ემიგრანტის ღამე


ახლა ღამეა
და ეს ჰაერი სხეულს მიყინავს, უცხოა ჩემთვის,
დღეს სიცივეა,
როგორც ყოველთვის და შორეული ძახილი მესმის,
მარტოდმარტო ვარ,
მე-უბინაოდ, სხვა მხარე მიჭერს გულზე მარწუხებს,
მე ხომ სხვაგან ვარ,
უცხო მხარეში, უსამშობლობა ისე მაწუხებს.
რა სიცივეა!
ანათებს მთვარე, სამშობლოსავით ისიც შორსაა,
მე ეული ვარ,
რადგან აქ ყოფნა უიარაღოდ ჩემი მოკვლაა,
მარტოსული ვარ
მთვარეზე მეტად და სითბო გულში არ მესახება,
მე დაჭრილი ვარ
ღამეზე მეტად, ჩემი ქვეყანა რომ მენატრება!
რაღაც მეძახის!
ეს ხომ სისხლია მშობელ მხარეში აჩქეფებული,
რაღაც დამცინის!
ეს სიცივეა - უცხო მხარეში გამეფებული,
სადღაც მელიან!
იქ,სამშობლოში ჩემი სახლია გრძნობით ნაგები,
სადღაც ვაკლივარ!
იქ,ჩემთან,სადაც მხოლოდ ფიქრია ჩემი წამღები.
ახლა ღამეა!
მე დავბრუნდები, ჰაერს ვისუნთქებ ნაზად ნაფერებს
და გათენდება!
სამშობლოს ხილვით და სიყვარულით რა დამაბერებს?!
ცივია მთვარე!
მე ჩემი ქვეყნის ყველაზე თბილი მნათობი მიყვარს,
მაგრამ სხვაგან ვარ!
და თუ მოვკვდები, გულს მიფარავდეს სამშობლოს მიწა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი