სემირამიდა


დაღამდა...
მაგრამ შენ არ ხარ მარტო,
ეს მე ვარ მხოლოდ სულით ეული,
თუკი ფიქრები მოვიდნენ შენთან,
თუ გადმოლახეს გზები ხვეული.

მე მომეძალა მელანქოლია
და გადამსერა გრძნობამ წყვეტილმა,
მძიმედ დაჭრილი წამოვალ შენთან,
თუკი ბოროტი ძლია კეთილმა.

ვიყავი გულის მებაირაღე,
შენ - დედოფალი სემირამიდა,
მკლავდა,მათრობდა ეგ სილამაზე,
ცის დიადემა, ნაზი გრაცია...

მაჯადოებდა ჰარმონია დღის,
ელფერი ლურჯი, შორი დაისის,
მე მოგიყვები საოცარ ზღაპარს,
თუკი ცოტა ხანს კიდევ დამიცდი.

შავ ესკიზებში გადავიკარგე,
შენს მკრთალ სახეზე ნისლი ვაცურე,
მელოდებოდი, ვერ მოვაღწიე,
მგზავრებს გავყევი, მრუდედ წასულებს.

ფიქრი ვიყავი სევდანარევი,
შენ კი ღვთიური, თეთრი ზმანება,
ცრემლი ვიყავი თვალზე მომდგარი
და შენ ფაქიზი, ურჩი არსება.

წმინდა ტრფიალი, სრულყოფილება
და შემოქმედი ფანტაზიისა,
უკიდეგანო დროის კიდიდან
გეტრფი დედოფალს ასირიისას.

მე გავხდი გრძნობის მემატიანე,
მძიმედ შევხსენი გული კარიბჭე
და როგორც ქარში თვალები ქვიშით,
ისე სიწმინდით უცბად ავივსე.

იცოდე, გწამდეს, რომ კვლავ მახსოვხარ
და გესალმები ზეცის ბაღიდან,
რომ მე ვარ შენი უტყვი მებაღე,
შენ - დედოფალი სემირამიდა...

დაღამდა...
მაგრამ შენ არ ხარ მარტო,
ეს მე ვარ ახლა სულით ეული,
თუკი ფიქრები მოვიდნენ შენთან,
თუ გაიარეს გზები ხვეული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი