0 327

რთულია, უთხრა: ნახვამდის!


ქარი იტაცებს ყვითელ ფოთლებს და სადღაც მიაქვს,
წვიმა ასველებს მყუდრო ქუჩას და ნაზად კოცნის,
დღე კი ილევა, ეფერება ბოლოჯერ ნიავს,
თვალებს არ უნდათ დაჯერება,  რომ აღარ მოდის.

არის ცრემლები, არის დარდი, არის სიცივე,
არის გრძნობებიც დარჩენილი სევდიან გულში,
წვიმა არ წყდება, არც შეწყდება, მუდამ იწვიმებს,
ვარ უნუგეშოდ ჩავარდნილი ამ სიყვარულში.

ზეცა მძიმეა, უიმედო წვეთები სცვივა,
საღამოვდება, მარტოობით სავსეა ქუჩა,
ირგვლივ ხეები სველდებიან, ჩემსავით სცივათ,
ვხვდები არ მოვა, უკვე ვხვდები და თვალებს ვხუჭავ...

„ნუთუ ისაა?! ნუთუ ბოლოს მაინც მოვიდა?!
არა, ისაა! ისიც სველი აქეთკენ მოდის!
ჩვენ გავიარეთ გრძნობის ომი და იმ ომიდან
გამოვაღწიეთ და ის ახლა აქეთკენ მოდის!

რა დროს წვიმაა? რა დროს ქარი? რა დროს სიცივე?
ჩემი სათქმელი უნდა ვუთხრა, ვიცი, დამაცდის!
აი,მოვიდა!
უკვე დროა!
ვიწყებ: „იცი მე...“
მაგრამ მაჩერებს, მეუბნება ჩუმად: „ნახვამდის!“

და ვახელ თვალებს: 
ისევ წვიმა, ისევ ქარია!
ისევ სველდება ირგვლივ ხეთა ნაზი ფოთლები...
მე მარტოსული ვიმეორებ: „ეს სიზმარია!“
და ამ სიზმრიდან დამრჩნენ მხოლოდ მოგონებები...

ისე რთულია უთხრა: ნახვამდის, რომ ვეღარ ნახავ,
ისე მძიმეა ეს მოლოდინი და ურჩი გრძნობა,
წვიმა ასველებს მყუდრო ქუჩას და კოცნის ნაზად,
თვალებს კი არ სურთ დაიჯერონ, რომ აღარ მოვა...
კომენტარები (0)