაბითა დაიხარა, მართლაც მიწა არ შერჩა ხელთ?
         _ ალბათ ყოველივე მირაჟია... გაუელვა სათუო აზრმა, მაგრამ ვინაიდან ამ მირაჟს ინტუიციურად ეხებოდა, ეს მირაჟი კანონზომიერებად ჩათვალა... 
         მირაჟი ჯერ შორსაა, _ ხმამაღლა გააგრძელა ტაბითას  აზრი ტონიმ, ჯერ ხომ შენი ფშვინვიერი მარადიული სამყაროს უდაბნო არ გაგივლია. ეს ლაბირინთის დასასრულია. როგორც გინდა იფიქრე, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აღმიქვავ თუ არა, როგორც რეალობას, ამ ხორბლის მარცვალს ხომ ხედავ, ახლა მას ამ ფხვიერ მიწაში ჩავდებ, აი, ასე _ ღრმად ჩაფლო მარცვალი ტონიმ, _ რა გგონია მერე ეს მარცვალი რას შვება? თქვა და ტაბითას გამომცდელად ახედა. 
         _ ღვივდება.
         _ ღვივდება კი არა, კვდება! ცოცხალი მარცვალი კვდება იმისთვის, რომ მისგან ჯეჯილი ამოიწვეროს, ამობიბინდეს, თუ მარცვალი არ მოკვდა, ჯეჯილი ვეღარ ამოვა და ნაყოფს ვერ გამოიღებს, გასაგებია?
         _ ასე ხომ სულ სხვაგვარად ხსნი მარცვლის უდიდეს საიდუმლოს?
         ესაა მისი ძირითადი დანიშნულება. ის თავისი სიკვდილით სწირავს თავს, რომ შემდეგ, უამრავი მისნაირი ხორბალი იშვას. ამ მარცვალს უდიდესი თავგანწირვის უნარი გააჩნია, მართალია შეუცნობელი, მაგრამ ქვეცნობიერად თავის თავს სწირავს აღმოცენებისათვის. ადამიანებს თუ შეგიძლით თავის გაწირვა? 
         _ როგორ არ იცი, ტონი, _ ძლივს რაღაც ჭკუის სასწავლებელი შეეძლო ეთქვა ტაბითას, _ ადამიანებს სიყვარული შეუძლიათ და ამ გათვითცნობიერებული სიყვარულით ცნობიერად თავსაც სწირავენ. 
         _ ასეთ ადამიანს ერთს მაინც თუ იცნობ?
         _ როგორ არა, რამდენს შეუწირავს სიცოცხლე შვილებისათვის, სამშობლოსათვის, სატრფოსთვის და კიდევ მხსნელი, რომელმაც ცნობიერად განახორციელა მთელი თავგანწირვა. 
         _ რისთვის? _ გაოცდა ტონი.
         _ ყველა მარცვალი ხომ მიწაში მზის სიყვარულს სდებს? _ სხვაგვარად გასცა პასუხი ტაბითამ. _ ეს სიყვარული იმდენად დიდია, რომ მისთვის თავს სწირავს და უთვალავ მარცვალს უნაწილებს მზის სიყვარულს, ამავე თვაგანწირვით ის ემსახურება როგორც მზეს, ისე დედამიწას... მიწა ამ შემთხვევაში უდიდესი სიყვარულის და მსახურების განსახორციელებელი ადგილია... ხედავ, რამხელა დანიშნულება ჰქონია მიწას?
         _ ჯერ ერთი თავგანწირვა სიყვარულზე მეტია. 
         _ მერედა ვინ გითხრა, რომ მარცვალს სიყვარული არ შეუძლია, ისინი ხომ საერთო სიყვარულში არიან გაცხადებულნი, ოღონდ გაუცნობიერებლად. 
         ტონიმ უეცრად საუბარი შეწყვიტა. ქვიშას დააკვირდა და ტაბითას ამცნო: 
         _ აი, ჩემი მეგობრებიც აქ არიან
         მართლაც, თითოეული ქვიშის მარცვლიდან ჯუჯები გამომძვრალიყვნენ და ტაბითას ისე შესცქეროდნენ, როგორც უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ გულივერს. _ ტონიმ საუბარი გააგრძელა.
         _ ჩვენ ერთად ვშრომობთ, ესაა ჩვენი შემოქმედება, ჩვენ ვქმნით, ფორმას და ფერებს ვაძლევთ თითოეულ მინერალს, ამ მიწის ნამცეცებსაც და ქვიშის თითოეულ მარცვალს, შენ რა გგონია, ქვიშის მარცვალი უნაყოფოა? _ მათაც თავიანთი დანიშნულება გააჩნიათ და მთელი ამ სამყაროს განვითარების თანამონაწილენი არიან, ოდესმე ისინიც შეიძენენ სიცოცხლის უნარს, ბუნება არაფერს არ საზღვრავს, შენც ნუ დასაზღვრავ სამყაროს შენი ვიწრო თვალთახედვით...  წარმოიდგინე მარცვალი, რომელსაც ქვეცნობიერად შეუძლია თავგანწირვა, ცნობიერად რას განახორციელებს?
         _ ეს ქვიშის მარცვალი ოღონდ გაცხადდეს, თავის დანიშნულება და მსახურება მიენიჭოს, სიცოცხლისათვის თავის თავსაც გაიღებს, რადგან ყოფიერებაში არსებობა უკვე მის უნარშიაც ძევს. თავისი განვითარებით კი სურს კიდევ ერთი საფეხურით ამაღლდეს და განიცადოს ის, რასაც სხვა სულიერი არსებები განიცდიან.                     				   _ ჩვენი შემოქმედება აქ გაცილებით დიდია, რადგან მათში ვართ გაცხადებულნი, ჩვენ სტიქიათა სამყაროში მრავალსახეობებს წარმოვადგენთ და სახეცვლაც კი ხელგვეწიფება. წამოდი...  წამომყევი უფრო ღრმად... ერთ რამეს გაჩვენებ, ჩემგან რაიმე სამახსოვროც მინდა გქონდეს. აჰა, გამომართვი ეს იასამნისფერი მთის ბროლი, შეხედე, როგორი ნატიფი და გამჭირვალეა, ხედავ, უამრავი წახნაგი აქვს და როგორ ბრწყინავს? ესეც ჩემი შემოქმედების ნაყოფია... .  მაგრამ ჩვენ მის სახეს და გარეგნულ ფორმას ვქმნით. ახლა მინდა მისი შინაგანი, ღრმა დანიშნულება ამოვიცნო... რაც ჩვენ არ შეგვიძლია, შენ უნდა შეძლო, ტაბითა! _ შენ შეგიძლია მისი შემეცნება, შედი ამ მინერალში და მინერალიდან შეიმეცნე სამყარო, რომელიც როგორც შენი, ასევე ჩემი თანაზიარია. 
         _ რას ამბობ. _ შეიცხადა ტაბითამ, მაგრამ სასწაული მოხდა და ტაბითა უეცრად იასამნისფერი მთის ბროლის სხეულში შესრიალდა, იქ კი იმოდენა ადგილი იყო, რომ ტაბითა ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა. არადა, გარედან როგორი პატარა ჩანდა, თითქმის ნამსხვრევი... 
         თვალი შეავლო იასამნიფერ კედლებს... . მზის სხივი აქაც აღწევდა და ანათებდა. ტაბითა აქამდე გარედან უმზერდა საგნებს..... ახლა კი რთული მისია ხვდა, მათი შინაარსი უნდა ამოეცნო... იგი უმზერდა მთის ბროლის მრავალწახნაგოვან ფერებსა და სხივებს, აი, ახლა მთის ბროლი მის თვალწინ ცისფრად ალივლივდა და გაიშალა როგორც ლოტოსი იშლება ტბის ზედაპირზე. მერე ნისლისფრად თეთრი და რძესავით ქათქათა გახდა, მზის სხივების საოცარმა გარდატეხამ გააოცა.		   
        _ აი, ამ საოცარ ფერებს მე ვქმნი, _ სიამაყით წარმოთქვა ტონიმ, რომელიც გვერდით ამოსდგომოდა ტაბითას.		  
        _ შენც აქ ხარ? _ შვებით ამოისუნთქა ტაბითამ და საყვედური აღარ უთხრა ტონის, მისი მეშვეობით მყისიერად ბროლის წიაღში რომ აღმოჩნდა. 
         _ ეხლა რომ გითხრა, ეს გამჭვირვალე  ბროლი ულამაზესი მთის ცრემლებია, დამიჯერებ?
         _ რა თქმა უნდა, _ მართლაც თავდაჯერებით დაეთანხმა ტაბითა. 
         _ ჰო, ეს ცრემლებია, ამ იასამნისფერ ბროლს ჰგონია, რომ მისმა საკუთარმა ტკივილმა გააქვავა ასე... არა და ჩემი შექმნილია, მაგრამ მსურს გავიგო, რას ფიქრობს ან განიცდის იგი. თუნდაც შენ, ძილის დროს მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროს, მაგრამ მაინც საკუთარ სხეულში იმყოფები, ასევეა ეს ბროლიც. თვლემს, სძინავს... . არც ის ვიცი, სიზმრებს ნახულობს თუ არა, მისი ფიქრები, განცდები ან სიზმრები მხოლოდ შენ შეგიძლია შეიცნო... . მინერალიდან უნდა შესძლო დაინახო სამყარო, ამით კი მინერალი დახვეწო და დანიშნულებაც მიანიჭო... . 
         ტაბითა დუმდა. ვერაფრით წარმოედგინა როგორ უნდა ჩასწვდომოდა მინერალის ფიქრებს ან რანაირად აემეტყველებინა იგი.
         _ ჩაწვდი, მომიყევი იასამნისფერი მთის ბროლის ზღაპარი. აქ ფორმა და კედლებია მხოლოდ, მაგრამ მისი მთავარი არსი დაფარულია, შეიმეცნე და გადმოეცი მისი განცდები, მისი შეცნობა ჩემი გაუთავებელი გარჯის საზღაური იქნება.
         _ კეთილი, ტონი, _ მიუგო ტაბითამ, მას გაუჩნდა სურვილი, რაიმე თავადაც გაეღო ტონისათვის, მისი შემოქმედების საზღაურად და ტონის სურვილთან ერთად იასამნისფერი მთის ბროლის სიზმარში მთელი ძალისხმევით გადაეშვა.
         _ მე მთაზე ვცხოვრობდი. მთა იმსიმაღლე იყო, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოსდა თავისი მარადიული მყინვარით დაფარული შუბლით ცის თაღს ებჯინებოდა. _ საკუთარი თავი გახსნა ბროლმა, ამ მთაზე ულამაზესი ზურმუხტისფერი ტბა იყო, რომელიც ცას ირეკლავდა. როცა ნისლები ფთილა-ფთილად ჩამოწვებოდა, ისე ისახებოდა, თითქოს ტბა დუღს და ორთქლი ამოსდისო. ღრუბლებიც მის ზედაპირზე სხვადასხვანაირ სახეებს თხზავდნენ, შორიდან თითქოს თეთრი გედები დაცურავენო. მე სწორედ ამ ტბის ნაწილი ვარ, რადგან გაზაფხულზე, როცა ყინული დნობას იწყებდა, ისიც ტბაში ჩაედინებოდა, ტბის ორთქლი კი მთის გარშემო ცვარივით მიმოიფანტებოდა ჰო და, მეც ერთი იმ ცვართაგანი ვარ; მოხეტიალე ცელქი ნიავი გვეფერებოდა, ქარი კი შორეული ქვეყნის ამბებს მოგვითხრობდა. დრო და დრო იმ მწვერვალზე მთამსვლელები ამოდიოდნენ. მათ მისი მწვერვალის დაპყრობა სურდათ. ერთხელ კი ერთი უცნაური კაცი გამოჩნდა, იმ მთამსვლელებს სულაც არ ჰგავდა. მოვიდა, ტბასთან დაიხარა, სახეზე წყალიც კი შეისხურა. მერე საკუთარ ანარეკლს დააკვირდა. მას თითქოს იმ ტბისფერი თვალები ჰქონდა. სხვებივით მწვერვალის დაპყრობა კი არ უნდოდა, არამედ თავის სატრფოსთვის ერთ-ერთი შორეული ვარსკვლავის მოწყვეტა სურდა, ხოლო იმ საბედისწერო ღამით, როდესაც ვარსკვლავები ცაზე აკიაფდნენ, იგი შეეცადა მისწვდომოდა საოცნებო ვარსკვლავს, მაგრამ... მაგრამ ფეხი დაუცდა და საბრალო მეოცნებე უძირო უფსკრულმა შთანთქა. ო, იგი თავის რეალობას მოსწყდა. მე კი მისი უბედურებისაგან გავქვავდი და იმ მთამსვლელის ხსოვნასაც დღემდე ვინახავ.
         _ არ არის მართალი! - გაბრაზდა ტონი. - რა შუაშია ის უბედური მთამსვლელი, ეს ბროლი მე გავამყარე, მე შევქმენი; მატერიას ყოველთვის სტკივა და რაც უფრო უხეშია, მით უფრო მეტი სატანჯველი აქვს ნატვირთი. 
მე კი ვალამაზებ და უფრო და უფრო ვხვეწავ მათ ფორმებს, ის მსხვერპლია მაღალგანვითარებული არსებებისათვის. მარტო მე ვიცი მისი მსხვერპლშეწირვის ფასი. ეს მინერალი რომ არ ყოფილიყო, არც შენ იქნებოდი, არც მცენარეები, არც ცხოველთა სამყარო, არაფერი... ის ნიადაგია, ყოველივეს საყრდენი. მე ქედს ვხრი  ამ ნიადაგისა და მინერალების წინაშე.... მაგრამ ჩემი შრომაცა და თავდადებაც ხომ დასაფასებელია?!  მე რომ არ ვყოფილიყავი, როგორი იქნებოდა ეს ბროლი, ის კი ასეთი უმადურია; 
         _ ნუ გიკვირს, ნურც შენსავე შრომას შეაფასებ, მინერალში უფრო დოგმაა; რადგან დასაზღვრულია, მყარია, მასში არ არის თავისუფლება, მას თავისი ნებით არც გადაადგილება შეუძლია, და არც გამრავლება-განვითარება. შენ კი ისეთი ძალისხმევა გაგაჩნია, რომ მის შინაარსსაც გინდა ჩაწვდე, რამენაირად გააკეთილშობილო და დავარცხნო ისინი. 
         _ ალბათ ეს შენი სიზმარია და არა იასამნისფერი მთის ბროლის. 
_ მაინც ორჭოფობდა ტონი. ვერ წარმოედგინდა თუ მისი შრომა და თავდადება   დაუფასებელი დარჩებოდა.
         _ მართალია, შენ აფერადებ ამ მინერალებს, შენ უქმნი ფორმებს და ემსახურები მათ, მაგრამ ვინც შენ შეგქმნა, მან შექმნა ეს მინერალიც. შენი მსახურება უსაზღვრო და უსასრულოა. შენ საერთო მსახურებაში ხარ ჩართული, თქვენ ყველანი, ვინც შეძლებისდაგვარად ამ საოცარი სამყაროსათვის იღწვით, დედამიწა რომ ჰქვია, მეც თავს ვხრი ყველას წინაშე, ვინც ამ სამყაროს ემსახურებით, ვინც ემსხვერპლა მის განვითარებას. შენ ემსახურები მას, ვინც ეს იასამნისფერი მთის ბროლი წარმოშვა, ვინც მე და მთელი ეს გალაქტიკა... .
შენი მსახურება გაცილებით დიდი და ღრმაა, ვიდრე გგონია... . 
         ტონის მადლიერება აღებეჭდა სახეზე...  თურმე მას უფრო დიდი მისია აკისრია, ისეთი, ვერასოდეს რომ ვერ წარმოიდგენდა. 
         _ მადლობელი ვარ, ტაბითა -აღტაცებას ვეღარ ფარავდა ტონი, 
_ ჩემი მისწრაფება და მსახურება მისიად რომ აღიქვი, ამით კი შენს აქ მოსვლასაც მიანიჭე მნიშვნელობა. მადლობელი ვარ იასამნისფერი მთის ბროლის შინაარსი რომ განმაცდევინე. მაგრამ რატომ დამთავრდა ასე სევდიანად იასამნიფერი ბროლის ზღაპარი?
         _ ალბათ იმიტომ, რომ სიყვარულს შორეული ვარსკვლავების მოწყვეტით ვერ მოიპოვებ და ვერც ვერაფერს შესძენ... . ყველაზე დიდი და ნათელი ვარსკვლავი გულია, და თუ ამ გულს შორეულ სამყაროში დაუწყე ძებნა, ისეთივე სევდიანი დასასრული ექნება, როგორც იასამნისფერი ბროლის ზღაპარს. ხედავ? ხანდახან მოუწყვეტელი იდეების გაღება უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი გულის, ხოლო, თუ თვითშეგნება არ გაგაჩნია, თუ ვერ დააგროვე სიბრძნისა და სიყვარულის სიმდიდრე, თუ სამყაროსგან ვერაფერს ვერ იღებ, თუ ბრმა ხარ, და არ გინდა დაინახო, მიიღო ან განავრცო, რით უნდა შეავსო შენივე შიდაარსი?! თუკი ღატაკია და მწირი შენი ფშვინვიერი საუნჯე?. . . თუ შემოქმედებითი სამოსელი არ გაგაჩნია, სულიერს როგორ მოიპოვებ!  აი, ეს განმანცდევინა იასამნისფერმა მთის ბროლმა, და თუკი ძალისხმევა, თანაგრძნობა და სიყვარული გაგაჩნია მინერალიდანაც შესძლებ სამყაროს დანახვას. 
         _ წარმოიდგინე, ალმასის ქანს როგორი სიზმარი ექნება, ან იმ ხორბლის მარცვალს, ხეებს, ყვავილებს, იქნებ ახლა ხორბლის მარცვლის საიდუმლოც გავიგოთ, ხომ საინტერესოა მისი თავგანწირვა? ამ თავგანწირვის შედეგად მიიღება პური, რომლისგანაც ვსაზრდოობთ. იყო პური და საკვები სხვათათვის, ეს ხომ გაცილებით დიდი მისიაა?! წამოდი, შევიდეთ ხორბლის მარცვალში. - ტაბითას ძლივს დასცალდა იასამნისფერი ბროლიდან გამოსვლა და ახლა ხორბლის მარცვალში ეპატიჟებოდა ტონი.
         _არა, ტონი, _ ახლა მივდივარ. ამ სვლასა და მრავალსახეობებში ყოველთვის შევხვდებით. ყოველი დაფარული გაცხადდებაო, ოდესმე ხორბლის მარცვლის საიდუმლოსაც შევიმეცნებთ... . ჩვენ ხომ ყველანი ერთი წინაპირობიდან ვართ შექმნილნი, ყოველივე ერთმანეთს ავსებს და ჩვენი შინაარსი იქამდე მიდის, ვინც ეს სამყარო გააცხადა. წინაპირობა რომ არ ყოფილიყო, იქნებოდა კი რამე ამ ქვეყნად?! ვინ იცის. 
         _ შეხედე იმ მზესუმზირას, მგონი შენ გელის... 
         _ სად ხედავ, აქ მზესუმზირას რა უნდა?
         _ აქვეა, შენგან ხელმარჯვნივ... 
         _ ტაბითამ მიიხედა და... ამ უკიდეგანო უდაბნოში, რაღაც სასწაულით ამოსული მცენარე, თავზე დაჰყურებდა. 
         _ აქ ვინ დარგო, ან უწყლოდ როგორ გაიზარდა? - შეეკითხა ტონის.
         _ ეს შენი მზესუმზირაა, ხოლო თუ რა უნდა შენს გულში თავად უნდა ამოიცნო, აქ მე ვერ დაგეხმარები, _ მხრები აიჩეჩა ტონიმ. 
         ტაბითამ მზესუმზირას გარს შემოუარა, თუმცა მცენარეები ძლიერ უყვარდა, მაგრამ... ყველაზე უფრო თუ მზესუმზირა ჰყვარებია, ნამდვილად არ იცოდა. აკი ტონიმ მიანიშნა შენი გულის ყვავილიაო...  ამ მოულოდნელმა შეხვედრამ ღრმად ჩააფიქრა, _ ერთადერთი, _ ერთადერთი, ვინც ამ  შორეულ უდაბნომდე მის გულისყურს გამოჰყვა, ერთადერთი! - მისი გულისფეთქვის თანამგზავრი!...  და ამ გულზიარებამ უეცრად მამული გაახსენა, ქვეყანა, საიდანაც წამოვიდა...  
         _ დიახ, სწორად ამოიცანი, მე შენი სამშობლო ვარ, შენი წინაპრების, ჯიშის და სისხლის ხატსახე. ეს უამრავი თესლი კი, ასე ერთად რომაა ჩემში შეკავშირებული, _ შენი კრებითი თანამოძმეების ხატსახეა.
         _ მაგრამ, მხოლოდ შენ არა ხარ ჩემი სამშობლო. იგი უფრო მეტია, ვიდრე შენ!
         _ შეიძლება სამშობლოსთვის გაცილებით მეტი გსურს, მაგრამ შენს გულში, აქ,  ასეთი სახით ავისახე. აკი, გამოიცანი და არც შეგშლია... .  მხოლოდ მშობლიურ მიწაზე მყარად ფესვგადგმულს შეგიძლია, თამამად ასწიო თავი მაღლა და საითაც მოგესურვება, იქით გაიხედო. აი, თუნდაც მე, მზეს მზერით სულ თან დავყვები, ფესვებით კი მიწას ვარ ჩაკრული და მისით ვიკვებები. ის მიწა და განსაზღვრული ადგილი კი ღმერთმა მარგუნა. ხოლო, თუ სამშობლო გიყვარს, მაშინ მთელ დედამიწასაც უფრო შეიყვარებ. შენი ნიადაგის გარეშე მზეს როგორღა დაინახავ? ფესვებმოწყვეტილი ხომ გადავშენდებით. ჩვენ კი ურთიერთ სიყვარულით აქ,  უსასრულობაშიც ერთად ვართ - ხედავ? გულით დამატარებ! ამ შორეულ, უცნობ უდაბნოში, შენი გული ჩემი ნიადაგია. მეც აქამდე მოგყევი და მშობლიური მხარე გაგახსენე. თუ გული სიყვარულით გაქვს სავსე, არასდროს, არსად, მარტო, ეულად არ დარჩები. ჩემი გულიც უზომოდ გულუხვია, ხედავ? რამდენ მომავალს, _ ნაყოფს ვიტევ და ჩვილ თესლს მზის სიყვარულს ვუნერგავ. შემდეგ კი ისევ მიწას ვუბრუნებ, რათა თავად, დამოუკიდებლად გააღვივონ ამგვარივე სიყვარული!
         _ ტაბითას გული აუჩუყდა, ცოტაც და ატირდებოდა. 
         _ თუ გსურს წამოდი, დაბრუნდი სახლში, მკერდში ჩამიკრავ თუ არა, ჩემი სიყვარული, _ შენი თანამოძმეების და შენი მიწის სიყვარული უკან დაგაბრუნებს.
         ტაბითა დაფიქრდა... რისთვის მოვიდა აქამდე, ეს პასუხი რამოდენიმე წუთის წინ ცხადად რომ გააცნობიერა, ქვეცნობიერად ისედაც სცოდნია მის გულს... მაგრამ გზა... გზა იქამდე, ვინც პირველად ამოთქვა! ერთი ვერ გაეგო, _ ეს გზა - უკან, შორეულ წარსულში მიმავალი გზა იყო, თუ წინ მიდიოდა?!  თუმცა, არა, ... ერთდროულად იგი წარსულშიც ბრუნდებოდა და მომავლისკენაც მედინეობდა.
         _ ახლა ვერ დავბრუნდები... შენივე სიყვარულის გამო არ დავბრუნდები, ჯერ გზას ვადგავარ, მაგრამ... მაგრამ, მე კვლავ მოვალ, მოვალ, რადგან ყველა, ვინც საკუთარ ფესვებს არ სწყდება, კვლავ თავის წიაღს უბრუნდება; კრებითობიდან თუ გამოვედი, პიროვნულად კვლავ შენთან დავბრუნდები. - უპასუხა მზესუმზირას ნაღვლიანი ღიმილით.
         _ წადი, ტაბითა, _ კვერი დაუკრა ყვავილმაც და ტაბითა მიხვდა, ოდესღაც, სამყაროს შექმნიდანაც ასევე გამოუშვეს, გამოუშვეს, რათა ცნობიერად და პიროვნულად გამდიდრებული კვლავ დაბრუნებულიყო, სწორედ ამ გზას ადგა ახლა, რადგან ყოველივე სიტყვით დაიწყო, და რითიც დაიწყო, ... სიტყვითვე დამთავრდება, ოღონდ სიტყვა, თავად უნდა აქციოს შემოქმედებად და სიცოცხლედ! მხოლოდ ასე იხსნება წრე, _ დასაწყისის და, დასასრულის წრე! . . 
მხოლოდ, შენ უნდა განახორციელო, ... ვინც ხატად შეგქმნა და მეტყველების უნარი მოგანიჭა, _ ვინც დათესა სიტყვა! ... დათესილი ხომ უნდა გამრავლდეს...  ამაღლდეს, და რძისნაკადულებს დაწაფებულებმა უკვე თავისი არსიდან, რწმენის, სიყვარულის, სიბრძნის ძალისხმევიდან ახალი, ცოცხალი სამყაროები შექმნან... აქ კი მისი სახელი მთელი დადამიწაა, დედამიწა რომელიც მზის შემხედვარეა...  ტაბითა მიხვდა, რომ მზე ისეთივე ახლობელი იყო, როგორც სამშობლო და მისი ნიადაგი. დაD უკიდურეს სიღრმეში, ყველაზე კუნაპეტ სიბნელეში მის ქვეცნობიერებაშიც უნდა ამობრწყინდეს, ... როგორც საკუთარ თავში არსებული საერთო სულიერების ხატსახე. 
         _ ო, რა მადლიერი იყო მზესუმზირის, რომელმაც ეს ყოველივე გააცნობიერებინა... გააცნობიერებინა თუ როგორ იყო შერწყმული მთელ უკიდეგანო სამყაროსთან.
         _ რარიგ მარტივია და თანაც როგორ რთული იყო ეს ყოველივე. - წარმოთქვა ტონიმ.
         _ ასეა, ტონი, ახლა კი მშვიდობით. 
         _ მშვიდობით, ტაბითა, _ დაემშვიდობა გულაჩუყებული ტონი. 
          ტაბითა კვლავ გზას გაუყვა. მას ტონისმაგვარი არსებები აღარ შეხვედრია.
         იდუმალი უდაბნო ნელა აცხადებდა თავს ტაბითას წინაშე. რაც უფრო ღრმად მიდიოდა, მის წიაღში უფრო და უფრო იფურცლებოდა მრავლისმეტყველი წიგნივით. ქვიშის ტალღები თითქოს ფურცლების შრიალს წააგავდნენ... . ეს უდაბნო უზარმაზარ მანუსკრიპტს ჰგავდა, რომელშიც ტაბითას დაფარული არსი უნდა ამოეკითხა. ამ ფშვინვიერ მიდმოებაში უდაბნოს გველს წააწყდა, რომელიც ქვიშის მომცრო ბორცვს რკალივით შემოხვეოდა. 
         _ როგორც იქნა მოხვედი, ტაბითა? - წაისისინა უდაბნოს გველმა. 
         _ მე კი მოვედი, მაგრამ შენ აღარ მეგონე აქ... 
         _ მე ყველგან ვარ, სადაც კი იდუმალების და სიბრძნის ნამცეცია, მოსემ რომ უდაბნოში გველი აღმართა... არ გაგიგია?
         _ არ მითხრა ახლა, ის გველი ვარო. 
         _ არა, იმ გველს თავი მოეკვეთა, მის ძველ სიბრძნეს... მე სხვანაირი ვარ, აბა შემომხედე, კარგად დამაკვირდი... 
         ტაბითა მიუახლოვდა და გველი უდაბნოს ქვიშის ფონზე შეათვალიერა.  რაც ნახა, საოცრებად აღარ მიუღია, გველს ორი თავი ება, ერთი ჩვეულებრივად, მეორე კი კუდის მაგივრად.
         _ ჩემი სიბრძნე უსასრულობას გამოხატავს, რგოლი გახსნილია, გახსნილია დასაწყისიც და დასასრულიც, მაგრამ არაფერი არ იწყება და არც სრულდება, ყოველივე ერთი ფორმიდან მეორე ფორმაში, სახესხვაობებში, საფეხურიდან საფეხურზე გადადის. მე მეტამორფოზების სიბრძნე ვარ! დედამიწაზე ამ სიბრძნეს სხეულითაც ვანხორციელებ, კანს, ჩემივე ტყავს ვიცვლი... სხვა იერს ვიღებ, მე მოვიტანე ეს სიბრძნე ქვეყანაზე, ოდესღაც ასევე ჩავჩურჩულე ევას _ ცხოვრების მატარებელს, მეტამორფოზები მიეღო. და თქვენც მსხვერპლად შეეწირეთ თქვენზე უმაღლეს სამყაროებს. ყოველი თქვენი სიკვდილი და დაბადება ამ დიად მიზანს ემსახურება...... 
         _ რომელ მიზანს?
         _ ეს თავად უნდა ამოიცნო. - ჩაისისინა გველმა და წინა თავი ქვიშაში ჩარგო... . 
         _ რვა ოცდათორმეტსა და ათი ოცდათოთხმეტს?
         გველმა აღარაფერი უპასუხა, თვალები მინაბა, თითქოს უდაბნოსთან ერთად თვლემას მიეცა. უცბად ორივე თავზე წამოიმართა ისე, რომ ერთი თავით მარცხნივ, მეორეთი კი მარჯვნივ იხედებოდა.
         _ მაგრამ მთავარი მხოლოდ განვითარება კი არ არის, მთავარია საით იხედება ინტელექტი, ვის ემსახურება და რა სწყურია, რძის ნაკადულები თუ კუპრის მდინარე? ოდესღაც აზროვნება Dდაცურდა კოსმიური პლასტებიდან, შემდეგ კი ხელახლა დაიწყო განვითარება ეონიდან ეონამდე. გულში თუ ქვეცნობიერება ბატონობს, აზროვნება განაპირობებს ადამიანის რაობას.... აგერ, მელექზადექიც მოდის, თორმეტი სახლის მბრძანებელი. მარადიული წიგნი მისი ოთხი სახლიდან არის აღწერილი.  გახსოვდეს, ტაბითა, დღე ღამის მონაცვლეობა,, დედამიწისა თუ პლანეტების ბრუნვა, ადამიანში სისხლის ნაკადისა თუ  ზღვისა და ოკეანის მიქცევა-მოქცევა, ბუნების ერთიან და ერთადერთ კანონს განასახიერებს... მზე ჩადის იმისათვის, რომ კვლავ ამოვიდეს! ადამიანიც ამ წრებრუნვის პირმშოა და იმდაგვარივე სახეცვლილებებს განიცდის, ესეც ერთ მთლიან კოსმიურ მიზანს ემსახურება. თვითშეგნებიდან თავისუფლებამდე. ყველაზე დიდი სიბრძნე კი ნუგეშია! ის, რაც დასაზღრულობისაგან, სიბრმავისაგან გკურნავს და განუგეშებს. 
         _ მელექზადექთან კითხვები არ გაქვს? - ჰკითხა უდაბნოს გველმა. ტაბითა დუმდა, თითქოს აღარაფერი ჰქონდა სათქმელი, შემდეგ მელექზადექს მიუახლოვდა და თავადვე გასცა უდაბნოს საიდუმლოს კითხვას პასუხი.
          _მეგონა, აქ უდაბნოში  სფინქსს უფრო შევხვდებოდი და მის საიდუმლოს ჩავწვდებოდი, მაგრამ შენ მოხვედი, მისი სახლების გამგებელი. პასუხი კი მაინც მაქვს: სფინქსი ოთხ სახეს განასხიერებს, არწივს, ლომს, კუროსა და მერწყულს, ოთხ პლანეტარულ ციკლს, ოთხ ელემენტს, ოთხ მოციქულსა და ოთხ მარადიულ წიგნს. ცეცხლის მდგომარეობიდან ჰაერის მდგომარეობაში. შემდეგ წყლის, ბოლოს კი ხმელეთზე გადმოსვლის ხატსახეა.
         _ ამიტომაც მოვედი მე, _ უთხრა მელექზადექმა, _ სანამ მნახავდი, ჯერ სფინქსი უნდა ამოგეცნო.
         _ მაგრამ შენი პური და ღვინო ძველია, ის ვინც მოვიდა, თორმეტი სახლის მიღმა დგას, ვერც ერთმა კარავმა ვერ დაიტია და სულ მუდამ აწმყოშია!
         _ მაგრამ ამას ხომ შემზადება უნდა, ბილიკების მოსწორება, მე აღარ მაქვს პური და ღვინო, დაუცემელი თევზიც მის ხელთაა... . 
         ტაბითას გაეღიმა:
         _ აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ რეალობას შევეკამათო ან ძალა დავატანო ჩემს თავს თუ სხვა ვინმეს, ძალდატანებაც ხომ ცოდვაა, რადგან ძალისხმევას ბორკავს და ამახინჯებს. წარმავლობა და წარმომავლობა მარადისობის გარე გამოხატულებაა. მისი რეალური სახე და თვისება, ის ასე მხოლოდ ერთ-ერთი თვისებით გამოხატავს თავის თავს, რადგან მარადისობასაც მრავალსახეობები გააჩნია და ამ სახეობებში შეუზღუდავია... შენ გამოხვედი მეორე გორაკიდან, საგანძურთა მღვიმედან. იქ, პირველმა აკურთხე მზის ტაძარი, დღის ცნობიერებით სულიერი სამყაროს შემეცნება, თორმეტი ზოდიაქოს მიღმიური არსების წინ დასახვედრად. იცი, მელექზადექ, ახლა ბაბუაწვერებთან ფრენა უფრო მირჩევნია, ვიდრე შენთან საუბარი. 
         გველმა ჩაისისინა, უდაბნოს ქვიშაზე ისევე ერთფეროვნად ამოძრავდა, როგორც უდაბნო თავად გამოხატავდა თავს, თითქოს გველი კი არა, ქვიშის გრძელი ზოლი ყოფილიყოს... 
         _ მაშინ გამომართვი ეს მშვილდისარი, იქნებ გამოგადგეს, ამით შეიძლება ყოველივე გარეთ გამოიტანო, გასცე კიდევაც, _ შესთავაზა მელექზადექმა. 
         _ ყველაფრის გაცემა დაცემაცაა, ასე ღვთაებაც კი გასცეს, რათა გაცხადებულიყო, წრე დიდი ხანია გახსნილია, ისარიც ნატყორცნი... მე კი მსურს შემეცნების მახვილი მქონდეს და იგი ამილაპლაპდეს მზის შუქზე. 
         _ ეს ისეთი მახვილია, რომ... 
         _ მას უნდა ვფლობდე, არა?
         და  უეცრად გველი თითქოს გარდაიქმნა, გასწორდა და მახვილად იქცა.
         _ მიიღე ტაბითა, ეს მახვილი შენ მოიპოვე, მე კი დაგტოვებ, შენი წარმოსახვა თორმეტ სახლს იოლად რომ გასცდეს... - უთხრა მელექზადექმა, გრძელი ძოწისფერი ქიტონი შეისწორა, მისმა კალთებმა კი უდაბნოს ქვიშა მოხვეტა და მოასწორა... ისე წავიდა,  თითქოს ნაბიჯს კი არ დგამდა, არამედ მიცურავდა, მისრიალებდა, ცოტა ხანში თვალსაწიერზე წერტილადღა ილანდებოდა,  შემდეგ კი მთლად გაუჩინარდა. 
         ტაბითა ორლესულ მახვილთან ერთად ვრცელ უდაბნოში დარჩა.
   მიუხედავად ამდენი სახესხვაობისა, მაინც ის სამყარო ენატრებოდა, საიდანაც მოვიდა, თითქოს უდაბნოში კი არა, ისევ იმ სევდის ბაღში იყო, სადაც მთელი სიმძაფრით იგრძნო ყოფიერებისაგან  მოწყვეტის მწუხარება.
  _ ნეტავ შევსულიყავი იმ ხორბლის მარცვალში _ ინატრა ანაზდად... თუმცა უკვე უწყოდა, ამიერიდან როდესაც მოისურვებდა, მარცვალის საიდუმლოსაც ჩასწვდებოდა.
  ტაბითამ თავის წარმოსახვაში წარმოიდგინა, თუ როგორ კვდებოდა უმწეო მარცვალი, რათა სხვისთვის გაენაწილებინა თავისი ნამცეცა სიცოცხლე; ის მარცვალიც, ის მინერალიც, როგორ უსაზღვროდ მარტონი იყვნენ, სანამ მათ ტაბითას ცნობიერება არ შეეხო. ტაბითაც ხომ უთვისტომობამ მოიყვანა აქამდე, ეს კი დიდი სევდისა და ტკივილის ტოლფასი იყო. უმწეო ხორბლის მარცვალი თითქოს რაღაც დიდს, ენით აუწერელს განასახირებდა თავის თავში... მარცვლის სიკვდილს აღდგომა მოჰყვებოდა, მისი ენერგიის ამოფრქვევა, ამობიბინება, აჯეჯილება, ნაყოფის გამოღება და კვლავ თავდადება... ის ღმერთს ჰგავს!  მხოლოდ არაცნობიერად და ტაბითა მიხვდა მარცვლის თავგანწირვის შეცნობით ღვთიურ ჭეშმარიტებას უახლოვდებოდა.. მას უნდა მიეღო მარცვლის არაცნობიერი გარდასახვა, მაგრამ მიხვდა, ამიერიდან მას შეეძლო ცნობიერად შეემეცნა ის თავდაპირველი საიდუმლოც, რომელმაც თავად ხორბლის მარცვალი წარმოშვა...
  უეცრად, ამ ქვიშით დაბურულ უდაბნოში მწუხრის ზარის ხმა მოესმა. ეს ხმა არც მირაჟს ჰგავდა და არც ილუზიას: ალბათ ჩემი რექვიემიაო...  იგი მიჰყვა  ხმას, რომელიც ექოსავით ვიბრირებდა და სულ მალე უსიცოცხლო უდაბნოს ფონზე   თეთრი მონასტერი გამოჩნდა, ტაბითა მონასტერს მიუახლოვდა და ალაყაფის კარზე დააკაკუნა. იგი ზარების რეკვის შეწყვეტამდე ელოდა, შემდეგ გალობა მოესმა, რომლის ხმაც თანდათან კარს უახლოვდებოდა. ალაყაფის კარის გაღების თანავე შავადშემოსილი მონაზვნები გამოჩნდნენ. ერთ-ერთმა მონაზონმა ტაბითას მონასტერში შესვლა შესთავაზა.
    გუმბათიან ტაძარში შესულს  ზეთისხილის საკმევლის და ყვითლად მობიბინე სანთლის სურნელმა სიმშვიდე მოჰგავარა. მისთვის ეს განცდა ახალი არ იყო, მას ტაძარში შესვლისას ყოველთვის ერთი და იგივე გრძნობა ეუფლებოდა. ანაზდად შეამჩნია, რომ უდაბნოდან შემოფრენილი დამფრთხალი ჩიტი გუმბათიდან არეკლილ სხივებს თავგამოდებით აწყდებოდა, თითქოს გასასვლელსა და თავისუფალ სივრცეს ეძებდა.
  _ ამ უდაბნოში ჩიტს რა უნდა? _ გაიფიქრა ტაბითამ და მზერა იქვე, ღვთისმშობლის ხატთან დაჩოქილ მონაზონს მიაპყრო, იგი მას თითქოს საკუთარი ლოცვით შეერწყა. ... ხოლო როდესაც მონაზონი წამოდგა და შემოტრიალდა, ტაბითა გაოცდა, მონაზვნის სახეში საკუთარი თავი იხილა... თითქოს სარკეში თავისივე ანარეკლს უმზერდა. 
     მონაზონი ბრმა იყო, გზას კედლის კუთხიდან აღებული ხელჯოხით იკვლევდა... უძველეს მონასტერში მეცხრე საუკუნე იდგა...
  ტაბითა საკუთარ თავს შეხვდა, თავის ოდინდელ ფიზიკურ სიბრმავეს. ამ მონაზონს მზე არასდროს ჰქონდა ნანახი, ცხადია არც ეს ხილული სამყარო, რაც ირგვლივ ცხოველმყოფელობდა. მაგრამ მზე ხომ არსებობდა რეალურად და თავისთავად, ბრმა მონაზონის აღქმის გარეშეც? თუ  მონაზონი ვერ ხედავდა მზეს, ვისი ბრალი იყო ეს, მზის თუ მონაზვნის?.. ბრმა მონაზონი გუმანით მიხვდა, რომ ტაძარში მარტო არ იყო.
  _ რომელი ხარ? დაო? _ იკითხა მან.
  _ ტაბითა ვარ.
  _ აქ ჩემს გარდა ტაბითა არავინაა. _ თქვა დაბეჯითებით მონაზონმა.
  ტაბითამ ხმა ვერ გასცა.  იგი უკვე გარედან უმზერდა თავის უწინდელ ფიზიკურ სიბრმავეს. ახლა თვალახელილია, მაგრამ მაინც ხომ ბრმა იყო თავისსავე ქვეშეცნეულის წინაშე? მას უნდა განეცადა ბრმა მონაზონის თვალის ახელის სასწაული, ამ ტაძარში რომ გაიზარდა, ამავე ტაძარმა, რომ  შეიფარა და დააპურა. მადლობელი იყო ღმრთის ტაძრის ღირსეული მსახური და მხევალი რომ გახდა; ეს ტაძარი რომ არ ყოფილიყო, რა ეშველებიდა ბრმა ტაბითას, ვისი შემწეობის ამარად უნდა ესულდგმულა? მას სწამდა, რომ ოდესმე ღმერთი აუცილებლად მოუვლენდა სასწაულს და მხედველობის უნარსაც მისცემდა. რის ფასად უნდა ყოფილიყო ეს, საკუთარი ცოდვების მიტევების ფასად თუ ღმერთის სასწაულის გამოვლენისა, ეს კი აღარ უწყოდა. 
  ტაბითა იდგა ბრმა მონაზვნის პირისპირ, რათა, აქ ამ შორეულ და ამაოებისაგან მოწყვეტილ ტაძარში თვალის ახელის სასწაულს ზიარებოდა,  . 
  იმ ხანად უდაბნოში ერთი მეუდაბნოეც აღასრულებდა ღმრთის მსახურებას და მოწამეობას, იგი ორმოცი წელი უდაბნოში ცხოვრობდა. ბრმა ტაბითას სწამდა, თუ წმინდა მეუდაბნოეს კალთას შეეხებოდა, აუცილებლად განიკურნებოდა, თვალი აეხილებოდა.      
  უდაბნოში ავაზაკების ბრბო დაძრწოდა. მათ უნდოდათ  ტაძარი გაეტეხათ და აეოხრებინათ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგან მონასტერი კარგად იყო დაცული. 
  ერთ დღესაც ავაზაკებმა გადაწყვიტეს თავიანთი წინამძღოლი მეუდაბნოეს სამოსში გამოეწყოთ და ხმა დაძრეს: წმინდა მეუდაბნოე მონასტერში აპირებსო მისვლას!
   ხმა ელვისებურად გავრცელდა. წმინდანის სამოსში გადაცმული ავაზაკთმეთაური მონასტერთან მაშინ მივიდა, როდესაც მორწმუნენი მწუხრის ლოცვას აღასრულებდნენ. 
  Mმონაზვნებმა შეიტყვეს რა, წმინდანის მობრძანება, ფართოდ გაუხსნეს ალაყაფის Kკარი  და ჩამავალი მზის ფონზე ცრუ მეუდაბნოეს გალობით შეუძღვნენ მონასტრის ეზოში..
       დებმა ბრმა ტაბითას  სიხარულით ამცნეს წმინდანის მობრძანება. 
 შემდეგ მეუდაბნოეს წყლით სავსე ჯამი მიაწოდეს, რათა წესისამებრ ხელი გადაებანა.  ტაბითა წმინდანს ისეთი მოწიწებით ელოდა, თითქოს ხელახლა უნდა დაბადებულიყო, ამ მოლოდინში მისი ფშვინვიერი თვალთახედვა ისე განივრცო, რომ მთლიანი სამყარო დაიტია თავის არსში, როგორც მას წარმოედგინა. იგი ამ სამყაროს შიგნიდან უმზერდა გარინდული, რომელიც ეს ესაა გარეთ უნდა გამოვლენილიყო. 
  იგი ფეხის ნაბიჯების ხმაზე მიხვდა,  წმინდანის მოახლოებას. . . იგრძნო, თუ როგორ შეეხო იგი წყლით სავსე თასს, შემდეგ წყალს, წყლის ხმაც კი ესმა, მისი შხეფებიც მოხვდა მკლავებზე.
  მეუდაბნოემ წყალი შეისხურა. ტაბითამ საკუთარი თავსაბურავი მიაწოდა ხელ-პირის გასაწმენდად.  თვითონ კი ბოროტების ხელებიდან ჩამორეცხილი, გადანაბანი წყალი შეისხა სახეზე. თვალები ამოიბანა. ცრუ მეუდაბნოე გაოგნებული შესცქეროდა მის საოცარ ქმედებას. ცოტაც და რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო... და ეს სასწაული მართლაც მოხდა: ტაბითას თვალი აეხილა.
  მან პირველად დაინახა უდაბნოს ჩამავალი მზის მშვენიერება, ეს მისი ხელახალი დაბადების დღესასწაული იყო, უდიდესი ღვთის წყალობა ამ მეუდაბნოვის სახით, რომელიც მოპირდაპირედ უმზერდა, მისმა რწმენამ მთის დაძვრაც კი შეძლო ...
  ტაბითამ მეუდაბნოვის ფერხთით მუხლი მოიყარა, შიშველი წვივები დაუკოცნა,იგი ემთხვია იმ მიწას, სადაც მეუდაბნოვის ფერხთა მტვერი ეგულებოდა. ცრუ მეუდაბნოვე კი იდგა მის პირისპირ, განადგურებული, ცოცხალმკვდარი და თითქოს მასში რაღაც შეუცნობელი იღვიძებდა,რამაც ჯერ შებოჭა, დაატყვევა, შემდეგ კი საერთოდ ხელახლად აღდგომის საწინდარი ძალისხმევა ჩაუნერგა. იმ ღამით მონასტერი არ გატყდა. აღარც ის ავაზაკი უნახავს იმიერიდან არავის! უთვისტომობის გზას დაადგა, ამბობდნენ, ღმერთის მსახური გახდა და უდაბნოში აღასრულებს მოწამეობრივ მსახურებასო.
  ტაბითა იდგა ტაძრის კუთხეში გარინდული, თავისი თვალისახელის უნებური მოწმეც რომ გახდა... სადღაც, ოდესღაც, რომელიღაც დროის მონაკვეთში, მაგრამ რეალური განცდით.
  მცირე ხნის შემდეგ ტაძარიც გაქრა, მონასტერიც და უდაბნოს ჩამავალი მზის სიმშვენიერეც.
  მზე დიდი ხანია გადაწვერილიყო... სულ მთლად ჩამობნელდა და აღარაფერი ჩანდა, თითქოს ძაძისფერი ღამეაო... ამ ღამეს სიბრმავის საბურველი უნდა ახდილიყო და ტაბითაც ისეთივე რუდუნებით უმზერდა თავის ფშვინვიერ თვალის ახელას, როგორც ბრმა მონაზონი... ამ გაუსაძლის კუნაპეტში, უსაზღვრო გარინდების ჟამს, ამ მარტოობასა და ამდენი ხნის მგზავრობის შემდეგ, უამრავი დაცემის, მარცხის და გარედან შემოსული თუ მისგან გამომდინარე ბოროტების მიუხედავად... როგორც საზღაური...როგორც მადლი...
  ტაბითამ ამ უკიდეგანო სიბნელეში სანთლის ალის ოდენა წითელი სხივი დალანდა, მოციმციმე, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა, იზრდებოდა, მერე მოფარფატე წითელი ნათება კიდევ უფრო გადიდდა. ეს ჰგავდა დედამიწაზე მზის ამოსვლას და  შუაღამისმაგვარ სიბნელეში ქვეცნობიერი მზის ამოანათებას. მან  დაინახა, თუ როგორ ძლიერ აკაშკაშდა უდაბნო. იგი თვალნათლივ ხედავდა, რომ ეს მისი ნათება და ბრწყინვალება იყო. შემდეგ გამოჩნდა უზარმაზარი მზის ბილიკი, ეს ბილიკი თითქოს მას მარადისობისაკენ უხმობდა, რათა ნაბიჯი გადაედგა. ტაბითა ახლადფეხადგმული ბავშვივით დაადგა ამ მოკაშკაშე მეწამულ მზის  ბილიკს და რამოდენიმე ნაბიჯის შემდგომ აღმოჩნდა თვალუწვდენელ და უკიდეგანო  ოკეანის ნაპირთან,  ეს კი ცოცხალ აზრთა და შეგრძნებათა ოკეანე იყო. . 
  ტაბითას ეგონა, რომ თუკიU ოდესმე ჭეშმარიტებამდე მივიდოდა,  ეს ჭეშმარიტება ერთმნიშვნელოვანი იქნებოდა და მას უმალვე გაითვისებდა... მაგრამ აი, როგორც იქნა მივიდა ჭეშმარიტების აღქმამდე და იგრძნო, რომ წინ კიდევ უამრავი რამაა შესამეცნებელი და გასავლელი, ეს იყო უსასრულობის შეგრძნება და განცდა, ამ დაუსაბამო ჭეშმარიტების  ოკეანის  პირისპირ მყოფს გაუჩნდა,  მარადიული მოწაფეობის ერთადერთი სურვილი და თავმდაბლობის ნიშნად თავი დახარა. მიხვდა, რომ აღარასოდეს აღარ მოსწყურდებოდა... რადგან ვინც სათავე იყო ყოველთვის შექმნისა დაბოძებისა, ის თავის უკიდეგანო ქვეცნობიერებაშიაც კი ანათებდა, ის ათავისუფლებდა... რამეთუ მთელი სამყაროსეული სიბრძნე ადამიანის მეობაში უნდა ჩაინთქას და ჩაიძიროს, სიბრძნით გაჯერებული მეობიდან კი სიყვარული ამოიზარდოს. ტაბითას რატომღაც ხორბლის მარცვალი გაახსენდა... იგი თავისი შემოქმედების დანიშნულებასაც მიხვდა... რომ მთელი აღქმული თვალთხილული სამყარო იძირებოდა მეობის სიღრმეში, იქიდან კი ფერებისა თუ ბგერების სახით გადმოდიოდა... მშვენიერებათა და სიყვარულის სიცხადით. უცებ ამ ჭეშმარიტების ოკეანეზე გამოჩნდა ნავი, ნავი, რომელიც ნაპირს ნელ_ნელა უახლოვდებოდა. 
  _ ამოდი, ტაბითა, ნავზე, _ შევცუროთ ცოცხალ აზრთა ოკეანეში, _ მოესმა ნაცნობი ხმა და როდესაც ნავი ნაპირს მიუახლოვდა, მისთვის ახლობელი სახე დაინახა. 
  ტაბითა ყოველგვარი გაოცების გარეშე, ღიმილით უმზერდა მენავეს.
  _ მოძღვარო მანუელ!...
  კომპოზიტორმა ტაბითას ხელი გაუწოდა, ნავზე აიყვანა და ატორტმანებულ ცოცხალ აზრთა ოკეანეში შეაცურა... ტაბითას საოცარი ჰანგები მოესმა. წინ კი ფერთა ჰარმონია ლივლივებდა და ბგერებად იშლებოდა. 
  _ აი, ტაბითა, ჭეშმარიტების ამ უსაზღვრო ჰარმონიაში შენი სიმიც გასწორდა! შენც გაიჟღერე და შეერწყე ამ სულიერ სამყაროს, ჭეშმარიტ კოსმიურ სიმფონიას...
  _ გესმის? _ ყური მიუგდე...შენი ჟღერადობა, შენი სიმი როგორი ნაზია, მშვენიერი, ამაღლებული, _ და ტაბითამ თავის სულიერ ჟღერადობას მოუსმინა.         ახლა მასში ყოველივე ჟღერდა, მუსიკად იფრქვეოდა და ჰარმონიულად ლივლივებდა, მერე კი საერთო ჟღერადობას ხმაშეწყობილად უერთდებოდა. ეს იყო საოცარი და ამაღლებული წამი. ჭეშმარიტებაში იქცე ჰარმონიად და მუსიკად! შენი ხმა გასცე... და შეერწყა სამყაროს პირველ ბგერას!
  _ აქ ყოვლისშემძლე ხარ, ტაბითა, აქ შეგიძლია, მხოლოდ აქ...  მეტყველებიდან შვა _ პირმშო, ამოთქმული აზრი გაასულიერო, გააცოცხლო, ჰარმონიაში გასცე.... წარმოთქვი რაიმე სიტყვა, _ ნება დართო მანუელმა.
  _ ვარდი! _ თქვა ტაბითამ და უეცრად წარმოსახვითი სიტყვიდან წარმოიშვა საშობაო თოვლივით სპეტაკი, თეთრი ვარდი, რომელიც წარმოთქმისთანავე დაეცა ჭეშმარიტების ცოცხალ აზრთა ოკეანეს, როგორც პოეზია!
  _ ამიერიდან შენს სულს შეუძლია მშვენიერება დაბადოს, შენმა სიტყვებმა კი სამყარო შექმნას, არა ხელოვნური, არამედ ამაღლებული, რეალური... ტაბითა აქ ყოვლისშემძლეც კი გახდა, მაგრამ მიუხედავად დიდი სიხარულისა და აღტაცებისა, უაღრესად ღრმა სევდა და ტკივილი იგრძნო...  ეს ტკივილი ყველა შეგრძნებაზე გაცილებით მძიმე იყო... გააცნობიერა, რომ ამ ჭეშმარიტებისა და მშვენიერების ნეტარებაში მარტოა... რომ სხვები იგივეს ვერ განიცდიან... გაფიქრებისთანავე  ცოცხალ აზრთა ოკეანე მთელი სიმძლავრით მიეხალა და იმის მაგივრად, რომ ქვეშ დაეტანა, სალბუნივით დაეფინა მის სულიერებას და ყველა ტკივილი დაუამა... 
  _ რასაც ერთი ეზიარება, იმასვე ეზიარება მთელი კაცობრიობაც...რომ მრავალთ გაუვლიათ ეს გზა და კიდევ მრავალნი გაივლიან, რომ ამ გზაზე არავინაა არც პირველი და არც უკანასკნელი, რადგან რაც მიეცემა ერთს, ის მთელი კაცობრიობის საკუთრებაცაა... _ ეჩურჩულებდა  ჭეშმარიტ აზრთა ოკეანე...  
  შემდეგ მანუელმა პატარა გვირგვინი გაუწოდა და სანამ თავს შეუმკობდა, გვირგვინზე მომცრო მარგალიტი აჩვენა,... ხედავ? შენ... ყოველივე გაეცი ამ მარგალიტისთვის, რათა სანაცვლოდ მხოლოდ ეს ერთი მიგეღო...
  _ თუ ჩემი საკუთრებაა, ხომ შეიძლება ის სხვებსაც გადავცე? _ ჰკითხა ტაბითამ.
  _ შენ ყველაფერი გაიღე ამ ერთისთვის, ამიერიდან ის მხოლოდ შენ აღარ გეკუთნის. გახედე შენს გავლილ გზას,... ხედავ, შენი უდაბნო ჰყვავის, ცოცხალი წყალი დაესხურა. იგი წალკოტად იქცა... შენ გამოხვედი იმ უდაბნოდან, ყველა, ვინც მოიწადინებს, ამდაგვარივე გზით მოვა... 
  ტაბითამ მთელი თავისი ყოფიერებით დაინახა ჭეშმარიტება ამ თვალუწვდენელ, ცოცხალ აზრთა ოკეანეში, რომ მისი დანიშნულება მისივე და საერთოდD ირგვლივ არსებული მატერიის გარდაქმნა და გაცნაურება იყო, იმ მატერიისა, რომელიც თავისავე სხეულს და საერთო ყოფიერებას ერთდროულად წარმოადგენდა, რომ მინერალი მინერალთან, სული სულთან, ორთავენი კი ერთმანეთთან მუდმივ კავშირში არიან, რომ თავისთავად გაცხადებული არიან სიბრძნით, კანონზომიერებით, ხოლო მათი წიაღიდან კი სიყვარული მზესავითაა ამოწვერილი. 
  _ და აი, ისიც, ვინც პირველად ამოგთქვა! _ უთხრა მანუელმა. 
  ტაბითამ იგრძნო, რომ კიდევ უფრო დაიტალღა ცოცხალ აზრთა ოკეანე, თითქოსდა ვიღაცამ უხილავი ხელი შეახო და ასევე უხილავად უკრავდა მის ტალღებზე. იგი ჯერ კიდევ არ ჩანდა...  ეს ჰაეროვან, ქარისმიერ შეხება-შეგრძნებას ჰგავდა, შემდეგ კი თბილი ნიავი ცისარტყელას ფერებად იქცა და მთლიანად გადაევლო ცოცხალ აზრთა ოკეანეს!. ტაბითას სუნთქვა  შეეკრა. შემდეგ ჩასუნთქვასთან ერთად შეიგრძნო, თუ როგორ შეისუნთქა იგი, ამავე დროს მასშივე იყო მისი მარადიული ნაწილი, მისი მე, ამოსუნთქვასთან ერთად კი მთელ სამყაროს ეფინებოდა და იმდენად გავრცობილი იყო, რომ ყოველივეს თავის  სულიერებაში იტევდა: ამ სულთქმასავით ნიავისა და ფერების აღქმისას ტაბითას  ცოცხალმა აზრმა გაუელვა, რომ იგი არსებობდა სამყაროს შექმნის უწინარესს და ამავე დროს ასევე იქნებოდა მარად ჟამს. ის კი, ასე დიადი, ერთდროულად შორეული და ახლობელი, ქვეცნობიერი თვალთახედვითაც უხილავი უზენაესი ნებაა. იგი აღარაა მხოლოდ სიკეთე, რადგან ის მან გარეთ გამოჰყო, აღარც სინათლე, რადგან ნათელიც გარეთ, თავისი არსიდან გამოიტანა. აღარც სიბრძნე, რადგან მისი სიბრძნისმიერი კანონზომიერება და სამართლიანობა უსაზღვროდ, ზეციურ გალაკტიკებს აწონასწორებს. აღარც სიყვარული, რადგან მისი სისავსისგან გადმომავალმა სიყვარულმა მინერალსა და ყოველ ცოცხალ უჯრედში შეაღწია. მისი თავისუფალი ნება თავგანწირვაა ყოველივესადმი და შეწევნა, რომელიც მარადიულობას უკვალავს გზას, ნაწილ-ნაწილ, უმცირეს ნაწილაკშიც იფრქვევა და ყოველივესთან ერთად, რაც მის მიერაა არსებული, კვლავ ერთიანდება... რომელმაც გათქვა ყველა და ყველაფერი, შემდგომ რომ ყოველივე სათითაო, თავისთავადი ნებით კვლავ მის წიაღს დაუბრუნდეს, ერთ მთლიანობად და თითოეულ ღმერთად, რათა თავადაც აღასრულონ თავიანთი შემოქმედება სამარადისოდ, უსასრულოდ...
  ეს გზა კი არასოდეს დასრულდება... 
  ანაზდად ჭეშმარიტების ოკეანე ხასხასა ველად გადაიქცა.
  სანამ  ტაბითა გამოერკვეოდა, უამრავი ბაბუაწვერა მოფრინდა, გარს შემოეხვივნენ და თან წარიტაცეს... შემდეგ ბაბუაწვერების მწვანე ველი მისი საცხოვრებელი ოთახის კედლებმა შეცვალა, ტაბითა დაბრუნდა და ისევ იმ საოცარი სამყაროს ჰანგებს ისმენდა... ამასობაში მაჯაზე ხელის შეხება იგრძნო,  შემდეგ თითებზე და მისი ხმაც ჩასწვდა შორიდან გამოყოლილ ჰარმონიულ ჟღერადობაში.
  _ მშვიდობა შენს დაბრუნებას, ტაბითა! 
  _ ბენი! _  წამოიძახა ტაბითამ და მთელი სიხარული ამ ერთ სიტყვაში ჩაატია.
  _ შენს სახლს ვდარაჯობდი, აქ გელოდი, გამიმხილე, სად იყავი, რა ნახე...
_ოო, უამრავი რამ...
_ კერძოდ?
_ მე ჰარმონია შევიცანი და ჩავწვდი, რომ მეც ამ ჰარმონიის ერთ-ერთი სიმი ვარ. სანამ წავიდოდი, მუდამ მწყუროდა გამეგო სიბრძნისა და სიყვარულის არსი, ახლა კი ვხვდები, რომ აწმყოა სიბრძნე, სიყვარულიც აწმყოში ხორციელდება. წარმავალი წამი ჩვენთვის რაა და ღმერთისთვის მითუმეტეს. სიცოცხლე სინათლეში არსებობაა და მათი შემოქმედების ძალისხმევის უნარი. რაოდენ უსაზღვროდ უსასრულოა ნათელი, რომ მისი ერთეული სხივებიც კი დაგვაგზნებს. სხივს სხვისი თვალით ვერ დაინახავ, ეს თავად უნდა შესძლო.
_ მაგრამ, ხომ ვკვდებით კიდეც?
_ სიკვდილი მიჯნაა... თავადაც იცი, რომ ბოროტება უღმერთობაა, სინათლეში სიკვდილი არ თავსდება. ეს სხეული სცილდება აწმყოს, რადგან მოკვდავია, მარადიულობა აწმყოა, მისი თვისობრიობა ერთ ადგილას არ დგას, შემოქმედია და რაც მასში გამოვლინდება, მუდმივად ცოცხალია. ადამიანს ფრთები გონებაში აქვს და ეს ფრთები მისი აზრია. ორლესული მახვილივით სწორი უნდა იყოს ეს აზრი, აზროვნების ბილიკები კი იმდენად დაწმენდილი, რომ თვითშეგნებიდან განვითარებული კაცობრიობა მასში მელიმურად აჟღერდეს. გულით, გონებით და თვითმყობადი ნებით მარადიულობასთან თანაზიარობა უნდა გვსურდეს. მხოლოდ ტოლი სცნობს ტოლს! ჭეშმარიტების შემეცნების გვირგვინი თავისუფლებაა. იქ, წამით შევცურე ჭეშმარიტების ოკეანეში, რადგან მწყუროდა... წამიერად, სულ ოდნავ შევეხე თანაზომიერებას, თანაბგერადობასა და ერთსულოვნებას, სადაც სიბრძნე, სიყვარული და სიტყვა ერთარსი იყო. ეს წამიერი გაცნობიერება, მარადიულობასთან შეხება, მასთან ზიარებას უდრიდა. რადგან თავად ცოცხალი და დიადია, სრულქმნილი, ადამიანსაც ანიჭებს უნარს თანდათან, წარმავლობიდან სრულყოფას მიაღწიოს. იმწამში მიწიერი დასამარდა, ჩემში სულიერებამ თოთო ბავშვივით გამოიღვიძა და ახალი ნაბიჯი გადადგა. საკუთარ თავში ჩავწვდი ხორბლის მარცვლის საიდუმლოს, რომელიც მიწაში, ყველაზე ღრმა, მიუსაფარ სიბნელეში კვდება, შემდეგ კი განახლებული ძალისხმევით იღვიძებს და ისევ მზისკენ მიისწრაფვის, რადგან თავისი მარადიული ნიადაგი სიცოცხლეში ეგულება.
 _ და მერე? _ კვლავ ჰკითხა ბენიმ, თითქოს არ სურდა ტაბითას საუბარი რომ დაესრულებინა...
 _ ხოლო, რაც მისი დათესილი არ არის, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს, ვინც სიბრძნის ფერიცვალებებს არ მიჰყვება აწმყოს სიცოცხლეში, საკუთარ თავში ჩაკეტილი მორიელივით ნადგურდება. შექმნის ნაცვლად, შემოქმედების უუნარონი გაქვავებული აზროვნებიდან ქვას ესვრიან ჭეშმარიტებას. ზნეობას უზნეობა როდი უთესია... თუმცა ბოროტება დაშვებულია, მაგრამ მისი უდროობის შეცნობით, თავისუფალი არჩევანიდან გამოყოფილი, მაინც სიკეთეს ემსახურება და მასში საბოლოოდ გაქრება.
_ ანუ? ლეღვის ხის ნაყოფი ლეღვია და არა ვაშლი...
_ ის, რაც ნაყოფს არ იძლევა, ხმება! ვინც არ მდიდრდება, უდაბნოს წალკოტად ვერ გადააქცევს. ახალი სამოთხის მებაღეს შენს გულში იპოვი. შენი თვალი, რომელიც უმზერს გარე სამყაროს, ისეთი ბრწყინვალე უნდა იყოს, ისეთი ძლიერი, რომ მინერალისა თუ მცენარის შიგნით გარდაქმნას სამყარო, ამით ყოფიერებაში არსებობას დანიშნულება, რომ მიანიჭო. ფრთიანი აზროვნებით უშორეს გალაკტიკებსა და სულიერ იერარქიებსაც უნდა სწვდებოდე, შენი სიტყვა კი იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ აზრი სიცოცხლედ გააცხადო, დაბადო... თუ კი ხარ ქმნადობის გვირგვინი. მაგრამ თუ სამყარო არ გიყვარს და თვალის მალამო არ გაგაჩნია, იმას, რაც შენს გვერდით, ან დაბლაა, ფეხს არ დაბან! ვერც მადლიანი იქნები და ღვთაებასთანაც არ გექნება წილი... ჰო, ბენი, იყო ღმერთის ხატი, არც ისე იოლია... ჯერ კი ისევ იმ შთაბეჭდილებებით ვარ აღვსილი, რაც შევიცანი. შენც ასევე ამოაწიაღებ საკუთარი ფშვინიერებიდან და შენი სავალი გზიდან უმთავრესს, რაც მხოლოდ და მხოლოდ შენეულია, სულიერებასთან  თანაზიარობას რომ მიაღწიო. ის წამიერება იქ, მარადიულობაში შენთან ერთად აჟღერდება და შეიცნობ, რომ იყავი, ხარ და მარადჟამს იქნები. ახლა კი მადროვე მცირე ხნით, შემდეგ ყველაფერს უფრო დაწვრილებით მოგიყვები.
_ კეთილი, მაგრამ ამ წუთიდან კი რა ვქნათ, ტაბითა? _  ჰკითხა ბენიმ.
  _ გააღე ყველა სარკმელი და კარი, ბენი!  _ ყოფიერებაში გადავეშვათ, ჩქარა! იქიდან კი მარადისობაში გადავაბიჯებთ.

                                                  

განმარტება: 
უგუნურთა მეუფე _ მეფისტოფელი.
მეოცნებეთა მეუფე _ ლუციფერი
რვა ოცდათორმეტი _ შეიმეცნე ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. (იოანეს სახარება)
ათი ოცდათოთხმეტი _ თქვენ ღმერთები ხართ (იოანეს სახარება)
მელექზადექი _ მელქისედექი


    
                           პირობა

“და გაზომა მისი გალავანი ას ორმოცდაოთხი წყრთა კაცის საზომით, რომელიც ანგელოზების არის საზომი”. (იოანეს გამოცხადება)
“ლილიტმა დაანგრია თავისი ქოხი და უცხო, შორეულ მხარეებს მიაშურა, სადაც ადამიანებს ჯერ არ შეედგათ ფეხი” (შუმერული მითოლოგიიდან)

         სიმართლე გითხრათ ამ თემაზე წერას არ ვაპირებდი, ისე, ალაგ-ალაგ, რვეულის ნაგლეჯებსა თუ ყდაზე, უეცრად მოსულ აზრებს ვინიშნავდი. ჩემს ფიქრს, ნააზრევს თუ განცდებს ვერავინ გაიგებდა და ისევე დარჩებოდნენ საჯაროობის გარეშე, როგორც ათასობით სხვა უმნიშვნელო აზრები დანთქმულან დავიწყების დიდ ურნაში. ახლა კი მათ ქმედების უნარი მივანიჭე და საკუთარი თავიდან ამოვათავისუფლე, რათა სხვათა გონებამდეც მიეღწიათ, მათ გაცხადებას კი ყველაზე მეტად კი ერთმა შეხვედრამ მისცა ბიძგი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამის შემდეგ გაცნაურდა, გავიხსენე თუ გაცნობიერდა მთელი ეს საპასუხისმგებლო ამბავი.
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი შემთხვევა იყო. თავდაპირველად იმ პიროვნებასთან შეხვედრას თითქოს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნაადრევი გაზაფხულის ერთ წვიმიან დღეს მოვიდა კაცი ლილიტთან ოფისში და ისაუბრეს. უამრავი ასეთი ადამიანი მისულა მასთან, სხვადასხვა თემებზეც უსაუბრიათ, მაგრამ იგი სხვებზე ამბიციური ჩანდა, არა პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ეგონა ნათელმხილველურ, ხელდასმულ თუ რაღაც ამდაგვარ უნარს ფლობდა, მომავალსაც ჭვრეტდა, მედიტაციებს რიტუალობდა და სჯეროდა, რომ სხვებზე მეტი ცოდნა ჰქონდა. მაგრამ, ცოდნა სათნოების გარეშე ხომ ცალმხრივია?! ცალმხრივობა, ადამიანური პინების გაუწონასწორებლობა, _ სიბრძნეს, მადლს და ჭეშმარიტებას ვერ სწვდება. რაც არ უნდა დიდი ცოდნა შეიძინო, რას გარგებს, თუ სიყვარულში იქნები უსუსური?! და მაშ, თუნდაც ამ სათუუობის გამო, როგორღა უნდა ყოფილიყო იგი ნათელმხილველი?
მას გურამი ერქვა, საკმაოდ წარმოსადეგი გარეგნობა ჰქონდა, დენდივით შემოსილს მოგრძო ჩალისფერი თმა კეფასთან ჰქონდა შეკრული. მისი მქრალი, ღია მწვანე თვალები დამაჯერებლად და ოდნავ უტიფრად იმზირებოდნენ. არ ვიცი რატომ მოვიდა ლილიტთან, ჩვენს საერთო მეგობარ დავითს შეიძლება შემთხვევით შემოჰყვა კიდეც. რა უნდა ეთქვა ლილიტს, ხომ არ ეტყოდა, _ აბა თუ იცი, ბოლოკს მიწის წიაღში წითლად ვინ ღებავს, ან ვარსკვლავ სირიუსზე რა ხდებაო?
_ მე კი ცოდნის სოკრატისეულ შეფასებას ვეთანხმები, _ შეაგება ლილიტმა.
გურამმა მხრები აიჩეჩა და კუბოკრული პერანგი ამ უნებლიე მოძრაობით თითქოს შეისწორა, შემდეგ ოთახის კედელზე დიდ ტილოს დააკვირდა, მეწამულ, ჩამავალი მზის ფონზე გამოსახულ ფლამინგოებს. ეს სურათი ლილიტსაც მოსწონდა. ხელოვნების ენა ერთია ყველასათვის, თუმცა პიროვნების პირად აღქმასაც გააჩნია, რას ხედავს მის სიღრმეში, ან მის ზედაპირზე. ამით ხელოვნების ნიშან-თვისობრივი საზომიც არსებობს და ადამიანის განვითარების დონის შესაბამისად გემოვნების სხვადასხვაობაც. თუ ბახი არ გვესმის, ან ლეონარდო და რაფაელი, ეს ვისი სიმაღლე ან სიმდაბლეა, მათი თუ ჩვენი?! მაგრამ ამ სამყაროში ყველა ერთნაირად ვერ ვითარდება. შევატყვე, ლილიტს სრულებით არ აინტერესებდა რას ფიქრობდა გურამი მომავალზე, არც სათავისოდ და არც საერთოდ...
გურამმა ლილიტის სოკრატისეული გამონათქვამი გაიკვირვა, თან ამით საშუალება მიეცა აზრების კორიანტელი ეფრქვია, საუბარი კი ასე დაასრულა:
_ ადამიანის ფსიქიკის მართვა შემიძლია, ლოგიკას ნებისმიერ თემაზე, როგორც ქოთანს ყურს, საითაც მინდა, იქით მოვაბამო...
_ ჰო, ლოგიკა მეძავი ქალივითაა, შენთან შენია, სხვასთან კი სხვა... თუმცა, მეძავი ლოგიკის გაპატიოსნება რომ შესაძლებელია, ესეც კარგია, კაცობრიობის ცნობიერებას ახსოვს ბევრი ასეთი შემთხვევაც... მაგალითად მაგდალინელი... მან ლოგიკა რწმენით ერთ ჭეშმარიტებას დაუქვემდებარა და ბუნებრივად მოეხსნა ლოგიკური ცთომილებანი და წინააღმდეგობები.
გურამს ეწყინა ლოგიკის მეძაობასთან შედარება, მაგრამ ლილიტმა მსწრაფლ გააგრძელა : _ ნუ მიწყენთ, ამ შემთხვევაში ეს ჩემი ლოგიკააო..
გურამი საუბრობდა ადამიანების მართვის ფსიქოლოგიურ მექანიზმზე, მაკიაველის თეორიასა და მასების ამბოხზე, ძლიერთა მიერ სუსტებზე ბატონობაზე, მოკლედ, რაღაც ჯუნგლის კანონის მაგვარზე, მერე მეტაფიზიკისაკენ გადაუხვია და ღმერთის არსებობასაც დაუსვა წერტილი. თუმცა, რა გასაკვირი იყო, ჯერ როდის თქვა სალვადორ დალიმ: ღმერთი მწამს, თუკი არსებობსო, ნიცშემაც განაცხადა, ღმერთი მოკვდაო... მაგრამ მათ არ უთქვამთ ნათელმხილველები ვართო. გურამი პროფესიით მეტაფიზიკოსიც აღმოჩნდა, ლილიტს კი გულუბრყვილოდ ეგონა, მეტაფიზიკოსები ღმერთს აღიარებდნენ, მეცნიერ აინშტაინსაც კი, ფარდობითობის თეორიის შემქმნელს, მაინც ღვთაებრივისა და ღმერთის კანონზომიერების სწამდა. ლილიტმაც მეცნიერულად უპასუხა:
_ მახსოვს, ოდესღაც მასწავლეს, ბუნებაში ენერგია არ იკარგება და ბუნებრივია, არსებობს ამ ენერგიის მუდმივი წყარო, მის გარდაქმნებზე რომ აღარ ვისაუბროთ, მუდმივობის კანონიც არსებობს და საერთოდ ვინმემ ან რამემ ხომ უნდა მისცეს ბიძგი, პლანეტები ერთ მთლიან, კანონზომიერ მოძრაობაში მოიყვანოს?
_ მეტაფიზიკა სულ სხვაა, მეცნიერება ან ფილოსოფია კი სხვა... პირველს უფრო მაღლა წარმოვიდგენ...
_ ტენზორებსა და ვექტორებს რომ შევეშვათ, სინათლის სიჩქარესაც რომ გავცდეთ, ხომ არსებობს ტახიონების სულ სხვა სიჩქარეც?
_ დიახ,…….და ….  ამით რისი თქმა გსურთ?
_ მათემატიკური აქსიომა როგორია? იქ, სადაც ციფრული გაანგარიშება მიმდინარეობს, შესაძლებელია ყველაფერი არსებობდეს, სხვა განზომილება, სხვა სამყარო, სხვაგვარი სიცოცხლე და საერთოდ ყოველივე, რასაც გონება ვერ სწვდება, სადაც სხეული ჩვენეულ აღქმით კანონზომიერ მექანიზმს კარგავს, დასაშვებია სულს სხვა ფორმა ჰქონდეს, თავისებური სამოსი ეცვას, ან სხვაგვარად იყოს გაცხადებული, თავისუფლად და თავისთავად,... მატერიალურის გარეშე.
_ ასეთი რამ შეუძლებელია ჩვენი წარმოსახვისთვის, მეცნიერებს იოლი გამოსავალი აქვთ, რაც ცდით არ დასტურდება და ხილული არაა, ის მცდარია.
_ განა შეიძლება თქვენი ნათელხილვა, რომელსაც ცდით ვერ ადასტურებთ, სწორი იყოს? _ ჰკითხა ლილიტმა.
_ მე ხომ მხოლოდ მეცნიერი არა ვარ, წარმოსახვებს არ ვთრგუნავ, პირიქით მეტ თავისუფლებას ვანიჭებ, სხვის აზრებზე ზემოქმედებას ვახდენ,… ადამიანებს ტრანსის დროს შეუძლიათ წინა ცხოვრებებიც გაიხსენონ.
_ ოჰ, მაგრამ ჯერ ერთი ცხოვრება რაა და წარმოდგენა იმისი, რომ ასჯერ დაიბადო და გარდაიცვალო უფრო რთულია, ვიდრე იცოდე, ერთი სიცოცხლის გავლით ან ჯოჯოხეთში მოხვდები, ან სამოთხეში. მაინც ხომ უნდა იყოს შენსა თუ სხვათა ხილვებში საერთო და ამოსავალი? ასე ხომ ტელეეკრანებზეც გადის ტიტრები რეკლამის სახით, _” ნათელმხილველი მიშა, რომელიც კურნავს და მომავალს წინასწარმეტყველებს.”
_ ჩემი წარმოსახვა ჩემთვის ხილულია, ამავე დროს ზემოქმედების მქონე...ეს არის და ეს.
_ და განა თქვენი ხილვები ობიექტურია?! ან ნებისმიერი ზემოქმედება ხომ ძალდატანებაა...
_ რადგან რეალურად ვარსებობ, ჩემი წარმოსახვაც რეალურად მიმაჩნია, წინასწარ რაც მითქვამს, ახდენილა, ჯერ არ შევმცდარვარ. ადამიანი წინა ცხოვრებაში დათესილს მომდევნო ცხოვრებაში იმკის, ეს კი მიზეზ-შედეგობრიობის უწყვეტი ჯაჭვია, თუმცა წინა დანაშაულის გამოსწორების შესაძლებლობა განურჩევლად ყველასა აქვს, თორემ გარდაუვალი ხვედრით შემდგომ მიეზღვევა იგივე, იმისგან, ვის მიმართაც რა საქციელი ჩაიდინა... ასე ასწორებს იგი ბედს და თავის ნამოქმედარს ვერ ასცდება.
_ ანუ, თქვენი სხეულის შიგნით ვესაუბრები მას, ვინც მეტყველი და მუდამაა.
_ ეს ჩემი მთლიანი კონსტიტუციაა.
_ და ფიზიკურის გარდა სხვა სხეულებიც გაგაჩნიათ?
საუბარში უეცრად დავითი ჩაერთო, ფეხზე წამოდგა, მე გადმომხედა, მთელი ამ დიალოგის მსმენელს და ყველას ერთად შემოგვთავაზა:
_ ოთახში, სადაც კატა არ არის, თავი დავანებოთ მის ძებნას და წავიდეთ, რიობარში გეპატიჟებით, გავერთოთ, მუსიკა, შამპანიური... იქ განახლებული სტრიპტიზ შოუა, ამინდიც ისე მომაბეზრებლად ღრუბლიანია... მოკლედ, ასე სჯობს, თან ჩვენი გაცნობაც აღვნიშნოთ.
ლილიტს გაეღიმა:
_ ვინ წარმოიდგენდა, რომ დღეს აქ ერთმანეთს შევხვდებოდით, საღამოს კი ბარში დავასრულებდით? თუ ბედის გარდუვალობის კანონზომიერება მოგვთხოვს, როგორ მოვიქცეოდით? გურამი წინასწარმეტყველია, მე _ მაკედონელი, დავითი _ მანუგეშებელი, ეს ჩვენი ავტორი გაუტამა და როცა ესოდენ ღირსეული საზოგადოება ბარში კუდიანებს არულს შეუძახებთ... ვერ შემოგიერთდებით, ამ საღამოს გადაუდებელი საქმე მაქვს. გურამისაგან მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, როგორი ან რომელი სიმაღლის ნათელხილვა აქვს.
ლილიტმა აშკარად გადააჭარბა, შეცბუნებული გურამი გამოცდაზე ჩაჭრილ აბიტურიენტს ჰგავდა, გამაოცა მისმა შეკითხვამ, რადგან მან ისე ჰკითხა, პასუხიც უნდა სცოდნოდა, ანუ ხედავდა ხატ-სახეების სახით, ესმოდა ზეგარდმო ხმის თუ შინაგან შინაარსობრივად ინტუიციურად ეხებოდა, ხელდასმის საფეხურებზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ ღმერთი თუ არა სწამდა გურამს, როგორ უნდა ეხილა ნათელი? ან ვისგან უნდა ყოფილიყო ხელდასმული?
_ მე ჩემი ხილვები მაქვს და ამით არავის არ ვაწუხებ, პირიქით... ადამიანებს რთული გზებიდან უიოლესს ვთავაზობ, თუ როგორ უნდა დააღწიონ თავი განსაცდელს, თანაც რჩევებს უანგაროდ ვარიგებ.
_ მაგრამ, ხომ შეიძლება ხილვები Mმაცთურისაგანაც მოდიოდეს?
_ ცთუნება, შემთხვევითობა ყოველთვის მოსალოდნელია...
_ თუ გარდაუვალი კანონზომიერება არსებობს, შემთხვევითობას როგორღაა?!  პირობა თუ გახსენდებათ? _ ანაზდად იკითხა ლილიტმა და სათითაოდ შემოგვხედა.
_ რა პირობა? _ გაიოცა გურამმა.
_ პირობა მიეცი თუ არა ღმერთს.!!!!. შესაძლებელია მომავლის განჭვრეტაც, წარსულის გახსენებაც, შეიძლება სამოთხეც გააცნობიერო, მაგრამ უმთავრეს! პირობას თუ გაიხსენებთ?
გურამი არა მხოლოდ დაბნეული, გაოგნებულიც ჩანდა, წარბები ასწია, უწყლოდ დარჩენილი თევზივით პირი გაეღო, ეტყობოდა რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ, აზრის გადმოცემას ვერ ახერხებდა ან კიდევ ფიქრობდა, რა ეთქვა.
ისევ ლილიტმა დაასრულა _ ეს ისე, სხვათაშორის ვთქვიო. გურამიც დააიმედა, თუკი ეძებთ, ოდესმე აუცილებლად მიაგნებთ. შეგნებულად თუ შეუგნებლად ყველანი ვაკაკუნებთ, მხოლოდ კარს გააჩნია, რომელზე აკაკუნებ და სად გინდა. ღვთაებრივის წვეთი ყოველ ცალკეულ ადამიანშია და მისი განვითარება უნდა იყოს მიმართული ღვთის უშინაგანესი ბუნების აღბეჭდვისაკენ, თურმე. ხოლო ყველა საგანი თავისი მრავალფეროვნებით ღვთაების გაცხადებაა, ანუ ყველაფერს, რასაც სახელს ვარქმევთ- ვიმეცნებთ.. სახელი, საუფლო და ნება, ესაა, რაც ღვთაებრივიდან ჩაიღვარა ადამიანის ბუნებაში, და ის, რაც ჩაბეჭდილია ადამიანში, უნდა განავითაროსო... ქვეცნობიერი _ ზეცნობიერია, გარეთ ვიმეცნებთ სამყაროს და თითოეულ სხეულს, მოვლენას სახელებს ვარქმევთ, ახლა კი მსურს ჩემს შიდამეურ სამყაროს დავარქვა სახელი და მივიჩნევ, სადღაც შორეული ვარსკვლავი თუ გაკრთა და ჩამოვარდა ის ჩემში მოხდა, ან იმ ქოთანში,სარკმელზე რომ დგას, გარდენია როცა ჰყვავის ის ჩემში აყვავილდა. მისი ჭკნობაც და კვლავ განახლებაც ჩემშივე ხდება. რასაც ვიმეცნებ ის უკვე მე ვარ! _ სამყაროს ქმნადო ბისა და განახლების მარადიული თანაშემოქმედი. უჩემოდ არაფერი არ ხდება, ყოველივეში თავად ვარ მონაწილე და ეს თანამონაწილეობა მანთავისუფლებს, არა წამიერად, არამედ სამარადჟამოდ. ჩვენ არა ვართ ყოფიერების მტვერი, ან ერთი უმნიშვნელო, გაელვებული აზრი მაკროკოსმიური გონებიდან, რომელიც ბუმერანგივით ისევ მას უბრუნდება. ადამიანის არსი უფრო მეტია, ვიდრე მთელი ვარსკვლავეთი თუ მეტაგალაქტიკა, რადგან მან უფალი უნდა დაიტიოს და მასთან ერთადაა თანაშემოქმედი, როცა გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ მთელი სამყარო და უფრო უმეტესიც... თავადაც ღმერთები უნდა გავხდეთ. უფლის ბაგა ჩვენს მეობაშია და თუ მარადიულობის ღმერთი ჩვენშია, თავისსავე უნარს ჩვენც გვანიჭებს, თანაგვეზიარება და გვანთავისუფლებს თუ მის გზას ვადგავართ.
აქამდე გარეთ ვიმეცნებდი, ვეშურებოდი უცხო მხარეებს, სადაც ადამიანებს ჯერ არ შეედგათ ფეხი, ახლა კი შიგნით ვეძებ ჩემს მარადიულ სახელს და მისი მიგნებით შესაძლებელს გავხდი ჭეშმარიტად დავარქვა თავიანთი სახელები ყოველივესო.. _მთელი ე მონოლოგი აღსარებასავით გამოუვიდა ლილიტს.
_ ეს თქვენი უფლებაა, _ დაეთანხმა გურამიც.
შემდეგ ლილიტმა ისიც ჰკითხა,  მზის გადაადგილებას ზოდიაქოდან ზოდიაქოში თუ რამდენი დრო სჭირდება.
_ ორიათას ას სამოცი წელი, _ უპასუხა გურამმა. მზის სრულ გადაადგილებას თორმეტ ზოდიაქოში სჭირდება ოცდაექვსი ათასი წელიწადი და მისი მეთორმეტედია ორიათას ას სამოცი წელი, აქედან განისაზღვრება კაცობრიობის განვითარების კულტურები და ეპოქები.
_ რომ წარმოვიდგინოთ, რამდენი საუკუნე დასჭირდა ადამიანის სამშვინველის განვითარებას შემეცნებამდე და კიდევ რამდენი დრო დასჭირდება მასში განბეჭდილი ღვთაებრივი წილის _  სულის განვითარებას, თვითშემეცნებული სამშვინველიდან ზეაღსვლას, ანუ როდის აღსრულდება ეს...
_ კერძოდ?
 შემეცნებიდან მოქმედება.!!!
_ ადამიანის მატერიალიზების მიზანია მატერიის ზეცაში დაბრუნება. როცა დაბრძენებული ადამიანი სიყვარულით გაადნობს, გაალღვობს ძვალს, მატერიას და სხეულს, სულის საბოლოო განვითარებამდე, ამიტომაც არ შეიძლება თავისთავად არსებული წმინდა სულის უარყოფა. მისი უარყოფით ჩვენს თავსაც უარვყოფთ და ბოროტი ძალების კერძები ვხდებით.
_ ესაა მითები სულიწმიდაზე და ქრისტეზე, რომელიც უსუსურმა ადამიანებმა გამოიგონეს, ცხოვრება ბრძოლაა, ამ ბრძოლაში ყველა ხერხით უნდა გაიმარჯვო.
_ მაგრამ სიძულვილს სიძულვილით ვერ მოსპობ, ვერც ბოროტებას ამოშანთავ ბოროტებით. გამოსავალი ბრძოლაში არ არის, გამოსავალი მხოლოდ მის შემეცნებაშია და აქედან _ უარყოფაში. განა უსუსურად არ გრძნობ თავს ამ ბრძოლაში? აქ დამარცხება გარდაუვალია, უკეთურებას თავისი იარაღით ვერ დაამარცხებ და ვერ აჯობებ თუ სათნოება არ დაიუნჯე. ადამიანებმა რომ ვიცოდეთ, თვითოეულ ჩვენთაგანში, უფრო ნათელი მზეა, ვიდრე გარეთ და თითოეული, სიცოცხლის სული ჩაუქრობელი კელაპტარივით როგორ ანთია, ნუგეშიანად ვიგრძნობდით თავს და უფრო ზეაღმატებულსაც შევძლებდით, ვიდრე წარმოგვიდგენია. ღმერთი ადამიანებში გამრავლდა... თითოეული ადამიანი  ღმერთის შვილია, რომელთაც უნდა შეძლონ თვითაღზრდა ძემდე და მამამდე, ვინაიდან ძე კაცისას იდეალი, ძე ღმრთისაა, მხოლოდ ასე მიაღწევენ ერთიანობას ერთში და მშვიდობას, როცა ცრუ ყოფიერებით უძღები ძე კაცისა ფერს იცვლის ძე ღმრთისად საკუთარ არსში. და თუ შენ მას უარყოფ, მაშინ საკუთარ თავზე ამბობ უარს, რომ თავად ხარ უსუსური, ყოფიერების მტვერი, არარაობა და მხოლოდ თიხა. მეტაფიზიკა შესაძლოა იხედებოდეს გარეთ და შორს, მაგრამ ამავე დროს შენს შიგნითაცაა, რადგან მხოლოდ თიხა რომ ყოფილიყავი, ვერ იაზროვნებდი. იმიტომაც შევედით ცოდვის ჯაჭვში, რომ თავისუფლება მოგვეპოვებინა. თავდაპირველად არ არსებობდა ადამიანის საკუთარი, პირადი ცოდვა, თუმცა ჩვენს გარეშე არც არაფერი  მომხდარა, ჩვენი ცოდვა იწყება მარადიული ჭეშმარიტების შემეცნების სულის უარყოფით, რომელიც წმინდანთა წმინდაა, უმთავრესი კი შენივე არჩევანია, თუ სად გსურს... ღმერთთან ან… მამონასთან. სხვა გზა არც არსებობს. ეს ჩვენი მრწამსია. მე არ გეკამათები, რადგან ამ არჩევანშიც თავისუფლები ვართ... თუ გსურს მიიღე, ან _ არა.
გურამი წამოდგა, საუბარი აღარ გააგრძელა. დავითიც ფანჯარასთან იდგა და ეტყობოდა წვიმას უსმენდა. მას ვერ გაეგო ლილიტის, ამ ხანგრძლივ დიალოგს, განა არ სჯობდა თავისებური მომავლის ჭვრეტით ემსჯელა გურამს, თუნდაც საკუთარი თავი ან ლილიტიც მოეტყუებინა? მაგრამ არსებობს სხვაობა ადამიანის სურვილებსა და განვითარების დონეებში, _ “ყველა ხისგან მერკურის გამოთლა შეუძლებელია”.
დავითი და გურამი დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ.
ლილიტმა საქმეები მოიმიზეზა, მეც შინისაკენ გავეშურე...
მაგრამ, მთელი ეს დღე ჩემთვის გამოცანად იქცა...

* * *
 	ყოველივე კი იმით დაიწყო, რომ... სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა სამყარო.
ის, უსხეულო სინათლის სვეტივით აღმართული, უკიდეგანო სხივებად იფრქვეოდა. მისი ყოვლისმომცველი ნათელი, ერთ მთლიან მოელვარე შადრევანს ჰგავდა, ბრწყინვალებდა და უსასრულობას აკაშკაშებდა იერარქიის სათავეში, ყველაზე მაღლა...
მის ქვემოდ კი მკვეთრად გამოყოფილ თეთრ საფეხურებზე ნათლის სხვადასხვა სვეტები ირხეოდნენ. ჩვენც იქ ვიყავით, მილიონი თუ მილიარდი ჩემგვარი სული, რომლებიც იმ უმაღლეს შემოქმედებით ნათლეს თანავეზიარებოდით. იქ წყდებოდა ჩემი თუ ჩვენი ბედი... სადაც სიყვარული, ერთიანობა და მშვიდობა სუფევდა... მაგრამ, უცხო ევოლუციაც ახლოვდებოდა ბოროტების იერით და ეს სიძულვილის ძალა გაუთვითცნობიერებული იყო იქ მყოფთათვის, უკეთურება და სიძულვილი სულიერ არსთათვის შესამეცნებელი იყო.
     უმაღლეს ნათელში, სრულყოფილებაში, ბოროტებაც კი იწმინდება. თუმცა, სიყვარულს სიძულვილი უპირისპირდებოდა, ჰარმონიას და წესრიგს. ქაოსი, სიკეთეს _ ბოროტება, სინათლის სულიერ სამყაროში ბნელი ვერ შეაღწევდა, მაგრამ... მაგრამ უნდა გაცნობიერებულიყო მისი შინაგანი უარსობა, ეს კი ჩვენზე, მილიონობით სულზე იყო დამოკიდებული მივიღებდით თუ არა ძალდაუტანებლად ადამიანურ სვეს, ორსქესად დახლეჩას, ტანჯვას, სიბილწეს, გაძლვალებასა და სიკვდილს, რომ უნდა გავმდიდრებულიყავით უმართებულობის მამონით და უზარმაზარი ნახტომით გადაგვევლო სულიერი განვითარებისათვის, რათა ჭეშმარიტი, ღვთიური თავისუფლება მოგვეპოვებინა, ან უნდა მიგვეღო მატერია ან არა... ეს იყო ჩვენი სულიერი წინსვლის გზა, რომელიც არ უნდა შეჩერებულიყო და ათასგზის დაცემის, კვლავ წამოდგომის, გაუსაძლისი ტანჯვის, უმძიმესი ტკივილით, _ ჩვენივე არჩევანით შინ უნდა დავბრუნებულიყავით, რათა გაგვეხსენებინა პირადი მარადიული სახელი, არანაირი სიმდიდრის და წარმავალი სიტკბოების ფასად არ დაგვეკარგა უზენაესი სამშობლო _ სიყვარულის საუფლო, როგორადაც არ უნდა გავიხსენოთ სულიერი სამოთხე, უნდა გავაცნობიეროთ უპირველესად პირობა.!!!
მივეცი კი ღმერთს პირობა, ყველა ტანჯვის, გარედან შემოსული ბოროტებისა და საცდუნებლების მიუხედავად, მრავალჯერ დაცემით მაინც წამოდგომას შევძლებდი, მიყვარდა კი სიყვარულის სამშობლო იმდენად, ისევ იქ, იმ დიად ერთიანობასა და მარადიულ სინათლეში დავბრუნებულიყავი სანეტაროდ. მომეხადა ბოროტების სახადი, განკურნებული, დაწმენდილი თვითშეგნებით, თავისუფალი არჩევანით, სიფხიზლითა და სიცხადით, ისევ მასთან ვზიარებულიყავი.
ლილიტმა ალბათ გააცნობიერა, რომ ეს პირობა უნდა მიეცა უფლისთვის. შევრძწუნდი და თავად დავუსვი კითხვა საკუთარ თავს: ვიყავი კი ის სული, რომელიც ღმერთს, ნათელსა და სიყვარულს მისცემდა პირობას რომ ვიტვირთავდი მძიმე ადამიანურ ჯვარს, ტანჯვით ვატარებდი ყოველ არსებობაში, გარედან შემოსული ყველა ცთუნებისა და ვაების გადალახვით, მაინც დავბრუნდებოდი შინ! მხოლოდ ასორმოცდაოთხიათასმა სულმა ძალდაუტანებლად მისცა პირობა ჭეშმარიტ სიყვარულსა და სინათლეს, რომ აღასრულებდნენ თავიანთ მისიას. მილიარდობით სული მათ პირობას ჩამოჰყვა, მათით დაიწყო მთელი ეს ადამიანური ხანგრძლივი გზა კაცობრიობის განვითარებისა, რადგან დაუმსახურებლად არავის არაფერი არ მიეცემა და ასეც რომ არ ყოფილიყო, უპიროდ როგორ უნდა გვეცხოვრა ამქვეყნად, თუკი ადამიანური დანიშნულების მიზანი არ გაგვაჩნია? ან ამ წარმავლობისგან რა გვსურს? თუ, უფრო იოლია უპირობოდ ცხოვრება?! ახლა მხოლოდ ერთმა კითხვამ შემიძრა გული, _ ვიყავი კი იმ ასორმოცდაოთხიათასიდან ერთ-ერთი? თუ უპიროდ, უშინაარსოდ, ბრმად ვარსებობ და მხოლოდ სინათლისაგან, მისი მადლისაგან ველი წყალობას, იმ პირობას, რომელიც თავად ღმერთმა აღუთქვა კაცობრიობას განურჩევლად, ვისაც ჭეშმარიტ შემეცნებასა და სიყვარულში ძალისხმევა ექნებოდა, ვინც მოიწადინებდა საუკეთესოს, გაასწორებდა თავისი აზროვნების ბილიკებს და უპირობოდ მაინც შინ დაბრუნდებოდა.
ხოლო, ვინც თავისუფალი არჩევანიდან წარმავლობისა და უკეთურებას აირჩევს, სიძულვილის ძალას გაჰყვება, როგორც ნადავლი...
ლილიტისათვის ეს პირობა იყო უმთავრესი, სადაც არ უნდა ეარსება, რომელ ეპოქასა თუ ცხოვრებაში, ათასჯერ რომ გარდაცვლილიყო, კვლავ ისევ და ისევ დაბადებულიყო, ყოველთვის გაეცნობიერებინა, როგორ უნდა დაუბრუნდეს მარადიულ სამშობლოს და მასთან ერთად სხვებიც მიიყვანოს, თუნდაც ისინი, ვინც პირობა ვერ მისცა, მაგრამ გააჩნიათ ქვეცნობიერი ხსოვნა ზესაუფლოსი და ძალისხმევა, გზა გაიგნონ იქამდე, საიდანაც ოდესღაც წამოვიდნენ.
და მეც, ვინც ან სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მეფედ თუ გლახაკად, გლადიატორად თუ მონად გალერაზე, სატუსაღოს საკანში, სხეულის პატიმრობაში, თუნდაც სიკვდილის მარწუხებში ქცეული, მაინც ყველგან და ყოველთვის ავაფრიალებდი სულიერი თავისუფლების იალქნებს მარადიული სიცოცხლისათვის.
ალბათ, გურამი მართლაც ნათელმხილველი იყო, მისი ერთი სტუმრობით წარსული და მომავალი ერთდროულად რომ გამაცნობიერებინა, ან ლილიტი?! ლილიტი კი ვინ იყო?... მეამბოხე, საკრალური კერიის ცეცხლის ნაპერწკალი თუ მფარველი, რომელმაც დაანგრია ქვის გარე სახლი, საბურველი გადაიწია და შინ შეიხედა...


2006 წელი, 10 აგვისტო.

     
             იდუმალი სამსჯავრო

ქალს, ნამდვილად არ მოეჩვენებოდა ზაფხულის ეს ჩვეულებრივი დილა არაჩვეულებრივად, გამოღვიძებისთანავე, უცბად რომ არ გახსენებოდა, სხვა მამაკაცის მხრებზე თუ რად ედო თავი. სამოსი რაა, ლეღვის ფოთოლიც კი არ ჰქონდათ აფარებული, მთლიანად შიშვლები იყვნენ. თუმცა რა, იმ პირველცოდვით ჯერ როდის შესცოდეს ადამმა და ევამ. არც ქალისთვის და არც კაცისთვის იყო სექსი უცხო ხილი. თან ორმოც წელსაც უახლოვდებოდნენ. მაგრამ ნათქვამია: ცხოვრება ორმოცი წლის შემდეგ იწყებაო.
იმ საღამოს ცოტაოდენი სასმელი შესვეს, როკის ფონზე იცეკვეს, და... უნებლიედ ერთ საწოლში აღმოჩნდნენ.
აღმოჩენას ყოველთვის ვერ დავაგვირგვინებთ “ევრიკას” შეძახილით, როცა არ ელი და თავისით მოხდება რაღაც, თითქოს საკუთარ თავზე კი არა, თეატრის სცენაზე თუ ტელეეკრანზე ხდება მოვლენები, სადაც უხილავი რეჟისორის მიერ იდგმება სასცენო ყოფითი დეკორაციები და თანდართულ გუნდთან ერთად მონაწილეობ.
ადამიანები მარიონეტებს ჰგვანან, მათი ჩამოხრჩობა იოლია, ბაწრები ზედვე აქვთ, _ გამიმხილა ჩემმა მეგობარმა ლენციმ, რაშიაც ვეთანხმები. ბედი არსებობს და საბოლოოდ ყოველივე მას ბრალდება, ჩვენ კი მხოლოდ მის დაკვეთებს ვასრულებთ დამსახურებისდა მიხედვით..
ამ ამბის ერთადერთი უჩვეულობა და მოვლენის სიმძაფრე ისაა, რომ მამაკაცი ქმრის მეგობარი იყო.
ქალს მომხდარზე ბევრი არ უფიქრია, მოსახდენი მოხდა და რაღა ეშველებოდა? იმასღა ფიქრობდა, ამიერიდან როგორ უნდა ეცხოვრა ქმართან. ის კი გაიაზრა, საწოლიდან წამოდგებოდა თუ არა, მოხურავდა ამ სახლის კარს და აღარ მოისურვებდა ქმრის მეგობართან შეხვედრას, მაგრამ, ამ დღის შემდეგ, როგორ გაგრძელდებოდა ოჯახური ურთიერთობა, ვეღარ წარმოედგინა. ქალს თითქოს ცხოვრება ორად ეყოფოდა და აღარ იცოდა რომელი გზით ევლო.
კაცს ჯერ ეძინა... სანამ გაიღვიძებდა, შეიშმუშნა, მარჯვენა ფეხით ქალის მუხლები მოიმწყვდია, ხელით კი შეეცადა მისი სავსე მკერდი ჩაებღუჯა, ძილბურანში უცბად გააცნობიერა, ვის გვერდითაც იწვა, ქალის ხავერდოვან კანს თეძომდე ხარბად დაუსვა თითები და თმათა სურნელიც შეისუნთქა.
მრავალი წელი ამ ქალზე ოცნებობდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მისთვის აკრძალული ხილივით იყო. თუმცა როდის შეუსახლდა ის გულში, აღარც ახსოვდა. ღამეები აღარ აძინებდა მისი წყურვილი და ყველა ქალში, ვინც კი ჰყოლია, მას ხედავდა. ეს იყო საკუთარ თავთან ხანგრძლივი ჭიდილი და ბრძოლა.
იმ საღამოს კი, ცეკვის დროს, ქალმა თითქოს გამოიწვია, ისე განსაკუთრებულად აკოცა, რომ... ეს კოცნა ჰგავდა უეცარი მოხელთებით, საკბენად შემართულ კობრას კოცნას, როცა ორთავე მსხვერპლივითაა, კობრაც და ადამიანიც. პირველი კოცნით დამარცხდება, ხოლო ადამიანი _ თუ კობრამ დაასწრო _ სიკვდილით. ახლა კი თითქოს ქალმა მონუსხა კაცი, ძალა გამოაცალა, წინააღმდეგობის უნარი მოუსპო, რადგან ქალი იმწამს ერთდროულად კობრაც იყო  და მკოცნელიც. ისინი ცეკვავდნენ. უცბად მსუბუქი მოძრაობით, მოულოდნელად ერთი ჰაეროვანი ნახტომით ღიმილით ბაგეგახსნილმა ქალმა, ასევე ბაგეგახსნილ კაცს აკოცა. ეს კი იმ მუსიკალური ნოტის დამსახურება იყო, რომელმაც ეს კოცნა ასწია. შემდეგ გაოგნებულ კაცს იდუმლად გაუღიმა და ცეკვა განაგრძო.
ქალისთვის ეს ბუნებრივად და თავისუფლად მოსული მუსიკასთან შერწყმული ცეკვის ერთ-ერთი ილეთი იყო, კაცისათვის კი ერთდროულად ნგრევაცა და სიახლის დასაწყისიც.
რაც უფრო ღრმად შეიცნობს ქალი კაცს, მით უფრო იზრდება ქალის ფასი, რადგან ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, კაცთ, ფიზიკური სხეულის და მასში დატყვევებული სურვილებისა და ვნებების მონა-მეობის გარდა აღარაფერი გააჩნიათ. აქ კი იზრდება ქალის იდუმალი, ფარული ხიბლი და კაცის ფუჭი, წარმავალი ნეტარებები უფასურდება.  
ქალმა იგი მომაჯადოვებლად მონუსხა. ამიერიდან რომ აღარ ეკოცნა, კაცს ალბათ გული გაუჩერდებოდა. ის კოცნა სამოთხის ხიდან აკრძალული ნაყოფის მოწყვეტას ჰგავდა...
კაცს ეგონა, საკუთარ სურვილებს ფლობდა, ვნებებსა თუ გრძნობებს, აქამდე ჯაბნიდა კიდეც, შეძლებისდაგვარად ძლევდა ყველა სხვა სირთულეს, სიკვდილსაც კი არ ეპუებოდა, მაგრამ სიყვარული ტყვიასავით ძლიერი და ცხელი აღმოჩნდა. არადა, როგორ უნდა შეეხედა ახლობლებისათვის ან ქალის ქმრისთვის თვალებში, განა რა კაცური საქციელი იყო, გამართლებაც  არ ჰქონდა... ესმოდა, მაგრამ თავისივე სისუსტისა და უსუსურობის უკვირდა, როგორ ვერ შეიკავა თავი, წონასწორობა რამ დააკარგვინა. ამავე დროს უზღვავ უცხო ძალას გრძნობდა, გულში თუ უზარმაზარ წარღვნასავით წამლეკავ გრძნობას ატარებდა  არ იცოდა.
ქალმა კაცის მკლავებიდან გათავისუფლება და წამოდგომა სცადა, მაგრამ იგი სისხლმოწყურებული მტაცებელი ნადირივით, როგორც ნადავლს, ისე დააცხრა...

2

სიყვარულის გარდა, ამ ამბის შემსწრენი იყვნენ: _ ზნეობა, სინდისი, სამართალი, ბედი, ცდუნება და სიცოცხლე.
ისინი დუმდნენ, როცა სიყვარული ზეიმობდა და ტკბებოდა.
შემდეგ კი გარს შემოერტყნენ და კამათი დაიწყეს, ერთმანეთს აღარ აცლიდნენ, ყველაზე გაგულისებული ზნეობა იყო და ცდუნებას ადანაშაულებდა.
_ ასეთი რამ დაუშვებელია, ცდუნების ბრალია, აქამდე ქალიც და კაციც ზნეკეთილები იყვნენ, მან კი ისინი ცოდვის მონებად აქცია.
ცდუნებამ მხრები აიჩეჩა, _ ჩემი კი არა, ტრფობის მონები არიან... ცდუნება უნდა მოვიდეს... ეს ბიძგები დასაშვებია თუნდაც გრძნობათა ვულკანები გამოიწვიოს.
იმდენად თავხედი იყო, სიყვარულს ადანაშაულებდა, ის არის ამ ქმედების წყაროო.
ზნეობა თავისას არ თმობდა.
_ მათში მორალური სხივი უმწეო აღმოჩნდა, ცდუნებაც არის და ცდუნებაც, ეს ის ცოდვაა, რომელიც შესაძლოა გამრავლდეს, თუკი გაიგო, არავინ იცის, ქმარი როგორ იმოქმედებს. ქალიც და კაციც სამართლიანად უნდა დაისაჯონ... მათ სინდისი  ქვენა გრძნობებით გადარეცხეს.
სინდისს უკვირდა, დადუმებული და მიძინებული რად იყო, ახლა მათ გულში, არა მხოლოდ სხეულით, სისხლითაც ერთვოდნენ ერთმანეთს, ეს კი სინდისიერ სიწითლეს აღარ იწვევდა... სინდისი ადამიანებში ღმერთივითაა, იგი ყოველი უგვანი, ურთიერთშორისი საქციელისას ფხიზლობს. ნუთუ ქალი და კაცი ღმერთს აუჯანყდნენ? ამ ამბოხისთვის უნდა განსჯილიყვნენ.
ზნეობამ და სინდისმა სამართალს მიმართეს.
_ როგორ განვსაჯო, კანონით თუ სამართლიანად? _ იკითხა სამართალმა.
_ როგორც გენებოს, _ უპასუხეს.
_ კანონით თუ განვსჯით, მათ დააშავეს, შესცოდეს, ცდუნებას მათი გულების  დაპყრობის საშუალება მისცეს, ვერ უგულველყვეს წუთიერი სიამოვნება, დანებდნენ, შეურაცხყვეს უდანაშაულო ადამიანი _ ქმარი. და ქმარმა უნდა გადაწყვიტოს ქალის ბედი, გაუშვას ცდუნების გამო, თუ მიუტევოს, მაგრამ თუ გონება სიბრაზისაგან დაებინდა, შესაძლებელია ისიც, თავისი ქმედებით ცდუნებას აყვეს.
_ მერედა ქმარს ვინ ეტყვის?
_ დაფარული შესაძლოა ყოველთვის გამჟღავნდეს, თუ ვერ გაიგო, ცოდვა მხოლოდ მათზე დარჩება და აღარ გამრავლდება.
_ რომელი უნდა დაისაჯოს, ქალი თუ კაცი?
_ კანონი ამბობს: ქალიც და კაციც. ევა და ადამი ორთავენი დაისაჯნენ, როცა ცხოვრების მატარებელმა ევამ, გონებრივად, შინაგანად აცდუნა ადამი, რომელმაც დაფარული ცოდვა ქმედებით განახორციელა.
_ სამართლიანად როგორ განისჯებიან?
_ სამართლიანობა უფრო მაღალი სათნოებაა, ის შეიცავს წყალობას და პატიებას, ამიტომაც შესაძლებელია ბედი არ იყოს ულმობელი, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია, პირველმა მან უნდა ისროლოს ქვა...ისიც, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავ, შენში დირე უნდა შეამჩნიო, ადამიანები ანგელოზები არ არიან, ანგელოზს ფიზიკური თვალი რომ ჰქონოდა, ის თვალთახედვაც დაეცემოდა... ქალი და მამაკაცი ახლა ბედსაა მინდობილი, ბედის გადასაწყვეტია, თუ როგორ დაისჯებიან.
ბედმა თქვა: ისინი განგებამ შეყარა ერთმანეთს, უნდოდა თუ არა, მესამესთან, ქმართან გადაიკვეთა მათი გზა, ქმარსაც თავისი განგება აქვს, არავინ უწყის, მსგავს შემთხვევაში თავად როგორ მოიქცეოდა, შესაძლოა ისიც ცდუნებულიყო, განგებამ ქმარსა და ქალს არ მისცა შვილი, ახლა ცოლსაც ართმევს... ბედის კანონი ასეთია: არავის არ ერთმევა დაუმსახურებლად, ყველა ღებულობს იმას, რაც ეკუთვნის, რამდენიც არ უნდა იწუწუნოს ადამიანმა, უცოდველი ვარ, ბედი კი მკაცრიაო, რისი ღირსიცაა, ხვედრიც ისე მიეზღვევა, განგება შეუვალია...
_ ბედი ვისზეა დამოკიდებული?
_ სიცოცხლეზე.
სიცოცხლემ თქვა: მე არავისზე არ ვარ დამოკიდებული, მხოლოდ სიყვარულს ვემორჩილები, არ ვიცი და არც ვინტერესდები ვისით შეხვდნენ ქალი და კაცი ერთმანეთს, რა ზნეობა აქვთ და სინდისიც გააჩნიათ თუ არა, სიყვარულმა როცა გამომიწვია, ქალისა და კაცის სიცოცხლის სხეულები შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის კაცის ყველაზე ცოცხალი უჯრედი ხარბად და ჯიუტად მიიწევდა ქალის  სასიცოცხლო დვრიტისაკენ. ყველაზე პატარა, უმწეო უჯრედმა შეძლო სიცოცხლის უნარით დედობრივთან შერწყმა და წარმოქმნა...ამიერიდან იგი დამოუკიდებლად გააგრძელებს სიცოცხლეს, ჩამოაყალიბებს თავის თავს, იგი ღმერთისაგან, სინდისისა თუ ბედისაგან ითხოვს სიცოცხლის უფლებასა და შველას, რომ არ მოისპოს მისი მისწრაფება... არ დაიღუპოს. ის უცოდველი და უდანაშაულოა, ზნეობა კი, როცა ცოცხლდება, მისგან მუსიკა, პოეზია და ნუგეში იბადება, სინდისისგან _ სათნოება და მადლი, ხოლო როცა ადამიანი იბადება, მასშია გაცხადებული ღვთის წილი, ნაპერწკალი და ხატ-სახე.
სიყვარული, რომელიც მდუმარედ ისმენდა ყოველივეს, კვლავ გამარჯვებას ზეიმობდა.
იდუმალი სამსჯავროს წევრები სათითაოდ დადუმდნენ და ქალის და კაცის ქმედებას დაელოდნენ.
კაცი კვლავ ეალერსებოდა მას. ქალი ჯერ ვერ გრძნობდა სხეულში ახალი ძალისა და სიცოცხლის ჩასახვასა თუ ფეთქვას, მაგრამ ქვეცნობიერად, ნებიერად უთრთოდა სხეული, სისხლი საოცარის ნეტარებით უჩქეფდა და ეღიმებოდა.

3

მთავარი კი მაინც წინ იყო, ადამიანური სამსჯავრო! სადაც შეიძლება დამაცხებულიყო სიყვარული... სიცოცხლე?..











ი დ ე ა

“ახლოა იგი, შორია იგი _
ჭეშმარიტების კეთილი თესლი”
(აბრაჰამ იბნ ეზრა)

იყო ერთი თვალწარმტაცი და მშვენიერი ქვეყანა, მთებით, ზღვითა და მდინარეებით გარშემორტყმული, რომელიც განთქმული იყო დოვლათითა და ჭირნახულით.
ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ავკარგიანი და გულისხმიერი ხალხი.
ქვეყანას სამართლიანი ხელმწიფე განაგებდა, იგი ყველაზე მაღალ საუფლოში ცხოვრობდა და ზემოდან გადმოჰყურებდა თავის მშვენიერ, აყვავებულ სამფლობელოს, გამრჯე ფუტკარივით მოზუზუნე, მუდამ მოფუსფუსე ხალხს. ხალხიც ემადლიერებოდა ხელმწიფეს. ქვეყანაში წელიწადის ოთხივე დროს დღესასწაული იმართებოდა, გადმოჰფენდნენ თავიანთ ნაჭირნახულევსა თუ ნაჯაფარს და ხელმწიფესაც ადიდებდნენ.
ხალხი დღესასწაულს თავისთავად, ბუნებრივად გრძნობდა. გლეხკაცი დილაუთენია რომ გაიღვიძებდა და გავიდოდა თავის მამულში, ჯერ მიწას დაყნოსავდა, სურნელოვანს, ფხვიერსა და ნამით დაცვარულს, შემდეგ ჯერ კიდევ დაბინდულ, აისშერეულ ცას ახედავდა, თვალს მიაპყრობდა ცისკრის ბოლეროს, ყურს მიუგდებდა სიცოცხლის ჟღერადობას, მიწის ფშვინვასა თუ გუგუნს. ამ დროს ფრინველებიც იწყებდნენ ჭიკჭიკს ათასნაირი ხმოვანებით და რაღა უნდა ყოფილიყო კაცისთვის ამაზე დიდი დღესასწაული.
ქვეყანა ურჯულოებას რომ არ მოესრა, ხელმწიფემ თავის ხალხს კანონი მისცა და ამ კანონით აუწყა მათ თავისი ნება.
დროდადრო იგი ცეცხლისმფრქვეველი რაშებითა და ოქროს ტახტრევანით შემოუვლიდა კიდით-კიდემდე თავის საბრძანებელს, სრავდა კენწეროშემომჭკნარ ტყეებს და ფესვებს შორის ახლად ამოყრილ ნერგს მზისკენ უკაფავდა გზას. წესრიგსა და წონასწორობას ამყარებდა.
ხალხს რიდი ჰქონდა თავიანთი ხელმწიფის და ცდილობდნენ პირუთვნელად დამორჩილებოდნენ მის განჩინებას, რათა საბოლოოდ არ აღგვილიყვნენ პირისაგან მიწისა.
მეფეს ერთი ანცი და პირმშვენიერი ასული ჰყავდა, იგი ბავშვობიდანვე განთქმული იყო სილამაზითა და დამატყვევებელი სათნოებით. მისი ხალასი კისკისი, ჰაეროვანი და უზადო სინარნარე ატყვევებდა ბუნებისა და მშვენიერების მოყვარე ხალხს. მის სილამაზეს ხოტბას ასხამდნენ პოეტები და მომღერლები, თუმცა თვით სალამურიც კი, თავისი საოცარი, მოალერსე და დამათრობელი ხმოვანებით ვერ გადმოსცემდა ასულის დამრთგუნველად მომხიბვლელ ძალას.
გავიდა დრო, მეფის ასული გაიზარდა და მის ფონზე ყოველივე დაემსგავსა უდაბნოს, თავად კი ამ უდაბნოში მომზირალ მთვარეს.
მზად იყვნენ უწვერული ჭაბუკებიც და ბრძოლებში მრავალჭრილობა დანაჭდევი რაინდებიც თავიანთი მზენათელი სიცოცხლე შეეწირათ მისი ხატებისათვის.
ხალხმა ისწავლა თავგანწირვა!
შეძლეს რა სიკვდილის გადალახვა დიადი მიზნისთვის, ხელმწიფემ, უშედეგოდ რომ არ ჩაფერფლილიყო მათი სიცოცხლე, ბრძანა: ვინც ყველაზე უზადოსა და ზეაღმატებულ საჩუქარს მიართმევს ჩემს ასულს, იმას მივათხოვებ ცოლადო.
ახმაურდნენ ჩაქუჩები და საჭრეთელები, იდგმებოდა ქანდაკებები, შენდებოდა გოდოლი, ტაძრები და სასახლეები. მათ მიერ შექმნილი ჩუქურთმებით თითქოს ქვაც ცოცხლდებოდა...
მოდიოდნენ მხატვრები, მუსიკოსები, პოეტები, რათა დაფერფლილიყვნენ მეფის ასულის ფერხთწინაშე, იმ დიადი და გამოუცნობი სევდით, რომელიც ყველასათვის არსებობს, მოდიოდნენ და ეწირებოდნენ მას თუნდაც ერთი თვალის შევლებისა თუ გაელვებისათვის.
ასულისაგან კი მისი რჩეული ჯერ შორს იყო. იგი ჩაიკეტა ცადაზიდულ, თვალმიუწვდომ კოშკში სივრცის გადაღმა.
ქალწულებრივი მოლოდინით უცდიდა სწორს, მას, ვინც სიცოცხლესა და ჭეშმარიტ სახეს მიანიჭებდა იმ აღთქმული და ჯერ არარსებული ძღვენით.
არავინ უწყოდა დღე-ღამის რომელ დროს გამოკრთებოდა სარკმლიდან მისი სახება. ქვემოდან ღრუბელს ჰგავდა მისი გამჭვირვალე ცისფერი ქიტონი და მის მშვენიერ სხეულს უფრო ჰაეროვანსა და შორეულს ხდიდა. სარკმლიდან ოქროცურვილ თმებს გადმოჰფენდა და ივარცხნიდა, მსუბუქი თმები ჰანგებივით იტალღებოდნენ მის მხრებზე, ისევე როგორც სიოსავით მონავარდე და ხმატკბილი მუსიკა, რომელიც მის სადიდებლად იქმნებოდა.
მხოლოდ ერთმა, ამ წამიერად გამკრთალ შორეულ მშვენებაში, სიხარულისა და მწუხარების ყველა კარი რომ გადახსნა, შეიყვარა იგი სუნთქვაშეკრულმა.იმ ღვთაებრივი სიყვარულით, მოკვდავთათვის მძიმე კარიბჭე გარს რომ არტყია.
მოსწყვიტა მწირმა თვალი, ჩაიჩოქა და მიხვდა _ არ არსებობდა ამქვეყნად ისეთი ხელთქმნილი ძღვენი, ისე მშვენიერი და სრულქმნილი, როგორიც თვითონ ჯილდო იყო აღთქმული.
გამობრუნდა და ღვთაებრივთან ზიარებულმა, აუწყა ხალხს ღვთაებრიობის სიყვარული.
და ვიდრე ხელმწიფე თავისთან მოუხმობდა რჩეულს, ქალწულმა ჰპოვა იგი იმავ ხალხისგან ჩაჩოქილი და ნასვრემი კაცთათვის, უტყვ და შორეულ მარადისობაში დავანებული, ხელმწიფის მიერვე აღთქმულ უბიწო ქვეყანაში.
მოვიდა ვიღაც, ბომონი აუშენა ასულს და ნაზ ჩუქურთმებით შეუმკო იგი.
მოვიდა ვიღაც და მღვიმეში საკუთარ სახის სანთელი დაუნთო _ როგორც ცვილის სხეულში იწვისო სული სანთლის ალივით, ასევე იწვისო ჩემს სხეულში...
მოვიდა ვიღაც და ცრუხელოვნებით ციცინათელებად გარდაქმნა... და რას აღარ ქმნიდნენ, მზე მჟუტავ სინათლედ აქციეს და მუჭისხელა ბურთში მოათავსეს.
შემდეგ ხელმწიფემ დაინახა, როგორ გადაუფრინა მის ქვეყანას პირველმა ღრუბელმა. მერე და მერე ცა შეივსო და მეფის ასულისთვის შორეული ვარსკვლავის მოწყვეტას ლამობდნენ.
რაც უფრო ცდილობდნენ მიახლოებოდნენ მეფის ასულს, უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა მისი სახე, დღესა და ღამეს შეცურებული მსუბუქ ღრუბელთა ნათელ ბურუსში.
მეფე კი იჯდა იმ უშფოთველი და ჩვეული სიდინჯით, რომელმაც უწყის დასაწყისიც და დასასრულიც. მისი ქვეყანა ათასგვარი ურჩხულებით აივსო, ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა და არა და არა! აღარ თენდებოდა დღე სასწაული!
მიხვდა, რომ ახლა კანონი საკუთარ ხალხს სასჯელად ექცა, რადგან კანონი სანამ პირველადი და სრულქმნილია, მანამდეა თავისუფალი, ხოლო კი როგორც ამ დიად კანონს ვინმე საკუთარ თავზე მოსარგებად შეახებს ხელს, მყისვე ბორკილად ექცევა იგი.
ბორკილი კი მათივ განჩინებით ყოველთვის სასტიკი სატანჯველი და სასჯელია, ნაჯალადევი და არაბუნებრივი.
ასე დაემართა ამ ქვეყანასაც, დაივიწყეს ღვთაებრივი კანონი და მიწიერი კანონების ტყვედ შეიქმნენ, სამყაროს ჰარმონიულად შერწყმული ბუნებრივი ხმა დაჰფარა უცხო ხმოვანებამ.
ხელმწიფემ უხმო თავის ასულს და აუწყა: თუკი ვერავინ მომაგნო და ვერ შექმნეს შენთვის საკადრისი ძღვენი, წადი, დატოვე სამყოფელი! შენვე ეძიე რჩეული შენი...
ასული გამობრუნდა და მილიარდიან, სარკესავით ალაპლაპებულ, ჩირაღდნებით განათებულ საფეხურებზე შრიალით დაეშვა. ამ უჩვეულო სწრაფ სვლაში ირგვლივ სარკეებით გაელვარებულ სინათლეში საკუთარი თავი ათასგვარი ანარეკლით დალანდა. ყოველი სახე ამაღლებული და ზრდასრული იყო, ეს ყოველივე , ყველა ქმნილება მათი ძღვენი იყო... ირგვლივ საფეხურების მიხედვით დანთებული ჩირაღდნები კი მათი ჩაუქრობელი სინათლე.
როდესაც ახალი, უჩვეულო სანახაობის მომლოდინე მეფის ასულმა ქვაფენილზე დაადგა ფეხი, საოცარი რამ დაინახა, ირგვლივ ყოველივე ქუხდა, ხმაურობდა და მუშაკობდა, ხალხი კი... ხალხი გაქვავებული ჩანდა.
ყოველივე თავისი წესით სრულდებოდა, მათი შექმნილი კანონით...
მაგრამ ხალხი?!
გაქვავებული და გაყინული სახეებით სავსე ქუჩით დამფრთხალმა ასულმა ნაბიჯს აუჩქარა და ოქროსფერი თევზებით მოლიცლიცე აციმციმებულ შადრევანიან აუზთან შეისვენა. როდესაც წყალში ჩაიხედა, საკუთარი ანარეკლი თუ ორეული ვეღარ შეიცნო, თვალებზე თითები აიფარა, გაირინდა და... ამ გარინდებას მოჰყვა მთავარი! _ ზათქისა და ნგრევის ხმა: მიხვდა, რომ ინგრეოდა მამისმიერი ქვეყანა, იგრძნო, რომ აღარსად ჩანდა საშველი.
შემდეგ კი, როდესაც ნგრევის ხმა შეწყდა, თვალი გაახილა და... ირგვლივ ნანგრევების მრავალი გროვა დაინახა. ამ ნანგრევებიდან კი, სულ სხვა იერითა და მზერით, განახლების წყურვილით აღვსილი ხალხი გადმომავალი, ისინი ჯერ ვერ ამჩნევდნენ ასულს, ჯერ ვერ ხედავდნენ. იგი მიხვდა,  აწ უკვე მამასთან ვეღარ დაბრუნდებოდა და არც ვინმე იყო მის წინ რჩეული.
თვით იდგა მათთან სათავედ ხელახალი განახლებისთვის...



პატარა კიკა

ყველა ქალაქს ჰყავდა და ჰყავს თავისი ბრძენი თუ თავისი გმირი, ზოგიც მშიშარაა და მაბეზღარა. ყველა ქალაქში ჩაივლის ლამაზმანი სხეულის რხევით, ქუჩებს რომ თავისებურ იერს აძლევს და განსხვავებულ კოლორიტს ჰქმნის.
ჩვენს ქალაქში ხანდახან თუთის ხეებს უკუღმა რგავენ დეკორატიულობის თვალსაზრისით; ასე უფრო ლამაზიაო _ რაღაცნაირად დაკრუჩხულები და დაგვაჯულნი რომ იზრდებიან..
ყველა ქალაქს ჰყავს თავისი ტაკიმასხარა და კინტო, ჩვენში მეეტლეც სხვანაირი ყოფილა და მებორნეც, ყარაჩოხელიც და ჰა, მეზურნე-დარდიმანდიც.
ჩვენს ქალაქს არ აკლია არც ბრძენი და გმირობაც ასევე აუცილებელია მისი ყოფისათვის, არ დაჰკლებია გარეშე მტრები და შინაური ციხის კარის გამღებ-გამყიდველი.
შორს ჩვენგან! ვამბობთ მათზე და ისე ვიცილებთ, როგორც სხეულიდან თხრამლიან მუწუკებს.
ყველა ქალაქს დასტყომია თავს შავი ღრუბელი, ზოგან ომის, ზოგან შიმშილისა თუ ბოროტი მბრძანებლის აჩრდილი.
ყველა ქალაქს ჰყავს თავისი გიჟი, დიდ ქალაქს ალბათ უფრო მეტი, მაგრამ პატარაში თავისი ავადმყოფური სახე ისე იჩენს თავს, როგორც ზეთის ქილაში ჩავარდნილი უმწეო ბუზი.
ჩვენს ქალაქსაც ჰყავდა ერთ დროს თავისი გიჟი, უფრო კი სულელი და ბუნებისგან დაჩაგრული.. ამბობენ: მედალს ორი მხარე აქვსო, ისიც თითქოს ჩვენი ქალაქის მეორე სახე იყო: არსებობდა, ცოცხლობდა, პაჭუა ცხვირით ისუნთქავდა ქალაქის ჰაერს და ყველაზე მეტს მხიარულობდა. ამ ქალაქში ალბათ ყველაზე ბედნიერიც ის იყო, მცირედი ჰყოფნიდა და მცირედი უხაროდა. ისიც კი, სხვას რომ გაამხიარულებდა თავისი ყოფნითა და მანჭვა-გრეხვით.
დილაუთენია ჩამოუვლიდა ქუჩებს, წვიმა მას არ აწუხებდა და თაკარა მზე, ქუჩის ბრდღვინვა თუ ბუღი. გამოჩნდებოდა და ყველას ღიმილი ეხატებოდა სახეზე. ხანდახან შეჯგუფდებოდა ხალხი, შუაში კიკას ჩააყენებდნენ და იდგა ერთი გნიასი და ხორხოცი.
მისი ნამდვილი სახელი არავინ იცოდა და კიკა შეარქვეს, რაც თვითონაც ძალიან მოსწონდა, ქუჩის თავდაღმართზე კასრივით ჩამოგორდებოდა და ყველას მსუყედ ედებოდა ყელზე. ჯერ გაუცინებდნენ, მერე, _ ერთი შენც მოგცლიაო, _ ეტყოდნენ. მოცლილი მართლაც იყო, შრომა მას არ სჭირდებოდა და გარჯა, ინვალიდთა საწყალობელ პენსიასაც უხდიდნენ, ვიღაც პურს უწილადებდა, ან თბილ ტანსაცმელს და ცხოვრობდა ასე.
მაშინაც რთული დრო იყო ქალაქისთვის, სიმართლის თქმა არ შეეძლოთ, ხალხიც დამყაყებულ, წყალში ჩაგუდულსა და ენაჩავარდნილ თევზებს დამსგავსებოდა. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ცხოვრება. რა არ გადაიტანა ხალხმა. მაინც რამდენი რამ შეიძლება აიტანოს ადამიანმა, თუ დასჭირდა შეუძლია დედამიწის მთელი სიმძიმეც კი მხრებზე იტვირთოს. ისე, ვითომ ვერც კი გრძნობდეს, მაგრამ ვაი ამ უგრძნობელობას. კიკას ესეც არ აწუხებდა, თავისუფალი კაცი იყო, უნდოდა ქუდს დაიხურავდა, უნდოდა თავდაყირა ივლიდა, კისერმოღრეცილი ან სულაც ჩაუცმელი. მილიცია მას არ აწუხებდა და საგზაო ინსპექტორი, ქალაქის ცენტრში როცა არღვევდა ქვეითად მოსიარულეთა წესებს, ხალხს ალბათ ეს მოსწონდა მასში და თავისუფლების ამ მახინჯ გამოვლენას ისე უმზერდნენ, როგორც ეზოში გალაღებულ ონავრებს უმზერს დასჯილი, ფანჯრის მინაზე ცხვირმიჭყეტილი პატარა ბიჭი.
ერთად აღებული ათასი აკადემიკოსი ბრბოაო, _ უთქვამთ. ათასი კაცი ერთი სულელის მანჭვაზე რომ იკრიჭება, ასეთივე გიჟია ალბათ. აბა, რა ღმერთი უწყრებათ ზოგიერთებს, ავადმყოფობა და უბედურება სანახაობა როდია.
გოგო-ბიჭებს კიდე ჰო, აქვთ სიცილ-ხარხარის უფლება, ტკივილისა არა გაეგებათ რა და უმტკივნეულოდ უყურებენ ცხოვრების სიდუხჭირესა თუ სიავეს, სანამ მათ არ მოხვდებათ ამ მუხანათობის მწარე მუშტი. ტკივილით იბადება და ცხოვრობს ადამიანი, ახალშობილიცა და ხანშიშესულიც. ერთი შეუგნებელი გაუთვითცნობიერებული, მეორე კი საკუთარ თავზე ნაწვნებითა და ამ ტკივილითვე გამობრზმედილი, სხვისი ტკივილიც მაშინ უფრო მეტად ესმის კაცს.
ჰოდა, მოხვევდნენ ხელს შარახვეტია გოგო-ბიჭები კიკას და ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ, ხანდახან დააფრთხობდნენ კიდეც. აი, მაშინ იყო სანახაობა კიკას ცეკვასა და ბუქნაობაზე.
ერთხელ დემონსტრაციისათვის ემზადებოდა ქალაქი. რა ეხალიესბოდათ, მაგრამ ზალდატანებით ფერადი ბუშტებით, ყვავილთა ფურჩალებით, ბელადების სურათებითა და მანათობელა ნათურებით საახალწლო ნაძვის ხესავით მორთეს და მოკაზმეს მთელი ქალაქი. ალისფერ დროშებს სულ ფრიალი გაუდიოდათ.
ათი დღით ადრე იჭერდნენ თადარიგს ქალაქის “სანაქებო” მესვეურები და საზეიმოდ ემზადებოდნენ, ხალხი კი ვარჯიშობდა: ვინ სიარულში, ვინ გამოსვლასა თუ ვაშას ძახილში.
როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე, სამხედრო  ნაწილმა ტრიბუნის წინ ჩაიარა. ვაშა! ვაშა! _ ყვიროდა ხალხი. იყო ლექსების გადაძახილი, წინასწარ დადგმული ცეკვა-თამაში და სანახაობა.
სად იყო და სად არა, თითქოსდა ემზადებოდაო ამ დღისთვის, საიდანღაც თმადავარცხნილი, მკერდზე ჩინ-მედლებასხმული კიკაც გამოჩნდა, მათი სიჭრელე და ჟღარუნი თუ მოსწონდა კიკას, თან გულიანად იკრიჭებოდა. ნელი ნაბიჯებით შეუერთდა ატორტმანებულ ხალხს. 
_ შენ აქ რა გინდაო? _ შეიცხადეს მათ. 
ახალგაზრდებმა ხელი მოხვიეს და ასე შეერია კიკა სადემონსტრაციო მარშით მსვლელ ნაკადს, შემდეგ ნელა მიმავალ მორთულ-მოკაზმულ სატვირთო მანქანაზე აძვრა და ჩამოჯდა. ცოტა ხანი ფეხებს იქნევდა, ვერავინ ვერ ამჩნევდა, ვის ჰქონდა მაგისი თავი. როდესაც მანქანა ტრიბუნას გაუსწორდა, კიკა წამოხტა და ძარაზე ბელადივით ხელაწეული დადგა, მერე იმდაგვარად დაუწყო ბელადს მანჭვა-გრეხვით ბაძვა, რომ ხალხი შეეჭვდა, _ ეს კიკა მართლა გიჟია თუ ძალად ისულელებს თავსო. არადა მისმა სიგიჟემ უფრო წარმოაჩინა ხელისუფლების სახე და ის სულელური დოქტრინები, ხალხს რომ ახვევდნენ თავს.
რაღას არ ჩურჩულებდა ენაჩავარდნილი ხალხი:
_ ყოჩაღ, კიკა, ყოჩაღ! _ ამხნევებდნენ ბიჭები.
_ ჩამოდი შე მიწაში ჩასადებო! _ წყევლიდა მავანი.
_ შეხედეთ კიკას, ჩვენზე უფრო ჭკვიანი არ აღმოჩნდა? _ უკვირდა ზოგს.
_ ამისთანებს აქ რა უნდათ, მოგვეჭრა თავი, _ წუხდნენ სხვები.
მოკიდეს მერე ჩვენს კიკას ხელი და სამი დღით საკანში ჩასვეს.
გიჟი თავისუფალიაო, კიდევ კარგი ასე გაამართლეს და ნაგვემი და დაშინებული გამოაბუნძულეს შინ. მაინც ვერ მიმხვდარიყო კიკა რა დააშავა და მერეც, როცა შემთხვევა მიეცემოდა, ყოველთვის იმეორებდა ზეგიჟის პოზასა თუ მიმიკა-მანერებს. პატარა ადამიანი ყოველთვის ცდილობს დიდს მიბაძოს, სუსტი კი ძლიერს, პატარა გიჟი დიდ გიჟს ბაძავს და ტრიალებს ეს აწყობილი საქანელა აღმართებითა თუ თავდაღმართებით, სიმაღლეებითა და სიმდაბლით, მამაცებითა და ლაჩრებით, ლამაზებითა თუ მახინჯებით. რაც დაშინებულმა ხალხმა ვერ შეძლო, კიკამ წარმოაჩინა მისდაგვარის ნამდვილი სახე.
ის დროც გამოიარა ხალხმა და სულიერად დაავადებული დღემდე იშორებს იმ დროის ნაფლეთებს, რადიოში გამოცხადებულ სამშობლოს მტრების უწინდელი მოკვეთის დარად.
დღემდე იშორებს და დიდი კიკას აჩრდილი დღესაც დადის ჩვენს ქალაქში. თუმცა ყველა ქალაქს ჰყავს თავისი გიჟი და ყველა ქალაქში არის ბრძენი და გმირი, ფლიდი და მატყუარა.
ყველა ქალაქში ჩაივლის ლამაზმანი სხეულის რხევით.
ჩვენს ქალაქში პატარა კიკამ სიცოცხლე დაასრულა, ისეთივე ჭკუამხიარული მოკვდა. ქალაქს ამის გამო ძაძები არ ჩაუცვამს, ერთი კი შეიცხადეს ენაჭარტალა ქალებმა და მალევე მიივიწყეს.
თუმცა, ვინც არ იცნობდა და მიცვალებულ კიკას შეხედავდა, იფიქრებდა, ქვეყნის გასაჭირისაგან დამძიმებია თავი და თუ რამ სიბრძნე და ტვირთი არსებობდა, ერთად შეუკრავს და თან წაუღიაო.... ვერავინ ცნობდა ჭკუამხიარულსა და მასხარას, ქუჩის მაწანწალასა და ყბედ კიკას.
მომიტევოს მისმა სულმა, რომ გავიხსენე, მაგრამ ის დრო რომ მახსენდება, მაშინვე კიკაც გამომეცხადება ხოლმე მისივე იერით. ისე დიდი კიკა და პატარა კიკა ვის გაუყვია...
 


 
ა რ მ ა გ ე დ ო ნ ი
				(ბალეტი)

შორს, ძალიან შორს, მოქუფრული ქალაქიდან მოშორებით, ზურმუხტის ტბის მიდამოებში ცხოვრობდა ლოტოსის ყვავილივით პირმშვენიერი ქალწული, რომელიც ადგილის რაობის სრულქმნას წარმოადგენდა. წარმოშობით დედოფალი და ბუნებით მოახლე თანა ერთვოდა რწმენის მთის სიმაღლეს, არაწარმავალი იებისა და ვარდების სურნელით, რომელნიც აწ უკვე უხილავ წიაღში ჰგიებდნენ.
სიცოცხლის სული იყო იგი... უთვისტომობას მიღწეული, არც სევდა ემეტყველებოდა მის იერს და არც სიხარული. ხელმეორედ, თვალი როცა გაახილა დაუსაბამო სამყაროს ჭვრეტის იხილა მზეი ჭეშმარიტი და მრთელი ნათელი, იმდენად შეიყვარა ეს სინათლე, რომ უკუნეთ სიბნელეშიც კი სინათლეს ჭვრეტდა.
მზის სულით ესხივოსნებოდა ქალწულს გული, მთვარის ანარეკლი კი ეამალგამებოდა მის გონებას, რომელიც ჯერ ისევ მიწიერთან აკავშირებდა. ცივი და მშვიდი იყო მთვარე, მზის შორეული, მწველი ნათელით გასხივებული და არსებობდა, იმიტომ რომ მზე იყო ქვეყნად, სტიქიათა, _ ყოველთა დვრიტის მაცოცხლებელი.
ღამეს კი კვლავ მოჰქონდა უჩუმრად დარდი და მრუმე სევდა, თანდაყოლილი კაცთაგანის. ტბა სულიერი თანა იტევდა თავად მასშივე აყვავებულ მთელ დედამიწას და თავისუფალი, თავისთავადი ძალისხმევით გადმოდიოდა მუსიკად, ბგერად, ფერებად, ჰანგად...

***
შორს, ძალიან შორს, ზურმუხტის ტბისგან მოშორებით, მოთენთილ ქალაქს ეძინა ფშვინვით, ამქვეყნიური უხამსობითა და ბიწით დაღლილს. ყოველ ცისმარე იწყებდა დრტვინვას ლექი და ბიწი..
დროდადრო ქალწულის სამყოფელშიაც აღწევდა დაფდაფებისა და ორკესტრების ხმა. იხმობდა ყოველს ითრევდა თავდავიწყებისა და სანახაობების ორომტრიალში.
მართლაც და ჯადოსნური იყო ეს ქალაქი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმქონე. მფრინავი ხალიჩებით, ჯადოსნური სარკეებითა და თვითმოძრავი ფაეტონებით, მაღალგუმბათოვანი, მრავალსართულიანი სრა-სასახლეებით.
დიდი ხანია ფრინველებმა მიატოვეს ქალაქი, აქა-იქ სახლებს ბეღურები თუ გადაუფრენდნენ, იმათ მაგივრად ვირთხები მომრავლებულიყვნენ ასევე ნაცრისფერები.
ქალაქი სავსე იყო მაგისტრებითა და ოინბაზებით, ფაკირებითა და ჯამბაზებით. ყველა დროის გრძნეულს შეშურდებოდა მათი მოქნილობა და ჭკუის სიმლაშე.
ვერავინ ვერ აუვლიდა გვერდს ამ ქალაქს, მაგიურად გრძნეული მიზიდულობა ახლდა თან, მორევივით მოარული და ჩამძირავი.
მშვენიერებისა და სიკეთის პირისპირ არსებული, იმიტომ ფეთქავდა ასე მძვინვარედ, ბოროტებითა და ლიზღვით მიმზრახი, რათა ცისფერ ქრიზანთემასავით აფეთქებული უსათნოესი სიყვარულისთვის ევნო და ემტრო.
ქალწული ზრდასრული ეოლარებოდა აყვავებულ წალკოტს, მწიფე ნაყოფებითა და გულგაშლილი ყვავილებით გარშემორტყმული, უცხო მოლოდინით და გულსავსებით ათრთოლებული.
თითებს კალთაში დაიკრეფდა გარინდებული ელოდა თავის დღესასწაულს.
ყრუ ტკივილით უცხო სურვილი მიუსართა თვის სულის სარწყულს, გონებისგან ნაკარნახევი საკუთარ ნებით, ხელახალად დაუყვა იგი ქალაქისაკენ მიმავალ ბილიკს, გამოცდათ ხილვათა ორიფიელის ხანაში. მთვარემ უჩვენა ეს გზა. მანვე გაუხსნა ყველა კარი სიამისანი.
იალს აკმევდა ღამის მეკლმე, ცა ლიჟრიანი ცვარს აფრქვევდა თვალცრემლიანი.
ქალწული შედგა კარიბჭესთან. თვალი შეავლო მაღლივ გუმბათებს, შორს მაშხალებმა დაიწყეს ღვენთა. ფეირვერკები ბოლავდნენ სახლებს. უცბად მოაწყდა ხალხის ტალღა, სამუსის ხმაზე, ცეკვა-თამაშით, თვალსათნეული ნაზი ქალწულიც თან გაიყოლეს... და ისიც მიჰყვა ამღვრეულ ქუჩებს წვიმასავით აკიდებული.
მუქ ლურჯ არდაგზე მოქარგულივით მოჩანდა მთვარე, მოსთქვამდა ღამე ქალაქის ბჭეში კარჩაკეტილი, ქუჩა ბორგავდა. ხმა მახმიერი ასკდებოდა ქვებს, ღამეს კაბარე მასპინძლობდა აშეთებული.
მკერდით არღვევდა მზრილავ ტალღას ქალწული რიდით, მონაპირებას ცდილობდა ისევ ბრბოში ხეტიალს არდაჩვეული. იქვე, მახლობლად ქვაფენილზე ჩამოჯდა შვებით.
_ არ შეიძლებაო ქვაფენილზე შესვენება, _ ვიღაც გამვლელმა შეახსენა თავგაბეზრებით.
არ შეიძლება? თურმე? _ ეს ორი სიტყვა აეჭედა და დადგა ფეხზე აკრძალულით შეცბუნებული.
_ იყიდეთ ყვავილები.
ჯადოსნური ფარნები.
ჭრელი სათამაშოები, _ ყვიროდნენ ბრბოში მჭახედ, ხმამაღლა.
აბი, ელექსირი თავდავიწყების!
იყიდეთ სიკვდილი,
შხამი და ნესტარი,
დაშნა თუ ნაგანი...
იყიდეთ ერთი ღამის სიყვარული, _ და ისინიც თავაწყვეტით ყიდულობდნენ ჭრელ, უმაქნის, დასამტვრევად გამიზნულ სათამაშოებს, ხმიერ საკრავებს, ჯადოსნურ ფარნებსა და სარკეებს. ერთი ღამის სიყვარულსაც და ერთმანეთს.
ყიდდნენ თავისთავს და ყიდულობდნენ ისევ ხელახლა.
რაღაც სიამე დაჰკრავდა კიდეც ამ ორომტრიალს ქავილის მსგავსი.
იდგა ქალწული უბიწოდ, უცხოდ, აქაოტებულ მძიმე ანდაფში. არ აპირებდა ნაბიჯის წარდგმას არც წინ, არც უკან.
_ ნეტავ სად მოვხვდი?!
კეთილს უქადდა თუ სხვას?
რას?
ეს სიზმარივით ოდესღაც იყო?!...
_ კარგს რას ელოდა... ბოლოს სიკეთის?
_ არა გსურს ხელზე გიმეტყველო? _ შენ ისეთი თვალწარმტაცი ხარ, იშვიათად შენი სადარი, შთაგონებულად უმზერდა ქალი, სრულიად უცხო.
საფასურად კი ოქროსფერი თმის ერთ გრძელ დალალს გაიღებ ჩემთვის? ან თუნდაც ღიმილს? მე შენ მომავალს გაუწყებ, გაგაგებინებ რა გელის, ხვალ... ზეგ...
არა, არა მსურს, _ მყის იუარა კრძალვით ქალწულმა, სუნთქვაშეკრულმა. გრძნეულს კი შიში დაეუფლა, შიში მპყრობელი მთლიან ქალაქის.
_ სილამაზეს აქ პატივს სცემენ, ძვირადაც ფასობს, ყოველივეს განაცვალებენ, ნუ იუარებ, დედოფალივით განირთხე ყველა. შენი სინაზე გაალღვობს კიდეც ძლიერთა გულებს. მათ რას ჰპირდები? სიდიადეს? _ არა! მაშინ რას? _ სიტყვებს უპნევდა სასაუბროდ გრძნეული ქალი.
_ სურვილი ჩემი რად ამიკრძალეს, მე აქ დაღლას ვგრძნობ. წამს, თვალსატყუარს მშვენიერებით, ნებელობა არ შეაჩერებს...
_ ჩათვალე, ისე, შენს თავს კიდევ ვინმე განაგებს?
_ მას შეუძლია დაგიშალოს?
_ რაღა თქმა უნდა, შენც დაიჯერე, იმ კალაპოტით დაიწყე დენა გიჩნევენ რომელს, ეს იოლია, გაგიადვილებს ყველა სიძნელეს. იყო მეექვსე სარტყელის მგზავრი... სტიქიურ ხილვებს უნდა მისცე გზა... შენც მიიბურე ბნელის პირბადე, ჩირაღდანს ზეთი დაუკელი მეხუთე ხანის, გზება ჩააქრე...
_ მაშ მე ვინრა ვარ?
_ ამ ბრბოს ნაწილი, მცირე წვეთი... იმხიარულე, თორემ ეს ღამე გადავა ისე, რადგან ყოველ წუთს ულმობლად დანთქავს გარდასულობა. თავდავიწყებით იცეკვე გათენებამდე ქუსლებდაცვეთით, გადაივიწყე დრო, ბედი და მათი მწარე თავგასულობა.
ყური მიუგდე დაფდაფების ხმას...
_ არული, არული კუდიანებო! _ კიოდნენ ბრბოში.
კლარნეტებისა და ტამტამების ხმაზე იხმობდნენ ერთურთს. ხორხს აწყდებოდა მძიმე ბგერა ხავილის მსგავსი.
ყიოდა ვიღაც მამალივით, _
_ არული! არული!
ბღაოდა ვიღაც ყბაახსნილი.
_ არული, არული.
ცეკვავდა ქალი, მთლად შიშველი, შეშლილი როკვით, ცვარად ედინა სხეულზე ოფლი, ულაპლაპებდა, ფარნების შუქზე ბზინავდა კანი.
ვიღაც ლესავდა დანის წვერებს ნაპერწკალთ ფრქვევით, არჭობდა მიწას, ქალი კი მაინც ცეკვავდა როკვით, არ აკარებდა შისველ ტერფებს ალესილ პირებს გრძნეული ქალი.
_ არული! არული! _ კიოდა ბრბო.
_ არული, არული, _ წიოდა ქალი.
_ არული, არული! _ ხაოდა კაცი, დანების ლესვით, ნაპერწკალთფრქვევით.
სისხლი მოსწყურდათ, სისხლი და ღვინო. ჩამოაგორეს კასრი ზომით უზომოდ დიდი. პირთამდე იყო სავსე ღვინით, ღვინით თუ სისხლით?
ყველას წილხვედრი ჩაესხათ შიგნით. ჩამოატარეს, ერთადერთს მხოლოდ ქალწულმყოფელს არ ერგო იგი.
ქალწულს ჩასჭიდეს ახლა ხელი, ბოძზე ააკრეს, ალესილ დანებს ესროდნენ ირგვლივ.
ცვიოდა ოქრო, ცვიოდა ვერცხლი, დიოდა სისხლი..
ცეკვავდა ქალი მთლად შიშველი თეძოთა რხევით, ძუძუთა ეშხით, ცრუ მომღიმარე ხმით მოკისკისე მიუახლოვდა ქალწულს, ყურთან ჩასწივლა.
_ არული არული! _ დაჰღმუვლა ბრბომ.
_ გაიღე მზერა შენი ზურმუხტი.
_ დაღვარე სული სათნო და წრფელი.
_ განახვე თაღი, შეუღწევი, უჩინოდქმნილი.
_ აღივსე რისხვით.
_ შეივსე ზიზღით!
საფასურად ესროდენ ოდენ უთვალავ ოქროს, აუწონავ ვერცხლს, ყოველივეს ანაცვალებდნენ.
დააცხნენ ვნებით, კბილებთა ღრჭენით, ერთურთს ახლიდნენ.
უკვირდა ქალწულს. სთხოვდნენ ნეტა რას? მათ თავს უკრავდა გაღიმებით, თან სეცბუნებით, იდგა მოახლედ, წარმოშობით კი დედოფალი.
_ განირთხე ყველა, _ უწიოდა გრძნეული ქალი, სადღაც შორიდან, სრულიად უცხო.
_ გადააკვესე თვალები რისხვით, ქამანდის ქნევით დაერიე ამ ბრბოს და ორმოს ცემით, ყივილით.
_ აღიღე ხელი! _ და უმალ კიდეც გადედოფლდები, აღიღე ხელი!
_ არული, არული, უყეფდნენ მთვარეს. ისიც გამოჩნდა სავსე, მაცდური, წითელი ფერი შერეოდა მის მიმქრალ სახეს, როგორც კვერცხის გულს ძარღვი ნაყოფის.
სულშემოსილი იდგა ქალწული ყვავილებით, მზით და ნათელით თვითმოკაზმული.
და ერთადერთი, მასთან მყოფელი, _ სულთქმნად ცხებული ჭეშმარიტება, უსასრულობის ერთსახებად გადასახული.
ვერ მიეკარა მის თვალებს ცრემლი, ვერც სინანული დაეტყო სახეს, რისხვა კი თითქოს ალმოდებული ამაოდ ხლიდა ბობოქარ ქშენით მისი სულის ჩარაზულ კარებს.
მხოლოდ ღიმილი გაცრეცილი მიეკრა ბაგეს... და კიდევ ფიქრი, _ ფიქრმა ნაღველი შეურია ნამზევ თვალებში, ზურმუხტისფერი აემღვრა მხოლოდ და გაებლანტა. მერე სახეზე უფერული დაუშვა რიდე. სიბრძნის სიმშვიდით, მარადი ტრფობით ენუგეშა ამაოებას.
და ჰა, უეცრად შეწყდა ყეფა, მორჩა გნიასი, დაწყნარდა ირგვლივ ყოველივე, წამით გარინდდა და ეს სამყარო მოქცეული დარჩილულ ღერძზე ჩაწყდა, გაწბილდა და უკუიქცა.
ძულვა კი, ძულვად ამძუვნებული ექადნებოდა ამოდ ქალწულს და მის წაბილწვას.
იდგა ქალწული დაღვრილი თმებით, დაღლილი მზერით, თლილი თითები გულთან აიკრა. ნელი ტაატით, მზეტანის რწევით, ძლივს აითრია ფეხი ნაბიჯად. იავარქმნილი მისი სხეული ტოვებდა ბრბოს და ღამის სამძიმარს.
ერთი ნაბიჯი გადადგა უკან ზვავმა ავსულმა, ორად გაიპო. მთენარე ქალწულს გზას უთმობდა სულმიწურვილი.
_ შეშლილი ალბათ, _ ჩურჩულად აწვდა შეძახილი, ჩაენთო ბრბოში, მიაცილებდნენ მიმავალ ქალწულს, შეცბუნებულ და იჭვიან მზერით...

* * *
გზის გასაყართან, ხელჯოხით ხელში, ფრაკით მოსილი იდგა მაესტრო! უმზერდა ქალწულს გასაკვირალს აზრთგამოცნებით.
_ მაესტრო! მაესტრო! _ მიესალმა ბრბო აღტაცებით არსების მისას. იგი არ იყო არც ნაწილი და არცა მრთელი.
და როს შეახო ქალწულის მკლავებს მაესტრომ ხელი, სულ სხვა სამოსით გარდამოსა, მუქ ზოწისფერით.
უფერმკრთალესი გამხდარიყო სახე ასულის, რიჟრაჟის მთვარეს დამსგავსებული.
_ რა საჭიროა ამდენი შფოთი, გაადედოფლეთ! _ უმალ განლხვება ყოველივე შეუღწეველი, _ ცალმხრივ ღიმილით იღიმოდა დამტყვევებელი.
წუთიერად, ამ უმეტყველეს სამყაროში ქალწულმა მარტოდ შეიგრძნო თავი. მიმოიხედა, ათასი სახე აირეკლა ქალის და კაცის თვითკმაყოფილ იერით მზერნის. არავინ იყო ამ ქალაქში მასსავით მარტოსული.
ო, სულთათანა, ერთადერთი თუ იყო იგი!?
ხელი ჩასჭიდა მაესტრომ ქალწულს, დიდ სარკეებიან დარბაზში შეიყვანა.
განქარდა ბნელი ბრბოც, დარჩა ქვევით და დადგნენ ორნი სარკეთ პირისპირ, რამეთუ ვუწყით, არის ორი რამ:
არის კეთილი,
არის ბოროტი.
რამეთუ ვუწყით არის ორი გზა _ ჭეშმარიტების და უმეცრების.
გამოჩნდა ბაღი სარკეთ მიღმა. ბაღში სასახლე, სიჩუმე, _ ყრუ და აკლდამური, სვემწუხრეული.
ნანატრს სიმშვიდეს მინდობილი ბედი ქალწულის შეასკდა სარკეს სიმარტოვით და ორეულით.
ქარაგმად შედგა მაესტრო ლამის: _ მე შენ სამყაროს განაცვალებ, დაგითმობ ამ ბაღს, რუხ სასახლეს, ნანატრ სიმშვიდეს. ქვეყნის სიამეს დაგანახებ, განცდას არ განცდილს ჩაგისახლებ, მხოლოდ, _ ბატონად შენდა სული ჩემი უფლად თანიღე. მხოლოდ, _ უფლებად ჩემდა სული შენი ჩემს ფერხთ განმიგდე.
გაგადედოფლებ!
ცახცახი ასწვდა მის თლილ თითებს, ბგერა ჩურჩულად მომდინარი ყრუდ გაიბზარა.
_ ო, მოიხიბლე დედოფალო, შენ ჯერ არ იცი, აქ სიამე რარიგ დიდია, ცდუნება მიწყით სინანულად როგორ ტკბილია, შეხედე ჩემს ბაღს, ამ სასახლეს, წალკოტს, შადრევნებს, ამ სპეტაკ ქვებს და ლალ-იაგუნდებს, ძოწს და ანდამატს. ხედავ ბამოვნებს მოარულებს, გესმის მუსიკა? გიჩვენებ რჩეულ გალერეებს, დიად შედევრებს. სიცოცხლე შენი მშვენიერი იქნება რადგან... იცხოვრებ! 
_ სიცოცხლე ჩემი? – მშვენიერია იგი თავადდაც და არ თხოულობ მისგან არარას?
_ ო, არა!
გაქრა სასახლე, ბაღი ირგვლივ, თითქმის ყოველი იცვალა ფერი მიდამო-არემ  სიზმრისეული.
ჰანგი მოვარდა ზათქით, ღრეობით, სიცარიელე შეივსო ხმებით, უცბად განათდა. მილიარდ შანდალთ განენათა გრძელი ტალანი, პაზიონებით მოოჭვილნი იდგნენ კედლები, სადაფის ჭერი ყირმიზმული ოფაზის ჭაღით, სარდიონები მიწად განრთხმული.
სულ ზემოთ, კიბის საფეხურზე იდგა მაესტრო ფრაკით მოსილი, მარჯვნივ მზესრული ქალწული იგი.
თორმეტჯერ ზარი ჩამოჰკრა ჟამმა. იწყებდა აღსვლას დიდი მეჯლისი. ყრუჩქამიერად შეწყდა მუსიკა. რეკვას იწყებდა მეუფე, _ ჟამი! ბოლო გუგუნი, მეთორმეტე! სიმშვიდე წამით.
გარდიხსნა ქვებით მოოჭვილი აღსავლის კარი.
კისკისი ქალთა, ბანოვანთა მოზღვავდა ტალღად. ხალხი მედინად მომავალი, მიმოარული მოედო ჯარად. სიუხვე ირგვლივ თვალთწარმტაცი. მუსიკა, როგორც ქარიშხალი ზაფრავდა დარბაზს.
მაცილთ ბატონი მართავდა კონცერტს. დირიჟორობდა თვით მაესტრო ყოფით ქარავანს. შეფაკლულ ქალწულს ერთვოდა ჟღერა, მუსიკა, თნევა, ღიმილი ირგვლივ. გამხიარულდა მაესტროც უცბად, თვალშესამჩნევლად დახვეწა ქცევა. შემოდიოდნენ სტუმრები წყებად.
სალამი ჰკადრა რჩეულ ასულებს...
_ ო, გაიცანით, ლამარისი და სალომეა.
ნაღები ქალთა, ლამაზმანთა: _ მირანდუხტ _ მეჯლისთ დედოფალი, პამელა, პემმა, ნენელი, გეტა, _ სალამი თქვენდა!
სალამი თქვენდა _ ჩურჩულებდნენ ექოდ კედლებიც.
სარკმელებს მიღმა ზვიადი ქარი ექიშპებოდა გზად ჩამწკრივებულ ქვათა გრიფონთა გრძელ პროცესიას.
დარბაზში ლიზღვით ქილიკობდა ორი ჯამბაზი და დგამდნენ სცენას.
_ ქალბატონებო და ბატონებო!
შემოგთავაზებთ დღეს წარმოდგენას.
წუთით სიბრმავედ ჩამოწვა ბინდი. ელვით განათდა.
რევერანსებით გარდახსნა ფარდა ერთმა ჯამბაზმა.
სცენაზე იდგა მარიონეტი, სწუხდა რაღაცას.
_ რა დაგემართა ფაბლო? _ ჰკითხა ჯამბაზმა.
_ ო, სიყვარულის აღზევებამ შეაკრთო გული, ვუსმენ, ტრფობისგან სულგანაბული, თუ როგორ გალობს სულსა შინა ყრუ საუფლოში მეფეთა მეფე აცრემლებული...
_ რამ? სიყვარულის!? მერე ვის ეტრფი?
_ მარგარეტს, უმშვენიერესს ბანოვანთ შორის.
გამოჩნდა ქალი ფაიფურის, ბაბთებითა და ყვავილებით მორთულ-კაზმული.
_ თქვენ რაღას იტყვით?
რა საჭიროა სიტყვა ან ფიცი, მე ვეტრფი სცენას, პაჟებს, ტაშსა თუ ღიმილს, აღიარებას და დაფნის გვირგვინს. და მხოლოდ ფაბლო?! არა მსურს იგი...
_ მაშ, გაიმართოს ვარიეტე, ცეკვა თუ ფლირტი. თქვენ ფაიფურის ქალბატონო, მოგენიჭებათ პრიმა და პრიზი, ფაბლო კი მორჩეს უმიზეზო კვნესას და ჩივილს..
_ მე თქვენ მოგითხრობთ ჩემი გულის წრფელ სიყვარულზე...
_ ღირს კი?
_ მე ავაშენებ სასახლეებს, აქ ყოველივეს გარდავქმნი მისთვის, დავიპყრობ მასებს, შევებმები ომსა და ჭიდილს.
_ საბრალო ფაბლო, შენ დადუმდები, ეგ გულისძგერაც ჩაქრება მიწყივ, რადგან გულისთქმას და აზრებს შენსას კულისებს მიღმა უხილავად ვიღაც განაგებს. დაგაზიარებს სულისთქმას მისას, თუნდაც ავყიას, ამაყს, მხარდიადს და გეტყვის ასე:
_ იწამე იგი!
ანდა, შუბლში იხალე ტყვია.
ცოტაც და კიდეც იხილავდით აქ თვითმკვლელობას, ჩვენ ამ საღამოს გზას დავუთმობთ სიცილს და ლხენას. თავი მიეცით კვლავ აღმაფრენას.
სცენა დაფარეს მოცეკვავე ქალებმა. კედლებზე ლამპრები თვალისმომჭრელად აციმციმდნენ. ფერები ცეკვავდნენ ესტრადის ხმაზე, წყვილები ციბრუტივით ბრუნავდნენ. ამო სურნელი მოჰყვებოდა კაბების შრიალს.
მიართვეს ქალწულს გავალაკი, შემოსეს სკიპტრით, დიადებით, _ გაადედოფლეს..
ეახლა სახემზე მირანდუხტ, მეჯლისთ დედოფალი, თაყვანსცა მოწლებითად მსხდომს უცხოს, ცისიერს, შემდეგ მაესტროს დაუკრა თავი, საცეკვაოდ მიიპატიჟა. რამდენი ღიმილი იყო ირგვლივ. ასი? ათასი? ნიღბები! მერე როგორი, მრავალულევი, ნაირფერ ჭრილის, ყალბი ყალიბის.
მაქმანთა ტალღას შეერივნენ მაესტრო დიდი მისანთ მისანი და მხევალი მისი მირანდუხტ _ მეჯლისთ დედოფალი...
...და იწყო ვალსი.
_ დღეს უტურფესად იმზირები მგოსანთ სარკმლიდან მშვენიერო, როგორც ყოველთვის, სად არის რგული სული შენი? _ ჰკითხა მაესტრომ.
_ იქ, სადაც თრობის ვარდებია, ცეკვა და ვნება, მიჯრით მხლებლები, სად ფუფუნება და სიმდიდრეა ურღვევ-უცვლელი, სადაც ღიმილი გარეგნული სათნოდ გებული. სად _ დედოფალი ვიქნები მანამ, ვიდრე მოვკვდები.
_ მირანდუხტ, მერე ამათათვის შენს სულს მომცემდი?
_ მე მას დავსცემდი.
_ მოგენიჭება ესე ნიჭი, ესე ვნება, ესე ღიმილი... და მყარუფლება დედოფლისა ამა მეჯლისის.
მიუახლოვდნენ ცეკვით ქალწულს, ხელი ჩაჰკიდეს, შემოიარეს ერთად შემდეგ მცირე დარბაზნიც.
ერთგან ცეკვავდა შიშველი ჰემმა როსკიპთა დასით, სამოსი ჰქონდათ დანაფლეთი, ნაგლეჯი ძალვით.
ყრუ კვნესა ქალთა, შეკივლება, მუდმივი ახი, ღვინო სისხლისფრად ანაღვარი, ვით შადრევანი. შიშველ წვივ-ფეხთა აშხეფება, დავლური დაფით, და მოგიზგიზე სარდიონი ელვარე ალით. ცეკვავდა ჰემმა როსკიპთ მეფქალი, მოიახლოვა მაესტრომ, ძუძუთ შეეხო.თავი დაუკრა ჰემმამ, პირქვე დაემხო, ფეხზე ეამბორა ბატონს, დიდ მისანთმისანს.
ჯაზი უკრავდა ტავაწყვეტით, ცეკვას იწყებდნენ გაშმაგებით, ყველა სასანთლე ჩაქრა, ჩაღვენთა შუქი ალმურმა, მზად იყო ჰემმა ზმა შიშველი როსკიპთა დასით ამ ღამეული ორგიისათვის...
იძვრნენ ჩრდილები!
ო, ჰა, ნიშატი, შვება სხეულთა, უსამანო და განუწილველი. დაეშვა ფარდა ზლაზვნით, მძინებით. იქ... იქ ნეტარებდნენ წრეგადასულნი, თბეშეთნეულნი და აღვირმხსენნი.
_ ხედავ, მირანდუხტ, ამ თვინიერ დასთა მხილებას?! არის რამ კარგი სხვა ამაზე უფრო საამო?
_ ო, ვხედავ... ვუმზერ თუ როგორ თრიაქობენ ფანტასტთა დასში და ნებდებიან ილუზიურ, მიღმურ ჩვენებას.
ჰამელა! დიასახლისი ამ სურნელთა, მუშკთა, ამბართა...
იგი წამოდგა, რწევით, რონინით, როგორც ზმანება უცხო, შორისი... გზა, გზა დაამკო ნელ სურნელი ღრუბლად მომდანი, ბურუსი ნელი ქარაგმულად მიესალბუნა მის მხრებს, თმათ ტევრებს, თვალნი მონისლა, ძლივს მიაცქერდა მაესტროს, მხლებლებს.
_ მობრძანებითა აქა თქვენითა!
_ აჰა, თრიაქთა, ყაყაჩოთა ხმილვა სხვაგვარი, ქვედ იმღვრევიან საუკუნენი, შორს ზანზალაკთა ისმის წკარუნი, ჩნდება ჩრდილ-ლანდნი ვითა სიზმარი, აქ კვლავ ბობოქრობს ჯერუთქმელი საალმობელი, გრეხილ მთებს მიღმა მზე კიაფობს ყოვლისმფლობელი, ირწევა მხარე, არე ირგვლივ, მთა, ზღვა ყოველი, მიიწევ ვითარცა უსხეულო, განუწოველი...
უთვალავ ფერებს ფრთა შეუსხამთ, შეხსნეს კამარა, განახვეს თაღი, შეენივთნენ ცის მკრთალ ანდამატს.
ქროლას ესწრაფვის ვნება მჭვრეტი “ზესთა საუფლოს”, ირგვლივ სახეებს უმყოფადს და სნებით აღრეულთ.
გრძელდება წამი, დრო არ სრულობს, დნება გუმბათი. ირწევა სახლი, ქვესამყარო მოძრავ-უძრავი.
_ მათ ამა ქვეყნის მიღმა ჰპოვეს უცხო თალარი, აი, სამანი, _ რქვა მაესტრომ და გამოხურა ღიმილით კარი.
დერეფნებს აჰყვა ხმა უჩუმარი, ორთა სურვილით თუ სატყუარით.
_ აჰა, მირანდუხტ, ტკბობა მათი, ცდუნებაცჰყავი, მაგრამ ღირს მაინც ამ ცდუნებად სიცოცხლე ცხადი. ქალწული ესრეთ უშფოთველი, რას გვეტყვის, არ? _ კი?
_...
_ ესე დუმილი თანახმობის, მდაა, მაშ, დუმილი? ჩაიძირება ფესვებით ვუწყი, _ ჩაითრევს კუპრი!
და კვლავ არენა! ხმად მუსიკა, როკვა, ტიტები. ირგვლივ ფერები საოცრები, შავ, სისხლისფერი...
_ კაბარე!
მაესტრო მთვრალი ღვინით, სისხლით ძლივს მობარბაცებს _ ამ სასმისებით გაუმარჯოს ქურდებს, ჯამბაზებს! თავშესაფარი მიეცით მეძავთ და მაწანწალებს.
ჭერიც ბარბაცებს.
_ ეს ვის მოუხმობს შორეულ გზათა კორიანტელი? გავა კი წრიდან? შეიმოსება სამოსელით უჩინარების? აქ, რომლებთაც კი შიში ზაფრავთ, მწვირე ალაღებთ, ვერვის უფლიედ განშორება და ვერც განმაგდებთ.
მაშ, ახლობლებო,
ბატონებო,
ქალბატონებო!
თქვენც ხელდასხმულო დედოფლებო, იცეკვეთ მანამ თავაწყვეტით, სანამ კაბარე გადაიქცევა თქვენს ცივ სამარედ!
კვლავ ვინ დგას ჩემს წინ?!
ვინ მითვალთვალებს?
ხა, ხა, ხარხარი...
ჩაიძირება ფესვებით ვუწყი, ჩაითრევს კუპრი. აქ ბევრი იყო მსახურებით ზესთა მხილველი, ბევრმაც სიბეცით სიცოცხლე თვისი მსხვერპლად არჩია. მახსოვს მე მათი მსახურება და ლიტანია.
იყვნენ ისეთნიც, ბორგნეულნი,
დიდებას, რომელთ სისხლი აჩნია!
როს გახელებით ეპოქებს ქმნიდნენ და როგორც რიდეს, მთელ საუკუნეს, შავბნელს, უკუნეთს, გლეჯდნენ და ყრიდნენ...
მაგრამ განა რა?
მათი სახელიც ხომ დაჰფარა ფერფლმა, ბალღამმა.
გახსოვდეთ წამი! ტკბობა მხოლოდ...
სიცოცხლე რაა?
სიამე დიდი, ამ სიამეთ ზედ დაკონება, ამაზე კარგი შევინიშნავთ სხვა რამ ქონება?
სხვაგვარი ფიქრი, უცაბედი სხვა შთაგონება, ამჯერად მხოლოდ ქარბუქია და გაქროლება... რომ წუთი წუთს სდევს, ისე როგორც წამს სდევს წამები... ასე ყოველი წუთის მსგავსად იწვის და ქრება.
მოფარფატენო ზე ღრუბლებში არა ღირს ფრენა. გეკმაროთ ესე სახეთა ხილვა და წარმოდგენა. მოუხმეთ ჰანგებს! კვლავ დაფდაფებს, გაბრწყინდეს წუთი, მივაცილებდეთ გაშმაგებით, ვიკლავდეთ წყურვილს.
ჰა, თორემ დროა მედინი და თვალს დათნევს რული, დაათენდება ამაღამ ღამეს ხატება სრული.
ქალწული ესრე უშფოთველი არ უწყის ურვას, სიცოცხლე ნიშნავს საამურად დანებდეთ სურვილს, ვნებას ან ლხენას, ამ მეჯლისსაც, თუნდ ორომტრიალს, აქ მოკვდავ კაცთა წამებასაც სიცოცხლე ჰქვია, მიჰყევით მიზანს ცხოვრებისას ამაყს და დიადს.
იწამეთ წამი!
ან შიგ შუბლში იხალეთ ტყვია!
_ ო, დედოფალო,
და სამყაროვ, თუ სხვა სიცოცხლევ,
მაშ, უშფოთველად, უბრძოლველად გსურს რომ დამნებდე?
თუ, ჰა, პირიქით?
ან იქნებ?!.. ხა..ხა..
იქნებ პირიქით?!
ჰმ, შენ გსურს რომ მე?..
ხა... ხა... ხარხარი...
ვერ შევეღირსნეთ მაშ, ერთმანეთს, ვეღარ მიცანი? ბრძოლა ყოველთა წინააღმდეგ ვერ შეიცანი?
აგე პოეტნი, საჭურისი, მცირედ მისანიც, ჰკითხეთ რა არის ქვეყნად ყოფნის მისი მიზანი.
რადმერტ! დაიწყე.
თქვენ მუტრიბნო, სმენად იყავით, არ ვყოფილიყავ მე, _ უჩემოდ ყოფნას იზრახვდით?
ან თვით ვინა ვარ?
ვარ ებგური, სამანეთ რომელთ ზღვარსა წილად ბედკრულნი ყოფენ.
უწინ სახელად მოხიმანკლე შემერქვა ოდეს, თან ძლიერება მომანიჭეს, რაღა არ ვთესე, მათივ ხელებით.
ომი, რღვევა, სიბილწე ვშობე.
რადმერტ თქვენ, ფაბლო, თუნდაც თქვენ შობეთ, 
ანდა მირანდუხტ,
ო, მარგარეტ,
კიდევ რა მთხოვეთ?
რომც მოვისურვო შესვენება, თავად არ მტოვებთ, მიზანი თქვენი მარტოკა გსურთ რომ ანცობდეთ.
რადმერტ! რას იტყვი, ამ მეჯლისზე რისთვის მოხვედი?
_ ო, მაღალ სულთა საცნაურის ხილვას მოველი...
_ ხილვას რომელის?
_ ყოველ ცისმარე, ათინათზე, მზე ალიონზე, რძისფერ სამოსით შეფერილი ქალწულის მზერით, კანდელით ხელში, ფეხაკრეფით, საამო ჟღერით, ღამეს უშუქარს ნათელი დევნის; და მეორდება ესე ყოველი არსთა არეში, დაჰყოფს სამყაროს, საცნაურად ორთა მიჯნაზე, თვით ამაზრზენაც! ბოროტების სვლა და თარეში, მუხლებს მოიკვეთს უნებურად სხივთა წინაშე.
რაღას მოველი?
მართლა ხილვებს?
მხოლოდ ჯილდოებს! 
ტაში და ხოტბა დღესაც მოსრავს სიამის წყურვილს, ამ სიამაყეს აღტაცება მომიჯადოებს, და მისთვლის ასე, წამი წამს და სურვილი სურვილს.
მომწყინდა ფიქრი მუდმივ მშრალი, თან შეთნეული, მომბეზრდა ბედთან შერიგება და სულგრძელობა. მე მინდა ახლა მზიურ განცდის სხვა ორეული, რომ დამიბრუნდეს ისევ მყარად ნების ნებობა.
ეს მოტივიც კი საკმაოა, შეფერხდეს ფიქრი, ან კი რად მინდა, მკვდარი აზრი უქმად ეყაროს, რომ ამ ცხოვრების შიგ ტვინშია ჩადგმული ტიხრი,
და მეშინია ბნელი სენი არ შემეყაროს,
მოდიან ჩემსკენ მთელი წყება შეშლილ სახეთა და უკან მოსდევს ქარის სწრაფვით მამონას ლანდი, თუ შეჩვენება მეზმანება! სულიც გახევდა,
ო, როგორ გავძლო, როგორ გავძლო მე აქ დილამდის.
დგას თეთრი სევდა!
ამ მდაბიო ფიქრთ ანათრთოლი 
ვდგევართ პირისპირ...
ბედის ჩრდილი ზლაზვნით წინ მიდის.
ყოფნას იმედის ჩამომჭკნარი ფოთლები სცვივა
და მაწვიმს მუდმივ მთუთქავე ცრემლით,
მტანჯველ ტკივილით.
_ ნუ თხზავ სტრიქონებს!
აღსრულდება ბედი რაც არი... თქვა მაესტრომ და მიხურა ფიქრთასაცავი. ირწმუნე მხოლოდ, აქ შობილა ესე ყოველი, რომ თვითსიცოცხლის დროებითი ჰყავ აქ სამყოფელი, გიმუხთლებს ჟამიც, სულ სხვა მოვა ქვეყნად შენს დარად.
_ ჩამოეშვება წუთისოფლის ფერადი ფარდა?
_ ჰო, თუნდაც ფარდა, ვინ იკვლიოს აქ სამართალი, რა დროს ესაა, საზეიმოდ გვიხმობს დარბაზი...
_ ჰა, საპაექროდ ხელთ განვიგდე თეთრი თათმანი, რომ ის არსებობს! როგორც სუნთქვა, როგორც ლამპარი, მე მას ვუწოდებ... მე მას ვლანდავ თეთრ მოსართავით, თუმცა ვერ ვხედავ, თუმცა დავბრმავდი და დავგლახავდი. ჩადგება ქარი, დამუნჯდება ალიაქოთი, აქ ყველას რიდე აგვეხდება განკითხვის ხელით!..
_ და კიდევ რაო? იქნებაო მარად წალკოტი?!
_ და ჰა, წალკოტიც!
ჩვენ რისთვის ვართ? სხვას არვის ველით.
 თუ გსურს დატოვე ყოველივე, დასთმე, თავს ავნე...
ჰა, ჰა, ხმა ისმის, ვიღაც ლაღობს და თან კისკისებს.
შემოდის ქალი, ხელთნაპყრობი პირთავსე ვნება,
ამოისუნთქა დარბაზმა შვებით, _
_ ქალი ბოჰემა!
ქალი ბოჰემა _ აჰყვა ჩურჩული, ჭორმაც დააღო ხახა ურჩხულის.
_ კვლავ თქვენი ხილვის მქონდა წყურვილი, შედგა, მაესტროს ამცნო სურვილი,
შესტყორცნა მზერა, ეშხი ფარული, ხედვა თვალისა ჯადოქარული.
_ აჰა, მეჯლისი, ღამე ესრე თვითმხიარული, თრობა შესატკბი, ფერხული და ჰა, არული... რქვა მაესტრომ და დასტურჰყო ბრბომაც:
_ არული, არული...
ქალი ბოჰემა აიტაცეს, შეწყდა ხმაური, სიმები ჩაწყდა და შეენთო ბრბოს კვლავ ალმური.
არული... არული...
მეჯლისს შეერთო ქალის სახე, ბნელით სნებული,
მან იწყო როკვა,
იწყეს ლოშვნა,
დაშვრა კრებული.
განსრულდა წამი! აღესრულა ვნებით, წადილით. აშქერდა ქარიც სარკმელს მიღმა ბეზირგალივით. ზე შედგა გიიომ! შემაღლებით, უძრავ სიმძიმედ, აფრთხობდა მისი გამოხედვა ღამის სიცივეს...
ქალწული უხმოდ, ლერწამივით თხელი, ნატიფი
ელოდა ნათელს,
სამყაროს სანთელს...
როს სათუთანა დილის სხივი ღამეს წარავლენს და შეუთრთოლებს ტოტებს თალალეს.
რად ხდება ასე?
აქ სინათლეც კი სიბნელეა.
   ვეღარ ხედავენ კუნაპეტში ნათელს, რომელსაც ვერ მოიცავს ქვესკნელი ბნელი.
არც ვინ შენატრის,
კვლავ შორსაა ჯერ გარიჟრაჟი.
მოსთქვამენ ერთხმად:
_სიზმარიაო ყოფნა, ერთთავად, ჟღალი მირაჟი...
არ ჩანს რიჟრაჟი.
სად არის იგი, თეთრ მოსართავით, რომ იგვიანებს? ჰკვირობს ქალწული, ო, მექმი იგი, სიმშვიდე ყოვლის?!
უჩანთ ღრეობა ჯურღმულთ პატიმრებს, შეშლილთ, ვამპირებს, ემდეგ ფაკირებს გადასცეს სცენა.
_ მოცეკვავენო, დასთმეთ არენა! _ ბრძანებს მაესტრო.
ვით ანათემა, შემოდის წყება გონჯთა სახეთა, ყლაპავენ ცეცხლსა, ზმნიან სვლათ ბედთ.
ყოვლისშემძლეა მათი ხელი
სასწაულქმედი,
მათ გაწვრთნეს ცეცხლი,
და ძრწოლაც ელით,
ომი და თქეში, ცეცხლის თუ სისხლის,
სიკვდილის წესით...
აჰა, გაისმის საბრძოლო ხმები!
და მოიწევენ წინ მეომრები.
გასცეს ბრძანება, ჰხოცონ მანამდე, სანამ სამყაროს არ აქცევენ მთლიან სამარედ, მოკვდავთ სამარხად.
ო, ზარი გლოვობს,
ზეცა მოსთქვამს,
მიწა ზანზარებს!
ვინ შეაჩერებს დაგეშილ სიკვდილს,
ომს და ზარბაზნებს?
წინ ბრძოლის გზა ძევს...
ამ გზას მისდევენ მონურ ხვედრით, სხეულთ ხიშტებით,
წინ, წინ ჯილდოა, კაცთა კვლისთვის, სისხლის ნთხევისთვის,
შესაძლებელ არს ყოველივე, პარვაც, მრუშობაც.
ო, წინ ჯილდოა, ოქრო, ვერცხლი, თვალმარგალიტი
თვით სახელიც კი მოსაპოვებლად.
ეს მე ვარ! მე ვარ!
დაიხარხარებს არამმეცნე, გონარეული.
მიზნის მიღწევა იოლია, თუკი გასთელავ,
იყოს მოთხვრილი სისხლით ხელები, ამყრალდეს მიწაც.
ო, მე გავთელავ...
და მას მაესტრო, სულთამპყრობი გადასცემს ჯილდოს,
ნაყროვანება ამსუბუქებს გონებას, _ მსახურს მამონაისას.
დაჰკრეს დაფი დაფს...
ჯარი დაიძრა!
და მოდის სისხლი ადიდებულ მდინარესავით, გვამთ თან წარიტანს.

--- --
გასროლა ერთი,
მყის დარბაზი შედგა, გარინდდა.
დაეცა რადმერტ, სულთანმბრძოლი, თავი განგმირა.
სიჩუმემ განსცრა შიშნეულად, წამს შეამცივნა...
_ თვითმკვლელი, მკვლელი, _ გაიღეს ხმები დატირების, არმად განსრულდა სიცოცხლე შენი, საბრალო რადმერტ! თუმცა დადუმდი, მაინც ქვესკნელის დარჩი მსახური.
ორკესტრი კვლავ ჰქუხს: გაირეთ ძღვენი, გათენებამდე იცეკვეთ შლეგვით.
ჩამოჰკრავს დრო და მერე კაბარე?
გადაიქცევა თქვენს ცივ სამარედ...
თქვენს ცივ სამარედ...
თქვენს ცივ სამარედ...
_ წაიღეთ გვამი, გაათრიეთ, ნურვინ იცოდებთ, ეს შეუძლია სიამაყეს, ზღვარი იცოდეთ, _ უხმო ჯალათებს და მაესტრო ნიღაბს იშორებს.
_ აღიღეთ ყველამ წვეთი სისხლის, წილი გიძღოდეთ!
კვლავ დაჰკრეს დაფებს,
ბგერა ჩასწყდათ ხმათა იოგებს და სატფურება მეჯლისისა იქ მყოფთ იმონებს.

 - - - 
მხოლოდ ქალწული დანანებით ცრემლს ვერ იოკებს,
_ რად ხდება ასე?
ამაოა ნუთუ სიცოცხლე?! _
მოკვდავთა ქშენა?
სანთლის ალივით ქრება ნება და მოკვდავთ თნევა ბრბოდ აქცევს ყველას?! ახლავს კი ვინმეს ალმასივით მეს თვითშეგნება?
მიზანი რაა _ გადაშენება?!
ვეღარ ნაყრდება მაესტრო მძორით.
_ მე ვარ ბატონო ამა ქვეყნის _ ამაო სოფლის, მეინახენო, რას ითხოვდით ცემგან ყოველთვის?
_ ოქროსა და ძალაუფლებას! _ ყიჟინა ერთხმად.
მაშ, ქვით გაძეხით, ისაზრდოვეთ მით 
შენ კი ქალწულო, გადააქცევ ამ ქვას თეთრ პურად?
_ მსურს დაპურება სულიერი, ვისურვე თევზი...
_ ნუთუ უარყოფ მორიელის შემოქმედ ძალას? _ ჰკვირობს მაესტროს.
_ ის თავის თავს კლავს, მის სანაცვლოდ ვირჩიე კვერცხი...
_ გველის სანაცვლოდ?
_ პური, _ სიბრძნეა იგი სიყვარულთან ქორწინებული.
_ და რა გებოძა ერტ მიზნისთვის?
_ თავისუფლება! შენ არ გეკუთვნი...
_ მაშ, იარე ვიწრო გზით ისევ, განმშორდი სწრაფად, _ თქვა მაესტრომ და შეიბურა სავი ქიტონით.
_ კვლავ მსურს მშვიდობა! _ ბრძოლის ველი გონებაშია, აზრშია ბრძოლა...
ქალწულმა ნებით გადაუხსნა სარქველი სარწყულს...
_ წარმოსკდა წარღვნად სიყვარული,
სპეტაკ ვარდებად,
კონებად სხივთა,
ჟღერად ჰანგების.
მარცხნივ ღრიალით განიპო ბაგე, _ მყივარ ხმით უხმო ცრუ მეუფემ მსახურთ, ჯალათებს.
_ გარდმოსკდა წყარო... მდინარე რძის... ნაკადულებიც...
თენდება უკვე.
ჰა, ქვა ჩაქოლეთ...
და მოდის ჯარი.
შეჩერდა წამი... საუკუნე...
განათდა ზეცა, მონათლული მზით, სიყვარულით.
_ უჭკნობელ ვარდთა, ცის იათა, ხელი ნურვინ ახლონ, _ სულით მდაბალნი და უკეთურნი ვერ მიეახლონ, _ ბრძანებს ნათელი,
_ ვით მიეახლოს?..
და დგას დარბაზი განშეშებით,
_ განიღო მზერა,
_ დაღვარა სული.
_ განახვა თაღი შეუღწევი, უჩინოდქმნილი,
_ აჰა, ესერა, თასი სიბრძნის და სიყვარულის!

 - - - 
მიდის ქალწული,
მიუყვება კიბეებს ზევით,
და ხსნის დარაბებს...
სივრცეა ისე ახლო და თეთრი,
      მშვიდობა ყოვლის!
ერთი ნაბიჯი გადადგა იქით, ეთერულ ტბისკენ. წყალი ტერფს მისწვდა.
ტალღები თრთოდნენ საამო ფშვინვით,
დაუსაბამო ბჭეებამდე ირეკლებოდნენ, ლოტოსის წნულთან შემოერტყნენ, გაშალეს არსნი... აღავსეს სულით, სახელით და შემოქმედ ნებით...

8 8 8

ის სამყარო კი, _ მოქცეული ეკლიან ყდაში, 
ძლივსღა მოძრავი დაფუტრულ და დარჩილულ ღერძზე,
     უკუქცეული,
ცდუნებათგან გონდაცლილ ცდაში
იხრჩობს თავის თავს სიბნელეში,
ხმელ ლეღვის ხეზე.




                                 კერპი

როდის დასახლდა ხალხი აქ, არავის ახსოვს, არც იმ ძალადაკარგულ კერპს, კერპი რომ გამოჩნდა, ის ქალაქი უკვე არსებობდა. ნამდვილ სამოთხეს ჰგავდა იქაურობა. მართალია, ქალაქს დრო შიგადაშიგ სახეს უცვლიდა, მაგრამ თავისი ოდინდელი არილი მაინც შერჩენოდა.
თუ რატომ დასჭირდა ხალხს მისი აქ დადგმა, ამაზე თვით კერპიც ვერ გასცემდა ვერავის პასუხს. მომაღლო ადგილას იდგა იგი და ზემოდან გადმოჰყურებდა ირგვლივ ყოველივეს.
სხვადასხვა მინერალი შეკრიბეს, შეაერთეს, შეაკოწიწეს და მისცეს სახის ფორმა, შემდეგ, გამოქვაბულში, სადაც ვულკანი ჩამქრალიყო, კარგად გამოწვეს. გულის მაგივრად ერთი მოზრდილი ქვაც კი ჩაუდეს ოდნავ დაწინწკლული. იმ დღის მერე, რაც ეს კერპი მომაღლო ადგილზე დადგეს, თვალგახელილი მისჩერებია დღე-ღამის სახეცვლასა და დროის თვალთმაქცობას. მრავალმა წყალმა გადაუარა თავზე და წვიმამაც მრავალჯერ ჩამორეცხა. ხანაც მზე გაახურებდა და ძალუმად აჭერდა თავის ძლიერ თითებს, იდგა და იტანდა ყველაფერს, რადგან კერპი იყო და ასე უნდა მდგარიყო. სულ პირველად, კერპი ხვდებოდა თავის დანიშნულებას, მერე მოვლა-პატრონობა რომ დაუწყეს, ფერხული და ტოზიკნობა, ცოტა არ იყოს გაზვიადდა. ის კი არა-და უამრავ რამეს სთხოვდნენ და მსხვერპლსაც სწირავდნენ. პირველი სისხლი რომ დაიღვარა მის თვალწინ, ქვის გული სრულებით არ შეტოკებია. ცოტა არ იყოს ღირსეულადაც კი მიიღო დაღვრილი სითხე, გაითავისა, დიდხანს კვებავდა მის შიგანს მისთვის დანთხეული ცოცხალი სითხე, ის კი, მრისხანედ იდგა თავის ადგილას და, ერთადერთს რასაც აკეთებდა, ქვეყანას დაქცევისაგან თუ იცავდა. ასე ეგონა, ცა მხრებით მიჭირავსო და ამ ხალხს უკიდეგანო სივრცე წარღვნამ თავზე რომ არ ჩამოაქციოს, უნდა დავიცვაო. ეს იყო მისი მოვალეობა, თუმცა, მის მეტოქედ, მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარი მთა აღმართულიყო. შემოდგომაზე თოვლით დაითრვილებოდა და მაისის თვემდე თეთრად ქათქათებდა მისი მაღალი ქუდი. არა, ამ მთას არ ეჭირა მხრებით ეს ქვეყანა, მას ისე არ სცემდა ხალხი თაყვანს, როგორც კერპს. ჟამი-ჟამ კერპი იმასაც ამჩნევდა, თუ როგორ შეუყვებოდა აღმართს მთის წვერისაკენ თითო-ოროლა ადამიანი. მართალია, ვერც ერთმა ვერ შესძლო წვერზე დაედგა ფეხი, მაგრამ ხომ ხედავდა კერპი როგორ ითელებოდა მისი ზურგი ადამიანის ფეხისაგან, ამ მთაზე უფრო ძლიერი იყო მათი სურვილი.
კერპმა არ იცოდა სიბრალული. იგი მსხვერპლს მოითხოვდა და მხოლოდ. იგი არ სვამდა ადამიანებივით, არ ჭამდა და არ იმოსე-                                                                                                                                    ბოდა, მაგრამ თავისი წილი მაინც სჭირდებოდა. მსხვერპლი უნდა შეეწირათ, რათა გავეშებული ვულკანისაგან, თავსხმა წვიმებისაგან და გვალვისაგან დაეცვა ხალხი. ის კი არა და პირველ მოსავალს მას მიუტანდნენ და კერპს ბარაქას სთხოვდნენ. ადრე მსახურებიც კი ჰყავდა მიჩენილი და ისინი ასრულებდნენ მის გამოუხატველ, მაგრამ მბრძანებლურ ნებას. თავისი კანონებიც კი ჰქონდა კერპს. ეს კანონები მასზე იეროგლიფებით გამოესახათ. შემდეგ დრო-ჟამმა გადარეცხა, მაგრამ კერპი მაინც არ იხრიდა ქედს დროის წინაშე. უწინ, როცა უფრო ზვიადი და ყოყოჩი იყო მზეს ადრიდა თავს, მზე აღმოსავლეთიდან ამოდიოდა, მთების ჩრდილს დააფენდა ბარს, ნელ-ნელა გაგორდებოდა და ბოლოს სადღაც ჩაესვენებოდა. სად? _ ეს კერპმაც კი არ იცოდა. ალბათ მთვარეს უთმობდა სარბიელს. მთვარე მოსწონდა კერპს. მის მესაიდუმლედ მიაჩნდა მარადიული გარინდებისა და ფიქრის ჟამს.
იდგა და სჭვრეტდა მის მკრთალ ნათებას, თუმცა მის საიდუმლოს ვერ სწვდებოდა. რაღაც დიდი რამ იყო მასზე დამოკიდებული, ამას კი გრძნობდა. აკი ხალხიც მას აღმერთებდა. ცაზე ის იყო, დედამიწაზე _ კერპი! მთავრესაც შეეძლო გარინდება და თავისთვის ფიქრი. ფლობდა საკუთარ მეს. მზეს კი არ ჰგავდა, მრავლად რომ უნაწილებდა თავის არსებულ ნათელ სიცოცხლეს. ხანდახან ისე სასტიკად დააცხუნებდა კერპს, რომ გასკდომამდე გაახურებდა. ლამაზად კი ააბრჭყვიალებდა მის ზედაპირს. მაგრამ აუტანელი სიცხე ქვის გულს უთანგავდა. მის გარდა ირგვლივ ყველას უყვარდა მზე და ყველა მას ელოდა, ერთადერთ დამცველად ვეებერთელა ქედი ჰყავდა მის მოპირდაპირედ, ზვიადად რომ გაწოლილიყო, მზის მხურვალების ჟამს ჩრდილსა და სიგრილეს მოუვლენდა. ეს მთაც კი მე მსახურებსო, სიამაყით ფიქრობდა კერპი, თან მისი მადლიერიც იყო. ასე იდგნენ ორთავე ერთმანეთის პირდაპირ და მდუმარედ სჭვრეტდნენ სამყაროსა და დროის ცვალებადობას. ირგვლივ მათ გარდა ყველაფერი იცვლებოდა. პირველად, სულ ადრე, კერპი ხელგაშლილიც კი იყო, ეს მანამდე, სანამ დაივიწყებდნენ. მოვიდოდა მწყემსი მაკინტლობის ჟამს და ცხვრის სიმრავლეს შესთხოვდა თავის ფარეხში, _ ნამეტს და გამრავლებას. თან სალამურს აუკვნესებდა, მოზრდილ ცხვარსაც დაუკლავდა, _ ნამეტი გქონდესო! _ იტყოდა მადლიერი კერპი და მართლაც მრავლდებოდა ფარა. მრავლდებოდა და ხედავდა, თუ როგორ ეფინებოდა მათი სიმრავლე ფერდობებს, მოვიდოდა ხელმოცარული კაცი და ხელის გამართვას სთხოვდა კერპს. უკანასკნელ ლუკმას გაიმეტებდა, უკანასკნელ წვეთს მიაპკურებდა ღვინისას და მომავალი წლის უხვბარაქიანობას შესთხოვდა, მოდიოდნენ ხოლმე წყვილები, ქალ-ვაჟნი, ყვავილთა თაიგულით შეამკობდნენ კერპს, სიმღერებს უმღერებდნენ და გამოგაზაფხულებულზე ცეკვა-თამაშს გამართავდნენ მის გარშემო, შემდეგ კი უღლდებოდნენ და მრავლდებოდნენ. ეს ყოველივე კერპის დამსახურება იყო, მოვიდოდა ავიშვიშებული დედაკაცი და მოჰყვებოდა მის წინ ხვეწნა-მუდარას, რაღაცას ეაჯებოდა. თუმცა მისი ხვეწნის არაფერი ესმოდა კერპს, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა მოესმინა. მასაც უსრულებდა სურვილს. განა ძნელი შესასრულებელი იყო?! ამაზე იოლი საქმე თუ რამ იყო ამქვეყნად, არ ეგონა კერპს. ისინი მაინც შრომობდნენ და ცხოვრობდნენ, იცინოდნენ და ტიროდნენ, ხარობდნენ, მწუხარობდნენ. მოვლენა მოვლენას ცვლიდა, ხან კარგი ხდებოდა მათ თავს და ხანაც ცუდი. ხან ლხინი იყო, ხან ჭირი. სრავდნენ კიდეც ერთმანეთს. შემდეგ ცალ-ცალკე მიდიოდნენ და კერპის წინაშე ათასნაირ თავის გასამართლებელს ეძებდნენ. ცალ-ცალკე ორივე მხარე მართალი იყო, კერპს კი არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მას ეს ქვეყნიერება ეჭირა მხრებით და ესეც საკმარისიაო , _ ფიქრობდა. მხოლოდ ერთი ხვლიკი ვერ მოემადლიერებინა კერპს, ხვლიკი ყოველდღე ამოძვრებოდა მის სიპ ტანზე, მისსივე იერფერს მიიღებდა და მზეზე განცხრომით თბებოდა. სწყევლიდა კერპი მის ჯიშსა და ნაშიერს, მაგრამ ხვლიკი ამას აინუშად არ აგდებდა, მიწის ღრმულიდან გამოძვრებოდა, შეაცურდებოდა კერპს და თვალებს მინაბავდა.  ისიც რაღაც მარადიულობის მაგვარზე თუ ფიქრობდა ამ დროს. არა, მაგოდენს რას მოიფიქრებდა, დიდი ქარაფშუტა ვინმე იყო და წუთიერებით ცხოვრობდა, მარადიულობა მხოლოდ კერპის ჩაფიქრებული იყო. მას ისიც მხრებით უნდა სჭეროდა. ადრე დიდი დაკვირვებით შესცქეროდა ხალხის ცხოვრებას. ცალკეულ ოჯახებსაც და პიროვნებებსაც. მერე თანდათან მობეზრდა, რადგან მიხვდა, მათში ერთი და იგივე მარცვალი იდო. მოვლენებიც ერთგვაროვნად ვითარდებოდა და     საოცრად ჰგავდა ერთმანეთს ყოველივე. ქორწინდებოდნენ, მრავლდებოდნენ, იბრძოდნენ, ზოგი ხევში კვდებოდა, ზოგი ქოხში, ზოგი ნადირობის დროს, ზოგი სამწყემსურში, გარკვეული ხანი უნდა ეცქირა მათთვის, მათი სიხარულიც უნდა მიეღო და ჭირიც, სურვილები შეესრულებინა. შემდეგ სამუდამოდ უჩინარდებოდნენ. სურათი სურათს ცვლიდა, სახე სახეს, მოვლენები ერთმანეთში ირეოდა, შეუცვლელი მხოლოდ მთა იყო. დანარჩენი ყოველივე მდინარესავით მიედინებოდა. მარად მოძრავი იყო ეს სამყარო _ მაინც სად მიდის ხალხი ან ეს მდინარე რად არის ასე მოუქცევადი, _ უკვირდა კერპს.
მდიდრები ღატაკდებოდნენ, ღატაკები მდიდრდებოდნენ, ქვეყანა იცვლებოდა, სიცოცხლე გრძელდებოდა, რას უნდა ნიშნავდეს ეს? _ სულ უფრო და უფრო უკვირდა კერპს, რა არის ის, ასე რომ უცვლის სახეს მათ სიცოცხლეს? ხანდახან რომ ღვრიდნენ მსხვერპლშეწირვის დროს მის ფერხთ წინაშე, რა არის ეს? _ ღრუბელივით იწოვდა ხოლმე მის წინ დანრთხეულ სითხეს. მაგრამ ვერაფერი გაეგო, _ ეს ყოველივე წარმავალია, ის კი მუდამჟამს არსებობს როგორც მე, როგორც ეს მთა, როგორც მზე და დედაუფალი მთვარე, როცა იქნება ხომ გავარკვევ, როცა იქნება ამასაც ხომ ექნება დასასრული. ახლა ამ ცას ასე ნებავს და ამ მიწასაც. ამ მიწაზე მიდგას ფეხი და მხრებით მიჭირავს ზეცა, სულ ასე უნდა ვუცქირო ამა ქვეყნის სახესხვაობას, _ იმშვიდებდა თავს.
მაინც რა მარტივი და ერთგვაროვანი სანახაობა იყო, ადამიანებს ეგონათ, რომ ყოველივე განუმეორებელი იყო, რადგან საკუთარ გაუთვითცნობიერებელ მეს ატარებდნენ, თავიანთ აღქმულსა და აღუქმელ სამყაროს. როგორი ძლიერები და ამავე დროს როგორი უსუსურები იყვნენ ისინი, როგორი ლმობიერები და როგორი სასტიკები, როგორი კეთილები და როგორი ბოროტები ერთდროულად. უცნაურია! _ ჰკვირობდა მათი შემხედვარე. შემდეგ შეეჩვია, აღარაფერი აკვირვებდა. ირგვლივ ყოველივე ზოგადი გახდა, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ზოგადად აღიქვამდა. ერთი მოვლენა შინაარსს ჰკარგავდა, უსასრულობაში ინთქმებოდა და მრავალსახოვან სიმრავლეში ირეოდა. ინტერსი დაეკარგა ყველაფერს, კერპი სულ მთლად განმარტოვდა და ჩაიკეტა თავის არსებაში, უკუშეაქცია მზერა სამყაროს. _ მე უნდა ვიდგე სიკეთესა და ბოროტების ზე!


მე უნდა ვიდგე სიცოცხლესა და სიკვდილს ზე!
მე უნდა ვიდგე სახემრავლობასა და ერთსა ზე!
მე უნდა ვიდგე ყოველივეს ზე! 
მე არ უნდა მაღელვებდეს არანაირი საიდუმლო, არც ცის, არც მიწის.
მე ვხედავ მათ კანონს და ვიცი რომ ასეა!
მე უნდა ვიდგე რეალურსა და არარეალურს ზე,
მე ვარ მე !!!
_ ხი, ხი, ხი, _ პირველად თავისი არსებობის მანძილზე ჩაიხითხითა კერპმა.
გაახსენდა ყველა წარმავალი მოვლენა, გაიხსენა ყველა სახე თუ ხვეწნა-მუდარა.
_ აი, მოვიდა კაცი სოფლად, სიკეთე ქნა, ხიდი, წისქვილი, სახლი ააშენა, მოიმკა ამ ცხოვრების ნაყოფი და . . . წავიდა.
_ აი, მოვიდა კაცი, ბოროტება ქნა, ხიდი, წისქვილი, ქალაქი დაანგრია, ოჯახი ააწიოკა, სისხლის მდინარეები ატბორა მიწას, მიიღო თავისი მისაგებელი და ისიც წავიდა.
_ აი, მოვიდა სიცოცხლით აღვსილი, იცინა, იხარა, წავიდა!
_ აი, მოვიდა სიკვდილი, იტირა, იგლოვა ხალხმა და ისიც გაუჩინარდა.
როცა სიცოცხლე იყო, სიკვდილი არ იყო, და როცა სიკვდილი იყო, მაშინ სიცოცხლეს არ ჰქონდა იქ ადგილი. 
ან სიკეთე რა იყო, ან ბოროტება? კერპისთვის ესეც ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როგორიც სიკვდილ-სიცოცხლე.
მთლიანობაში კი რაღაც არაჩვეულებრივი იგრძნობოდა მათში, _ ეს ვერ გაეგო კერპს, ან რა აცეკვებდა იმ წყვილებს გაზაფხულობით, როცა ბუნება და სამყარო იღვიძებს?! ან რა ძალით ღვივდება მარცვალი ხნულში, ან რა ძალაა ის, რომ სიცოცხლე იმარჯვებს მარადჟამს და ვერ სრავს მის მარადმწვანე ყლორტებს სიკვდილის ცელი?!
ეს იყო რაღაც მთავარი! _ ის თვით კერპზე დიდი იყო. ის მთავრეზეც ამოუცნობი იყო და მზეც მას ემორჩილებოდა.
რისთვის შექმნეს კერპი მრავალმა ხელმა და მრავალმა სულმა? რაღაც თავის სიღრმეში ხომ იცოდა კერპმა, რომ ოდესღაც არავის არ სჭირდებოდა, არ იყო აქ მისი ადგილი. მაშ, მათ შექმნეს, გამოიგონეს, კერპად შერაცხეს, დიდი ძალა და ენერგია ჩადეს მასში, მათი მრავალი უთქმელი სევდა, თუ ტკივილი, ლხენა თუ სურვილი, მრავალი ხედვა შეაერთეს, თავიანთი მრწამსი შეაგუნდავეს, შემდეგ მოიტანეს აქ და დადგეს, ისინი დიდი ხანია წავიდნენ. მოვიდნენ კიდევ სხვანი მრავალნი, გამრავლდა მათი შთამომავლობა. ჩამოყალიბდა ერი. ის კი უმზერდა ამას, თვითმხილველი იყო ყოველივესი. ოდესღ აც გაღმერთებული და ძლიერი დიდი ხანია რაც მივიწყებულიყო.
აი, ეს მონადირე, ეხლა ცხვირწინ რომ ჩაუარა კერპს, ნადირსა და საზრდოს ეძებდა ტყესა თუ ღრეში, ვინ იცის, რა მანძილს გადიოდა დღეში, იცნობდა მის ოჯახს, მოხუც მამას, ცოლსა და ორ შვილს, მშივრები რომ ელოდნენ კერიასთან. ისიც იცოდა რა ტკივილი და რა სიხარული გააჩნდათ მათ.
აი, ისიც, გუთნით რომ ჩაუვლიდა აღმა-დაღმა დათაფლულ მიწას, თვითონ და მისი ოჯახი, კერპს წინაპრებიც კი ახსოვდა მათი, პაპის პაპა და იმათი პაპის პაპაც. ყველა ერთნაირად ცხოვრობდნენ, შრომობდნენ, მრავლდებოდნენ და კვდებოდნენ!
ან თუნდაც ეს მწყემსი, იგივე ჰანგებით ააკვნესებდა სალამურს. თან დროთა მონაცვლეობის მიხედვით  იალაღებიდან იალაღებზე ზუსტად ისევე, როგორც მის ყველა წინაპარს, გადაჰყავდა თავისი ფარა. ყველა ერთ ჩარჩოში იყო მოქცეული  და ყველა ერთნაირად ირჯებოდა. ყველას ერთი და იგივე კანონი წარმართავდა. კერპი დაიღალა მათი მზერით. ვინ იცის რამდენი მოსაყოლი აქვს, რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენმა სურათმა და სახემ გადაირბინა მის თვალწინ. ყველაფერი ახსოვდა, მაგრამ აღარაფერი აღელვებდა. იქნებ დაბერდა, იქნებ მასაც შესწვდა დროის  მახვილი და მუხლებში მოკვეთა. თვით კერპსაც კი, ამაყსა და ზვიადს. შიგადაშიგ შორეული ქვეყნებიდან თუ მოვიდოდა მავანი მგზავრი, იქვე, შორიახლოს დაიდებდა კარავს, ან ზურგს მიაბჯენდა კერპს და ისვენებდა, მგზავრობისაგან გადაღლილი. ხან ათეული ასეთი მგზავრი მოგროვდებოდა, ყვებოდნენ სხვა ქვეყნების ამბებს, კიდევ უფრო ამაყობდა ამ ამბების გამგონე კერპი. ხუმრობა ხომ არ იყო ასეთი ვრცელი ქვეყნის მხრებით დაჭერა.
თურმე ამ მთაზე უფრო მაღალი მწვერვალებიც არსებობდნენ და იმდენი ქალაქებიც, როგორც ცაზე დაუთვლელი ვარსკვლავები. ცხოვრება იქაც იმდაგვარად მიედინებოდა, როგორც აქ. ზამთარ-ზაფხულ მონაცვლეობა იქაც ტრიალებდა, ათასნაირი ღმერთიც ყოფილა და კერპიც, მაგრამ მისდაგვარი _ არც ერთი. განა შეიძლება ადამიანისმაგვარი წარმავალი არსება ყოფილიყო ღმერთი? მოკვდავი, და თანაც ისეთი, თვითონ რომ შეეწირა ხალხს! განა შეიძლებოდა კრავი, მის წინ რომ იწირებოდა, ისეთივე სიძლიერის ყოფილიყო, როგორც თვით კერპი? `მე ვარ სინათლე~ _ ამბობდა თურმე იგი და ხალხი უკან დაჰყვებოდა ფარასავით. დაიმდაბლა თავი და თავად შეეწირა მათ, ყველას, ამ სახეცვლასა და ფერფლს. მწყემსი მსხვერპლად შეეწირა თავის ფარას. ვერაფერი გაიგო კერპმა.
_ ისე აირია ეს ქვეყანა კიდევ კარგი, გადავავიწყდი ხალხსო, _ უხაროდა.
არადა ხშირად კი ფიქრობდა იმ მსხვერპლზე: ის აღარ ჰგავდა ამ მარადიულ სახეცვლილებებს, ის იყო ერთი და განუმეორებელი.
მერე ალაგ-ალაგ გუმბათები წამოიმართებოდნენ მის თვალწინ. ხალხი ახლა იქ დადიოდა და გუგუნებდა მრავალი ზარი, არც დღესასწაულებს იშლიდნენ. იმართებოდა ბაზრობები, ოხუნჯობდნენ, მღეროდნენ. დიდი ხანია ხალხმა მიივიწყა კერპი, მას კი ეს სრულებით არ ანაღვლებდა. იგი ხედავდა, თუ თითოეულს სულში საკუთარი კერპი როგორ შეექმნა. თითოეული სხვაზე მეტად მზვაობრობდა. მათი კერპი უფრო ჯიუტი და უტეხი იყო, თან დაუნდობელიც. მარადისობასაც კი ეჭიდებოდნენ და ეს იყო ყველაზე უმწეო და სასაცილო.
სად წავიდა ის პატარა ხვლიკი? მოსრა და მოჭამა დროებამ. მოდიოდნენ მისი მსგავსნი და ჟამი-ჟამ უფრხობდნენ ზვიად თვლემას, მაგრამ  კერპმა იცოდა, რომ სულ მალე შეწყდებოდა მათი ლხენა. ერთადერთი მზე მოგზაურობდა ცის ტატნობზე ისევ ისე, როგორც სიკვდილ-სიცოცხლე, დღე და ღამე. ან რა მოელოდა იმ გაკერპებულ ხალხს? იგივე ხვედრი, რაც მათ წინაპრებს. მიხვდა კერპი, რომ ადამიანებს იდეალების გარეშე არ შეეძლოთ ცხოვრება. აღარავის სჭირდებოდა ახლა ვულკანის პირმშო. მისი იდილია დაემხო. არადა კერპს არაფერი არ შეხებია, ერთი ნაკაწრიც კი არ დამჩნევია, თავად მათ სულში კი ალბათ ის მთავარი რამ ემხობოდა, რასაც რწმენას ეძახდნენ.
დრო და დრო ამჩნევდა ზემოთ, მღვიმეში, ოდესღაც ვულკანი რომ ჩამქრალიყო, სადაც თვით კერპი გამოწვეს და გამოაშრეს, მავანი დაიდებდა ბინას. იქ გაატარებდა თავის სიცოცხლეს, ყველასგან მიტოვებული და განდეგილი. იქნებ ისინიც კერპივით უღრმავდებოდნენ საკუთარ თავს. ალბათ მათაც მობეზრებოდათ ეს სწრაფმავალი ცვლა და რაღაც სხვას ეძებდნენ, ან იქნებ ნაპოვნიც ჰქონდათ. ისინიც ხომ კერპივით უყურებდნენ ცხოვრებას. ადამიანურ განცდებსა და ყოველგვარ ჯახირს, წავიდოდა ერთი და კვლავ ვიღაც დაიდებდა აქ ბინას, და ესეც მომაბეზრებელი იყო კერპისათვის.
`მე სიკვდილ-სიცოცხლეზე მაღლა ვდგევარ, ბოროტებასა და სიკეთის ზე~ _ `მე ვარ მე!~ _ ფიქრობდა კერპი.
ყველაზე საოცარი რამ გაზაფხულს, ერთ დილას მოხდა. მის თავლწინ, სულ ახლოს, მიწა ორად გაიპო და მოულოდნელად ნერგმა ამოხეთქა.
`ეს რაღა ხდებაო~ _ თავიდან გაუკვირდა კერპს. მერე და მერე კი ნერგმა ზრდას რომ უმატა, გაჯავრდა კიდეც. წყევლიდა და რას აღარ უვლენდა ნერგს: ჭექა-ქუხილსა და თავსხმა წვიმას, გვალვასა და ქარბუქს, მაგრამ ვერაფერი დააკლო. ხე თითქოს ჯიბრზე იზრდებოდა და მშვენდებოდა, განრისხდა კერპი, აღელდა და მთელი ენერგია რაც კი ოდესღაც მასში ჩადეს, ხის მოსასპობად მიმართა. ამ ხემ გადაავიწყა მარადიულობაზე ფიქრი, ჭვრეტაცა და ყოველივე. მისი ფესვი ქვემოდან ისე შემოეხვია ირგვლივ, თითქოს მოხრჩობას უპირებსო. ბრდღვინავდა კერპი, ვულკანივით ბობოქრობდა, ხეს კი ვერაფერს აკლებდა. ამოვარდებოდა ქარი და აშრიალდებოდა მის თავს ზემოთ ხის ამწვანებული ფოთლები. მოვიდოდა წვიმა და რაკარუკი და წურწური გაუდიოდა. დრო გაიწელა, გაიწელა კერპის თვალწინ, იმდენად, რომ მის სწრაფმავლობას ვეღარ ამჩნევდა. თავი და ბოლო არ უჩანდა ხის ზრდასაც. უფრო და უფრო შემოეჭდო ფესვები ირგვლივ, გულში ჩაიკრა. კერპმა მისი ფეთქვაც კი გაიგო. ისიც შეიცნო, ხეს როგორ დაუდიოდა სხეულში რაღაც. ყურს მიუგდებდა და გუგუნისმაგვარ ხმაურს უსმენდა. ხის შიგნით რაღაც დაძრწოდა, რაღაც ზრდიდა მას. დრო? სადღა იყო დრო. იგი დაკარგა კერპა. ხე ნელ-ნელა თავს წამოადგა და მოპირდაპირედ მდგარ კერპის ერთადერთ მეგობარს მთას ჩამოეფარა. ღამ-ღამობით მთვარესაც ვეღარ სჭვრეტდა და ვეღარც მის იდუმალებას ეფერებოდა. მზესაც კი უჩრდილავდა. ვერაფერი გაეგო კერპს. გაოგნებული იდგა, თითქოს ხე მართავდა ახლა მას. ასეთს არაფერს მოსწრებია. შიგ გულიდან არ ამოეზარდა სიცოცხლის ხე? ნელინელ დამშვიდდა კერპი, ჩაცხრა, ყური მიუგდო ხის გუგუნსა და ფშვინვას, მის შრიალს. 
აი, ქვემოთ, მდინარე ისევ მიედინება. აღმა არ დაუწყია მდინარება. აი, ეს მთა, იმდაგვარადვე დგას, როგორც ოდესღაც, აი, ეს ცა, კვლავ ისევ დასცქერის ვარსკვლავებითა თუ მანათობლებით, დღის სიცისაფრითა და ღამის იდუმალებით. აი, თვითონაც კვლავ იმგვარადვე ზვიადია და ამაყია. ბევრმა წყალმა დაითქარუნა მის თავზე, მრავალმა ქარიშხალმა გადაუარა, მრავალჯერ დააჭირა სხივები მზემ, მრავალჯერ მოუთხრო ღამის ზღაპარი შორეულმა მთვარემ. წარსულმა სურათებმა გაირბინეს მის თვალწინ, უწინდელებმა, რაც კი ენახა. არადა, რა არ ნახა. მაგრამ ეს რაა? გრძნობდა რომ ხელახლა იბადებოდა კერპი. ხესთან ერთად იზრდებოდა, მასავით გუგუნებდა და შრიალებდა. აი, მწყემსმა მის შორიახლოს სალამური ააკვნესა. ჟამი დამდგარიყო მაკინტლობის და კერპმა დაინახა ფერდობებზე ღრუბელივით შეფენილი ფარა. დრო გაჩერდა და ამაზე საამური არაფერი იყო ამქვეყნად. მოსთქვამდა სალამური, კვნესოდა და იღვენთებოდა. ღრუბლები იცვლებოდნენ, იკუმშებოდნენ. ხანდახან მზე გამოაჭყეტდა მათი საბნიდან თვალს, და როგორც არასდროს, ცეკვა მოუნდა კერპს, ცეკვა და გვირგვინით თავის შემკობა.
უფრო და უფრო მიძვრებოდა ფესვი მისი სიღრმისაკენ. გულთან სულ ახლოს მიუცოცდა. ორად გააპო კერპის სხეული, შიგ ჩაუსახლდა, როგორც ნაყოფი. ტკივილი შეძრავდა კერპს, როცა ქარი ხეს ყლორტებს და ფოთლებს აუჩეჩავდა. ტირილი უნდოდა როცა წვიმდა და ათოვდა. უფრო და უფრო იკრავდა ფესვებს სიღრმეებისაკენ. თაკარა მზე აცხუნებდა თიბათვეში, ფოთლებს გაუხუნებდა ხეს, კერპს კი შველა არ შეეძლო. ფოთლებს გაუძარცვავდა ქარი, მაგრამ არც მათი დაცვა შეეძლო. ყინვა დააჭერდა ხოლმე და ვერც მისგან იფარავდა. გული უდუღდა კერპს, უდუღდა და მთელ ენერგიას ხმარობდა მის აღსაზრდელად. ნელინელ ზღაპრების თხრობაც დაუწყო და უყვებოდა ყველა ნანახზე, ყველა სახეზე. მთვარის არაკიც მოუყვა და მზის სიკეკლუცეც გააქილიკა, ისიც გაანდო, როგორ შეეძლო მთას ამეტყველება.
უუ _ აზუზუნდებოდა ქარი, ზუზუნებდა მთაც.
ჰარი! _ თუ დასჭექავდა მეგუთნე, _ ჰარი! _ დასჭექდა მთაც.
ეჰეი _ შეუძახებდა მონადირე და მთაც ექოდ იმეორებდა.
ქალწულისებრი კისკისიც შეეძლო მას და მდინარისებრი ჩუხჩუხიც. ზარების გუგუნზე აგუგუნდებოდა ისიც. არავის ანდობდა კერპი ამ საიდუმლოს. ერთადერთი ეს გადაძახილი აკვირვებდა თურმე. და ესეც გაანდო ხეს. მოუყვა ხვლიკებსა და ათასმაგვარ მწერებზე. მოუთხრო, როგორ იბადებოდა პეპელა, ხანდახან თავის თავსაც არ უმხელდა, მაგრამ თურმე უხაროდა კიდეც, ფრენისაგან გადაღლილი მას რომ დაასკუპდებოდა თავზე. მოუთხრო გუთნეულსა და ხალხზე, მათ შრომაზე და მთელი სამყარო ხელისგულივით გადაუშალა თვალწინ. ახლა კერპშიც ფეთქავდა რაღაც, და ეს ფეთქვა ყოველივეზე ძვირფასი გამხდარიყო. ამას ვერ შეადარებდა ვერაფერს. იგი მისი ფეთქვა იყო, მისი სიცოცხლე. აღარაფრის ჭვრეტა არ სურდა. იგი გრძნობდა და სულდგმულობდა. მიხვდა კერპი, მისი ამდენი ხნის მარადიული ყოფნა ამ წამიერ აფეთქებასთან, ამ შეგრძნებასთან შედარებით არაფერს ნიშნავდა. მიხვდა და ჟრუანტელივით ისმენდა ხის ნაზ სიმღერებს, მერამდენედ ჩამოშავდა მთიდან მის თვალწინ ზვავი არავინ უწყის. მერამდენედ დააცხრა მდინარის ზათქითა და კალაპოტი აუტორტმანა. ზეცას შესთხოვდა კერპი, რომ თავსხმა არ მოსულიყო. ზეცას შესთხოვდა, რომ ცივი ზამთარი არ დამდგარიყო, ან გვალვიანი არ ყოფილიყო ზაფხული. ზეცას შესთხივდა, არ მოსულიყო ვინმე აბეზარი, ნაჯახით ხელში, მაგრამ ყველაზე ავი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო . . . ვულკანმა დაიწყო ღელვა და დუღილი. ჩაესმა კერპს მისი ავისმომასწავებელი ქადილი _ `მე ვარ მე!~ მისივე სხეული აუჯანყდა თითქოს კერპს. ქვემოთ, სიღრმეში მიწაც გაცხელდა. კერპმა დაინახა გონშეშლილი ხალხი როგორ გარბოდა ქალაქიდან. მერე ისიც დაინახა მის ზემოთ როგორ განათდა და აელვარდა. მიხვდა, რომ ლავა წალეკვით ემუქრებოდა ირგვლივ ყველაფერს. გაახსენდა კერპს, ოდესღაც ზეცა რომ ეჭირა მხრებით, სანამ ხესთან შეუღლდებოდა, მაგრამ თურმე ზეცა თავისით იდგა ცარგვალზე და აინუშადაც არ აგდებდა კერპის სიამაყეს . . . თურმე ყველაფერს თავისი წესი ჰქონდა, თავის კანონს მორჩილებდა და თავისას მიითვლიდა. მას კი არაფერი არ შეეძლო. ხესაც კი ვერ იფარავდა ქარისა და წვიმისაგან. მას კი ეგონა, რომ ყოვლისშემძლე იყო. ნუთუ თავს იტყუებდა?! _ ან რისთვის შექმნეს იგი, რა იყო მისი დანიშნულება, რას სთხოვდა ხალხი, ანდა რატომ დაამხეს, მიივიწყეს. ისევ ვულკანმა გაიხსენა, ისიც იმიტომ, რომ ეს ყოველივე წაელეკა. ამხედრდა კერპი! შეინძრა და გულგამეხებული შეეგება მოვარდნილ ღვარცეცხლს. წამი უსასრულოდ გაგრძელდა, იმდენად, რომ მთელი მისი არსებული ყოფა ჩაეტია და დატრიალდა. მიხვდა, რომ მარადისობაზე უფრო ძლიერს ეწირებოდა. მიხვდა, რომ ეს წამი უპირისპირდებოდა მას და სჯაბნიდა კიდეც. რაც არ უნდა გრძელი და უსასრულო ყოფილიყო მარადისობა, წამს შეეძლო თავის არსში ჩაეტია მისი თავიც და ბოლოც. სადღაც კერპის სიღრმეში უმწეოდ, მშვიდად თრთოდა ფესვი. 
`მე ვარ ნათელი!~ _ გაიფიქრა კერპმა, როცა იგრძნო როგორ იწვოდა ლავასთან ერთად. უკან მიიქცა, ვულკანის ღვარში ჩადნა და ჩამქრალდა.
უეცრად მიწყნარდა ყოველივე. ღრუბლებმა თავი მოიყარეს ჩამქრალი ვულკანის თავზე და სეტყვა დაუშვეს. ეხეთქებოდნენ მიწას და ვერას აკლებდნენ. ვერც ქალაქს, ვერც გზებს, მინდვრებს და ჭალებს. ვერას აკლებდნენ ვერც ჯანმაგარ ხეს, ამაყად რომ იდგა სეტყვისა და ყველანაირი ქარიშხლების წინაშე. მხოლოდ დამწვარი და გულგახეთქილი ეგდო კერპი ხის შორიახლოს, შავი, უფორმო და წარმავლობაში გადანთქმული.
სიცოცხლე გრძელდებოდა. სურათი კვლავ სურათს ცვლიდა, სახე კი სახეს, კვლავ ორნი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ: 
_ მარადისობა და სიცოცხლე!




                           სენი


როგორც ჩვეულებრივ ხდება, ორნი ვისხედით დაბალ მაგიდასთან და ჩვენს გადაუდებელ, საჩქარო საქმეებზე ზოგადად, სხვათაშორის ვსაუბრობდით. საქმეებს კი რა მოთვლის. ან თუნდაც გეგმებს. ობობას ქსელივით დახლართულია ყოველივე. ჩვენც ვეხვევით, ვიხლართებით და სისხლის გაშრობამდე ვწვალობთ. ღირს კი ჩვენი სურვილები ამდენ წამებად? ღირს კი იმ ფასად, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს იგი მატერიალური საზომებით, მის მოპოვებას რომ ანაცვალო საკუთარი თუ წინაპართაგან გადმომდინარე უზარმაზარი სულიერი კულტურა? გათელო და დააკნინო, დაამდაბლო, ან სულაც მოკლა?
ხანდახან ვფიქრდები ცხოვრებაზე და თავს ვხრი. გინდა _ არ გინდა, უნდა გაძლო, ან უნდა სძლიო და დათრგუნო, ან კი?... არ ვიცი... განა მცირე რამ მანადგურებს ისედაც? კმარა!
ერთ ბრძენკაცს უთქვამს:  თუნდაც შეუსრულებელნი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია ჩვენთვის, ვიდრე დაბალი, თუნდაც ისინი აღსრულებულიც იყოსო.
ისიც ხომ ნათქვამია _ ადამიანის წადილში მთელი მისი არსება გამოიხატებაო.
ან _ მაღალ ტაძარში მაღალიაო სულისკვეათებაც.
რამდენი რამ დაწერილა და თქმულა, რამდენს უსწავლებია. განა ჩააქრო სულის ამაღლებული და ლაღი სულისკვეთება, მდაბალ სურვილთა შემოტევებმა?
ან სად განქარდა დიდბუნევნობა? თუმცა მის სიღრმესთან და სიმაღლესთან ზიარება ოდითგანვე ერთეულთა, იმ რჩეულთა ხვედრია, რომელთაც შესძლეს ამქვეყნიურ სიამეზე ამაღლება?
კაცმა რომ მკითხოს, რა გსურს ამ წუთასო, _ პასუხს ვერ გავცემ. დავფიქრდები. ამ ფიქრს კი იმდენი რამ მოჰყვება, სჯობს  სადმე ჭიქა გადავკრა, სულაც გავერთო, მივიღო ხიბლი ამ წამიერ საცთურებათგან, სადავე შევხსნა ჩემს ყველა ნებასა და რწმენის ბორკილები ვანაცვალო სურვილების თავისუფლებას.
ტვინს, სხვა ყოველგვარ სირთულესთან ერთად ყოველივე სირთულეებთან ერთად ანგარიშიც შეუძლია. ანგარიში კი ხშირად ცხოვრების საზომებთან შეფარდებით ანგარებასა და სიცრუეს ბადებს.
დღეს მე თავდავიწყებაში მინდა ვპოვო ხსნა, დაე, იყოს ესეც სიცრუე, ტკბობის მომგვრელი სიცრუე.
განა არის სამაგალითო ჩემი ცხოვრების წესი? ვერც ვერავის მივუთითებ ასევე იცხოვროს. ზნეობასა და მორალზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ის კიარა-და ნასწავლიც ოხრად მრჩება. ვერც ვერავის სულში დავიწყებ საკუთარი ჭუჭყიანი გონებით ფათურსა და მითუმეტეს არც შევეცდები რაიმე ნაკლი ვეძიო მასში.
რამდენჯერ შეიძლება წარმოაჩინო სიბოროტე, Fგააშიშვლო და ბოლოს გაწკეპლო. მე მინდა იგი ძირშივე მოვკლა, ერთხელ და სამუდამოდ დავასამარო, იმ ანდაზისვე სიმართლით `თევზი ხომ თავიდან ლპებაო~, რათა სიცოცხლე არსებობდეს საერთოდ კადნიერებისა და ბოროტების გარეშე. მე მინდა! და დავიჯერო ეს მონდომება ასე მცირეა, თუკი შენც გინდა, მასაც, მავანს და მავანს? მაშ, რა ხდება? ასე რა გვჯაბნის?!
მეგობარს შევახსენე ერთხელ კიდევ ჩამოესხა ჩემთვის სასმელი.
_ თავი დაანებე ამდენ ფიქრს _ მითხრა და ჭიქა შემივსო, _ ერთხელ იქნება გადაგრევს კიდეც.
_ ეჰ, შენ საერთოდ, _ ვთქვი და ხელი ჩავიქნიე. შემაშფოთა მისმა სიმშვიდემ. იქნებ თავსაც იტყუებდა, მაგრამ რაც თავი მახსოვს, ჩემს პირდაპირ მჯდარი რომ სულ ასეა? მშვიდად, ღიმილით _ თითქოს ამქვეყნიური მას არაფერი ეხებაო, ხანდახან გადააქნევდა თავს, აზრებს მომაშველებდა, არც დაიწუწუნებდა, არც დაიყვედრებდა და არც გატყდებოდა.
თუმცა, დღეს უჩვეულო გუნებაზე დადგა, გული გადამიშალა, ერთი გულუბრყვილო ამბავი გაიხსენა, თავს რომ გადახდა.
_ სოფელში, სადაც ზაფხულობით ჩავდიოდი ხოლმე,  შუაგულში გზა ოთხად იყოფოდა _ თქვა მან. აქედან, ჩემი სახლის ქვემოთ, პირდაპირ  სოფლის გზაჯვარედინზე სასაფლაო იყო, ვერანაირად ვერ ავუვლიდი გვერდს, დღისით არ ვიმჩნევდი, მაგარამ ღამით, თუკი სადმე შევჩერდებოდი, მეზობლის ეზოებიდან კარდაკარ გადავდიოდი, შორით ვუვლიდი და ისე ვბრუნდებოდი შინ. ყველანაირად ვცდილობდი სასაფლაოს გზას ავცდენოდი. ვერ ვიტყვი, რა იყო ეს, ცრურწმენა თუ თანდაყოლილი შიში, მაგრამ ღამით, სასაფლაოს ფონზე, აკლდამისებრ მდუმარებაში სიცოცხლესთან ერთად სიკვდილის არსებობასაც ვგრძნობდი. მზარავდა იმის შეგნება, ჩემივე სიკვდილს რომ ვატარებდი მხრებით, სულის წიაღებიდან მოემართებოდა ჩემივ ჩანასახიდანვე არსებული მისი შეგრძნების იდუმალება, იმდენად საიდუმლო, როგორც რეალობის სარკოფაგამდე შობილი დაბადების აუხსნელობა; მიემართებოდა ჩემი არსებობის ეს წამიერი ყოფა, გარდაუვალი და მარადიული სიკვდილით, რათა მუხლი მოეყარა ამ უცვლელი მდუმარებისა და კრძალვის წინაშე. მზარავდა მასზე ფიქრიც კი და ამ შეგრძნებას სასომიხდილი გავურბოდი..
სასაფლაოს  გვერდით ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, უბედური და საცოდავი. სოფლელები კი ამბობდნენ _ ჯადოქარიაო, მის დანახვაზე პირჯვარს იწერდნენ, საყოლ-საქონელს მალავდნენ, არ გაგვითვალოს და ბარაქა არ წაგვიხდინოსო. დილით თუ ვინმეს შეხვდებოდა გზად, ის დღე დანავსულად მიაჩნდა.
რას აღარ ყვებოდნენ მასზე. ახალგაზრდობაში ნაბუშარი გააჩინა და მერე თავისი ხელით ცეცხლში დაწვაო. ზოგი იმასაც ამბობდა, ადრე ქმარიც ჰყავდა, მერე ახლადფეხადგმული შვილი მდინარეში ჩაუვარდა და დაეხრჩოო. ბოლოს ქმარსაც შეუჩნდა თურმე და იმდენს ეცადა, სანამ ისიც იქითა ნაპირზე არ გაისტუმრაო. მკვდრის მთვარეზე ყოფილა დაბადებული. ალქაჯებთან ჰქონიაო საქმე, ღამით მიცვალებულის სულებს ერეკებიან და სტანჯავენო, ერთი რაკარუკი, გნიასი და ფერხული ჰქონიათ ღამღამობით. ისე ყვებოდნენ, თმა ყალყზე დაგიდგებოდათ. სასაფლაოს გვერდით სახლი ედგა ჯადოქარს. ადრე, როცა ეს სახლი აშენდა, სოფელში ყველაზე დიდად ითვლებოდა. სოფლელები დღისითაც თავს არიდებდნენ იმ მხარეს გავლას, თუმცა მე თამამად ჩავივლიდი ხოლმე. ვინ იცის, იქნებ უკვირდა კიდეც სოფლის ჯადოქარს, ვინ არის ეს კაცი, არაფრად რომ არ მთვლისო.
ერთ დღეს სოფლის შუკაში შემთხვევით მაშატას შევხვდი, ასე ერქვა სოფლის გამთვალავსა და გრძნეულ ჯადოქარს. არცა ვცდილვარ გზიდან გადახვევას. პირდაპირ გავემართე. ერთი კი შემომხედა მაშატამ გრძნეული თვალებით, უფრო მეტად მეტყველებისა და ვარამის ნაკვესებს რომ აფრქვევდა, ვიდრე გრძნეულებას. შევეცადე დაკვირვებული იჭვიანი მზერით ტკივილი არ მიმეყენებინა მისთვის და თვალი ავარიდე. მხოლოდ წამით დავლანდე, მხრებიდან შეუმჩნევლად რომ ჩამოუცურდა შავი თავსაფარი და ბრდღვინვიან, ქვიან მიწაზე დაეცა.
_ მაშატა ბები, _ მივაძახე. 
ქალი ჯოხს დაეყრდნო, შემობრუნდა და შემომხედა. გაკვირვებით მიმზერდნენ მისი ჯერაც ჩაუმქრალი თვალები.
_ მაშატა ბები, თავსაფარი ჩამოგივარდა.
ქალს პასუხი არ გაუცია.
დავიხარე და მივაწოდე. ისევ უხმოდ იდგა. შემდეგ მივუახლოვდი, მხრებზე შემოვახვიე მანდილი და გზა განვაგრძე.
_ ვისი ხარ შენ? _ ჯოხს დაყრდნობილი უცვლელად იდგა ძველ ადგილზე და დაკვირვებით მიმზერდა.
_ ნინოს შვილიშვილი გახლავარ.
_ ნინოსი? _ ჩაფიქრდა, შემდეგ ხელი ასწია და _ იმ ნინოსი? _ იკითხა, ხმა არ გამიღია.
_ კეთილი და სათნო ქალი იყო ბებიაშენი, ღვთაებრივი. სხვებს არ ჰგავდა. ის ნაადრევად წავიდა, მე კი, სიკვდილი სანატრელი გამიხდა და აღარ ვახსენდები. ასეა, ასე _ სინანულით ჩაქინდარა თავი.
_ ნუ შეგეშინდება, ჩემთანაც შემოიარე _ მიმიპატიჟა კიდეც.
ის ერთი კვირა არ მეცალა. ან რა გამოლევს სოფელში საქმეს, მითუმეტეს მთელი წლით რომ გაქვს გამოკეტილი სახლ-კარი.
ერთ საღამოს კი, შებიდულ ცაზე ვარსკვალავები რომ აკიაფდნენ და ნიავმაც ოდნავ წამოუბერა, კალათაში სანოვაგე ჩავაწყვე და მაშატას სახლისკენ გავემართე. გზად სასფლაოზე გავიარე. მომცილდა შიში, რადგან ვგრძნობდი, რომ ამ შიშზე უფრო დიდი ტკივილი _ მარტოობა და მოკვეთა ჯაბნიდა ადამიანს და გამარჯვებული ზეიმობდა სასაფლაოსა და ღამეულ იდუმალებას შორის.
თვითონ, რა თქმა უნდა, არავის ელოდა. ჩემს დანახვაზე თითქოს დღესასწაულიაო, დიდის ამბით გააბრდღვიალა შემოსასლელსა და ოთახებში სინათლე. ჩიფჩიფებდა, ერთ ადგილზე ცმუკავდა და ვერ ისვენებდა. აივანზე გამიშალა პატარა სუფრა.
სანამ მივიდოდი, მეგონა აბლაბუდებითა და მჭვარტლით მოფენილი სახლი დამხვდებოდა, ჭუჭრუტანებიდან ღამურების ფუთფუთითა და უჟმურის მზერით. აქ კი სრული წესრიგი და სისუფთავე დამხვდა.
_ მაშატა ბები, გექნება ოჯახში ისეთი საქმე, რასაც ვერ აუხვალ, საზამთროდ შეშას დაგიჩეხავ.
_ თავს ნუ იწუხებ, დღე რომ იყოს ჩემს მოვლილ ბოსტანს გაჩვენებდი. ზამთარში სიცივეს სულს შევუბერავ და როგორმე გავიტან თავს. სახლასც გავათბობ _ მითხრა ჯიუტად მოხუცმა.
_ შენ მართლა ჯადოქარი ყოფილხარ, _ გამეღიმა მე.
_ ეეჰ, ჯადოქარი ... დაე, სჯეროდეთ, რაღაც ხომ უნდა გამოიგონონ. მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როდესაც ძლიერ გაუჭირდებათ, არანაირი სხვა გზა არა აქვთ და გრძნეულებით აპირებენ გულის მოოხებას. გასაჭირში ჩავარდნილი კაცი გინახავს? ზოგი ეშმაკსაც კი შეეკვრება, ოღონდ იქიდან ამოვიდეს, სულსაც მიჰყიდის.
_ რას ამბობ, მაშატა ბები, ეშმაკების მოციქული ხარ?
_ ი, იფ, ეშმაკების, სად არიან ეშმაკები, ან მათი რად გეშინია _ სასაფლაოსკენ მიმანიშნა, _ ცოცხლები უფრო საშიშნი არ არიან? ან თითოს რომ თავისი საკუთარი ეშმაკი უზის სულში, იმაზე რას მეტყვი? იქიდან როგორ უნდა გამოდევნო, როცა შესისხლხორცებია, გულ-გვამი დაუპყრია, გონებაში დავლურს უვლის და რაღას აღარ აკეთებინებს. მიბრძანდი და გამოუდევნე.
_ მერე შენ შველი?
_ მე ვშველი. თავიანთზე უფრო დიდი ეშმაკი ვგონივარ და იმიტომ.
_ თუ ასეთი ჯადოქარი ხარ, ჩემს ეშმაკებსაც არ აწყენდა ერთი დაფრთხობა.
_ მერე სად გადავასახლო?
_ აბა საიდან მეცოდინება. აიღე და თუნდაც ამ ქოთანში ჩაამწყვდიე. შემდეგ ავდგეთ და სადმე გადავუძახოთ, თუნდაც დიდ ზღვაში.
_ წყალს რომ აამღვრევს?
_ არ ყოფილა ჩემი საშველი.
_ რატომაც არა, სიცოცხლე რამდენ სინათლეს და სიკეთეს გაწვდის, მიიღე, დაისაკუთრე, შეირგე, რომ შენი წილი გაჩენის და არსებობის სიხარულისა შენვე შეგხვდეს. ურგები კი გადახარშე და განდევნე.
_ ვერ ვიქნები გამორჩეული, უთვალავ ყვავში ერთი თეთრიც რომ გაერიოს, უცბად დაჰკორტნიან და განდევნიან. მე ერთი ჩვეულებრივი კაცი ვარ,  ჩემი ადამიანური  სურვილებითა და ცდუნებებით.
_ რაიმე უჩვეულო არ მითქვამს შენთვის, უბრალოდ შეეცადე ასე იცხოვრო.
_ ვცდილობ და ვწვალობ, ვეცემი და ისევ ვდგები, ფეხი მიბრუნდება და ნაბიჯს ვასწორებ, მინდა ბოლომდე ნათლად ვზიდო ჩემი ტვირთი, შენ სხვა მითხარი, ეს ისედაც ხომ ნათელია... თან მოსაწყენი.
_ წარმოიდგინე რომ მიფრინავ და სადღაც დაეშვი. ამ წარმოიდგენით წარმომისახე მითხარი რითი მიფრინავ და როგორი ქვეყანაა ის, რომელიც ამოირჩიე? _ მკითხა მაშატამ.
დავფიქრდი, თამაშს მივენდე. გავმხიარულდი კიდეც და ვკითხე,
_ ყველაფერი დასაშვებია, რითიც ვიმგზავრებ?
_ ყველაფერი! _ დინჯად მიპასუხა მაშატამ და მოხუცისათვის უჩვეულო გაფაციცებული მზერით შემომაცქერდა.
_ არა, ხალიჩით გაფრენა არ ივარგებს, _ ხმამაღლა გამოვთქვი აზრი, _ არც თვითმფრინავით. თეფშებზე რომ ჰყვებიან, რაღაც იმდაგვარი მანქანით, იმდენივე სინათლისა თუ სხივის სიჩქარით. წინ არ ვიცი რა მელოდება.
 ვარსკვლავებით მოვარაყებულ ცას გავხედე და ოცნებაში ჩავიძირე _ ზოგან პირველყოფილი სამყარო, ზოგან სპირალები, ზოგან კი ხრიოკი, პირამიდები, ათასნაირი გალაქტიკები, თვალთუნახავი სხვადასხვა სამყარო, სხვა რეალობა, ისეთი, ოცნებისა და ნატვრის ახდენას რომ ჰგავდეს, დაუჯერებელს, ოცნება არა, სიზმარი არა, რეალობა და კვლავ რეალობა, _ ბოდვა დავიწყე. მერე კი უცბად გავჩუმდი.
_ ამისთვის ერთი სიცოცხლე არ გეყოფა.
_ მეყოფა, თუ სინათლის სხივის სიჩქარით ვიმგზავრებ, ჰო, მოვასწრებ. _ დარწმუნებით დავხარე თავი.
_ აი, ხომ ხედავ, როგორი ხარ. დღევანდელი არ გაკმაყოფილებს. რაღაც ამოუცნობსა და ამოუხსნელს ეძებ, გინდა ჩაწვდე და იხილო ყოველივე. შენი სურვილები რეალობას სცილდება. მარტო მეოცნებე არ ყოფილხარ. მეოცნებე მსუბუქია, შენ კი ვერცხლის წყალივით მძიმე. დროის მბრძანებელიც გინდა გახდე, შენი თავი კი დაგიპყრია საკუთარი სურვილებითა და ნდომით _ ესეც იფიქრე.
_ ეს ხომ თამაშია და შენ მომეცი ამის უფლება _ შევფუცხუნდი _ მერე რა არის ამაში ცუდი _ გავიმართლე თავი, ადამიანი ცდილობს ოცნება რეალობად აქციოს.  განა ასე არ მოვიდა კაცობრიობა დღემდე?! ხვალ უფრო მეტს დავინახავთ და შევიცნობთ. ისე, რატომაც არა, შემიძლია დღევანდელზეც ვიფიქრო და ხვალინდელ დღეზეც ვიზრუნო. ძალიან, ძალიან ბევრი ფული მინდა რომ მქონდეს, _ დანარჩენზე მერე ვიფიქრებ...
_ ეხლა არ ფიქრობ?
_ ეხლა მაწვალებს!
მოხუცი წამოდგა. სადაფებით მოოჭვილი ხელნაკეთი კარადის უჯრა გამოაღო და უკან დაბრუნდა.
ბანქო ისე სხარტად გადამიფურცლა მაგიდაზე, განცვიფრება ვერ დავმალე.
_ ეს შენს სახელზე, _ მითხრა და გაშალა.
პირველ ხელს სულ ჯვრები ამოჰყვა.
_ აი, ხომ ხედავ, _ მითხრა _ ამჟამად ბრინჯაოს ცხოვრება გაქვს, ვერცხლისაც კი არა.
სხარტად მოკრიფა და ხელმეორედ ჩამოარიგა.
მეორედ წითელი გულოვანი გადაიშალა.
_ ვერ წარმოიდგენ, წინ როგორი ცხოვრება გელის, ზღაპრული, მეფური და წარმტაცი ...
_ ეს როდის, როდის _ გამეღიმა და თამაშს მივენდე.
მესამედაც გამიშალა, მაგარმ თქვენს მტერს, რაც დავინახე.
ყველა შავი ფერის იყო და თანაც ყველა ყვავი.
_ გახსოვდეს, არაფერია მარადიული! _ მითხრა მაშატამ და ჩამჭკნარი თითი ბრძნულად აღმართა ზევით.
_ ეგ ხომ მეც ვიცი. სულ ეს იყო?
_ მეტი რა გითხრა. აუცილებლად გინდა მოგატყუო?
_ ლამაზი ტყუილი ხანდახან კარგია, მომატყუე მაშატა ბები, იქნებ დავმშვიდდე.
_ მეტს, ძალიაც რომ მოვისურვო, ვერაფერს გეტყვი. სხვა ყველაფერი სიცრუე და სულსწრაფობაა.
_ ესეც ვიცი, მაგრამ ხანდახან ...
_ ხანდახან კი არა, ხშირად გაიღიმე, მხრები გაშალე და თუ მაინცდამაინც ხვდები რომ გიჭირს, ბუნებაში გაინავარდე, ამ მადლიან დედამიწაზე. ყველანაირ შიმშილს დაიოკებ. შენ ის იფიქრე, სულს თუ მოშივდა... რა დააპურებს, ვინ დაარწყულებს. ბუნება კი როგორი მკურნალიცაა ნახავ, მარტოობას არ გაგრძნობინებს. დაგანახებს რომ ტკივილი უმაღლესი საფეხურია ამქვეყნად ...
_ რაღაც ამდაგვარს ხომ წიგნებშიც წერენ? _ ვკითხე ოდნავ სევდაშეპარვით.
_ ერთ ადგილზე არაფერი რჩება, ან წინ მიდის უმაღლესისკენ, ან უკან, იღუპება და კვდება. რაღა წიგნი გინდა, დალოცვილო, მიმოიხედე, დაინახე, ჩაწვდი და აბა, მაჩვენე, ამაზე დიდი წიგნი. ბუნებამ მასწავლა მე ეს, სხანაირი თვალით უნდა ამას შეხედვა.
_ მაინც როგორი? _ ინტერესით არა, მაგრამ იქედნურად კი შევეკითხე.
_ ნუღარ ხიმანკლობ, იმ ეშმაკბსაც გამოგიფრხობ, ნუ გეშინია, აქ დამიცადე ... _ ისე მითხრა, თითქოს გავრბოდი სადმე.
_ გვეყოფა, მაშატა ბები.
_ დამაცა, დამაცა _ თქვა, ოთკუთხედი ყუთი მოიტანა და საუნჯესავით ფრთხილად დადო მაგიდაზე.
_ აი, ეს ყუთი, აზრებით არის სავსე, _ მითხრა და როცა ჩემს სახეზე გაკვირვება დალანდა, გამიმეორა, _ აზრის ყულაბაა, ფიქრებით სავსე.
_ კომპიუტერი? _ ეხლა კი ვეღარ გამაკვირვებ, წინ ვართ წასული ...
_ დამაცა-მეთქი, _ ჩამოჯდა და თავის საუნჯეს ხელები დააფარა.
შემდეგ ფურცელი და ფანქარი მომაწოდა და მითხრა:
_ ეხლა ჩამოწერე ყველა სურვილი, რაც შენ გაწუხებს.
ჯადოქართან სტუმრობა იოლი არ გეგონოთ. სხვა გზა არ მქონდა. ხელში ფანქარი მოვიმარჯვე და წერა დავიწყე. ნახევარი საათი ვწერდი. თავი არ ამიღია, ნელ-ნელა გამიტაცა, რა არ ჩავწერე. ჯერ ათი მილიონი მოვისურვე, მერე ორასი, ბოლოს ათასი. ათას მილიონს ნამდვილად ვიმყოფინებ, პროცენტებითაც ვიცხოვრებ _ ხელად განვსაჯე და ვიანგარიშე. ჩამოვწერე რაში დავხარჯავდი, რას ვიყიდდი. რა კარგია ყოველდღე უზრუნველად გაშლილი სუფრა, ერთი ხელის შემოკვრა, ჰოპ, ან `სეზამ გაიღე~ _ და თვალწინ აღმართული სასახლე. უზრუნველობა, უზრუნველობა და კიდევ ერთხელ უზრუნველობა. ლოკოკინასებრს გათხაპული და ბლანტი სახე, რაღაც სიზანტე...
რაც მოვისურვე ყოველივეს მფლობელი გავხდი. ნელნელა განვთავისუფლდი გასაჭირისაგან, მათზე გამუდმებული ფიქრისაგან. თითქოს სხეულში მყავდა უზარმაზარი გველეშაპი ჩასახლებული, მწოვდა და მჭამდა. თითქოს ათასი თვალი მილულა ჩემში ამ ურჩხულმა და მიიძინა. ამ ნახევარი საათით ცოტა მაინც ამოვისუნთქე. შევაჩერე ეს გამუდმებული ურვა და ჭმუნვა. ქაღალდს მივანდე. რა კარგად უთქვამთ ძველად, რაც არ უნდა დაწერო, ქაღალდი არ გაწითლდებაო.
ეს ფურცელი შემდეგ მაშატამ გამომართვა და ყუთში ჩადო.  მცირე ხნით გულზე ხელები დაიწყო და გაირინდა.
შემდეგ ხელახლა ახსნა ყუთს თავი. ფურცელს დაავლო ხელი, მაგრამ სასწაული, ჩანაწერები წაშლილიყო.
_ ოო, მომეწონა სანახაობა, _ აი, მესმის მაგია.
მაშატამ ჩემს ხუმრობას ყურადღება არ მიაქცია. მთლიანად ჩაფლულიყო თავის ხრიკებში.
ის სუფთა ფურცელი აიღო და ახლა თვითონ დაიწყო წერა. თან დაბადების თარიღი და ზოგიერთი მონაცემი მკითხა, ანკეტებს რომ ავსებენ იმდაგვარად. მეც ვუპასუხე, შემდეგ ეს ფურცელი ორად გახია.
ერთ ნახევარზე, სავსებით სუფთა ფურცელი რომელიც იყო, ერთი სიტყვა დაწერა, ორთავე ცალ-ცალკე მოკეცა და მომაწოდა.
_ ერთს ამ საღამოს დაწვავ, კვამლი რომ ავა, სახეს მიაპყრობ. მეორე კი, რომელიმე ხის ძირას ჩაფალი, მხოლოდ აუცილებლად გააკეთე, არ დაგავიწყდეს, _ დამარიგა.
შევპირდი, რომ ზედმიწნევით შევასრულებდი ყოველივეს. შემდეგ გზის ბოლომდე გამომყვა და გამომაცილა.
     სახლში რომ დავბრუნდი უკვე გვიანი იყო. მართლაც, ერთი ფურცელი დავწვი და კვამლთან დავდექი. მეორე ფურცელი კი დილისთვის შემოვინახე. ამ ღამითვე ხომ არ დავიწყებდი ეზოში ბორიალსა და განძივით ჩაფლვას.
კვამლი ჩემს სახეს გადაევლო და ღია ფანჯარაში გადაფარფატდა, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა.
მხოლოდ ის კია, რომ ღამით უცნაური სიზმარი ვნახე: ამწვანებულ, ახავერდებულ მინდორში ვიდექი, გვერდით წყარო მოჩუხჩუხებდა, წყურვილი მომეძალა და წყაროსაკენ გავემართე. როცა დავიხარე და პეშვით პირთან მივიტანე, თვალს ვერ დავუჯერე, შიგ ოქროს ნაფშვენები ბზინვარებდნენ. უმალ უკანვე ჩავაბრუნე ხელი და ახლა ფსკერზე ქვიშას ამოვურიე. ამოვიღე და სულ ოქრო შემრჩა ხელთ. კიდევ ჩავყავი, ხელმეორედ ამოვიღე, წყალი შეიმღვრა და ისიც ოდნავ შეყვითლდა თითქოს, გადამავიწყდა წყურვილი, კიდევ უფრო მეტი, კიდევ და კიდევ, ვთხოვდი, პეშვით ვიღებდი და ბალახზე ვყრიდი. შემდეგ ვუბრძანე და წყალი კიდევ უფრო გაყვითლდა და მოსჩქეფავდა ჩემს თვალწინ ოქროს მდინარე, ორთავ ხელებით დავეწაფე, დავეწაფე და ახლაღა მივხვდი, რომ მწყუროდა. მაგარმ სადღა იყო წყალი. მწვანე მდელოც გახუნდა  და გაუფერულდა, სულ მთლად გადახმა, წყალი, წყალი, ვხრიალებდი და ვყვიროდი, მაგრამ ვეღარ გადავაქციე ოქრო უკვდავებისა და განახლების სითხედ. პირი გამიშრა. ვგრძნობდი როგორ მიშრებოდა სხეულში სითხე.
წყალი, წყალი, ვკვნესოდი და ვკვდებოდი, ამ ტანჯვაში როგორც იქნა გამოვიღვიძე.
_ ერთი იმ ბებერ კუდიანს დამიხედე, ეს რეები სცოდნია, _ ცოტა არ იყოს გავიკვირვე.
შემდეგ ეზოში გავედი და ახალგაზრდა, ნორჩი ალუბლის ხე ამოვარჩიე. ფურცლის მეორე ნახევარი და ფესვებთან ჩავფალი.  შევყურებდი და მეგონა, ცოტაც და აი, დაიყვავილებს...
ისე გავიდა ზაფხული, რომ ხე ჩვეულებრივ იდგა, მწვანე ფოთლებით მოშრიალე.
_ გაისად ალბათ ალუბლის მაგივრად ოქროს გამოისხამს _ თვითონაც გამეღიმა ამ ხუმრობაზე.
ზაფხულამდე აღარ დამიცდია. გაზაფხულზე, აპრილის თვეში სოფლისაკენ გავეშურე. ერთადერთი სურვილი მქონდა, მეხილა ჩემი ალუბლის ხე, აყვავებული და შეფიფქული.
 მატარებელი სოფლის სადგურზე დილაუთენია ჩამოდგა.  ბაქანიდან ჩამოვხტი და ფეხით გავემართე კარ-მიდამოსაკენ. მალე ჩემი სახლის სახურავიც გამოჩნდა, ეზოს ჭიშკარი შევხსენი და აყვავებულ ხეს დავუწყე ძებნა, მაგარამ უცებ ვერ დავინახე. სათითაოდ ჩამოვუარე ხეებს, ჩემი ალუბალი ვეღარ ვიცანი, მის წინ შევჩერდი და . . . მეხის დარტყმას ჰგავდა, რაც მე ვიხილე. გამხმარიყო და საცოდავად მოკრუნჩხულიყო.
რა დაემართა?
მაიცდამაინც ამ ხეს რატომ დაეცა მეხი, დამწვრის კვალიც რომ არ ჩანდა?! მაშ რამ გაახმო?
სუსხიანი ზამთარი იყო იქნებ, ეგება ქარმა დამიჯაბნა, თოვლმა შეთოშა და დამიზრო? _ რაღას აღარ დავუკავშირე.
_ იქნებ ვეღარ აიტანა სურვილთა სიმრავლე? ღმერთო, რა მოხდა?! ან რა ეწერა იმ ფურცელზე?
სიბრალულით შევყურებდი ხეს, მეგონა სიცოცხლე მე მოვუსწრაფე. 
დაველოდე გათენაბას და ჯადოქარისაკენ გავეშურე. მივუახლოვდი მის სამოსახლოს. სასფლაოს დუმილი გადასდებოდა ირგვლივ ყველაფერს. კარი ღიად დამხვდა.
_ მაშატა ბები! _ შევძახე. ხმა არ გამცა. შევიცადე, მაგრამ ამაოდ. შინ გამოვბრუნდი.
შემდეგ მეზობლებმა მითხრეს, ზამთარი ვერ გადაიტანაო მაშატამ ...
დავმწუხრდი.
იქნებ შესცივდა. იქნებ წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავდა, თუნდაც მშველელი. კეთილ სიტყვასაც არავის გაატანდა  საგზლად, ცრემლსაც არავინ გააყოლებდა. მაინც რა დაწერე იმ ფურცელზე შე კუდიანო. ამოსახსნელად რომ დამიტოვე?
ან რას შეუძლია ასე გათანგვა? ნუთუ ასე ნელ-ნელა მახმობს და მილპობს ამ ფესვებს ჩემეულებთან და შორებლებთან რომ მაკავშირებს? განა რა მომდის? რა მაწამებს, ან რა მაომებს? რა ილეთებს მაკეთებინებს, ეს ... ეს ... სიხარბე?! მახმობს და მაჭკნობს, გონებას მირევს?
_ შენც მოიგონე არაკები ჯადო-მისანზე, თავი დაანებე ამდენ ფიქრს, ერთხელ იქნება და გადაგრევს კიდეც _ ვუთხარი და შევეცადე ახლა მე დამემშვიდებინა.
_ ისე, ერთი მილიონი ურიგო არ უნდა იყოს, თუნდაც ათასი, _ ვთქვი და სასმელი ბოლომდე გამოვცალე. ფეხზე წამოვდექი და სუფრა ავალაგე. ჩემი სტუმარი უჩუმრად გაპარულიყო. ასე იცოდა, უხმოდ მოვიდოდა და უხმოდვე გაუჩინარდებოდა.
მაგარამ ხვალ, თუ უძილობა კვლავ შემაწუხებს, თუ საქმეები და უამრავი მტანჯველი ხარჯები თავს ამატკივებს, თუ ვიგრძნობ განმარტოების მძაფრ სურვილს, და თუკი მივხვდი, რომ საშინლად გადავიღალე, ისევ ორეულს მოვუხმობ ჩემთან, ერთად შევსვამთ და ვიმუსაიფებთ.






სად მიდის გზა?


`საით მივდივართ?!~
მუდამ ყოველთვის შინისაკენ~

                                          ფრიდრიხ ნოვალისი


წარმოიდგინე გამთენიის დილის მზის სურათი. თვალი მოავლე ცის რხევას, იგი მსოფლიო სულთქმის რიტმია. 
გარიჟრაჟზე აღმოსავლეთით მანამ ცის თაღის მეწამულ მანდილს აისი შეარხევს, მთის წვერზე შემომსხდარი ღამის ფარშევანგები გუდა-ნაბადს აიკრავენ და ფრთათა ჩუმი შრიალით, შორს, დასავლეთით გაიკვლევენ გზას.
უხილავი, გრძნეული ფუნჯი რიტმულად კრთის და თანდათანობით უბრუნებს დედასამყაროს სინათლეს, სიცოცხლეს.
ცა იშმუშნება!
შუბლს გახსნის. ღამეს ნათელი შეენაცვლება, ირევა, იმღვრევა, მუქი სილურჯე ბაცდება. ჯერ ლილისფერი შეეპარება, მერე ცისფერი და . . . ჰა, გათენდა!
ფრინველებმა ჭიკჭიკი მორთეს _ მისასალმებელი გალობა. ფრთა-ფრთას შემოჰკრეს და შხუილით გაინავარდეს.
_ ნათელი მობრძანდა, ღამე დამარცხდა! აუწყეს ცასა და დედამიწას. ცოტა ხნის შემდეგ კი წუთით შეწყვიტეს გალობა.
გაიყუჩნენ.
სამყარო გაირინდა. გახედე! აღმოსავლეთით.
სადაცაა სასწაული მოხდება.
ვარდისფრი გვირგვინი ჯიღად დაადგა ჰორიზონტს. ნელ-ნელა გაიშალა. ფერებმა საოცარი ფერხული იწყეს.
ოქროსფერმა ნათელმა იმატა. აგერ! პირველი სხივიც ამოიწვერა, ნელ-ნელა აიწია ზევით და... მზე, სიცოცხლის გვირგვინი, სიცოცხლის დედა შემობრძანდა.
_ სალამი, სალამი, დილა მშვიდობისა მთებო, ველებო, ჭალებო, ტყეებო, წყაროვ ანკარა. სალამი ჩიტუნებო, დათვის ბელო, შენც, პატარა ლურჯთვალება იავ!
სალამი დედამიწავ!
სიო გალაღდა. ხეებმა შრიალი იწყეს.
_ სალამი, ბიჭუნა, სალამი . . . ჰე . . .
ბიჭუნა გამოერკვა. გულში სითბო ჩაეღვარა. მის სულსაც გალობა ეწადა. უნებურად, ლოცვასავით გაისმა მისასალმებელი, ხელები მზისკენ ასწია, სულ მაღლა, თითქოს ცის წვერს შეეხო, წონა დაეკარგა. სხეულში უცნაურმა, ტკბილმა ჟრუანტელმა დაუარა. 
სადღა არსებობდა ცა და დედამიწა, იყო მთლიანი სივრცე და სითბო, სიცოცხლის, ნეტარების ოკეანე.
ბიჭმა მზე იხილა, გამოიღვიძა, სიცოცხლე შეიგრძნო, სიცოცხლე ტკბილზე ტკბილი, იგი მთელს შეერია, უხილავ ჯაჭვს გამოება. იყო ყველა და ყველაფერი. ყვავილი, ბალახი, ხე, ფრინველი, იყო არა ერთი, არამედ მთლიანი სიცოცხლე ნაზიარები მის ძირსა და ფესვს.
შემდეგ გაირინდა. შეწყვიტა ღაღადისი. საიდანღაც ძაღლის ყეფა შემოესმა. სოფელსაც გამოღვიძებოდა. ქოხებიდან ამომავალი კერიის კვამლი ცის თაღს სწვდებოდა.
ბიჭმა ბორცვი ჩაირბინა და ცვრიან მინდორზე გაინავარდა. 
ნამი ალმასებივით ეკიდა ზურმუხტისფერ ბალახს. მზის სხივი მასაც მისწვდენოდა და აციმციმებდა. პაწაწინა ყვავილებიც იღიმებოდნენ. ჟუჟუნებდნენ. ხალიჩასავით მოექარგათ მინდორი, აუ, რა ლამაზი იყო! გრძნეული მხატვარი სასწაულებს ჩადიოდა, უამრავი ფერი ერთმანეთისთვია შეეხამებინა.
ბიჭუნა გარბოდა. ნამი ფეხებს უსველებდა, დილის ჰაერი ელამუნებოდა. ლოყებს სწვავდა, უტკარცალებდა.
მინდორს სოფლის ბილიკი გამოება.
სუფთა ჰაერი კვამლის სუნმა შეცვალა. მეზობლის ეზოში ნაცნობი გოგონა შენიშნა. გაუღიმა. გოგონა კისკისებდა. თავის ტოლს ხელის ქნევით აცილებდა.
ბიჭუნას ქოხიც გამოჩნდა, დროს, წვიმასა და ქარს თავისი გაეტანა, ოდესღაც წაბლის ხისაგან მკვიდრად ნაგები სახლი ახლა გაშავებულიყო. ობი და ხავსი მოჰკიდებოდა. ბიჭუნას გარდა აქ უამრავ მწერს დაედო ბინა. უჩვეულო ბზუილს გამოსცემდა ქოხი,  ჟამთა სვლისაგან დაბეჩავებული, ბეჭებში მოხრილი, მობუზული ბეღურასავით მდგარი.
საკვამურიდან კვამლი არ ამოდიოდა. ბიჭმა ფეხს აუჩქარა. ეზოში შეშა მოაგროვა, გაციებულ სახლში შევიდა, შეუკეთა ბუხარს და ცეცხლი დაანთო. მალე მზეც მომძლავრდებოდა. ქოხს სინათლითა და სითბოთი აავსებდა.
ეზოში მრავალი ხე და მცენარე ხარობდა. ბიჭუნა კაკლის ხის გვერდით, კუნძზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და იქიდან ებაასებოდა მეგობრებს. 
საიდანღაც ჭიაყელა გამოძვრებოდა. შაშვი, ჩხართვი, ბეღურები მოფრინდებოდნენ, შემოსხდებოდნენ წყავისა და ალუბლის ტოტებზე და ქვეყნის ამბავსს უამბობდნენ ბიჭს. ეზოს სტვენითა და ჭიკჭიკით ავსებდნენ.
ქოხის წინ, ჭის გვერდით, გამხმარი თუთის ხე, გაფარჩხული ბებერი ჯადოქარივით იდგა. ბიჭუნას უცნაურ ზღაპრებს უთხზავდა და საღამოს სძილისპირს მოუთხრობდა.

ეზოში პირისპირ, წელგამართული მეომრებივით იდგნენ კაკლის ხეები, ფოთლებს აშრიალებდნენ და ქარისა და წვიმისაგან იცავდნენ  ქოხს.
ბუტია ქალბატონიც ჰყავდათ: ალუბლის ხე. წელიწადის ყოველ დროს ნაირფერი სამოსით შეიმოსებოდა, ხან ყვავლების ფატას დაიფხოტებდა. ხან მწვანით შეიფოთლებოდა, ხანაც თეთრ საბურველში გაეხვევოდა.
ყველაზე ლამაზი კაბა ზაფხულობით ეცვა, მწვანე, წითელწინწკლებიანი. ამპარტავანი ქალივით იდგა. კეკლუცი და აზიზი. მაგრამ ბიჭუნასთვის ყოველთვის სათნო და კეთილი.
ბიჭუნას არავინ ჰყავდა. ობლად ცხოვრობდა. მშობლები სადღაც წასულიყვნენ და  არასდროს აღარ დაბრუნდებოდნენ. მხოლოდ ბიჭუნას სჯეროდა, რომ აუცილებლად შეხვდებოდა მათ.
 იგი თავს ობლად არ გრძნობდა. უხილავი დედა მფარველობდა, ეფერებოდა. ყველა ცოცხალი არსების დედა კალთას აფარებდა, თავის უბეში ზრდიდა.
მას გაზაფხულის წვიმები და ლურჯთვალა იები მოჰყავდა, იგი ამშვენებდა ფერად ყვავილებს, ყვითელ გვირილებს, ძუძუს აწოვებდა ყველა სულდგმულს, ასაზრდოებდა, ზრდიდა და.... ბავშვმა სხვა აღარ იცოდა, თუ კიდევ რა შეეძლო მას.
მამა იშვიათად ანებივრებდა ბიჭს. ჭკუასა და რწმენას მატებდა. ნელ-ნელა ავაჟკაცებდა.
ბიჭუნა კარის ზღურბლზე შედგა.
_ დილა მშვიდობისა! _ მიესალმა ეზოს მობინადრეებს.
კაკლის ხეებმა შრიალი იწყეს.
ალუბალი გადაიფურჩქნა.
უცბად, ხესთან მიბმული თხის კიკინი შემოესმა. თეთრი თხა ჰყავდა, პატარა ბეკეკოთი. იგი აწვდიდა რძეს, აპურებდა. ბიჭუნას კი საბალახოდ დაჰყავდა.
_ დილა მშვიდობისა, ბიჭუნი! _ ჩუმი ჩურჩული ჩასწვდა მის სმენას: ნელა აფუსფუსდა მზის სხივებით გაბრწყინებული ბაღი.
საყურე ცვიოდა თვალჭრელა ყვავილებსა და ხასხასა ბალახს, ღეროზე მიგორავდა, მიწის წიაღში, ფესვებისაკენ ეშვებოდა, მზემ თანდათანობით შეუმშრალა ფოთლებს სისველე, გაათბო მიწაც. დილის ნამი ალმასებივით აღარ ბრწყინავდა, ხეთა ფოთლებში შეყუჟულიყო და ნაკლებ ცელქობდა. ნიავს გადაევარცხნა მინდვრის ქოჩორი.
მოხუცი ბზა ჩაფიქრებული იმზირებოდა. ყველანი ბიჭუნას შესცქეროდნენ და ელოდნენ. იგი მიუახლოვდა და თითოეულ მათგანს თითებით მიეალერსა.
კაკლის ხეს ტოტები ძირა დაეხარა.
_ შეხედე როგორ ავმაღლდი, ცოტაც და მზეს მივწვდები _ ახარა ბიჭს.
_ მზეს მისწვდები? _ გაკვირვებით მიაჩერდა ბავშვი _ მერე?
_ უფრო ძირს დავწევ, არსად გავუშვებ, არც ღრუბლებს მივაკარებ. სულ ჩვენთან, ჩვენს ზემოთ იქნება, არ მიგვატოვაბს.
_ სულ როგორ იქნება, _ არ დაიჯერა ბიჭმა _ განა მზეს ძილი არ უნდა? ღამეც ხომ კარგია. მასაც ხომ ჰყავს პაწაწინა შვილები, გაიზრდებიან და ისინიც უზარმაზარი მზეები იქნებიან!
     _ ღამეც კარგია, მაგრამ მე მზესთან მინდა...
_ გაჩუმდი ერთი, _ აიმრიზა ალუბალი, _ გეყოფა ღრუბლებში ფრენა. ისა სჯობს მიწაზე დაეშვა და მადლობა შესწირო მას. იგი გასაზრდოებს _ და ტანმაღალს გზრდის. აი, მოხუცი ბზა, თითქმის საუკუნეზე მეტი ხნისაა, მაგრამ მზემდე ვერ მიუღწევია, შენ კი . . .
ბზამ ჩაიქირქილა.
_ იყო დრო, მეც მზისაკენ მივილტვოდი. ახლა კი მხოლოდ სიარული მინდა ვიცოდე.
_ სიარული?! სიარული ჩვენც გვინდა რომ შეგვეძლოს.
_ კი, მაგრამ რისთვის? _ იკითხა ბიჭმა.
_ ჰმ, _ ჩაეცინა თუთას _ სიარული რომ შემეძლოს უპირველესად ცისა და მიწის სიხარულს მოვიძიებდი. ვიპოვიდი უნაზეს ყვავილს ჩვენი ხეობისას, ავაყვავებდი, ქარისა და წვიმისაგან დავიცავდი, ყველა სულდგმულთან მივიტანდი და მათ გულში გადავრგავდი. მერე დავბრუნდებოდი და გიამბობდით, თუ როგორ გაათბობდა და გაალამაზებდა თითოეულ მათგანს გულში გაშლილი, სისხლისფრად მოგიზგიზე სიყვარულის კოცონი.
ჩვენ ერთ ადგილზე დგომით ასე ძალიან ბევრს ვხედავთ და განვიცდით. მათზე უფრო მეტს, ვისაც სიარული და მეტყველება შეუძლია. ისინი სად აღარ დადიან. შეუძლიათ თვალის ერთი გადავლებით დაინახონ მთელი დედამიწა, მოიარონ და ნახონ,  მაგრამ მაინც ვერაფერი უპოვიათ, განუწყვეტლივ რაღაცას ეძებენ, თუმცა  რას, თვითონაც არ იციან, სახელიც კი ვერ დაურქმევიათ. მათ იციან, რომ ეს ბალახია, ეს ხე, ცა, მზე, ყვავილი, მთა; რომ ბუნება რთულია; მის მოვლენებს ათასი კანონით ხსიან, რადგან ცოდნა უფრო აინტერესებთ და საკუთარი გულის ძახილს ნაკლებ უგდებენ ყურს. ბოლოს ეს ხმა სრულად ეკარგებათ და გზააბნეულნი რჩებიან. ჩვენ კი სულ მუდამ ბუნების ერთგულნი ვრჩებით და მას არასდროს ვღალატობთ.
_ ჩვენ? ჩვენ რაღას მოგვიტანდი? _ ჰკითხა ალუბალმა.
_ თქვენ? _ ცოტა ხნით ჩაფიქრდა მოხუცი თუთა, _ წელიწადის ყოველ დროს ისევ და ისევ ნაირფერი სამოსით შეიმოსებით. სიყვარული ყოველთვის არის ჩვენს მახლობლად. გვახალისებს და გვაყვავებს დღენიადაგ.
შენ, ჩემო ალუბალო, გაზაფხულობით თეთრზე თეთრ ფიფქებს პეპლებივით დაიხვევ თავს. ქარი ნელა შეგირხევს ახლადამოყრილ მომწვანო ქოჩორს. უნაზეს ფიფქებს ნიავს გაატანს და ზურმუხტისფერ მინდორს მოაპნევს. მზე ნაზად მოგითათუნებს ნორჩ მხრებზე სხივებს. ღამე ჩაგაცმევს გრძნეულ სამოსელს, იისფერ ფარჩას მოგახვევს ტანზე, თვით დედოფალი _ ღამის პირიმზე, მოგეახლება ფერმკთალი მთვარე.
ხანდახან წვიმაც ამღერდება, წკაპ, წკაპ, ყლორტებს წურწურით დაედინება. წყაროც ტაშისცემით, ლიკლიკითა და სიმხიარულით ჩამოგივლის და ნისლიანი მთების ამბავს გიამბობს, არ მოგაწყენენ და არ მიგატოვებენ მანამდე, სანამ იქნები, შენ კი ყოველი გამოღვიძების შემდეგ პატარძალივით დაელოდები თვითეულ მათგანს.
მე თქვენშიც ავაყვავებდი უჭკნობელ ყვავილს, ეხლა ჩვენს გულში პატარა კოკრად რომ ჩაბუდებულა, გაშლას არ ვაცლით, დიდებს კი, როცა გაუშლელი კვირტი ჭკნობას იწყებს, სიცოცხლე გვბეზრდება, მარტონი ვრჩებით.
_ ასე უფრო ხშირად ადამიანებს ემართებათ, _ თქვა მოხუცმა ბზამ.
_ თუკი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლაა, რატომღა გრძნობენ მარტო თავს? _ იკითხა ბიჭმა.
_ ადამიანები ცთომილებივით ცხოვრობენ. ერთმანეთს ეახლებიან, ირევიან, მაგრამ მაინც მარტონი რჩებიან. საღამოობით ვარსკვლავებს თუ უკვირდები? _ შეეკითხა მოხუცი თუთა ბიჭუნას, _ მათ მხოლოდ ადამიანებივით ციმციმი და არსებობა შეუძლიათ, ანათებენ, მაგრამ ერთმანეთს ვერ ათბობენ, თუმცა ერთმანეთთან უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებულნი და ერთიმეორეს გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. გაერთიანება რომ შეეძლოთ ერთი უზარმაზარი მზე კიდევ შეგვემატებოდა ალბათ.
_ ისინი ჯერ პატარები არიან, გაიზრდებიან, მერე ერთი კი არა, უამრავი მზე იქნება _ გაჯიუტდა ბავშვი.
ცოტა ხნის შემდეგ ისევ შეესმა ხესთან მიბმული თხის კიკინი. იგი დროებით დაემშვიდობა მეგობრებს. თხა მოწველა. დედისეული თიხის ქოთანი რძით აავსო. დანაყრდა, შემდეგ კი დილის საქმიანობას შეუდგა. ეზოში ნივთებს კუთვნილი ადგილი მიუჩინა, გამჭვარტლული ქოხი მიალაგა და თავისი სამწყემსავი საბალახოდ გაირეკა ტყისკენ.
ბიჭს ტყეში სიარული უყვარდა. ვის აღარ ხვდებოდა იქ. მზესავით გული ჰქონდა, ყველაფერს იტევდა, უყვარდა, ეალერსებოდა.
უამრავი მეგობარი ჰყავდა. განა ვინმე უფრთხოდა. ყველანი გრძნობდნენ რომ კეთილი სულიერი მოდიოდა.
ტყეში მხიარულად ატარებდა დროს. საღამოობით კი, კვლავ სოფლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგებოდნენ სამნი და ქოხისკენ მიიჩქაროდნენ. გამძღარი თხა კმაყოფილი მიბაკუნებდა, გვერდით ბეკეკა ამოსდგომოდა. ბიჭუნა კი ერთი ღამით ემშვიდობებოდა ბაჭიებსა და ციყვებს, მაჩიტებსა და მათიოლებს.
შებინდებისას ჭრიჭინობელები იწყებდენ ჭრიჭინს. ბიჭუნას სმენას უჩვეულო ხმები სწვდებოდა და იდუმალებით ავსებდა. ასეთ დროს ქოხში უხაროდა ყოფნა. ცეცხლს დაანთებდა, თან პატარა ჩიტის სტვენას უსმენდა. ჩიტი დღედაღამ გალიაში იჯდა და ბიჭუნას უმღეროდა. გალიას კარები მუდამ ღია ჰქონდა, ჩიტი კი არსად აპირებდა გაფრენას. მოიხელთებდა თუ არა ბიჭუნას ქოხში, სტვენას იწყებდა, ყოვლისმსმენელი გამხდარიყო ბავშვი, დედამიწის გუგუნის ხმაც კი ჩაესმოდა მის ყურთასმენას.
ბიჭუნას ეზოში ღამე ჯერ შეუმჩნევლად ეშვებოდა. ხის კენწეროებსა და ქოხის სახურავს ჩამოსცდებოდა. ბიჭს მუქ ლურჯ საბურველში გაახვევდა. ნელა, ძალიან ჩუმად ნანას უმღეროდა. ღამეული მომღერლები უფრო ხმამაღლა ჭრიჭინებდნენ, თამამად ამღერებდნენ თავიანთ საგალობელს.
შორს, დასავლეთით, მუქ მთათა ჩრდილები ბებერი დევებივით მიწოლილიყვნენ. გზადაგზა ციცინათელებიც გაიელვებდნენ.
ქოხიდან სტვენა ისმოდა. ეს ხმა ბიჭუნას ყოველივეს ავიწყებდა, სულ სხვა სამყაროში მიამგზავრებდა. ბიჭუნა თვალებს დახუჭავდა. უამრავ ვარსკვლავებსა და ციცინათელებში მშვენიერების დედა ფრენას იწყებდა. სივრცე ნელ-ნელა გაიშლებოდა და უთვალავი მაყრიონით ივსებოდა.
ნაზი, უსაზღვროდ სევდიანი მუსიკის ხმაზე სტვენდა ჩიტი. ამ ხმაზე ცისარტყელას ფერებით ინთებოდა ყოვლადუნაზესი, უჩვეულო, მოციალე ნეთელი ბილიკივით იშლებოდა ბიჭუნას ფერხთით. იგი ფეხს შედგამდა ნათლით მოსილ გზაზე და . . .
უმშვენიერესი მარადქალწული თავის სამყაროში მიამგზავრებდა.
დედების ცრემლიანი ღიმილი, მათი ზღვარდაუდებელი სიყვარული იყო პირველი მასპინძელი. იგი ყოველივეს იტევდა: მზის ბრწყინვალებას, წვიმის სისველეს, ნამიანი მიწის სიგრილესა და ცის სილაჟვარდეს.
უტკბესი ყვავილივით სუნთქვა ჰქონდა მას. რძის სურნელი დაჰკრავდა, დედის განუმეორებელი სურნელი.
ბავშვი ეთაყვანებოდა, ერთვოდა. იგი კი თავისი უბისაკენ იზიდავდა უფრო და უფრო.
შემდეგ ჰაეროვანი ქალწული ეგებებოდა წინ. მარად ცოცხალი დედოფლისაკენ მიუძღვებოდა.
     ბიჭუნა ძლივს ახერხებდა მისთვის თვალის შევლებას. 
მას ცისფერი სხეული ჰქონდა, მზეზე გაბრწყინებული, მშვიდი და ღრუბელივით გამჭვირვალე. მაისის სიოს ჰგავდა მისი მოძრაობა, გრძელი ნაწნავები ვერცხლისფერი ჩანჩქერივით ეშვებოდა ძირს, წყლის შხეფებივით იფრქვევოდა და ციალებდა. თვალებში ორი დიდი ვარსკვლავი უკიაფებდა, ცისარტყელის ფერების სამოსელი ემოსა, მხრებთან კი ღამე და ნათელი ერთდროულად ამოსდგომოდა და მზის ბრწყინვალება მიჰყვებოდა გზადაგზა.
ჰაერი მძიმედ ამოძრავდებოდა, ბიჭუნას არწევდა, ანანავებდა, ზღაპრული ხილვებით ავსებდა. მერე ნელ-ნელა ფრენას იწყებდნენ ვარსკვლავთბიჭუნები და ქალწულები, ფერთა ზეიმზე მოსულიყვნენ. მისი მეგობრებიც ყველანი აქ იყვნენ: კოპწია ალუბალი, ბრძენი ბზა, მოხუცი თუთა, ამაყი კაკალი და ყველა, ვისაც კი ბიჭუნა იცნობდა.
ცოცხალი არსება, რომელმაც სიკვდილისა არა უწყოდა რა, უსასრულობას უერთდებოდა. ეს განცდა უკვდავებასა და მარადისობას აზიარებდა, მერე კი ფერად ოცნებებში აძინებდა.
ბიჭს ეგონა, ასი, ათასი, ათიათასი წლების შემდეგაც გაგრძელდებოდა სიცოცხლის ნეტარება. ვერავინ ვერ შეუშლიდა მის სრბოლას ხელს. ამ შეგრძნებაზე დიდი არ არსებობდა მისთვის სხვა უფრო ძლიერი ძალა, და იმ გრძნობაზე მშვენიერი არა იყო რა ამქვეყნად, _ რასაც ბიჭუნას სული განიცდიდა.
დილაადრიან ისევ მზის შესაგებებლად გარბოდა, სოფლის ბოლოს ყველაზე მაღალ ბორცვს ამოირჩევდა და იქიდან უმზერდა, მზესთან ერთად ყოველდღე იბადებოდა და შინ უსაზღვროდ მადლიერი ბრუნდებოდა.
მერე ისევ ამეტყველდებოდა გრძნეული ბაღი.
_ შემხედეთ, ქარმა წუხელის ფოთლები მომტაცა, _ წუხდა ალუბალი.
მოხუცი თუთა ბეჭებში მობუზულიყო. ისიც შეეწუხებინა აბეზარ ქარს. მზის მობრძანებას ელოდა. მისი სხივები შემცივნებულ სხეულს გაუთბობდა, სიმხნევეს დაუბრუნებდა.
_ ბიჭუნი, ფეხზე ჩაიცვი, გაცივდები, მიწა სველია, _ არიგებდა ბრძენი ბზა. ის კი თამამად დატყაპუნებდა ცვრიან ბალახზე.
_ შემხედეთ, კიდევ გავმაღლდი, _ კმაყოფილად ბუტბუტებდა კაკალი. მას არ აშინებდა ქარიშხალი, არც სიცივე, ქედმოუხრელად, ამაყად მხრებგაშლილი იდგა და მზეს გასცქეროდა.
_ მეც გავიზრდები, _ უხაროდა ბიჭს და სტვენა-ხტუნვით დარბოდა ეზოში. შემდეგ ეზო გადასერა, მეგობრებს მიუახლოვდა. ისინი შეცბუნებულები იმზირებოდნენ.
_ რად გინდა ბიჭუნი გაზრდა? _ გაკვირვებული მიაჩერდა ალუბალი.
_ მე მინდა ძალიან დიდი და ჭკვიანი გავხდე. ისეთი, როგორც თქვენა ხართ _ უპასუხა ბიჭმა და დამნაშავესავით ახედა მეგობრებს.
_ შენ ახლაც დიდი და ჭკვიანი ხარ. ყველაფერს ხედავ, შეიგრძნობ, ცა და დედამიწა შენი მეგობარია, კიდევ რაღა გსურს?
_ მე მინდა განვიცადო ის, რასაც დიდები განიცდიან.
_ დიდები? _ ჩაფიქრდა თუთა, _ დიდები სამწუხაროდ არაფერს არ განიცდიან. იმას ტანჯვა უფრო ჰქვია ვიდრე განცდა. ისინი მხოლოდ ცხოვრობენ და რაღაცას ელიან. გადის დრო და თავისით არაფერი მოდის სიკვდილის გარდა.
_ სიკვდილი რა არის? _ იკითხა ბიჭმა.
_ არაფერი _ ამოიოხრა თუთამ და მხრები დახარა.
_ როცა გავიზრდები, ყველაზე დიდ სიკეთეს გავაკეთებ ამქვეყნად და სიკვდილს მოვსპობ.
_ ყველაზე დიდი სიკეთე სიყვარულია ბიჭუნი, თქვა მოხუცმა ბზამ.
მთავარია ყველა და ყველაფერი წმინდა გულით გიყვარდეს. ამას ლაპარაკი რად უნდა, სიკეთე ისედაც უნდა აკეთოს კაცმა. იგი ისე სჭირდება სულს, როგორც წყალი სიცოცხლეს.
სიყვარული რომ არ ყოფილიყო ამ ქვეყნად, ჩვენ რა გვაცოცხლებდა, აღარც მზის სხივი გაგვათბობდა, არც მთვარის შუქი გვიმღერებდა ღამღამობით ნანას. სუსხიანი ზამთრის შემდეგ ვინ მოიყვანდა გაზაფხულს. უგაზაფხულოდ კი აღარც ყვავილთა მაყრიონი იმაყრებდა, აღარც ნიავი, არც წვიმა და საერთოდ დედამიწა კი იბრუნებდა? ვინ იცის...
_ ვინ იცის, ვინ იცის, _ ჩაფიქრებული ჩურჩულებდნენ ხეები.
_ ჩვენ სიკვდილიც სხვანაირი ვიცით, ჩვენი სიცოცხლის დასასრულს სიკვდილი არ ჰქვია, რადგან ლამაზად ვამთავრებთ სიცოცხლეს, მშვიდად, უშფოთველად, ყოველგავრი ბოროტებისა და ღალატის გარეშე.
მიწა გვასაზრდოებს, გვზრდის, მას ვართ ჩაკირული ფესვებით და ძარღვებით, სამუდამოდ მისი ვართ სისხლით თუ ხორცით. ჩვენ გვესმის მისი ყოველი ამოსუნთქვა, მისი ხმა, მაჯისცემა, გვესმის და ვგრძნობთ, რომ ყველანი ამ მიწის შვილები ვართ და არაფერი არა გვაქვს გასაყოფი.
 ბიჭუნას ეზოში ღამე ნაზად შემოიპარებოდა. ძაძისფერს აცმევდა არე-მარეს, სხვა ფერს ფანტავდა. ნელ-ნელა სახეს იცვლიდა ჯადოსნური ბაღი.
საღამოს ბინდს ემარჯვა უკვე. ჩუმად მოეტაცა თეთრი მანდილი და მთების იქით გადაემალა.
შორით ხეები ნაირგვარ სახეებს თხზავდნენ, მოცეკვავე შავჩოხიან ჭაბუკებს ჰგავდნენ, მკლავგაშლილებს.
ბალახებსა და ბუჩქებში  შემალული ჭრიჭინობელები კვლავ იწყებდნენ გაბმულ ჭრიჭინს. შორეული მინდვრებიდანაც კი ისმოდა მათი ხმა. ხმები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა და ერთ მთლიან ღამეულ საგალობელს ქმნიდა.
ქოხიდან სტვენა მოისმოდა. ასე დაუსრულებლივ გრძელდებოდა გზა, საფეხური საფეხურს ცვლიდა.
ერთ დღეს ბიჭმა სიკვდილი იხილა, ჯერ ცხოველთა ორთაბრძოლას შეესწრო, დამარცხებული წაქცეულიყო, ძლიერი სუსტს თავზე დასდგომოდა და ჯიჯგნიდა. ფერად სითხეს უწუწნიდა. თურმე ბუნებას უხილავი კანონი განაგებდა. 
შემდეგ მის თვალწინ სროლის ხმაზე გაქცეული შველი შეჩერდა, წაიქცა და აღარ განძრეულა.
ბიჭს შიში ჩაუდგა თვალებში. პირველად შეესმა საკუთარი გულის ფეთქვა, რაღაც მიძინებულმა გაიღვიძა მასში, ნელა დაიპყრო, შებოჭა, თავისუფლება წაართვა, ცოცხალი არსება უმოძრაობის, გადაშენების, სიკვდილის შიშმა მოიცვა. უხეშად, ერთის დაკვრით ჩამოუნგრია მარადისობისა და უკვდავების კოშკი, მოკვდავობის ხუნდები დაადო, დაატყვევა.
რაღა ააკოწიწებდა მას იმ სიმაღლეზე, ვინღა მიანიჭებდა მარადისობას მოძრაობასა და თვით სიცოცხლეს. თურმე სრული გარდაცვალებაც არსებობდა, სრული გაქრობაც. უკვდავება კი თითქოსდა ერთ ადგილზე გაყინული უძრაობა ყოფილა, _ არა სიცოცხლე, არამედ მუდმივი სიკვდილი. ბიჭუნა უმწეოდ დაჰყურებდა მოკლულს, ფეხის ხმამ გამოარკვია. ტყიდან შავმოსასხამიანი კაცი გამოვიდა.
_ რას გაჩერებულხარ, შველი არ გინახავს? _ ჰკითხა მოსულმა.
ბიჭი ფრთამოტეხილი ფრინველივით მხრებჩამოყრილი იდგა. მკლავები დამძიმებოდა. გახევებულ თვალებში გაყინული აზრი ჩასდგომოდა. წონასწორობა დაერღვია მის სულში. სითბო წაერთმია, გულისხმიერი განედევნა.
კაცის სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა ყურში.
`შენ რა, შველი არ გინახავს?!~
_ წაქცეული არა! _ ხმისკანკალით მიუგო ბიჭმა.
მოსული დაიხარა, მოკლულს დახედა, უკანა ფეხებით დაითრია.
_ შეშა მოაგროვე, ცეცხლი დავანთოთ _ დაავალა კაცმა. თვითონ კი, ნანადირევის გატყავებას შეუდგა.
სულ მალე ცეცხლზე ხორცი აშიშხინდა, სისხლი ცვარივით დაეკიდა, გამაბრუებელი, მადისამღვძრელი სუნი დატრიალდა.
კაცმა ნაჭერი ჩამოაჭრა, ბიჭს მიაწოდა.
_ ჭამე! _ უბრძანა.
ბიჭმა ხორცი გამოართვა. ჩაკბიჩა. პირველად მისდაუნებურად ილუკმებოდა. შემდეგ თანდათან შეიგრძნო შიმშილი, ნდომა, კიდევ შეჭამა.
ამიერიდან ხორცი ხორცს მოსთხოვდა მას. სისხლი სისხლს. სიცოცხლე სიკვდილს, სიყვარული სიძულვილს.
ქოხისაკენ დამძიმებული წამოვიდა. ყინული ჩასდგომოდა თვალებში. ბუნების სილამაზეს ვეღარ ამჩნევდა. სიბრმავემ შეიპყრო, ხეებს, ბილიკებს, ბალახს ძველი სიმშვენიერე დაჰკარგვოდა, მზეც უღიმღამოდ ანათებდა.
პაპისეულ ქოხს მიუახლოვდა. კაკლის ხეები, ალუბალი, რწყავი და თუთა, ყველანი შეუმჩნევლად, გარინდებულნი იდგნენ. ბიჭუნა დღეიდან ვეღარ გააცოცხლებდა და აამეტყველებდა მათ. ან ვინღა უნდა გაეცოცხლებინა, როცა საკუთარი თავის სიყვარულისა და კუთვნილი სიცოცხლის შენარჩუნების სურვილს შეეპყრო მხოლოდ.
იგი ქოხში შევიდა. მისი ერთადერთი სიმდიდრე, პატარა ჩიტი, სტვენით არ მიეგება პატრონს. გალიის კარის ზღურბლზე მობუზული იჯდა.
ბიჭს ეჭვი აღეძრა. ჩიტის დაკარგვის შეეშინდა, დასაჭერად წაეპოტინა. მან ძველი პატრონი ახლოს არ მიიკარა, ფრთები გაშალა, ჯერ ფანჯარას მიეხალა, შემდეგ ღია კარებში გზა გაიკვლია და პერგამენტისფერ სივრცეში გაფრინდა.
ბიჭუნა თავზარდაცემული უმზერდა, სანამ წერტილად არ იქცა და მთლიანად არ მიეფარა თვალს.
ასე გაღარიბდა იგი. ცოცხალ მოკვდავად იქცა. შემდეგ ერთფეროვნად გადიოდნენ საათები, დღეები, ფერადი ოცნებები აღარ ეალერსებოდნენ, ვეღარც მზის ამოსვლის მშვენიერებას ხედავდა, ვერც ღამის იდუმალებას, მის ყურთასმენას აღარც ყვავილთა ჩურჩული ჩაესმოდა.  
ხანდახან, დიდი აღტაცების ჟამს, წარსულის მოვლენები სიზმარივით გაიელვებდნენ, თავს გაახსენებდნენ. უცებ, მზეც ლამაზი მოეჩვენებოდა, დღეც, სიცოცხლეც . . .
მაგრამ გადიოდა წუთი და აღტაცება ქრებოდა, მშვენიერება ტოვებდა, ერთფეროვნება ისდგურებდა ირგვლივ.
აღარ ჰყავდა არც თეთრწვერა თხა. ეხლა ცხვრის ფარას ირეკავდა ტყისკენ.
ბუნების წიაღში დაბადებულსა და აღზრდილს ისევ ეწვეოდნენ ბავშვობის დროინდელი მოგონებები. დახუჭავდა თვალებს და სადღაც, გონების წიაღში ამოტივტივდებოდნენ ფერადი სიზმრები და გარდასული ოცნებები, თავისკენ იზიდავდნენ, ეალერსებოდნენ, შემდეგ, როგორც კი დაჭერას დაუპირებდა, დამფრთხალი მერცხლებივით მიფრინავდნენ.
ჭაბუკი თვალებს ახელდა, თვალცრემლიანი გაჰყურებდა შორეთს. გაფრენილი ჩიტის კვალს სევდამორეული გასცქეროდა.
მთელი ცხოვრება გარდასული სამყაროს შესასვლელ კარს ეძებდა. ამ იდუმალ კარიბჭესთან მისი შინაგანი ლტოლვა მოქმედებასა და წინსვლას სთხოვდა.
ხვდებოდა _ სინამდვილეში ეს კარი უნდა არსებულიყო, რომ უმოქმედოდ ვეღარ გალევდა წუთისოფელს.
კი არ დაეპყრო, არამედ შეექმნა, აეყვავებინა, სული შთაებერა, სიცოცხლე დაებრუნებინა.
ახალგაზრდული სიცოცხლე მშვენიერებასთან ზიარებას სთხოვდა.
ჭაბუკის სულში კვლავ იღვიძებდა გრძნობა, რომელიც სხვათა ტკივილს, მთელი სამყაროს წუხილსა და სიხარულს განაცდევინებდა.
ყური მიუგდო საკუთარი გულის ძახილს. დედამიწის გუგუნის ხმაც კვლავ ჩასწვდა მის ყურთასმენას. მან დაივიწყა პირადული და უზარმაზარი სამყაროს გულისფეთქვას აზიარა მისი პატარა, ნამცეცა სიცოცხლე.
მან კვლავ შეიგრძნო, რომ უკვდავება შეუძლია, რადგან მის ხელთ იყო იგი, რამაც არ იცის დასასრული, რისი ქმნადობაც ხელეწიფების მისსავე სულს სიყვარულითა და სასოებით და აძლევინებს ყოველივეს ამქვეყნად, თვით სიკვდილსაც კი.
 ერთ დღეს ჭაბუკმა პაპისეული ქოხის კარები მიხურა. უხილავი ბილიკებიდან ნელი მგზავრული მოესმა.
ბავშვივით მიუალერსა მეგობრებს. დამცველი მეომრებივით იდგნენ კაკლის ხეები ქოხის წინ. ბუტია ქალბატონი საქორწინო სამოსელში გამოწყობილიყო და ისე აცილებდა შირეულ გზაზე მიმავალ ჭაბუკს.
_ დაბრუნდები ბიჭუნი? _ დაღვრემილები ეკითხებოდნენ.
_ სად უნდა წახვიდე! _ ეჩურჩულებოდა უხილავი დედა.
_ გაუშვი, ეძებოს! _ უფლებას აძლევდა რწმენა.
პატარა ბილიკი გრძელი გზებისკენ, სხვა ქვეყნებისკენ იკლაკნებოდა. შემდეგ კი სულ აღარ ჩანდა.
ჭაბუკმა ჭიშკარი მიხურა.
შორეულ გზას დაადგა.
ცისა და მიწის სიხარული უნდა მოეძია, ყველა სულიერისთვის ნუგეში უნდა მიეცა, მას უნდა მოეყვანა გაზაფხულის შხაპუნა წვიმა, უნდა დაემშვიდებინა უმწეო, რწმენა ჩაენერგა, ესწავლებინა, შემოევლო ეს ქვეყანა და მერე?..
_ მე დავბრუნდები,
მე დავბრუნდები, _ გრძნობამორეული ჩურჩულებდა.
ქოხიდან შორს, აღმოსავლეთით წერტილივით მოსჩანდა იგი.
შემდეგ კი სულ მიეფარა თვალს.
ძველი მეგობრები ფოთლებს აშრიალებდნენ. ბებერი ჯადოქარი წელში გასწორებას ლამობდა.
მშვიდობით, მშვიდობით...
 შემდეგ კი გაყუჩნდნენ.
პაპისეულ ქოხიდან ჩიტის სტვენა მოისმოდა...



                         იმ ხმათა ექო


_ საიდან იწყება სიცოცხლე?
_ სიყვარულიდან!
_ საიდან მოედინება სიყვარული?
_ განა შეიძლება აიხსნას ღვთაებრივი გზნება? გონებას ვერ ძალუმს მისი ჩაწვდომა.
_ მაშ სულს?
_ სულს?! განა შეიძლება სულის სიცოცხლისაგან გამოყოფა?!
_ სიცოცხლით ხომ ბალახიც ცოცხლობს, ხეც, ფრინველიც. . .	_ და ქვაც!
_ და ქვაც?
_ და მიწაც!
_ და მიწაც?
_ აქედან იწყება სიცოცხლე. . .
_ აქვე მთავრდება!
_ ხილული კი. . .
_ უხილველი რაღაა ნეტავ? ან ნუთუ ბრმა ვარ? აზრით ვერ ვწვდები, თვალით ვერ ვხედავ, სულითაც ვერ ვგრძნობ. . .
_ პატარა ყლორტო, ნუთუ მართლა ვერ გრძნობ მას? და ვერც იმ ჯანმაგარ ხეს ხედავ, რომლის ტოტებზედაც გამოსხმულხარ, ნუთუ ვერ წვდები აზრით მის ფესვებს, ვერც იმას, საიდან იღებს იგი საზრდოს? _ როგორ იზრდება, მრავლდება, ნაყოფდება. . .
მიმოიხედე, მარტო შენა ხარ?! სიცოცხლისაგან დალოცვილო, სისხლი ძლიერია შენში და ჯანი, ენერგია, რომელსაც ფესვები გაწვდის, როგორი ფერხულია ირგვლივ, მზისა თუ მთვარის, დღისა თუ ღამის, მთლიანი სამყაროსი.
_ სისხლი?. . . და ჯანი?. . .
_ მდინარე, დაუმშრალი, ასიათასწლოვანი და საუკუნოვანი.
_ მდინარე სისხლის? _ ან იქნებ კუპრის. . . 
_ და თუნდაც კუპრზე შენ ვერ ხედავ იმ თეთრ იალქანს?!
_ . . . .
_ სისხლში ავხორცი, უძღები, მასშია მეომარი და მკვლელი, მრუში, ხელმრუდი, გენია, ზაკვაცა და სათნოებაც, კეთილშობილებაცა და სასწაულიც. . . და სისხლიც ისეთივე მორევს წააგავს გემივით რომ დაფარფატებს ის თეთრი სამყარო, ოდესღაც რომ ჩამარცვლეს უდიადესი სიყვარულის შეგნებით. . . წყალობა არის შენთვის თუ წყევლა, ახლა რომ სუნთქავ? 
_ ჩემთვის წყალობა.
_ სხვისთვის?
_ სხვისთვისაც, მაგრამ არიან, ვისთვისაც წამებაა მთელი ცხოვრება. ზოგისთვის ტანჯვა, წყევლა და ცოდვა არის ადამისა  დღესამომდე. უსაშველოა და მტანჯველი იმ შეგნებით ცხოვრება, რომ უნდა მოკვდე. . . 
_ შენ ჯერ ყლორტი ხარ, მოვა დრო, სალამურს გათლიან შენგან, ქარი ჩაგბერავს, ან სულთქმნა, რაზე იმღერებ?
_ სიცოცხლეზე.
_ კიდევ?
_ სიყვარულზე. ჩემს ძლიერ ჯანმაგარ ხეზე ან მის ფესვებზე
_ და კიდევ?
_ იმ რწმენაზე, რომ ოდესმე ქარი ჩამბერავს, ამეიმღერებს, მათქმევინებს ამ ყოველივეს. . . 
_ განა შენ გაგაჩნია რაიმეს რწმენა?
_ ალბათ.
_ შეგიძლია მომითხრო რაიმე მიწასა, რწმენასა და ადამიანებზე?
_ . . . 
დიდი ხანია არ მიფიქრია რწმენაზე, აღარც ადამიანებზე.
მთელი ეს ზამთარი ისე გავლიე, ჩავილურსმნე საკუთარ  თავში და გამიტაცა მარტოსულობამ. მაგრამ აი, დგება ის დროც, როცა ამაზეც უნდა დაფიქრდე. . . მივყვები ამ დახლართულ აზრებს გონებრივ ლაბირინთებში და სულ უფრო მეკარგება გზა. ლაბირინთები სავსეა დეკორაციებითა და ხელოვნურობით. ვხედავ რომ აქ არ არის ჩემი ადგილი, რადგან მხოლოდ ვფიქრობ და ვერაფერს ვერ ვგრძნობ, იქნებ სჯობს გამოვიხურო კარი და გამოვბრუნდე, დავუბრუნდე დღევანდელობას, დავიფანტო ურთიერთობებში, სახეებში, ნივთებში, დავეკარგო საკუთარ თავს და გავხდე ყველასი. . . სწორედ ასეთი ორჭოფობის ჟამს, როცა ყველაზე უპრიანია აბსურდობაზე ფიქრი, ან თავდავიწყება, როცა ვხედავ, რომ არსაიდან არის საშველი და შეიძლება თვითმკვლელობაც კი ხსნად მომეჩვენოს. როგორც ობმოკიდებულ და ჩაბნელებულ ოთახში, ჭერის ჭუჭრუტანიდან მზის მკრთალი სხივი, ირგვლივ არსებულ მტვერს რომ აციალებს, ასევე ჩემივ  გონების ყველაზე ბნელ ადგილას, მისუსტებული ინტუიცია მაძლევს ბიძგს და ბრმასავით მივყევარ, გაუცხოებული საკუთარი სულის წინაშე!
_ რწმენისაგან განკურნებულნო, ხედვახსნილნო და ნათელმოსილნო, ეს თქვენ თუ უწყით სიცოცხლის ძალა, ისევ თქვენშივე არსებული სინათლის ძალა, გონებათა შეუცნობელ გზით წარმოსული.
ეს სხვა ხედვა განსაჭვრეტია, სიბნელე კი დასათრგუნავი. მხოლოდ ცოდნა განა აქ კმარა? რწმენა ხომ მაღვიძარა ყვავილივით ჩაწნულია სულში. მიულულავს თვალი მხილველი, მოელის ძალას, შერხევას თუ აღორძინებას და ასე ვნაღვლობ საკუთარი სულის პირისპირ ატუზული. . .  
_ რა პატარაა ჩემი ტერფი, იგი ვერ შეძლებს მთელი დედამიწის კუთხე-კუნჭულის დატკეპვნას. . .  რა პატარაა ხედვა ჩემი, მას არ შეუძლია ღმერთის დანახვა, რა პატარაა გული ჩემი, იგი ვერ იტევს მთლიან სამყაროს სიყვარულს, ვერც სხვათა ტანჯვასა და ვაებას უთანაგრძნობს. რა პატარაა პეშვი ჩემი, მას არ შეუძლია ყველას დაპურება. ამ დროს მე ვგევარ მოვალეს, რომელსაც ვალის გადახდა არ შეუძლია. რა პატარაა ჩემი სული, რომელშიც ასე მცირეა რწმენა, არა სჩანს ღმერთი და მათთან ერთად დამხობილია როს სიყვარულიც. . . 
ამ ცოტა ხნის წინ საოცარი ამბავი შემემთხვა. ჯერ იყო და დავტოვე ქალაქი და დასავლეთით დავადექი გზას. გავცდი მზესუმზირების ველს. უღელტეხილი გადავლახე და საღამოს პირზე სოფელში ჩავედი.
ფერისცვალება ახალი გადასული იყო.  სოფლის დასაწყისთან სანამ მდინარის ხიდზე გადავიდოდი შევიცადე, გადმოვედი მანქანიდან და როგორც იქნა მიწას დავადგი ფეხი. ოდნავ შეთელილი და ფერშეცვლილი იყო მიწა. ბალახი გადახუნებულიყო, ხეებზე კი მიტოვებული ბუდეები ჩანდა.
გაიხედავ და ირგვლივ მთებია. აქ ჩამოსული უკვე მის ტყვეობაში ხარ. მდინარის დინებით თუ გაიგნებ გზას ან გზის მიმართულებით. მთები კეტავენ მთელ სოფელს და მფარველობენ ჩემს წინაპართა ჯერაც ჩაუმქრალ კერას.
დანატრებული ვიყავი აქ ჩამოსვლას. მართალია, ქალაქში არის ჩემი სახლი და მყუდრო კუთხე, იქ გავიზარდე, მაგრამ სისხლი თუ ძალა, შიდამეურად აქეთკენ მიხმობს. აქ არის ჩემი ბავშვობის ზღაპარი, ჩიჩილაკებითა და ორყუნწულა ალუბლის წითელ-წითელ საყურეებით, ბატების ყიყინითა და აბრეშუმის ჭიის საოცრებებით. ძველებური ჭრაქითა და ფაიფურის ყულაბით. მდინარიდან ამოყოლილი უჟმურისა და ღამურების ქვეყნის საიდუმლოებებით. აქ ქვაც სხვაგვარია და ხავსიც, ხმებიც კი, ყოველი შერხევა სიოს თუ ქარის, წვიმის ხმა თუ ბუხარში ცეცხლის ღაღანი, რაღაცას მაწვდის და თან მასწავლის.
თავდაპირველად თავად ვერ ვხვდები დრო ისე გადის და თუ უეცრად გადმოხეთქავს ჩემგან სათქმელი, ვხვდები რომ ეს მათი ხმებია ჩემში ჩაგუბებული.
_ მოვა დრო და სალამურს გათლიან ჩემგან... როცა მოვხუცდები ქალაქიდან აქეთ წამოვალ მიწასთან ახლოს. ჭაში ჩაკიდულივით ვიქნები ამ ზვიადი მთების ძირში, ჩემს მბჟუტავ სიცოცხლეს კი ვარსკვლავებით გადმომხობილი ლურჯი ზეცა დაუწყებს ცქერას. მერე ალბათ სხვა რამეზე ვიფიქრებ. ეს იქნება ჟამი გარინდებისა და უსაშველოდ უსასრულოს მოლოდინი. იქნებ როდესმე ამოვხსნა კიდეც მიწის საიდუმლო. . .  ეხლა კი მინდა სიცოცხლით დავტკბე.
აგერ ჩემს თვალწინ მინდორია გადახნული. ხნულში მარცვალი. მარცვალში უფრო მეტი საიდუმლოა, ვიდრე ახლა ამ ჩემს ჭვრეტაში, ან ძიებაში. ჩემს მზერაშიც საიდუმლოა, მარცვლის საიდუმლო... 
ერთი თქმულება მახსენდება ქვიშის მარცვალზე: იყო პატარა ქვიშის მარცვალი, რომელიც ტიროდა, რომ მხოლოდ მტვერი და უმნიშვნელო მინერალი იყო იმ უზარმაზარ უდაბნოეთში. გამოხდა ჟამი... ქვიშის მარცვალი ულამაზეს ალმასად იქცა და საუკუნეების მანძილზე ამშვენებდა მეფეთა გვირგვინს. ანდამატის ეს თვისება გააჩნია ადამიანსაც, ბუნებისაგან წილნახვედრი. და შენც თუკი არა გსურს უდაბნოს ქვიშის მარცვალივით მზის გულზე ჭკნობა, ალმასად გადაქცევა გადაწყვიტე, რათა მიწყითი იყოს შენივე არსებობა. თუ როგორ?! აი, ეს კი გამოცანაა, რომელიც მარტოდმარტომ, თავად უნდა განახორციელო.
ბინდი ჩამოწვა, მეგონა მხრებზე მომეხურა საღამო. გავაგრძელე გზა. აი გზაჯვარედინიც გამოჩდა. შემდეგ სადრაძეების სამოსახლოც. .   აგერ მათიკომაც ჩაიარა, ვერ მიცნო. აი წისქვილი, პატარა ღელეც. ჩემი მაგნოლიაც გამოჩნდა. რა უცნაური გრძნობაა, ერთდროულად, გული მტკივა და მიხარია კიდეც.
ჩემი ბოლო ჩამოსვლის შემდეგ, სახლში არაფერი არ შეცვლილა. ფანჯრები დავაღე და ოთახები გავანიავე. სულ მალე ნათურის შუქზე მწერები და ფარვანები დაბზრიალდნენ, გარეთ ღამურებმაც გაინავარდეს.
_ მასპინძელო! დაიძახა ვიღაცამ და გამეღიმა, მეზობლებს უჩვეულოდ ეჩვენათ ჩემს სახლში ანთებული შუქი.
_ რომელი ხარ ?. . .. 
_ თათუ ვარ, თათუ, მომაძახა და მივხვდი ხმაზე მიცნო. . .  ჩამოხვედი როგორც იქნა? _ თქვა და სანამ ჭიშკრამდე მივიდოდი, თვითონ შემომეგება ეზოში ხელებგაშლილი. 
ამას რას მოვესწარი. ახლავე მთელ სოფელს შევყრი, მაგრამ გაიგებენ უჩემოდაც. ხელები ჩაიქნია და ისევ გადამეხვია, _ ასე გადაკარგვა შეიძლება?
მართლაც მთელი სოფელი მოგროვდა ჩემს ეზოში. ონორა, მართა და სოფიკო, ფათუშია და ვინ აღარ. ქალებს კაცები მოსდევდნენ და აივსო ეზო ჟრიამულითა და მხიარულებით.
_ როგორ დამშვენებულხარ, ასე უნდა გადაკარგვა? მთელი სამი წელი გავიდა, ვინ მიხედავს ამ სახლ-კარს თქვენს მეტი. გამოკეტეთ და წახვედით, აღარც შენი  ძმა ჩამოვიდა, ეს არის საქმე? _ სიყვარულით მსაყვედურობდნენ.
აქაურობის გაყიდვა არც იფიქროთ, გადაბრუნდება კიდეც ბაბუათქვენი მიწაში _ მითხრა ძია გურიმ. მოხუცებულა. ჭაღარა მოსძალვია თმაში. მხრებშიც მოხრილა. გადის დრო. ისევ `გალიფე~ შარვალი და თხელი პიჯაკი ეცვა, როგორც, ადრე უყვარდა ჩაცმა და სიარული.
_ აცადე კაცო, ძლივს ჩამოვიდა ქალი და ამის თქმა გაგონილა? მიახალა ცოლმა.
გამეღიმა, _ დაწყნარდით-მეთქი დავამშვიდე. არც გაყიდვას ვაპირებ და არც ჩამოუსვლელობას. მიჭირდა მოსვლა, დიდედა რომ აღარ დამხვდებოდა. . . 
_ უნდა ჩამოხვიდე, შვილო, აბა როგორ, ჩვენ კი არ ვაკლებთ ყურადღებას თქვენეულ ფუძეს, მაგრამ თქვენი ხელი სჭირდება ოჯახს.
სანამ ერთმანეთს მოვიკითხავდით სასწრაფოდ ზემოთ ოდაში სუფრა გაშალეს. ვის Yყველი მოჰქონდა, ვის თევზი, ვის მსხალი და ბროწეული.
გვიანობამდე ვსაუბრობდით. უამრავი ახალი ამბავი დამხვდა სოფელში. ფათუშიას ბიჭი, ნიკალა ახლახანს დაქორწინებულა. არადა სულ ყმაწვილი მახსოვს. სოფო ინსტიტუტში სწავლობსო და ხუთი წლით გაფრენილა სახლიდან. საწყალი მირიანი გარდაცვლილა, მეწყინა. მირიანი სათამაშო აკვნებს და მოვარჯიშე ჯამბაზებს მიკეთებდა, ხისაგან. სოფელში ახალი უნივერმაღი აუშენებიათ და რა აღარა, უამრავი ახალი ამბავი.. . . 
მარტო როგორ დარჩები, არ შეგეშინდეს. ეს ღამე ჩვენთან გაათენე, ნუ მოგერიდება. _ შემომთავაზა ონორამ.
ვიუარე. ძლივს აქ ჩამოვედი და ისევ ხომ არ მივატოვებდი სახლს. ჩემი სტუმრები წავიდნენ და მარტო დავრჩი. როგორ მომნატრებია აქაურობა. ზღაპრულად მახსენდება  ეს მხარე. ეზო. ჩემთვის ყოველთვის იდუმალი იყო ეს სახლი.  მახსოვს ერთხელ ღამურა შემოფრინდა. როგორ შემეშინდა მაშინ. აი, საძინებელი ოთახის, ფანჯარაც. ყოველთვის მომწონდა აქედან ჩამავალი მზის ცქერა. ამ ოთახში უზარმაზარი სარკეებიანი კარადა დგას, გვერდით კედლიდან გრძელი ჭრელი ნოხი, ჭერიდან იატაკამდე  ეშვება. ეს ალბათ დიდედას მზითებია. აი ულამაზესი ფაიფურის ყულაბაც. ფართო, რიკულებიანი კაკლის ხის საწოლი. სარკმლიდან ყოველთვის გავცქეროდი შებინდების მოახლოებას. ო, რა ლამაზად ეშვება ღამე.  მუქად შეიფერებოდა შორეული მთის კალთა. მერე ეს სიმუქე ცისა და მიწის ზღვარს წაშლიდა სილურჯე ბლანტი საღებავივით ჩამოადნებოდა ქლიავის ხეს. მთვარეც  ნელ-ნელა გამოძვრებოდა მუქი ღრუბლებიდან და მისი ციალი ღადარივით დაღვივდებდა მომსხო ქლიავებს და ნაყოფი კატის თვალებივით ანათებდა.
მიძინებული ბალახიდან მომესმა აბეზარა ჭრიჭინობელას ხმა. მიკვირს ხოლმე, როგორ გულსავსეა ეს ქვეყანა და როგორ შეიძლება ადამიანმა ამ სამყაროში მარტო იგრძნოს თავი.
ისიც გავიხსენე ციცინათელებს რომ ვაგროვებდი შუშის ქილაში, მერე ჩაბნელებულ ოთახში შევდიოდი და ვუმზერდი თუ როგორ კიაფობდა ათობით ციცინათელა. 
ერთხელ მე და დიდედა ვიდექით სარკმელთან და ასევე ცის ბლანტ სიმშვიდეს გავცქეროდით . . . 
ვკითხე:
_ ნეტავ რა არის ამ ღრუბლებს იქით? 
_ ცა 
_ ცის იქით?
_ ცის იქით ღმერთი.
_ ღმერთი რა არის?
_ ამქვეყნად ღმერთი ყველაზე კეთილი მოხუცია. ღმერთი ისაა ვინც შენ სიცოცხლე მოგცა, ვინც  ყვავილებს ზრდის, ვისაც წვიმა მოჰყავს. ციცინათელებიც მისი შექმნილია.
_ ... და ღამურებიც?
_ დიახ, ღამურებიც, რასაც კი ხედავ. . . 
ავიხედე ზემოთ და წარმოვიდგინე თმა და წვერღრუბლიანი მოხუცი, კეთილი, ღიმილიანი და ვერაფრით ვერ მივხვდი რად უნდოდა ღამურების შექმნა.
ამ სახლის თავისებური, მაგრამ ახლობელი საკმევლისმაგვარი სუნი თავბრუს მახვევდა. იმ ღამით ძალიან გვიან ჩამეძინა. დილით, თვალები რომ გავახილე ადრეული შემოდგომის მზე ეზოს წითლად მოსდგომოდა. გარშემო კი დილის სუსხი იდგა.
ვიღაცას მოესწრო ჩემთან შემოვლა. მაგიდაზე მდგარ ლარნაკში  ცვარდაკრული მინდვრის ყვავილები ეწყო. იქვე ქოთნით ახალთახალი ნაწველი, სურნელოვანი რძე იდგა. 
ვისაუზმე და შემოვიარე ეზოს კუთხე-კუნჭული. მარანი, აქვე იდო ურმის ცალი ბორბალი, მუხის დიდი კასრი, სახლის გვერდით  მომცრო სამზადისში ძველი კერიაა. გამჭვარტლული და სულ მთლად ჩაშავებული. სქელი შავი ჯაჭვითა და ზედ დაკიდებული კარდალათი. ღვინის ამოსაღები, პაპის ხელით ნათალი ხაპი, ჭოკი და სხვადასხვა ზომის საბერტყელები. დაწნული გიდელი და სხვა ათასი წვრილმანი.
შემდეგ მთისკენ შევყევი ფერდობს. იქ ზემოთ პატარა ეკლესია დგას, გვერდით კი სოფლის სასაფლაოა, წინაპართა საფლავებით. ირგვლივ დაბალი ბუჩქნარი იყო ალუბლისა და მოცხარის. ქვებს და სველ, ნაჟონ ბალახებზე ფეხი მისრიალებდა. ეკლესიას მიუახლოვდი და შიგ შევაფარე თავი. შორს დაიქუხა...
ეკლესიაში სახურავიდან და ჩამომტვრეული კედლებიდან წვიმა ატანდა. ძირი მოფენილი იყო ფხვიერი მასით. ჩამოცვენილი ქვები ალაგ-ალაგ სახეებს თხზავდნენ და ქანდაკებებს დამსგავსებოდნენ. ფრესკებზე ნესტი ჟონავდა. სახეები აღარც კი ჩანდა. თავი მიტოვებულ სამაროვანში მეგონა, მხოლოდ მზის სხივი რომ აღწევდა და დღის ნათელი. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ მოკვდავთა სალოცავი. ღვთის სახლი იყო იგი, ასე მიტოვებული და ზურგშექცეული.
გამახსენდა ძველი ქართული ზრაპარი. მოხუცი მამა რომ ავალებს თავის სამ შვილს, წადი შემოიარეთ ქვეყანა, ისწავლეთ, იშრომეთ და ვინც სამი წლის თავზე Yყველაზე სრულყოფილ საჩუქარს მომიტანს, იმას დაუტოვებ მთელ ჩემს მონაგარსო.
წავიდნენ ძმები, იარეს, იარეს და სამი წლის შემდეგ კვლავ მშობლიურ სახლში დაბრუნდნენ.
უფროსმა შვილმა ისეთი სუფრა მოიტანა თავისით რომ იშლებოდა ათასნაირი ნუგბარით.
შუათანამ გალიაში ჩასმული ხელთნაკეთი ფრინველი მოიყვანა, რომელიც გალობდა  და ფრთებს აშრიალებდა ისე, ბუნებრივისგან რომ ვერ განასხვავებდით.
უმცროსმა შვილმა მხოლოდ ერთადერთი სანთელი მოიტანა და ქოხში დაანთო. მოხუცი უმზერდა როგორ ელვარებდა ალი და იწვოდა სანთელი, ისევე როგორც სხეულში სული. . . 
პირველმა შვილმა მოუტანა მატერია, რომელიც დახვავებულად ბევრი და ხელმისაწვდომი იყო ირგვლივ.
მეორემ ხელოვნება, რომელიც ქვეყნად მრავალს ხელეწიფებოდა.
მესამე შვილმა კი ნათელი, სულის რწმენა და საგზალი, რომელიც ასე ძლიერ სჭირდებოდა მოხუცის განვლილ სიცოცხლის გზას, დასასრულს რომ უახლოვდებოდა.
მამას კი დასატოვებელი არა ჰქონდარა რა. ყველა შვილმა მიიღო მამისაგან სიმდიდრე როგორც შეეძლოთ ისე და ყველა იპოვნიდა ამიერიდან იმას, რასაც ეძიებდა.
აქაც ალბათ ასეა. ირგვლივ მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ბევრი  ხელოვანიცაა, მაგრამ ეს ეკლესიაც ელის შველას, ვინც მას აღადგენს, მოუტანს სანთელს, დაანთებს და მიძინებულ რწმენას გააღვიძებს.
გამოიდარა და სასაფლაოსკენ გამოვეშურე. ირგვლივ სულ ნაცნობი გვარებია. აი ჩემი დიდედას, ბაბუის და მათი მშობლების საფლავებიც. დამთრგუნველია ცხოვრება. სასტიკი. როგორ შეიძლება ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნო, იმ ორ ციფრს შორის _ დაბადება და სიკვდილი რომ ჰქვია, მითუმეტეს თუ მართლაც ურწმუნო ხარ. გამაზრიალა სუსხისაგან და უსიამო ფიქრისგან, ჩემს თვალწინ გულყვითელა ყვავილიდან პეპელა ამოფრინდა და სხვა  მხარეს  გადაფარფატდა. ამ პეპლებს ვგავართ და ასევე ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრებაც. საშინელებაა, მაგრამ აქ, სხვაგვარად ფიქრი არ შეიძლება. 
უეცრად ქალის ტირილი შემომესმა. გავიხედე და ძლივს ვიცანი, პაშა, მოხუცი პაშა, კიდევ უფრო რომ მოხრილა, წელში და მერამდენე წელია თავის ერთადერთ შვილს ასე მოთქმით დასტირის. ცოტა ხნის მერე რაღაცას ლაპარაკობდა თავისთვის. თან საფლავს ბალახისაგან ასუფთავებდა. როცა შემამჩნია ერთი კი გამომხედა, მაგრამ ვერ მიცნო, ამიტომაც დამაკვირდა.  როდესაც საქმიანობა მოათავა, თავზე შავი თავსაფარი წაიკრა და ჩემსკენ გამოემართა. ჩემიანების საფლავთან რომ დამინახა, მიხვდა ვინც ვიყავი და მომესალმა. მოხუცს ვერც სამხიარულოსა  და მოსაკითხავს ვერაფერს ვეტყოდი. უადგილო იყო. ცოტა ხნით ვდუმდით. შემდეგ კი ჩემი მოსაზრება ვთქვი: ასეთი მოუვლელი ეკლესია რომ არ ეკადრებოდა ჩვენს სოფელს.
_ ადრე აქ არა მარტო ეკლესია, მონასტერიც იყო, მითხრა მოხუცმა. სოფლად მაშინ სინათლე არ იყო გაყვანილი. დღისით მზე იყო ხალხის ნათურა და ღამით ჭრაქი თუ მთვარე. სოფელს არ ჰქონდა არც საათი, მამლის ყივილით იგებდნენ გათენებას და მზის მოძრაობით ადგენდნენ დროს.
სწორედ იმ ხანებში სოფლის ეკლესიის გვერდით, მომცრო სამონასტრო საკანში ცხოვრობდა ბერი ილარიონი. ხალხს ჰქონდა რწმენა და სიყვარული თავისი რჯულისა. სამრეკლო კი რეკავდა მიზნად და ნუგეშად მათდა.
მაგრამ მოვიდა გადამთიელი ბოროტი ხალხი. Aჩადგა სოფელში და აუკრძალეს ბერს მომსახურება. დადუმდა სამრეკლო, სოფელში შიშმა დაისადგურა. რადგან მხოლოდ ილარიონს ჰქონდა მაშინ საათი, გადაწყვიტა: ხალხისთვის სიკეთეს გავაკეთებ, და ზარების რეკვით ჟამის დადგომას ვაუწყებო. ისევ ახმაურდა ეკლესიის ზარი. ყოველ საათს რეკვადა ზარს ბერი, საათის მინიშნებით.
არნახული ბოროტება მოხდა მაშინ სოფელში, ისეთი ძველად ურჯულოები რომ სჩადიოდნენ შემოსევებისას, რაც ხალხმა გადმოცემით იცოდა. მრევლისთვის ამ მსახურების გამო ბერი აწამეს, კონდახის ცემით მოკლეს იგი და ხევში გადააგდეს.
სოფელი დაიზაფრა. მაგრამ ხმის ამომღები და გამკითხავი არავინ იყო.
მხოლოდ მაშინ, როცა უკვე ხალხი არსაიდან ელოდა შველას, ერთ დილას ზარების რეკვამ შეძრა სოფელი. ხალხი ტოვებდა კერას, გარბოდა გარეთ, რათა ეხილა სასწაული, ვინ უნდა ყოფილიყო გმირი, რომელიც ამას გაბედავდა?!
_ მერე? მერე? ვინ იყო იგი? ვკითხე სულსწრაფად. 
_ არავინ შვილო, მითხრა მოხუცმა, იმ დღიდან თავისით რეკავდა სოფელში ზარი... 
_ თავისით?
_ დიახ თავისით... ვინ იცის რაზე მოსთქვამდა ზარი. კაცთა შორის გაუტანლობაზე თუ ადამიანებს შორის სიყვარულზე, რომელმაც ზღვარი არ იცის. სიკეთის სასწაულებრივ მადლიზა თუ ბოროტების უსულგულო, მსახვრელ ძალაზე. მამის რჯულის მიმტევებელ მრევლზე თუ იმ იმედზე, რომ ბოროტს ყოველთვის კეთილი სძლევს. 
მოთმინებასა და რწმენაზე, თუ დასტიროდა თავის შვილებს, ან იქნებ გმირებს მოუხმობდა...  ვინ იცის...
მოხუცებს სჯერავთ სასწაულების _ გავიფიქრე. ალბათ მიმიხვდა ამ უნდობლობას მოხუცი, რადგან ასე დაამთავრა მონაყოლი:
_ ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და ამ თვალებით დანახული ყველაფერიო.
სასაფლაოდან რომ წამოვედით, მისივე თხოვნით  პაშა დეიდასთან შევიარე სტუმრად, ვისხედით და ვსაუბრობდით, მაგიდაზე კი ძველისძველი სამოვარი თუხთუხებდა.
სახლში მოგვიანებით დავბრუნდი. ის ღამე თეთრად გავათენე. მამალმა იყივლა. ნელ-ნელა ზეცასაც აღმოხდა ნანათი. წამოვდექი და მაგიდასთან ჭრაჭუნა სკამზე ჩამოვჯექი.
მაგიდაზე ლარნაკში დილანდელი მინდვრის ყვავილები ეწყო, გავიღიმე და ფანჯრიდან რძეშერეულ ალიონს გავხედე... 
უცბად ძალიან ჩუმად და ყრუდ, თითქოს შორეული ზანზალაკების ხმაურიაო, ყურთან სულ ახლოს ზარების რეკვა ჩამესმა, გარინდებული ვუსმენდი თვალდახუჭული, მეშინოდა თვალის გახელის, არ მინდოდა ხმათა განდევნა, და როცა დიდხანს გაგრძელდა იგი წკრიალთ მატებით, წამოვდექი, ახლა უკვე გუგუნებდა ძალით ძლიერით და მთელი სახლი, მიწა თუ ზეცა ხმათა ფერხულში მოექცა...
და აი ახლაც, ყურთან სულ ახლოს ისმის ზარის წკრიალი, უფრო და უფრო რომ ემატება ხმა.
გესმით? თქვენ, გესმით?
_ ვინ იცის რაზე მოსთქვამს ზარი. . . 
მიმოვიხედე და ყური მივუგდე იდუმალ ხმას.  რომელმაც ყოველივე ეს მათქმევინა.
_პასუხის გამცემი არავინ იყო!...  
  

                          ხელთათმანები

გათენდა... გარემო უჩვეულო გარინდებასა და სიმშვიდეს მოეცვა. გაღვიძებისთანავე ჩემი მზერა ფანჯარასთან მდგარ კომოდზე დაბრძანებულ ფაიფურის ქალბატონს მისწვდა. შემდეგ კი საათისაკენ გადაინაცვლა. ცხრის ნახევარი იყო. 
წამოვდექი, ხალათი მოვისხი და მაქმანიანი ფარდები გადავწიე. თურმე რა,…… თოვლი მოსულა, საშობაო, დილის ღრუბელივით თეთრი და ქათქათა. ალბათ ეს უჩვეულო გარინდებაც მას მოჰყვა. მთელი ღამე უბარდნია და მეც გავიხარე ისევე, როგორც ბავშობისას.
წუხელ, ბაღში ჩამომჭკნარ ფოთლებს ეძინათ, ხანდახან ქარი შეარხევდა მათ, ხელახლა ჩაჰბერავდა სიცოცხლის უნარს, ახლა კი, საშობაო თოვლმა ფუმფულა საბანი გადააფარა და შიშველი ხეებიც ერთიანად თეთრად შემოსა. ეზოს ლამპიონსაც თექის ქუდივით ჩამოფხატვოდა თავზე.
ირგვლივ ბუნება ეთანაზიარება მთელ სამყაროს. უკვე ნელ-ნელა, ქათმის ნაბიჯისოდენა მოემატება დღეს ნათელი და გრძელი, სულისშემხუთველი ღამეები დაპატარავდება. 
დერეფანში ჩემი პატარა გოგონას წკრიალა ხმა გაისმა: 
_ დედა,  დედიკო,  თოვლი! _ თვალებანთებულმა შემოაღო ოთახის კარი. _ ბებომ თქვა, ვისაუზმოთ და ნახშირისთვალებიანი და სტაფილოს ცხვირიანი  თოვლის ბაბუა გავაკეთოთო. . .
_ ჰო, ანი, მანამდე ჩემი წითელი ბოტები უნდა მოვძებნო,  _ ესღა ვუთხარი და გავუღიმე.
უცბად შემთხვევით, ლურჯი ხალათის ფართო სახელო იქვე მდგარ ფაიფურის ფიგურას წამოვკარი, რომელსაც დანარცხებისთანავე დამსხვრევა ემუქრებოდა, მაგრამ ხელის ჩავლება მოვასწარი და გადარჩა.
_ როგორ შემაშინე ჩემო ფიფინურო, _ მივმართე ფაიფურის ქალბატონს და თავის ადგილზე დავაბრძანე. ძველად ფიფინურს სამკაულს უწოდებდნენ. ეს ფაიფურის მშვენიერი ქალბატონი ჩემი სამკაულია, ინტერიერსაც ამშვენებს და ოთახსაც ესამკაულება. 
ამ ფაიფურის ფიფინურს მთელი ჩემი ქალური მოგონებები უკავშირდება...

              

 * * *

მატარებლის კუპეში სამნი ვისხედით. ქალაქიდან სოფლად მივემგზავრებოდით. მოპირდაპირედ ჩემი საკმაოდ ხანდაზმული ბაბუა შემოგვცქეროდა. ალაგ-ალაგ, ისე, სხვათაშორის ვმუსაიფობდით მატარებლის ბორბლების რიტორიკულ `ნანინანია~ თანხლებით.
ჩემს გვერდით ჩემს ქმარს ფეხი ფეხზე გადაედო, მარცხენა ხელის თითებით, ჩემს მარჯვენა ხელის თითებს ეთამაშებოდა. რამოდენიმე თვის შეუღლებულები ვიყავით. პირველად თხუთმეტი წლის გავთხოვდი. 
უცბად, თითქოსდა სხვათაშორის ჩემმა მეუღლემ მოხუცს ჰკითხა: _ ღმერთი თუ გწამსო?.
დღემდე მახსოვს ბაბუას სიტყვები:
_ აქამდე მატერიალისტი ვიყავი, ახლა ვფიქრობ, რომ ვცდებოდი, ურწმუნოებას ყოველთვის სჯობს რაიმის გჯეროდეს. ცხოვრება გავლიე, ერთადერთი ნუგეში ღმერთია, ჩემს სულსაც უფრო მას ვაბარებ, ვიდრე ამაოებას.
საოცრად სევდიანად იცქირებოდნენ მისი ჩამქრალი მზერადაშრეტილი, რუხი თვალები.
სოფელში რამოდენიმე დღე დავყავით. ესეც ბაბუას სურვილი იყო. სიკვდილის მოახლოებას ქვეშეცნეულად გრძნობდა და ალბათ მშობლიურ კერასთან ეწადა სამუდამო გამოთხოვება. 
რატომღაც მეც ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ იქ აღარასოდეს დავბრუნდებოდი.
მართლაც ასე მოხდა. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, მთელი კარმიდამო ავეჯიანად გაყიდეს, ისე, რომ არავინ არაფერს შემკითხვია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი სამოსახლო ანდერძით ჩემს სახელზე ჰქონდა გაფორმებული, საბუთი აღარ გამომიჩენია. ჩემივე ახლო ნათესავების შემრცხვა. იმდენად მიყვარდა ის ეზო და სახლი, მისდამი გრძნობებს ნათესაური კინკლაობით ვერ შევბღალავდი. ბოლოსდაბოლოს ადამიანი კვდება, ბაბუაც წავიდა, ის გარემო უიმისოდ ისედაც დაცარიელდა. ერთადერთი ადამიანი ვინც სულის ამოსვლისას მის გვერდზე იდგა, ჩემი მეუღლე იყო, რომელმაც გარდაცვლილს თვალები საბოლოოდ დაუხუჭა, რატომღაც ასე მოხდა. 
სოფლიდან მაშინ, სამახსოვროდ მხოლოდ ერთადერთი ნივთი ფაიფურის ფიგურა წამოვიღე, რომელიც სახლის საძინებელ ოთახში, დასავლეთით ფანჯარასთან კაკლის ძველებურ კომოდზე ყელმოღერებული იდგა. მაგრამ, ეს მაკრამე კაბიანი ბანოვანი უბრალო ფიგურა კი არა ყულაბაც გახლდათ. იმდენად ნატიფი ქმნილება იყო, მას მერე, რაც ამ ოთახში მიაკუთვნეს ადგილი, შიგ ფულის ჩაყრა არავის აზრად არ მოსვლია.
სოფლიდან სანამ წამოვიდოდით, დრო ვიხელთე და ჩუმად, ყველასაგან მალულად ეზო ფეხაკრეფით დავიარე. დავემშვიდობე ხეებს, სადაც ჩემი ჰამაკი ეკიდა, ასევე წყავს, თუთას, მაგნოლიასა და მრავალწლიან ბზას. სათითაოდ დავკოცნე და ისე გამოვეთხოვე.
და აი, ფაიფურის ყულაბა ახლა უკვე ჩემს საძინებელ ოთახში დგას. თუმცა, ბავშობისდროინდელი მრავალი სხვა ნივთიც შემოვინახე. ფაიფურის ვეფხვები, რომელიც ბუხარს ამშვენებს, ადრე ქალაქის მშობლიურ სახლში დიდი ბუფეტის თავზე დაედოთ. ჩემი მსუნაგობისაგან შოკოლადები რომ გადაერჩინათ, უფროსები ბუფეტის თავზე შემოდებდნენ მაღლა ვეფხვებთან. როდესაც სკამიდან ბუფეტის გამოწეულ მოჩუქურთმებულ კონცოლზე ავძვრებოდი, იქ კი აღარაფერი მხვდებოდა, ასე მეუბნებოდნენ, რომ შოკოლადი ვეფხვებმა შემიჭამეს და მეც გულწრფელად მჯეროდა. 
შემოვინახე უზარმაზარი სასალათე, სადაფისფრად დაფერილი ფაიფურისავე კომბოსტო, მარწმუნებდნენ, რომ ამ კომბოსტოში მიპოვეს და სწორედ იქიდან ამომიყვანეს. მჯეროდა, მაგრამ მიკვირდა, რა მინდოდა სულ თავდაპირველად კომბოსტოში?! 
ამ ნივთებთან შერწყმული მოგონებები თავისთავად ისე სუფევდნენ ჩემში, ნებისმიერ დროს შემეძლო მათი ამოტივტივება და ცხოველმყოფელობა. წლები გავიდა და დღეს მივიჩნევ, ერთი კი არა, მრავალი ადამიანის სიცოცხლით ვიცხოვრე, იმდენად მრავალფეროვანი იყო ცხოვრება.
მახსოვს, უჩუმრად მანამდე ვუმზერდი სახლიდან გასულ ბაბუას, სანამ მისი მხრებში მოხრილი სილუეტი არ დაფერმკრთალდებოდა და ბოლოს თვალს არ მიეფარებოდა. ვიმახსოვრებდი მის მხრებს, სიარულს, რადგან უკვე ვიცოდი, მცირე ხანიც და ვეღარასოდეს ვნახავდი. ეს იმდენად ღრმა შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოსახვაში ცოცხალი სახით შემოვინახე. 
ერთხელ კი არ ვიცი, საიდან ან როგორ შეამჩნია ბაბუამ, ვიღაცის ხელში დანახული გრძელყურებიანი და ხელოვნური ყვავილებით მორთული დაწნული კალათა მომეწონა. ერთ დილას, როდესაც გავიღვიძე, იქვე სასთუმალთან, სკამზე მანდარინებითა და შოკოლადებით სავსე ისეთივე ვარდისფერი კალათა დამხვდა. იმ დილის სიხარულს რა დამავიწყებს, უფრო მეტიც, ცხოვრების მანძილზე, თუკი რამ პიროვნული ღირებულება გამაჩნია, ან რაიმეს მივაღწიე, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც ჩემში სიყვარული ჩანერგეს... ბავშვობისას სიყვარული მსურდა ზუსტად ისევე აღმექვა, როგორც საგანი, რაიმეს ფორმა რომ ჰქონოდა და ერთხელაც ცაზე აღმოვაჩინე კიდეც, _ ცისარტყელა! დანახვისთანავე ხელაწეულმა თითითაც კი მივანიშნე,   _ აი, სიყვარული
ერთხელ, სარკის წინ ახალი კაბით რომ ვკოპწიაობდი, ბაბუამ რატომღაც მითხრა, _ ოდესმე მშვენიერ ქალბატონად იქცევი, დაიმახსოვრე, არავის არაფერი სთხოვო. . .  რადგან, ადამიანი თუ ძლიერია, მან ისედაც იცის რა უნდა გაგიკეთოს და თუ სუსტია, აბა სუსტს რა უნდა მოსთხოვო?!
არ ვიცი, მან რისთვის მითხრა ეს სიტყვები, ან მე რატომღა დავიმახსოვრე, მაგრამ შემდგომ ეს შეგონება იქცა ისეთ გასაღებად, რომლითაც პირადი ცხოვრების ყველა კარი გავხსენი. მაგრამ მთავარი მამაკაცის სიძლიერე ან სისუსტე არ ყოფილა, არამედ თავად უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, ძლიერი კი ვერ იქნები, თუ ურთიერთობებში არა ხარ მართალი.
შემდგომ ცხოვრება ხან აირეოდა და ხანაც ლაგდებოდა. იმედი არასოდეს დამიკარგავს. იმედი თითქოს მეორე სული იყო ჩემში და ყოველივეს მაძლევინებდა. ადამიანი კი ცხოვრებაში აღწევს მხოლოდ იმდენს, რამდენი სიყვარულის უნარიც გააჩნია. 
          თუმცა ხანდახან გაუთვალისწინებელი  მოვლენებიც ხდებოდა.

* * *

    დედა გამიხდა ავად და რამოდენიმე ხნით მასთან მომიხდა დარჩენა. ერთ დილას კი საკუთარ სახლში დაბრუნებულმა ქმარს უცხო ქალთან საწოლში მწოლიარეს გადავაწყდი. ოთახში აღარ შევსულვარ და უნებურად სამზარეულოსკენ გავემართე. მეუღლე თავად გახდა იძულებული ჩემთან გამოსულიყო. მე ფანჯარასთან ვიდექი და ქუჩას გავყურებდი. არც მწყინდა, არც არაფერზე ვფიქრობდი. თავდაპირველად უხერხულობა ვიგრძენი, შემდეგ გულგრილობა. იმხანად, მეუღლე თანამდებობისპირი იყო, მთხოვა, რომ არ გამეხმაურებინა ეს ამბავი.
საუბარი სწორედ ამით დაიწყო:
_არავის არაფერი უთხრა, ყველაფერს გავაკეთებ, მთელ ქონებას გადაგიფორმებ, რასაც ისურვებ, ყველაფერი გექნება. . . 
ვდუმდი და ვუსმენდი.
ერთია, რომ ჩემდაუნებლიედ ამ ამბის შემსწრე გავხდი. შეურაცყოფილად თავი არ მიგვრძვნია. მაგრამ, უფრო სამწუხარო და დამამცირებელი იყო ის, რომ ამ თხოვნით უმეტეს ტკივილს მაყენებდა. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი, ჩემი მეუღლე მე არ მიცნობდა.
რაღა უნდა მექნა. 
_ როგორც გსურს ისე იქნება, არაფერს ვიტყვი. . . 
ერთია კი,  გააკვირვა ჩემმა სიმშვიდემ, მერე კვლავ მთხოვა, _ რიტა ორი დღის შემდეგ მიემგზავრება, სამგზავრო ბილეთებიც აღებული აქვს და ეს ორი დღე, თუ შესაძლებელია აქ დარჩეს, მე კი შენთან ერთად წამოვალო. 
აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან იქნებოდა ორი დღით, ან სად წავიდოდა. . . 
დავთანხმდი და ჰოლისაკენ მშვიდად, აუღელვებლად გავემართე.
უცბად, კარებთან მისულს, მეუღლემ მაჯაზე მომკიდა ხელი და ისევ მთხოვა: 
_ ასე დათრგუნულს ნუ დაგვტოვებ, რიტაც უხერხულადაა, მიდი მასთან, იქნებ ორიოდე სიტყვით უთანაგრძნო. 
საძინებელში შევედი. საწოლთან მივედი და ჩამოვჯექი. რიტას მაჯა თვალებზე ჰქონდა აფარებული. გატრუნული იწვა. მარჯვენა ხელს, რომელიც საწოლზე ჰქონდა ჩამოშვებული, ოდნავ მოვუჭირე, ვაგრძნობინე, რომ ვუთანაგრძნობდი.
შემდეგ უცნაური რამ მოხდა. რიტა უეცრად წამოიმართა და თავად დამიწყო კოცნა თითებზე, ხელებზე, ჩემს მუხლსაც შეეხო. თავს არ სწევდა და თვალს ვერ მისწორებდა.
წამოვდექი და ისევ გასასვლელისაკენ გავემართე. მეუღლემ ესღა მკითხა, თუ რის გამო მოვიქეცი ასე. . .
დავფიქრდი, თითქოს ხარკი გადავიხადე. ბოლოს ვუთხარი:
_ თუკი რამ სიკეთე მახსოვს შენგან, სულ მცირედიც კი, იმ ნათელი წუთების გამო, რაც შენთან გამიტარებია, მხოლოდ იმისთვის. . . 
გავუღიმე და კარი გამოვიხურე.
მას შემდეგ კვლავ ერთად ვიყავით, თითქოს უფრო შევუყვარდი, მაგრამ. . . იმიერიდან ვიყავი ყველასი და არავისი.
მერე მოვიდა სანდრო. . .  ჰო, ჩემი ალექსანდრე, მას სხვაგვარი გრძნობით და ვნებით ვუყვარდი, გამუდმებით ჩემთან ყოფნას ცდილობდა. რატომღაც მის მიმართ ჩემი გული დუმდა. თუმცა მომწონდა მისი თავდაუზოგავი ყურადღება და ყოველივეს გადალახვის წყურვილი, მაგრამ . . . ერთ საღამოს, ო, იმ საღამოს, წავედით ბარში, ვიმხიარულეთ, შევსვით, ვიცეკვეთ, შემდეგ კი ჩემი ახლობლის ბინაში თავად ავიყვანე. მივუალერსე, გახდა დაუწყე, საწოლში ჩავაწვინე და შუქი ჩავაქრე.. . . 
მეორე დილით კი, ალექსანდრემ აღმოაჩინა, რომ ჩემს გვერდით კი არა, უცნობ ქალთან იწვა, რომელსაც ჩემნაირი თმის ფერი, სიმაღლე და აღნაგობა ჰქონდა. ის ქალი გარკვეული თანხა დამიჯდა. სანდროს ეგებ ეს არც სურდა, მაგრამ რატომღაც ასე გამოვხატე მისდამი ჩემი დამოკიდებულება. ვისაც სურს განმსაჯოს. მაგრამ, მან რაღაც ჩემგანაც ხომ მიიღო სიყვარულის სანაცვლოდ. რამოდენიმე დღე ტელეფონი გამოვრთე, შემდეგ კი საზღვარგარეთ გავემგზავრე.  . . .
თუმცა, ახლაც მინახულებს ხოლმე და ტელეფონითაც ხშირად მესაუბრება, მომიკითხავს, ხანდახან ქუჩაშიც ვსეირნობთ. ასე ნელ-ნელა დავმეგობრდით და ვგრძნობ, მისდამი გაზაფხულივით დამითბა გული. 
სად იყო და სად არა, რაინდიც გამოჩნდა. მართალი ყოფილა, რაინდებს ზეციურად უყვართო. სურვილი გამიჩნდა მთელი ჩემი სამყაროთი მასში ჩავთქმულიყავი. მასთან ერთად ერთი ვარსკვლავიდან მეორეზე ვმოგზაურობ და მიწაზე ჯერ ვერ დავეშვით. მიწა კოსმოსი არაა,  - ის მსხვერპლს ითხოვს! თან სხეულითაც გიზიდავს, რადგანაც სხეული მიწას ეკუთვნის და სანამ ეს სამოსელი გაგაჩნია ზევით არ გიშვებს. დილემაა;  - ან აქ, ან იქ! და თუ მართლაც რაინდია, იქ უნდა დავრჩეთ, რადგან მიწა თვით რაინდებსაც ამარცხებს! ეს კი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. ჯერ თავად უნდა მიყვარდეს იმდენად, აქ მიწაზე მოვისურვო მის სხეულში ვიპოვო ჩემი ბინა. ბოლოს და ბოლოს მე ხომ რაინდი არ ვარ. ლაზიერს კი თავისუფალი და ხშირად გაუთვალისწინებელი სვლები აქვს, იგი ვერ ეგუება გარდეს!
დედამიწაზე არის ერთი ადგილი, რომელიც მთელ ზეცას იტევს და ეს ადგილი ადამიანის გულია, _ სიყვარულია ზეცა. . .  ეს ბოლოს ვიგრძენი, გვიან, როცა პირველად შემიყვარდა. 
მაგრამ ადამიანებს ისიც შეუძლიათ, რომ   _ ზეცაც კი გააქვაონ!
რატომ გამახსენდა ეს ყოველივე? ნუთუ შესაძლებელია ნივთებმა სამყარო შექმნან? ან ფასდაუდებლები იყვნენ ისეთ სამყაროში, სადაც ყოველივეს სთმობენ და ყიდიან? თუმცა, ვერც მოგონებებს მოიშორებ და ვერც გულს ამოიგდებ სხეულიდან. დაუსრულებლად შემიძლია ერთი ნივთიდან, _ ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა, რომელნიც ერთ მთლიან, საერთო სამყაროს მიქმნის.
ეს მოკლე რიტორიკული წიაღსვლა იმ ფაიფურის ფიფინურმა გამოიწვია, მთელი ჩემი ქალური მოგონებების ყულაბად რომ იქცა. ან კი, რომელი ერთი გავიხსენო?
თითქოს მეც ამ ფაიფურის თოჯინად ვიქეცი, რომელსაც არც წლები  ეტყობა და არც მისით დაღდასმული ნაოჭები, გადაღლა, ან ცხოვრებისეული გულგატეხილობა. ჩემგან განსხვავებით ეს ფაიფურის ქალბატონი სულაც არ არის ბედნიერი იმით, რომ ტკივილი არ შეუძლია.  
იგი შეიძლება კომოდიდან შემთხვევით ჩამოვარდეს და ისევე  დაიმსხვრეს, როგორც  ხშირად ოცნებები იმსხვრევა, მაგრამ ის, რაც ხელთქმნილია ადამიანის არსებობაში, საკუთარი სახიერება მაინც გააჩნია და ადამიანის მხოლოდ ერთი არსებობაც კი ყოველივეს ტოლფასია, ტოლფასია თუნდაც მარადისობისა. 
ასე, რომ შესაძლებელია ადამიანებმაც მიანიჭონ ნივთებს სიცხოველე და უფრომაღალი დანიშნულება,  ვიდრე თავად ისინი  წარმოადგენენ საკუთარ თავს, რადგან ნივთები შეგვიძლია ჩვენი არსებობის ნაწილებად ვაქციოთ.
ხოლო, თუ ის საგნები რაიმეს ხსოვნას წარმოადგენენ, ან თუნდაც არსებობის ნაწილები, როგორ შეაფასებდით?! ყოველივეს დახურდავება რომც შეგეძლოს, სიყვარულსა და ხსოვნას ხომ ვერ გაყიდი?!
ვერც გავყიდი, ვერც დავახურდავებ, და ვერც გამოვცვლი. . . 
ქმარი?..  ქმრები კი ხელთათმანებივით გამოვიცვალე...


სხვისი ორეული

გაზაფხული მაგრად მევასება, მაგრამ ეს მარტი ძაან მაზალოა; - ხან ქარი, ხან თოვლი, ხან წვიმა, ხანაც მზე! მიდი და გაუგე..
მე რა, მისი ხუშტურები ვერაფერს მაკლებს. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, მაინც ჩემთვის დავდივარ ქუჩაში და ვსეირნობ.
ეს ძაღლი რაღას ამეკიდა, მოძუძგული და გალუმპული. ვა, ეგრე წვიმს? წვიმს თუ თოვს? ჭყაპივით პონტია. მსდიოს რა, ან რა მანაღვლებს... ის მშიერია, მე გრადუსები დამაკლდა. ჩემზე ამბობენ, ლოთიაო, ლოთი არა...  იჩიჩინონ, ერთი მაგათი... ეს საზოგადოებრივი აზრიო, კრებითობის საკრებულოო, მიღებული – მიუღებელი ფორმებიო, ეტიკეტებიო და სხვა ფორსობა.
ერთი მე მკითხოს ვინმემ, დაინტერესდეს, თუ რატომ ვსვამ... 
ძაღლო, დაიცა, წინ ნუ მისწრებ, სიგარეტს უნდა მოვუკიდო.
ჟინჟღლავს, მაგრამ, ეს როგორ? მთვარეა ისეთი... ისეთი,  ბოლომდე სავსე. აბა, ისე უღრუბლოდ როგორ იწვიმებს?! გადაუღია და ეგ არი. იქნებ არც წვიმს და ჩემი ცა ტირის ასე. ხოო, მთვარე,  _  თავი ხელმეორედ ასწია და ზემოთ ააბოლა... 
ირგვლივ ამორძალივით ღამე გაშოტილა, სავსე მთვარე ცალ ძუძუსავით რომ უციმციმებს, თამთამებს კიდეც კვერცხის ცილასავით. მარტია, თორემ რა მეძუძუება, ძუძუც კაია, ოღონდ ნაღდი... ეს ძაღლი დედალია თუ მამალი? მარტში მგონი მათი ამძუვნების დრო არის... თუ კატების... რა ვიცი... ერთი მაგათი... 
ან ჩემი სმით, ვის ვაწუხებ, იქნებ სასოწარკვეთას ვიხრჩობ, ან თვითმკვლელობას ლოთობა მირჩევნია?! ამ ფარს ურთიერთობებს, ცრუ დამოკიდებულებებს, ვაზელინს წყალყინტა სასმელი არა სჯობს? ისე, რაც უფრო მაღლა მიძვრება მაიმუნი, მით უკეთესად მოჩანს მისი წითელი უკანალი. 
ერთი ხელმოცარული ინჟინერი ვარ, ყოფილი სპორტსმენი. ან რა პროფესიის უნდა ვიყო, პოეტი? პოეტები ჩემზე მაგრად უგრადუსებენ. რაო, ვახო რომ არის ადვოკატი, არ სვამს თუ?! მაგრამ მასზე არ ამბობენ, ლოთიაო, პირიქით, გულს უკეთებენ, ლაზათიანი სიმთვრალე გაქვსო... მოკლედ, ლოთობაშიაც ბედი გინდა კაცს... აქიმნი, ყასაბი ქირურგები  _ ზოგი სვამს, ზოგიც იკეთებს... ასეც ამბობენ, რას გაიგებ... მათი ნაღდად მეშინია, ნემსისაც და ლანცეტისაც. 
ანდა ეს პოლიტიკანები, გალსტუკიანი გვამები. ორი მოცუცქნული რქით და პატარ-პატარა კუდებით... სარკესთან დაყენებული, გადატკეცილი ყალბი სიფათებით... აბა მათ ჭირდებათ ვაზელინი ყუთებით, სასმელი მათთვის არამია... გურიაში გლეხი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, ის უკეთესად მსჯელობს, მათ უფრო იციან ამ ქვეყნის ავან-ჩავანი, თუ რაა საჭირო ხალხის კეთილდღეობისათვის. 
რა, პოლიტიკა მე არ მესმის რო? დაიჭირონ ხელში ის კონსტიტუცია სახელმძღვანელოდ, კარგად წაიკითხონ, ასე ნალოლიავებს გულ-ჯიგარი რომ ამოგვლიჯეს და დასაკლავი ინდაურივით მობუზული ცალ ფეხზე მდგარი დატოვეს. ახლა კი, ფსევდო დემოკრატიით ატყუებენ ხალხსაც და მსოფლიოსაც. მოვიდნენ თუ ბიჭები არიან და მკითხონ, რა არის საჭირო, თან მაძახონ, ლოთიაო... ქვეყანა დალაგებული რომ იყოს, რა გამალოთებდა... 
     ყველა პროფესიის ხალხი ხომ კოლეგიალობენ: ჟურნალისტები, ექიმები, პოლიტიკოსებიც კი, ამ ლოთებმა რა დავაშავეთ, რა ღმერთი გვიწყრება, გავერთიანდეთ, ვიკოლეგიალოთ, ეგებ პარტიაც შეგვექმნა. თითო ლოთი ყველა პროფესიის მქონეთ ეყოლებათ, ერთი პროფესორი ძმაკაცი მყავს, მერე რა თუ ლოთია, ვერ პროფესორობს თუ?
_ ბიძია, ხურდა ფული მოგვეცი, – ფიქრი შეაწყვეტინეს მაწანწალა ბავშვებმა. 
_ არა მაქვს, შვილო, _ ჯიბეები ამოიტრიალა, _ რაც მქონდა, სულ დავხარჯე.
ბავშვებმა სხვასთან გადაინაცვლეს, ესეც ჩვენნაირი მაწანწალაო... 
     ხელი ჩაიქნიეს. 
აღარც ძაღლი ჩანდა.
_ ეჰ, ფული როგორ არა მაქვს ხოლმე. მაგრამ ჯიბე მაქვს გახვრეტილი, ჩემნაირ კაცს ფული არ უჩერდება, ქრონიკული უბარაქობა გვჭირს, სულ ქესეტათა ვართ და არც ჯიბის ჭიები გვაკლია. ამ ორი დღის წინ მივედი და ფული მათხოვარს გამოვართი, იმდენი, ერთ ბოთლზე რომ მყოფნიდა, ერთი კი ამომხედა გაკვირვებით, მაგრამ ჯიგარი იყო და მომცა. როცა მაქვს, მეც გავცემ, მექნება და ორჯერ მეტს მივუტან. ამას წინ, სახლში მითხრეს, კაფსულა უნდა ჩაგიყენოთო... კაფსულა მიშველის? მინდა დავლევ, მინდა და არა... 
ხვალისთვის შეპირებულები არიან, ჭყაპა ყოფილა Yყურძნის ჯიში, იმისი ღვინო უნდა ჩამომიტანონ. ეგეთი არ დამილევია, ისე როგორ იქნება, ჭაშნიკები არ გავუსინჯო?
მერე სადმე ჩავუსხდებით ერთად ბახუსის ძმები და ვიჭყაპაჭყუპებთ.
პატარა კოკით, ჩემს თათულიასაც ავუტან, შოთის პურს ვიყიდი, ზედ ყოჩივარდებით ავავსებ. ასე ხელდამშვენებული მივალ.  ის ქალი მიყვარს... ამას მხოლოდ გული კი არ მეუბნება, სულ წითელს მინთებს.
იცით, როგორი ქალია? – ქარვისფერი, ოქროსფერი შამპანიურივით შუშხუნა. ისეთი ცეცხლია,  სამოცდაათი გრადუსი. ჯიგარს და გულს რომ ჩაგწვავს. ჩამწვა და ეგ არის, დამანახშირა. 
აი, ისეთი ქალია, სულ ყლუპ-ყლუპით რომ უნდა შესვა, Nნელ-ნელა, ყლურწვით, ან როცა მაგრად გწყურია, ცივ ღვინოს რომ გადაუშვებ თვალებდახუჭული, შეუსვენებლივ.
ეგ არის ჩემი კაფსულა, ის მთვარეც, ცაზე რომ ანათებს, იზაბელას ყურძნის ჯიშიც და გიჟაცა.
_ სმას თუ თავს დაანებებ, წამოგყვებიო. 
მგონი მატყუებს, მაგრამ ლამაზი ტყუილი ხელახლა გაცოცხლებს და ჯანშიაც ძალებს გმატებს.
როგორ თქვა? _ ან მე, ან სასმელიო?! 
მეც დავპირდები, მოვიყვან, მერე სად წავა. მაგრამ წავა, ისეთია... თან ფიქრშიაც კი შემომიძვრა და თლილი თითითაც დამემუქრა, 
_ ყოველდღე მთვრალთან რა დამაწვენს... გამობრუჟულს მიგაგდებ და სხვას მივუწვებიო... 
ფიქრშიაც რომ ფარღალაობს და ორპირი ნიავივით დანავარდობს. თან ერთი ისეთი დეკოლტე სარაფანა აქვს, კოპლებიანი, _ სულ ელეთები მცვივა. ნეტავ, არსებობს კი საერთოდ? ხვალ მივალ და ვნახავ, ხელითაც შევეხები, ეგებ მელანდება და ლოთური თეთრი ცხელება მჭირს. სხვებსაც უნდა ვკითხო, ნაღდია თუ არა... ან იქნებ ჩემშია, მაშ, ვისთან უნდა დაწვეს? თუ სიზმარი და ჩემი  თეთრი ცხელებაა, სად წავა?! მასე, იქნებ მეც სიზმარში ვარ, ეს ცხოვრებაც  სიზმარია ეგება და მთელი მისი დავიდარაბა და დოზანაც.
თუ არა სასმელით, სხვანაირად როგორ უნდა გავცდე ამ მაწაუკ ცხოვრებას, ან ის ძაღლი ჩემი ორეული ხომ არ იყო, თან რომ მომდევდა?.. სად დაიკარგა?.. 
მიიხედ-მოიხედა, ერთიც, ჰოყ... დაასლოკინა და ისევ ფიქრი განაგრძო:
 _ ორეულიც დავკარგე, ძაღლური ცხოვრებაც მეეკლერება, ისე ძაღლი არც სვამს და ვერც თვრება, აი, მე კი ვსვამ... ვაფრენ კიდევაც, ხელები თვითმფრინავივით გაშალა, ერთ ადგილზე დატრიალდა, დაბარბაცდა და ახლოს მდგარ ხეს მიენარცხა.
_ არა, შე ჩემა, თვითმფრინავობა არ შეგძლებია, _ საკუთარ თავს შეუკურთხა და ხესთან ჩახუტებული ნელ-ნელა წამოდგა. ერთიც, _ ხეს უთხრა, ხელი უნდა ჩამოგართვაო, და მერე ის ხელიც ჩაიქნია, ჰოყ... ისევ ამოასლოკინა და ქვემოთ ჩაბნელებული სკვერისაკენ დაუყვა...
დაღმართზე ინერციით ფეხს აუჩქარა, _ ეგ რა, ბორბლები ხომ არ მასხიაო, გაუკვირდა და ხელმარცხნივ გადაუხვია. იქვე ბუჩქთან რაღაც გაფაჩუნდა, _ ყურპარტყუნა კურდღელოო? მანდ შენა ხარ? თუ იცი, მე რომ მონადირე ვარ, თანაც სს... სნაიპერი! ახლავე გაგაგორებ... მაგრამ კურდღელი არსად ჩანდა. იქნებ ბურვაკია? ჰო, ბურვაკია, ამ ქალაქში ეგენი ლეგიონებად დადიან.
გაღმიდან მანქანის სიგნალი მოესმა.
_ დამაცათ, რა, გადავაფსა.
მანქანამ ხელმეორედ დაასიგნალა.
_ რაო? შენც ერთ მეტრზე არ გადააფსაო?! დაიცა, ხორთუმი ამოვიღო!
შარვალი ძლივს შეისხნა და რატომღაც კილოკაურად ჩაიღიღინა:
_ ამაიღო დიპლიპიტომ, რა ამაიღოო! ამაიღო, ამაიღო, ხმა ამაიღოო... გაუკვირდათ კნეინებსა, ეს რაი ჰქონიაო, ეს რა დიდი, ეს რა კარგი, რა ხმაი ჰქონიაო.
ცოტაც ფეხსაცმელებზე გადაეწუწა და ისიც წვიმას დააბრალა, ზეცას ახედა და შეუძახა:
_ რას შვები, მორჩი, თავზე რამდენი უნდა გადაგვაფსაო? მაგრამ წვიმდა კი?
შემდეგ შეეცადა ნაბიჯები გაესწორებინა, თვლაც დაიწყო, ფეხი რომ არ შეშლოდა... უცებ, იქვე სკვერში მდგარი სკამი დაინახა, მიუახლოვდა, ჩამოჯდა და საზურგეს მიეყრდნო. მთავარი კი ისაა, როცა ვთვრები, მწერალიც ვარ, ფილოსოფოსიც, თავი მეცნიერიც მგონია, კაცი ვარსკვლავებს ვეთამაშები... 
ახლა ერთი ჭიქა არაყი რომ მომცა... ისეთ სადღეგრძელოს ვიტყოდი, ისეთ აზრებს ჩამოვაგუგუნებდი, პლატონსაც გაუკვირდებოდა. განა მან არ დაწერა `ნადიმი~? ეტყობა მაგასაც მაგრად ევასებოდა ყლურწვა. 
თუნდაც მაშინ, რა სუფთა ღვინო ექნებოდათ? მე შენ გეტყვი და შაქრიანი? თაფლში ნაზავ ღვინოს სვამდენ. თვით დიონისეც ღვინის ღვთაება არ იყო?
ლოთი კი არა, დიონისეს ქურუმი ვარ მე!
აბა, ნიკალა ნახეთ, ისევ ეს ღვთიური სასმელი რომ არა, მის გარეშე ხომ ვერაფერს დახატავდა? ხატავდა გასამრჯელოდ – ჭიქა რომ აეწია, პურ-მარილი დაელოცა, თან სულ სუფრის ლაზათს არ აფერადებდა? ტურფაც ხომ ჰყავდა,  მარგარიტა მგონი... 
ერთი ქალი ხომ არ გვიყვარს, ნიკალ, მე და შენ? ჰა? – მთვარეც ხომ ისეთივე აქვს დახატული, როგორიც ახლა ჩემს ზემოთაა, თანაც ისეთი, ჩაკბეჩა რომ მოგინდება, ან მგლები რომ შეჰყმუიან, ხოდა მეც მგელივით ვყმუი. . . უ. . .უ. . .უ. . 
ანდა გალაქტიონი, მთელი გალაქტიკების მფლობელი, უკიდეგანო სივრცეში რომ გადაეშვა საავადმყოფოს ფანჯრიდან, ფეხით რაფასაც რომ არ დაჰყრდნობია ისე, მკლავები გაშალა და გაფრინდა. ისიც ჩემსავით დიონისეს ქურუმი იყო, თუ თავად იყო დიონისე? მაგრამ სად მე და სად ის, პოეზიის მეფე!
_ ბიძიკო, ნიჭი უნდა ყველაფერს, ნიჭი, ახლა ამას მე ვამბობ, გალაქტიონი კი არა.
_ ისე, გაფრენასაც ნიჭი სდომებია, ეს ნაღდია... მიდი და ეგრე ჰარიჰარალოდ გაფრინდი... ფრიი... _ ისევ გაშალა მკლავები და მერე ისე უცებ დაუშვა, მართლაც და რომ არ აფრენილიყო. _ ან ტერენტი? ცისთვალა ანგელოზი. არც ზეცა უნდოდა, არც მიწა, რაღაც მესამეო.. ფხიზელი, იმ მესამე `ნაღმს~ კი  მოისურვებდა? სიფხიზლეშია უფრო აღარაფერი რომ არ გყოფნის. რა ყოჩაღია ეს დედამიწა, ვამძიმებთ, ვამძიმებთ და ვერ დავამძიმეთ, მაინც ტრიალებს, _ ბრუნოსი არ იყოს, ჯორდანოსი... ჰოდა, იბრუნოს რამდენიც უნდა თავის ჭკუაზე. 
ფხიზლები მიწის ჭიაღუებივითა ვართ, ჭიანჭველებივით, ყოველდღიური საზრუნავით დატვირთულნი... მეც ეგრე არა ვარ? არც ზევით, აღარც აქ.. არც მესამე უტოლობა მსურს და აღარც არაფერი... ან აქ რა მინდა... ჭუჭყია, ჭუჭყი! ჰოდა, მირჩევენ ამ ჭუჭყში შენც ღორივით ამოიგანგლეო... ხანდახან ღორებიც ღრუტუნებენო თავისსავე მწყემსზე, _ შეხედეთ ამ მეღორესო. 
პატივცემულო ღორებო და მეღორეებო, მაღლა ასწიეთ დინგები და ზემოთ აიხედეთ! ლაფს სივრცე არა სჯობს? – მაგრამ ეს ფრთები, ფრთებია საქმე! მე რომ ფრთები არ მაქვს, იმიტომ ვსვამ. ფრთები რომ მქონოდა, ეგებ მყოფნოდა საფრენი განზომილება. თავისუფლება მწყურია, სასმელი კი არა. 
მაგრამ, არც ისეთი მახინჯი თავისუფლება, გიჟებს რომ გააჩნიათ. არა, ჯიგრებო... აქ ყველანი, გიჟებიცა და ჭკუისკოლოფებიც ჩვენი ხვედრის მონები ვართ. აბა, ჭკუათმყოფელი როგორ იქნები, როცა შენი ქმედების ტყვეობაში იმყოფები და ცოდვების მონა ხარ! თავი კი თავისუფლად მიგაჩნია.
მხოლოდ, ეგ მე როდი მეხება, არა, არა, ინტელიგენტი ვარ, პიჟონი კი არა, მერე რა თუ ხანდახან ფული არა მაქვს, კაცი არ მქვია თუ?! ეგ ფული ვინღამ მოიგონა, მაგრამ კაი კია, სასმელიც რომ ფული ღირს ტო... აბა, წყალი რამდენიც გინდა დალიე, გინდა ოყნაში ჩაასხი, ეგეც ბროწეულის წვენი იყოს რა, მიცვალებულს რომ აცოცხლებდეს. მაგრამ, უკვდავების წყალიო, ხომ გაგიგიათ?! ხოდა, უკვდავების წყალს ვსვამ ყოველდღე, თავისუფალი ვარ, აბა რა, ეი, იუზგარ! _ საკუთარ თავს შესძახა, _ მე კი არა, ეს ქალაქი გაგიჟდა, გალაყდა და დიდი ვაგონი საგიჟეთია, ერთი მე ვარ ჭკვიანი და ისიც ლოთიაო... რას იზამ, ეგონოთ, მაძახონ, მათებურად მაინც არ ვაფაღარათებ იდეებით. ტკივილის გამო ვსვამ, გაუცხოობის და გათითოკაცების გამო... ხეიბარი ვარ, ჩემს სულს ყავარჯნები სჭირდება და ვინმემ შემომეშველეთ... სითბო დამაკლდა... თუმცა ამ თავში ხანდახან მაზალო აზრები მომდის, საქანელასავით ხან აიწონებიან ზევით, ხანაც დაიწონებიან, აი, ტვინის ფოკუსი ვერ გავასწორე, ესაა და ეს! ხალხს რას ვერჩი... ამ სასაქმებლებს იმათზე ვამბობ, ქვეყნის სხვენში რომ მოყუჟულან ყრანტალა ყვავებივით, იმედის კაკალსაც რომ აღარ იმეტებენ ხალხისთვის... და გაგვწირეს...
აბა ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგოო!? _ ხოო, ყვავი სამას წელს ცოცხლობსო, არა? დიდი ამბავი... მაგრამ ჩვენ უფრო მაგარი ყვავები გვყავს, ფარშავანგისკუდიანები. ხან გაშლიან ამ კუდებს, ხანაც დახურავენ, ცირკია ცხოვრება, ცირკიც, კიბეც და ჟანგიანი კარუსელიც.
იცით როგორ არის სიტუაცია!? როგორც დოსტოევსკის რომანში, ნამდვილი ლოთი როა, შვილი რო გაუბოზდება და კმაყოფილი რომაა საწყალი, ორ კაპიკს შოულობს ჩემი ქალიშვილიო, თავის თავსაც ინახავს და მეც ერთ-ორ გროშს გადმომიგდებს დასალევადო.
ერთი მითხარით, ტრაკის მიცემა როგორ დავიწყო, არადა აქ სხვაგვარად საქმე წინ ვერ მიდის, ხვალ ვაზელინიც უნდა ვიყიდო... ეგებ წაღმა ამეწყოს ცხოვრება, მგონი აღარც ეგ იშოვნება და აღარ ყოფილა ჩემი საშველი... ერთი ეგ ბანძი ცხოვრება გამაჟინვინა! რაო? თავად მე ვიჟიმები?Q დაიცათ, ისევ გაჩვენოთ სპილო?
ფეხზე წამოდგა, შარვლის ჯიბეები ამოიტრიალა, ყურებივით დააყენა, მერე შარვლის შეხსნაც დააპირა და უცებ გადაიფიქრა, _ ვიღაცას ხურუშიანი არ ვეგონოო.
ჰოო, რომელ სადღეგრძელოზე გავჩერდით?
ბოლოს, პატიმრების სადღეგრძელოსაც შევსვამდი, მათი თანადგომის, ციხის სარკმლიდან სივრცეს რომ უჭვრეტენ, რამდენი ვარსკვლავი უნდა დაინახონ მუჭისოდენა ჭრილიდან? მაინც ინავარდეთ თავისუფალი სივრცისკენ ძმებო... არავინ არა ვართ არავისზე უკეთესები. ყველა ერთი ნეხვიდანა ვართ ნათითხნი... ყველანი ერთ მუგუზალზე ვიხრუკებით,  სანამ სიკვდილი არ გადაგვსანსლავს.
მაგრამ, ამ ნეხვში, აღმაფრენა, ძალისხმევა და თავისუფლების წყურვილი რომ ჩადო ხელმადლიანმა, ესაა საქმე... მართლა ღმერთი უნდა ყოფილიყო, თიხა რომ აემღერებინა, თიხის ნეკნიდან მშვენიერება მოეცა...
ის მძიმე ცოდვა, მე თუ ამცდა, სხვამ ხომ იტვირთა... საკანშიაც გამოკეტა. მაგრამ, არ მახსოვს ვინ თქვა,    - კაცობრიობა ერთი ადამიანია, ერთი ადამიანი კი მთელი კაცობრიობაო. 
ჭეშმარიტების ღალატი ძვირად გვიჯდება, რადგან არსებობს ადამიანის კერძო, საკუთარი აზრი... ჯიუტი, თავკერძა თხა...  თუმცა, ხომ არსებობს უმაღლესი სამართლიანობაც..  ყოველივეს რომ ასწორებს. ჰოდა,  უნდა გავასწოროთ ჩვენი მრუდე ბილიკები, იმ ნათლისმცემლის სიტყვების არ იყოს, უდაბნოში რომ ღაღადებდა. სიძულვილის ჭირსაც ოდესმე ხომ მოვიხდით. მხოლოდ ისეთი თავისუფლებიდან, _ რომელსაც ჭეშმარიტება უყვარს, შევძლოთ უნდა შევიყვაროთ ღმერთი ისე, როგორც ეს თავად სურს ღმერთს!  მისგან კი მიტოვებული არავინაა. 
_ დაიცათ, მეც ხელებით დამიწყია ლაპარაკი, თანაც ხმამაღლა, მგონი ჩემს თავს ვესაუბრები თუ ვეკამათები...
ფაიზაღი სამკურნალო ვხდები... გული რაღამ ამიჩუყა, სასმელმა? პირიქით, რომ არ მეყო და დამაკლდა?! ჩემივე თავი მეუბნება უკვე... ამ ლოთობას არ სჯობს, ურჩხულის მძლეველივით რაიმე გმირობა ჩაიდინოო? მაგრამ ურჩხულს ბოლოში ვერ დაამარცხებ, თუ თავიდანვე არა ხარ მძლეთამძლე... ანგარებით, შუღლით, სიძულვილით, ამ რეტიანი თავით, ურჩხული არ მარცხდება! თუმცა, მაინც სჯობს ვინმეს მშველელი და შემწე გავხდე... რაღაც ამაღლებული მოვიმოქმედო...  ან მიტოვებული საყდრის განახლებაზე ვიზრუნო... ვიმარიფათო, ქვაზე ან თუნდაც სიზიფეს ლოდზე დავდო სიკეთე და უკან არ მივიხედო...
ეგრე სჯობს!
_ ოჰო, მოლანდებებიც მეწვივნენ? ხმაც მესმის... ჩუ, ირგვლივ არც ლანდია, არც ვინმე ხორციელი... ვინ მესაუბრება?
_ ერთი მეზღაპრე, მწერალი, კალმითმჯღაბნელი.
_ სადა ხარ?
_ შენში!
_ მერე და რა გინდა ჩემში?!
_ შენი თვალთახედვიდან უნდა დამენახა სამყარო.
_ მერე რა დაინახე,  ჩემი სამყარო ილუზიაა, მირაჟი.
_ არც მთლად ეგრეა საქმე.
_ როგორ შეძელი ჩემში შემოსვლა, რა ძალით მოახერხე?
_ თანაგრძნობით!
_ ...
_ ნუღარ სვამ მაგდენს!
_ შენც იგივეს მეუბნები? ხომ, ხედავ, სიმთვრალეშიაც ვფხიზლობ. მცირე ხანში წახვალ, და მე ისევ დავრჩები ჩემს თავთან მარტო, დედიშობილა... შეგიძლია ჩემს პატიმარ ძმაშიც შეხვიდე და იმისი თვალებიდანაც დაინახო სამყარო? 
_ შემიძლია. 
_ მერე და რაა საშველი. შენც ადგები და შენს წიგნში ჩაგვწერ. შიგ ჯინივით გამოგვამწყვდევ. ეგრე იმდენს უწერიათ რომ...    
     _ თანაგრძნობაა საშველიცა და ნუგეშიც. 
_ მერე რა, მითანაგრძნობ, გაიხურავ გულის კარს და წახვალ. უფრო მძიმე იქნება საკუთარ თავთან დარჩენა... არ დამტოვო...  გთხოვ, არ მიმატოვო. ვეცემი და ხელი შემაშველე.
_ ამისთვის მოვედი.
_ გზასაც მაჩვენებ?
_ გზას თავად დაადგები...  თანაგრძნობა ყველას სჭირდება. ბევრს, იმდენს, რომ მეც ვერ გავწვდები. რეალობასა და სიმართლეს გაუსწორე მზერა, როგორი მწარე და მტანჯველი არ უნდა იყოს.  იგი თავად მიგიყვანს გზამდე, ეხლა კი გამოვიდეთ ამ შენი ქვევრიდან. . წამო წავიდეთ... 
_ სად?
_ გზაზე დავდგეთ...
უკვე მამადავითს ვუახლოვდებით.
     აქვე ჩამოვსხდეთ, ქალაქს გადავხედოთ მთაწმინდიდან. თენდება. ხედავ? ქალაქიც იღვიძებს და ნელ-ნელა ამოდის სიბნელიდან, როგორც ზღვიდან წყალქვეშა უზარმაზარი ნავი. მზე ჯერ არა ჩანს, მაგრამ ყოველთვის გვახსოვს, რომ მუდამ  ჩვენთანაა, ღრუბლებმაც რომ დაფარონ, მაინც იარსებებს ჩვენს ზევით, სიცოცხლის ძალით დაგვაპურებს და დაგვამზნებს. დედამიწის ყველანაირი საკვები გვაზიანებს, ცხოვრება სიკვდილს იწვევს, ფუჭი აზრები გვასნეულებს, ჩვენი ხსნა იმ რეალურ აღქმებშია, ცნობიერებას რომ აჯანსაღებენ. სიცოცხლის აწმყო როგორ უნდა გაცვალო ილუზიაზე, წარსულის დაფერფლილ დიდებაზე ან მომავლის ბროლის კოშკებზე? 
_ არა, მაგრამ, მალე ისევ ქალაქში უნდა განვიფრქვეთ, სხვადასხვა ადამიანურ და ყოფით ურთიერთობებში. 
_ ისე განვიფრქვეთ, ჩვენი თავი აღარ დავკარგოთ... ბრბოს ნაწილებად არ ვიქცეთ...
_ ჰო, თერთმეტ საათზე ჩემი ძმაკაცი მოვა, გაბრო. სოფლიდან ღვინოს ჩამომიტანს მოშუშხუნეს. შემდეგ ავიღებ კოკას, შოთის პურს ყოჩივარდებით ავავსებ და თათულის გაზაფხულს მივულოცავ. უჩუმრად ხელსაც შევავლებ, უნდა დავრწმუნდე,  სიზმარი ხომ არაა? მერე კი ვნახავ, ბილიკიც გამოჩნდება. თვალებს მოვიფშვნეტ და ამ გაუსაძლის კუნაპეტში, სიყვარულის მადლით, ვიფხიზლებ!


Mმარადისობის მარცვლები-  იდეალები



ქრისტედან!
ქრისტეში!
 ქრისტემდე!


                ნათელი ნათლიდან ასხივებს.

^^	*
ნათელს მხოლოდ ვერ დაინახავ,  ის უნდა შეეხოს სულის ნაპერწკალს.	

                      *
Aადამიანის სული მხოლოდ სინათლეში განიბანება..

	*
სამყარო რომ აღმოაჩინო, ის უნდა შექმნა.

                       *
სიტყვა  სინათლეს ვერ გააცხადებს, ის თავად უნდა იქცეს სინათლედ.

                       *
სინათლე ერთდროულად მოიცავს ნუგეშს, მადლსა და სიყვარულს.
O
                       *
სინათლის “ეპი” მდგომარეობა აზრია,  აზრის ნებელობა კი სიტყვა და პირიქით.... 

                        *
ნებისმიერ ფერში  სხივური “დედა საფუარი” სუფევს. 
                  
                        *
Nნებისმიერი დრო სინათლის ენერგია და სიჩქარეა. სინათლე თავისთავად მარადიულია. Fფიზიკური თვალი აღიქვამს იმას, რაზედაც სხივი ეცემა და არა 
თავად სინათლის წყაროს…. სინათლიდან ყოველივე გამოსხივდება და “შთაინთქმება”კიდეც. 
                         
                        *

თავისუფლება კრებითობითში ვერ თავსდება,ის ყოველთვის ინდივიდუალურია. 

                         *
დრო მარადიულობისა და ღმერთის ერთ ერთი პარტიტურაა. 

                          *
Mმარადიულობა არის თავისუფლება და ნება ღმერთისა. .თავისუფლებაა მარადიული.
                           *

ერთუჯრედიანებიც კი იმისთვის გაჩდნენ და არსებობენ, რათა სამყაროსეულ სრულყოფილებას მიაღწიონ. 

                            *
Bბრმა ვერ ხედავს მზეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს,  რომ მზე არ არსებობს. 
                            *

სინათლისა და აზრის სამოსელი სიტყვაა. 

                             *
ჭეშმარიტი სიტყვა არის ის, რომელიც მარადისობაში არ ხუნდება. 

                             *
თავისუფლება დროზე უმაღლესია.  

                             *
მარადიულობაში დროც თითქოს რიტმულად სუნთქავს, ამოისუნთქავს და ჩაისუნთქავს სახიერებებს. 
                              *     

მატერიაში ჭვრეტა  მიკროსკოპითაც შესაძლებელია, მაგრამ სულიერში რომ ჭვრეტდე,-- სხივია პირობა!!! 
                              *

Aაზრს მიკროსკოპის ქვეშ ვერ გავატარ-გამოვატარებთ, ამისათვის მიკროსკოპიც უნდა აზროვნებდეს და სულიერიც უნდა იყვეს. 

                              *
Aარანაირი მიჯნა არ არსებობს , თუკი სულიერი ფრთები გვაქვს.  

                              *
Aადამიანი თანაგრძნობაში ფხიზლდება. 

                              *
სინათლეს უნარი გააჩნია, თუ მას ჭეშმარიტი, ნათელი თვალით დაინახავ,-- 
სინათლედ გაქცევს.  
                              *

Fფერიცვალებების, გარდასხეულების გარეშე , ყოველივე დასაზღვრულია. 

                               *
Aადამიანის სული  მარადისობითაა დასხივებული. 

                               *
ჩვენი სამშობლო  სინათლეშია. 

                              *
თავისუფლების მიღწევის საიდუმლო ქმნადობაშია. 

                              *
მიედინება დრო.... და,  მოედინება ჭეშმარიტება. 

                              *

მთელი სამყარო ადამიანის შინაარსია. 

                              *
Yყველა მარცვალში ნაყოფის იდეაა და ნაყოფში კი მარცვლის პოტენცია სუფევს. 
                              *


Mმარადისობის საიდუმლო ევოლუციურ ფერიცვალებებსა და მეტამორფოზებშია. 

                              *
Pპატარა ჭურჭელი მზეს ვერ დაიტევს. 

                              *
Mმატერია მატერიას ჭამს.! 

                              *
შემეცნება თავისუფლების გარანტიაა. 

                              *
 მთელი სამოთხე დგას კაცობრიობაზე.
                              *

არსებობაში ყოველივე თანამონაწილეა. 
                               *

იმდენად უნდა გვიყვარდეს სინათლე, სიცოცხლე, სამყარო, რომ აღვემატოთ საკუთარ თავს.

                                *
სრულყოფილების პირობაა , ყველა არსებულმა თავისით, დამოუკიდებლად და საკუთარი ნების შეუზრუდავად მიაღწიოს სრულყოფილებას. 

                                *
ვინც  გარდასხეულებებს უარყოფს , უარყოფს ფერიცვალებას, აღდგომას და ისეთივე დასაზღვრულია როგორც მატერია.

                                 *
Aადამიანის სული სამყაროზე უმეტესია. 

                                 *
რწმენა არ გვქონდეს, ეს ნიშნავს ნაპერწკალი არ გაგვაჩნდეს. 

                              *
Qქვეცნობიერი-ზეცნობიერია. 


თავისუფლება მორალში ხორციელდება. 

                              *
Mმამა- წარსულია,  ძე -აწმყო,  ადამიანი- მომავალი....

                              *
Mმეტაფიზიკა შესაძლოა იყოს გარეთ, მაგრამ ამავე დროს სამყაროსეული 
სულიერება ჩვენშიცაა, რადგან მხოლოდ თიხა რომ ვყოფილიყავით ვერ ვიაზროვნებდით. 

                              *
Aადამიანი,  პიროვნება,  ინდივიდი,  ღმერთი, სახელი,  “მე”,  არის “შიგნით,” 
-	- გარეთ ყოველივე მინიშნებაა. 
-	
                              *
განვითარების პრინციპი გარდასხეულებებშია. 
                              *

Gგამარჯვება მორალში მიიღწევა და არა ბრძოლაში. 

                              *
Aადამიანს სულიერში ჯერ  ღრმად სძინავს,  მატერიაში კი Hჰგონია რომ ღვიძავს. 
                              *

Yყველაზე შორეული  პირველწყაროა. 

                              *
Mმამის მეტამორფოზა ძეა. 

                              *
Mმხოლოდ სულიერ მეობას ძალუძს ნათელყოფა. 

                              *
რაც უფრო მძიმეა სასწორზე ტვირთი, მეორე მხარე უფრო მაღლაა და მსუბუქია. 
                              *

Eეს აზრს  სურს   რომ  უკვდავებას   მიაღწიოს, თორემ  გულს???-
თავისი პერსონა სულ ახალგაზრდა და უკვდავი ჰგონია.

                              *
ვეთანხმები მატერიალისტებს,-- სიზმრიდან სიზმარში გადასვლა იოლია, -
გამოღვიძებაა რთული!!!  

                              *
Mმატერია ღმერთის ისეთი შემოქმედებაა, რომელიც სულიერი ანარეკლიდან წარმოიშვა, ანარეკლი კი სრულყოფას მანამ ვერ მიაღწევს ,სანამ თავის სახეს  არ გაუსწორებს  თავად იმ სულიერებასა DAდაA რეალობას, საიდანაც ის არეკლილ იქნა. 

                              *
აზროვნებაში მორწმუნედ ყოფნა იოლია,---მორალშია რთული!!! 

                              *
ციფრი სამის შემდეგ  ვიბრაციებია, რომელიც თავისივე საწყისიდან  სამყაროს, სფეროებს,  განზომილებებს ავლენს და  ფაზების მეტამორფოზებით ამარადიულებს. 
                              *

ერთი არის სახელი, სხვა ყოველივე ამ ერთიდან და სახელიდან სახელდებულები.

                              *
Mმარადიულობასაც მრავალსახეობები გააჩნია .  


                              *                                                               .მათემატიკა აქსიომაზე მაღლა დგას.	  

                              *

ერთი მოიცავს მრავალს, ერთი გარდაისახება ორში., სამში და მრავალში. .ერთი 
ყოველთვის არსებობს სხვა ნებისმიერ რიცხვში გარდასხეულებული სახით. 

                               *
სიცოცხლის ამოცანაც მათემატიკურად იხსნება.   
                               *

ციფრი ერთი  დაფარულია კრებითობითში,, მრავლობითში, მაგრამ ინდივიდუალურია,-მისი გამოკლება და მიმატება ყოველთვის შესაძლებელია. 

                               *
შესაძლოა არსებობდეს ყველანაირი ბარიერი, კედელი,  ზღვარი, მაგრამ არ არსებობს ზღვარი  რაიმეს გადალახვის შემდეგ.  


                               *
ციფრი სამი და მრავალი არის ერთი.. ევოლუციაში ძე ამბობს:- მე მამაში ვარ, სამება ერთიაო. სულიწმინდაც მამაა პოტენციურად. Qქრისტეც პოტენციური მამა., შემდეგ ადამიანიც...  არსობრივად ყოველივე ერთია. 
  
                                *
ერთადერთი რასაც ციფრები ვერ ეხება და მათემატიკაც სდუმს,- ეს სიყვარულია, სიყვარულმა არ იცის მეტ-ნაკლებობა, ის თანაბარია, აბსოლუტური ტოლობა. 
                                *
თუ გვსურს, ახალი სამოთხის მებაღეს ჩვენს გულში ვიპოვნით. 

                               *
თუ აწმყოს ვერ გავითავისებთ,  აღდგომას ვერ შევძლებთ. 


                               *
ძველი სამითხიდან ახალ სამოთხემდე ჯერ ჯოჯოხეთია გასავლელი… 


ვინც მარადისობისკენ იხედება, ის ნათელს  ჭვრეტს.   

                               *

 
 
ღმერთი რომ შევიცნოთ უნდა განვვითარდეთ, რადგან.., მხოლოდ ტოლი სცნობს ტოლს!!!!  

                               *
ერთის და მრავლის პრობლემა ერთდროულად იხსნება, სხვა ნებისმიერი ცალმხრივობა წონასწორობას არღვევს. 
                               *


მათემატიკა პლიუს ხელოვნება, უდრის რაღაც  ამოუხსნელ,  სხვა განზომილებას...!!! 
                               *

შემოქმედება უსიყვარულოდ უნაყოფოა. 

                                *
Uუსიყვარულოდ აზრი ვერ გაცოცხლდება.…… 

                                *
ფარდობითობას მეცნიერებამ რომ გადააბიჯოს, მხოლოდ ერთი რამაა საჭირო:--
ძალისხმევა!!!!

                                *
ციფრები, რიცხვები, გაანგარიშებანი.. ისინი თავიათ მოცემულობებსა და მოცულობაში  აბსოლუტურად თავისუფლები არიან. 

                               *
Mმაკროკოსმოსს პლიუს მიკროკოსმოსი,- ეს მათემატიკოსების ამოცანაცაა,სადაც უნდა დაიცვან აქსიომაც და თავისუფლების პრინციპიც. 
                               *

Mმატერია ჰგავს ურჩხულს-,  ადამიანი ზურგზე რომ აზის და ნელ ნელა ათვინიერებს. 

                               *
მთელი გალაქტიკებიც კი ერთი მთლიანი სხეულია.



                               *
Gგალაქტიკები ჩვენით მეტყველებს და თავისი თავიც კი შეუძლია აღმოაჩინოს ჩვენით.
                               *

Yყოველივეს, რაც სამყაროში გამოვლენილია თავისი ფორმაციები გააჩნია.

                               *
ჭეშმარიტებას სხვისი თვალით ვერ დავინახავთ. Iვერც  სხივსა და სინათლეს.  I ჭეშმარიტება  ყველამ თავად უნდა აღვიქვათ,. Iისევე  როგორც , ჩვენ ყველანი, მთელი კაცობრიობა ვხედავთ მზეს….

                               *
წარმავალია და იცვლებიან მოვლენები და არა ჭეშმარიტება და სინამდვილე.
                               *

Aარსებობს არა მხოლოდ სულიერი.  არამედ ზესულიერი ფორმებიც. 


                               *
Mმატერიის მიღმა სფეროებია.
                               *

სული ენერგიის მაქსიმუმის გარდასახვაა.

                               *
სივრცისა და დროის მიღმა არსებობს სუფევა.

                               *
თუ ადამიანი ღმერთის თესლია, მისი ნაყოფი რაღა იქნება???-ისევ ღმერთი!  
რათა აღსრულდეს “ თქვენ   ღმერთები  ხართ”.! 

                               *
Aადამიანი თავად ქმნადობის პროცეშია ჩართული. მის გარეშე არაფერი არ ხდება.სამყაროც კი არ შექმნილა ადამიანის გარეშე.  

                               *

ღმერთის ხელწერა ვარსკვლავებშია,  - არსი-კი, ადამიანში. 
                               *

როცა მორალი იღვიძებს, პოეზია ცოცხლდება. 

                               *
Qქარის აწონვა ისეთივე საქმიანობაა, როგორც წყლის ნაყვა.  


                               *
Yყველაზე მაღალი ციფრია ნული. Mმხოლოდ ნულით მიიღწევა უსასრულო სიმაღლეები და სიმრავლეები. 

                              *
Eევოლუცია ჰგავს ისეთ მარათონს, შიგ კოჭლი აზრებიც რომ მონაწილეობენ . 

                              *
ცნობიერ სამშვინველში სულის თესლი გაღვივებულია. ის უნდა გამოფხიზლდეს და ამოიწვეროს  ფშვინვიერი ნიადაგიდან. 
                              *

სული უკვდავებასა და მარადიულობაზე მეტია. 

                              *
სინდისის სისუფთავე  თვითშემეცნებასა და თვითშეგნებაშია. 
                              *

შემეცნებაში წაშლილი, ჭეშმარიტებიდანაც ამოშლილია. 

                              *
ჭეშმარიტი    ხელოვნება ღვთაებრიობის გამომსახველია და არა ნატურალიზმის. Nნებისმიერი ხელოვნება ქმნადობისმიერია, მისი ცეცხლის ანაპერწკლების უნარი.  

                              *
სიტყვას ერთდროულად გააჩნია სკალარიც და ვექტორიც, ეს  კი სამყაროა უკვე, თანაც ერთი მთლიანი.  

                              *
Bბოროტებას შემოქმედებითი უნარი არ გააჩნია. Mმისი კულმინაცია – სიკვდილია.  

                              *
ბოროტების სახადი ისეთივე მტკივნეულია, როგორც სიკვდილი აღდგომამდე.

                              *
Mმაქსიმუმი მინიმუმის პირობაა.

                              *
Bბოროტება უღმერთობაა.

                              *
Mმხოლოდ ჭეშმარიტება ანთავისუფლებს. ცნობიერება და შემეცნება..რასაც ვიმეცნებთ მას ვფლობთ და  ვართ  ის..
                              *

“მონა არ არის ბატონზე მეტი”, ისევე როგორც არც სხეული და სამშვინველი არაა მეობაზე მეტი. 

                              *
Aადამიანს თავისი ქმედებები განსჯის განგებაში და არა ღმერთი. 

                              *
Nნებისმიერი ცნობიერება”-მე”-ს სახით ხორციელდება..

                               *
 Gგონება სამართლიანია.სამართლიანობა უფრო მეტია ვიდრე აზრი.  გაცილებით  მეტი კი  მოწყალებაა. სწორი აზრიც კი ბარდება წარსულს.. წყალობა მარადიულია. Aაზრი დროში მონაწილეობს,  წყალობა მარადიულში. განგება სამართლიანობიდან მოქმედებს,  ღმერთი მოწყალებიდან.. 

                                *
ადამიანში ჩახატულია მამა, რამდენადაც ის ღვთის ხატია.

                                 *
არსებობაში ყოველივე თანამონაწილეა.

                                 *
 Aარსებობა ჰგავს სპექტაკლს, სადაც გამუდმებით სხვადასხვა სახეები მონაწილეობენ.

                                 *
თავისუფლების გარეშე ჰარმონია ვერ მიიღწევა. 

                                 *
Aადამიანის ერთადერთი დილემაა,-  აქედან რა ააქვს და იქიდან რა ჩამოაქვს.

                                 *
Mმატერია უდაბნოს ჰგავს, რომელიც ადამიანებმა წალკოტად უნდა ვაქციოთ.

                                 *
თუ ადამიანი თავისი არსით დასაზღვრულია ,მაშინ მამაც დასაზღვრული ყოფილა, ძეც, სამყაროც,…... ეს   კი აბსურდია.  

                                 *
 MMმატერიალისტური სული, მატერიასვეა მიჯაჭვული                    
 
                                 *
.მარადიულობა თოკავს დროს.

                                 *
ზეცაც რომ გახსნა., გასაღები უნდა მიუსადაგო. 

                                 *
შემეცნებიდან ტაძარივით  აღვშენდებით. 


                                 *
ისე უნდა განვვითარდეთ რომ მატერიას გავცდეთ.                              

                                 *

 სამყაროსათვის ჩვენ ვართ მეტყველი აზრები და სულიერი შემოქმედების 
იდეალები.

                                 *
Aაზრმა მატერია უნდა შთანთქას და სიცოცხლე ამოთქვას. რომ მარადიულ სიცოცხლეს თავის არსში დაატარებდეს....რათა აზრითვე ახალი სიცოცხლეები განაცხადოს სიტყვიერი სამოსელით. 
                                 *          

ჩვენ უნდა ვიყოთ აზროვნების სინათლით სიბნელისმკვნეთელნი. 

                                 *
Aაზრი მატერიისათვის ისეთი სხივია,  თავად სულიერებიდან რომ ამომდინარეობს და წამის უსწრაფესად ყოველივეს წინ უსწრებს. 

                                 *
Aადამიანობის გასაღები  თანაგრძნობაშია.	 

                                 *              
 Aაზრს  სიჩქარე არ გააჩნია, წარმოშობისთანავე თავად სამყაროა უკვე,.

                                 *
Qქმნადობის გვირგვინია ის, ვინც მიატოვა ღმერთი,  შეინივთა ბოროტება,
Gგაიგო რა არის მეობა, და სულ მუდამ თავისუფლებისკენ და აღდგომისათვის ისწრაფვის, სიცოცხლისა და სინათლისათვის..

                                 *
როდესაც სინათლე მარადიულია, აღარ უნდა ვუარყოთ  მარადიულობა…

                                 *
ზეცის მოქალაქეობისთვის  პასპორტი სულაც არაა საჭირო.
	 
                                 *
Aადამიანი არის ღვთაებრივი მარცვალი. 

                                  *
 გაბრწყინდი, გამოანათე, ესაა შენი დანიშნულება ადამიანო.!!!


                                  *

მარადიულობაში ყოველივე არსებულია რაც გამოვლინდა.



Nადამიანი ,მთელი გალაქტიკების სახეა, რადგან ღვთის ხატსახეა, ადამიანი არის მატერიალურში გამოვლენილი ღმერთი-ცნობიერების იმპულსით, რომელიც გამუდმებით ვითარდება ღმერთამდე! რაც ინდივიდუალურად თავად ადამიანმა უნდა მიღწიოს, ზე სულიერი იმპულსები განავითაროს.



	
                              *
მარადისობა არის ყველაზე უძლური რამ, რადგან მას არ შეუძლია სიცოცხლე და ყველაზე ძლიერი, რადგან მან არ იცის რა არის სიკვდილი.

                              *                           

გზა შემეცნებაა – მიზანი, თავისუფლება.

                              *
მატერია გაქვავებული სულია, რომელიც ოდესმე უნდა განთავისუფლდეს.

*
როდესაც ორი ერთად გარდაიქმნება კაცობრიობა სხვა ფაზაში გადავა და გადარჩება.
*
შენს გარეთ შენ ხომ არა ხარ?!
_  გარეთ რას ეძებ! 

*
ადამიანის მატერიალიზების მიზანია მატერიის ზეცაში დაბრუნება.

*
სივრცეს ვერ გააშიშვლება. . . .

*
რიცხვი ორიდან ზევით უკვე ჟღერსGG

*
მათემათიკასაც  კი პაუზა გააჩნია, _ ერთიდან ორამდე და ა.შ.

*
სიკვდილსაც გააჩნია არტერია – აღდგომამდე!

*
სამწუხაროდ, ადამიანებმა თავისუფლება რეალობის უშვალო წვდომის დაკარგვის ხარჯზე მოვიპოვეთ. ცალმხრივად და მხოლოდ ცხვირის წვერზე აღვიქვამთ რეალობას. . .  ცალმხრივი არა მთლიანია, რევერსის მერე მხარე ყოველთვის ობიექტურია. . .  მაშ, რა რეალობაც  შესაძლოა იყოს მზე?! კეისარს კეისრისა და. . . 

*
ადამიანს ფრთები მონებაში აქვს და ეს ფრთები მისი აზრია.

*
ადამიანი ხარ იმიტომ, რომ ღმერთი გახდე! – რთული ამოცანაა. . . 
*
ყოველ ადამიანში დიდი ტკივილია, რასაც სხვა ვერ ხედავს და კიცხავს.


*
სიტკბოში ყველაზე დიდი საწამლავია.

*
ყველა ტანჯვად ღირს ის, რაც ძვირფასია  _ სიცოცხლე ტკბილია. . . 

*
მწერლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მისი შემოქმედება ურგები საკვები და საწამლავი არ უნდა იყოს, მწერალმა უნდა შეძლოს და თუნდაც ერთი სხივი გამოსტაცოს მარადიულობას. აზრობრივი ზიარებით მკითხველთან ყველა დროში აწყმოში უნდა იდგეს.

*
თვალი სინათლეს აღიქვამს, გული კი სიყვარულს.

*
ყველა ადამიანი მარტოა, აღსასრულის წინაშე და ჭეშმარიტების აღქმის წინაშეა. . .
ერთადერთი სამზადი რწმენა და ნუგეშია.

*
მთავარი განვითარება არ არის მხოლოდ _ მთავარია რა სწყურია ინტელექტს _ რძის ნაკადულები თუ კუპრის მდინარე. . . .

*
ადამიანები წუთით ვცხოვრობთ და მას ყველაფერს ვანაცვალებთ, საბოლოოდ კი აღარაფერი გვრჩება. ყოველი წუთი გვძარცვავს. . .  რითი შეიძლება რომ გამდიდრდე?

*
არა მგონია ღმერთი ერთი და იგივეს იმეორებდეს. _ იგი პლაგიატი ხომ არაა. . . ადამიანში ღვთაებრივი უნარი შემოქმედებაა. . .  განა მხატვარი შეიძლება ერთ ნახატს ხატავდეს სულ ან პოეტი ერთ ლექსს იმეორებდეს?!


                               *
სივრცე დროს ზღუდავს, დრო _ სივრცეს.
                               *
კაცობრიობის დიდ შედევრებს კაცები ქმნიან. ასევე ბრძოლებსაც გმირები იგებენ. გენიოსებსა და გმირებს კი დედები შობენ. ყველაზე დიდი დიდბუნოვნება და გმირობა დედობაა. მამაკაცები ქმნიდნენ, დედები კი მათ შობდნენ. ერთია   გამოვლენილი, მეორე საკრალური.

*
გონებაშია ყველაზე ძლიერი ურჩხული, რომელიც უნდა დამარცხდეს. . .  გოლგოთაც თავშია. . . 

*
ერდადერთი სიბრძნე წონასწორობაშია.

*
სამყარო უცნაურია, თავისავე თვითგანადგურებისაკენ ისწრაფვის, მასში შეიქმნა ადამიანი, ადამიანმა კი შექმნა იარაღი. . . .

*
სექსი სიცოცხლის მოთხოვნილებაა და პირიქით. იგი ხელოვნებაზეც უმეტესიცაა, თუ სიყვარულთანაა გულზიარებული.
ის ისევე უნდა იგრძნო რომ. . . ბოლო წამივით შეისუნთქო და საბოლოო ამოსუნთქვასავით გასცე.

*
ადამიანის  განვითარებისდა მიხედვით იზრსება მასში სიყვარულის ხარისხი. მისი თვისობრიობა ინტუიციაა და შერწყმა.
*
ადამიანი მიწაზე თავისი შინაგანი არსით მთელ ზეცას დაატარებს.

*
თუ შენი სიტყვა შარშანდელი თოვლივით გაქრა, შენ რაღა მოგივა?!

*
რა შუაშია ქალის გონება?! განა სიტყვას ან აზრს სქესი გააჩნია _ ბატონებო?!

*
მე მინდა დავამშვიდო ქალები, როცა მამაკაცები აყვედრიან თავს, ჩვენი ნეკნისგან შეიქმენითო. . . .  ჩვენ ნეკნისგან მაინც გავჩნდით, _ ისინი _ ტალახისაგან.

8
ანგელოზს რომ ფიზიკური თვალი ჰქონდეს ისიც დაეცემოდა. . . 

*
ყველა სიამოვნებაზე პასუხს ვაგებთ. ან ასე, ან ისე. . . 

*
თუკი ადამიანს ქმნადობის გვირგვინი ქვია, მან უნდა შეძლოს ცოცხალი სიტყვის ამოთქმა და გაცხადება

                              
 მიწიერი სიამოვნებების იქით ნგრევაა და სევდა.

                                   *
გონება, გული და ნებელობა ეს სამი მამოძრავებელი ძალაა ადამიანში. 
გონება ქმედების გარეშე უნაყოფოა. ის კარნახობს.
გული ყოველთვის არ ემორჩილება გონებას, ნებელობას საშვალებას აძლებს იმოქმედოს გულის კარნახით.
ნებელობის ერთ-ერთი გამოვლინება სექსიცაა. იგი ყველა კარნახის შემთხვევაში ნაყოფიერია

*
რაც არ უნდა ძლიერი იყო მაინც დამარცხდები, თუკი სიყვარულში იქნები უსუსური.
                                *
ვინც აწმყოს ვერ გაითავისებს აღდგომას როგორ შეძლებს?  _ აღდგომაა ჭეშმარიტი აწმყო.
კომენტარები (0)