ნოსტალგია


თუკი ოდესმე დამრთეს ნება ჩემს სახლში მისვლის,
ფეხზე გავიხდი, ფეხშიშველი ავუყვები დადიანურას,
ჩავუთქვავ სურვილს ჩემს მშობლიურ დადიანეთს და
წითელ კლდეებთან მოვილოცებ როგორც ტაძრის წინ...
მოვიყრი მუხლს და დავუკოცნი ლოდებს გზის პირზე
დასასვენებლად, რომ ვხმარობდით გათანგულები,
 სანთელს მივაკრავ სიპის კიდეს, ხელს მოვუჩრდილებ,
თუკი იქნება ჩარეცხილი ქვათა ღრმულები...
ციმციმ ავირბენ გუთანეებს, მივალ ჭაობებს,
ანცი ბავშვივით გადავუვლი ლატნების ღობეს,
მოვიგერიებ ორღობეში დაყუნცულ ძაღლს და
გულში ჩავიკრავ მომლოდინე მეზობლის ქალებს...
აღმართს ავივლი, მიმოვავლებ მზერას ჩემს ეზოს,
დავლანდავ დედას, სახლთან ახლოს მორზე მჯდომარეს,
გავექნები მოვეხვევი, გულში ჩავიკრავ...
ვიგრძნობ მის სუნთქვას, მოფერებას ფეხზე მდგომარე...
გავა წუთები... მოვფხიზლდები... არაა დედა...
ფრთხილად გავაღებ სახლის კარებს, წლობით უნახავს...
და ფეხშიშველი ფეხაკრეფით შევალ ოთახში,
მივცემ გზას ცრემლებს დაგუბებულს და დაუნახავს... 

                13 აპრილი 2016 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი