შენ ჩემში ხარ საქართველო!


სიონისკენ გავაჭენებ ტატოს მერანს
გალაკტიონს მივაგებებ ლურჯა ცხენებს,
ვადღეგრძელებ საქართველოს სილამაზეს!
საქართველოს მზიან ზეცას ვადღეგრძელებ!

შემოვივლი სვეტიცხოვლის წმინდა ხატებს,
ნადიდგორალს მოვუყვები უტკბეს სიოს,
გადავუფრენ ალავერდის მაღალ გუმბათს,
გადავუფრენ ცად აზიდულ კავასიონს!

საუკუნოდ ჩავფიქრდები მტკვრის პირას და
მეტეხიდან ვინავარდებ მთაწმინდამდე,
დავიჩოქებ ისევ მფეთქავ ილიასთან
და მწუხარე საქართველოს განვიქარვებ!

მარტოობას აღარა ჰყავს კავალერი,
მის გარეშე ღამეც ისე ეულია,
სამხრეთიდან მტერი ქროლვით მონაბერი
რახსის თავში, ბასიანთან ძლეულია!

მოვიგონებ ქართველების გამარჯვებებს!
ხატად ვაქცევ ჩვენი ქვეყნის ყველა მხარეს!
გადავლახავ ლიხის ქედს და ქუთაისში
ბაგრატიდან უსათნოეს დავრეკ ზარებს!

წყალწითელის ხეობაში ნადავითარს,
წმინდა გელათს მოვუყვები გულის დარდებს,
ფეხს დავადგამ მიძინებულ ბაგრატიონს,
განწმენდილი მოვიხურავ ტაძრის კარებს!

გელათიდან გავფრინდები აფხაზეთში!
იქ ხომ ჩემი საქართველოს ტკივილია!
ტირილია უკურნებელ ბედიაში!
გასხვისებულ ბედიაში ტირილია!

ვინ პატრონობს? ვის რად უნდა კურთხეული?!
ვინ რას ხედავს, რომ სიწმინდე ნაგვემია?
გაშავებულ ღრუბლებს ქვემოთ ბედიაში
ერთიანი საქართველო ასვენია!

„სამშობლო მაქვს საფიცარი!“ ვიღას ვუთხრა?!
მე რომ მიყვარს, დამიჯერებს ჩემი მიწა?!
მაგრამ მცხეთას ქვეყნის გული არ ცივდება
და ამიტომ ამდენ ტკივილს უხმოდ ვიტან!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი