დანამული იასამნები


ჩვენ დაგვისველდნენ იასამნები
და სხეულები დაგვეწინწკლა გრილი წვეთებით. 
აპრილის სუნით დასვრილ მხრებზე თითებს ჩამოქნილს,
მარწუხებივით შემოაჭდობ, 
(ასეთია შენი ბოდიში)
და მთხოვ გაგიგო. 
მაგრამ არასდროს,
არ ყოფილა ჩემი გრძნობა
ასეთი მუნჯი,
ასე უსმენო, 
ბეთჰოვენის ორი ყურივით.
და შენი ყელი, ეშაფოტი,
როგორც ასეთი
ჩემი ტუჩების დასახრჩობად, 
სულ ბოლოჯერ გამოვიყენე.
მხრებზე ტკივილებშემოცმული 
ჯაჭვის პერანგით,
ჩქარი ნაბიჯით,
ცხელი გულით,
ცხელი ცრემლებით...
ქუჩის ლამპიონს მიყრდნობილი 
უხმოდ დაგტოვე...
უკანდარჩენილ ქვაფენილზე ჩამოვყარე მოგონებები
და მათი სისხლის ნიაღვარი წვიმას შეერწყა.
გადაიშალა ოკეანე ჩვენს შორის ვრცელი,
დავრჩით უნავოდ,
უკომპასოდ,
უიალქნებოდ.
შეგვრჩა მარტოდენ
დანამული იასამნები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი