რა მჭირს?!


ღამე - მძიმე, როგორც მომაკვდავის სუნთქვა
დასწოლია ქალაქს, სისხლი ღვარად გასდის,
დახუთული სივრცე მე - მოწამლულს ფიქრით
თითქოს ჩუმად მახრჩობს და ვიძახი:
რა მჭირს?!

გზა იმედის სადღაც, სიბნელეში ქრება
და ვერ ვლახავ, ვერა, მე სირთულეს ამ გზის,
აღარსად ჩანს ხსნა და მასთან ერთად შვება,
მე კი ისევ მძიმედ ვიმეორებ:
რა მჭირს?!

ალბათ, მოვა ჩემთან თვითონ ჩემი თავი,
ალბათ, მოვა მალე და შუაზე გამჭრის,
ჩამოდგება მერე განწირული წამი
და ქცეული ორად ისევ ვიტყვი:
რა მჭირს?!

ო, იქნება მერე უკვე ძლიერ გვიან,
გადაღლილი სულის დრო იქნება წასვლის,
გავეხვევი ნისლში და იგრძნობენ ტკივილს,
მე კი სხვაგან, მაგრამ მაინც ვიტყვი:
რა მჭირს?!

შეუპყრია ღამეს ქალაქი და გუდავს
და ეს ბნელი კიდევ რამდენ საათს გასტანს?
მოწამლული ფიქრით ვიმეორებ:
რა მჭირს?!
მაგრამ ისევ ცივა და პასუხი არ ჩანს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი