ლექსები


მარინე ოქრომელიძის ლექსებიდან
 გზა ერთადერთი 
საითაც გავიქეცი-
იქით წავიქეცი..
შენს შუქს სად გაურბის
კაცი შენი ქმნილი?
სოფელი ბინდისფერი,
ჩიქილა შინდისფერი,
სანთელი ჩაუმქრალი,
დარდი დაუმცხრალი...
ჩემო შემოქმედო!
მტვრისგან რად შემქმენი?
თუ სიკეთე ჰქმენი,
გექმნა მადლიანი...
მტვერი მტვრად იქცევა,
მდინარე ზღვად იქცევა...
სოფელი ბნელი...ბნელი და
ბინდისფერი,
კაცი მოარული ბნელში
ვით გიპოვის?...
ჰყვავის იალბუზზე
ჩიქილა შინდისფერი.
დღე დღეთაგანი 
შემოიქცევა მიწა თავის გარშემო
მძიმედ,
ერთგან ღამეა, მეორეგან
ციმციმებს დილა,
ადგას მზის შუქი
კაცის სულში შეყუჟულ
იმედს,
ღამე კი თელავს მიხდილ სასოს,
დაშრეტილ ილაჯს,.

ქეთევან დედოფალს
წარსწყდა მრავალი წელთა მიღმა
და წაიშალა..
შრიალებს შური უსახური,თუ 
უჟამური,..
იწვის ღვთის ცეცხლით
საქართველოს ყველა იარა
და ძილის ნისლში
ჩაძირულა დედულ-მამული...
სამშოლო შენ ხარ მზეო ზეცით
გადმომზირალო,-
ვინც რა ჰქმნა ქვეყნად
ზეყანაში განსჯის ზნესრული,
ქალი-ფიქალი ვერ შემუსრა
უღვთოთა ცეცხლმა...
რა გჭირს მამულო?
ვდგავარ მტკიცე და განძარცვული.
ჩემი საქართველო 
ყველამ დამღალა,
დამაღალატა,
სამარის პირას
მიმაგდეს მარტო,
თავთით დამიდგეს
თეთრი კალათა,
თეთრ შროშნებს
შავი ფანტელი
ათოვს...
შენ არ ხარ მარტო-
ჩამესმის ტკბილად,
მიენდე უფალს,
გაშალე ფრთები..
მძიმედ და ნელა
თენდება დილა,
ამ დილასავით
შენც გათენდები.
გახსენება 
სული შეიმღვრა
უჩვევი შიშით,
როს მშვენიერი
შურთხი დაფეთდა,
ფრთებზე დასდევდა
ოქროს ზარნიში
და ჰქროდა დროთა
გარდასაკვეთთან.
გზაგასაყართან ვიდექით
ორთავ.
ვჭვრეტდით ჭრიატა მზის 
სხივ-სახეთა,
ღრღნიდა თაგუნა
ლომის თოკს
მორცხვად,
როს  მშვენიერი შურთხი
დაფეთდა.

ამაოება ამაოთა 
რას მოივაჭრებ,რას მოიხვეჭ?
ცრუა ყოველი...
მზესაც რომ მისწვდე,
ვარსკვლავები დაიდგა ქუდად,
თუ ფარაონი გახდა უტყვი,
ბალახმძოველი,
შენ ვინ იქნები,
თუ შემოქმედს შენსას
არ უნდა?
იქნებ... 
შენ ვის უშველი
თავად საპყარო,
მკვდარი მკვდარს რისთვის
აეკიდება?
უფლის გარშემო  ბრუნავს 
სამყარო,
თავად მზე ბრძანებს უფლის
დიდებას...
შენ კი საკუთარ ჩრდილის
მეჭველო,
მიწას მიკრულო,ცის 
მონატრულო,
დიაცო,მართლაც ქსლისა
მბეჭველო,
და სიყვარულის  ზღვავ
უსასრულო.  
დავით 
და ფეხშიშველი მოგიველ 
გელათს,
მწვავდა მზე მწველი ,
,,ცეცხლებრ შემწუელი"...
ვერ დაგაბიჯებ ფეხს 
გულზე, ვერა,
დიაცი ერთი
,,ქსლისა მბეჭველი"...
დაწყვეტილია დროთა
ჯაჭვები,
დაეფრქვა გელათს
ნისლის შროშანი,
მომეკვეთება მუხლი,
დავდრკები
არ თუ დიაცი...მანდილოსანი.
________________________________________
უფალო 
ჩამოვიფარებ მშვენიერთა
ღრუბელთა რიდეს,
დავრჩები  მხევლად რწმენის
შენის სამარადისოდ,
შენ ნუ გამწირავ,
შენ ნუ დამთმობ,
ნუ გამირიდებ
და ფეხთა შენთა 
      ამბორყოფის
ჩამთვალე ღირსად.

ღმერთო სიყვარულისა 
ხიდი, ბეწვის ხიდი...
ჯამბაზების ხროვა...
შენი ინდი-მინდი
არა...არ გამოვა...
ფრთები ანგელოსის,
ფრთები უხილავი,
ბეწვის ხიდზე გარბის
კვიცი უხედნავი...
გაოცება მტრული
და მდინარე მშრალი,
სრული სასწაულის
ვერმხილველი თვალი...
უფლის ინდი–მინდი...
მზე დაჰყურებს მზვარეს,
ვით ყვავილი შინდის
ცას მიჰკვრია მთვარე...


                 მამულო
                 კვამლი სდიოდა 

                            დამწვარ მარაბდას... 

                    ღრუბელი ღრუბელს 

                            შეუკარავდა... 

                    ვინ იფიქრებდა 

                            ერთი პაატა, 

                    ერთი თევდორე, 

                            ერთი ცოტნე თუ 

                    დაგვიფარავდა?!...
კაცი ბჭობდა.. 
ღრუბელთა ჯგროდან
მზე იჭყიტებოდა,
მიწას სუნთქვა
ორთქლად ასდიოდა,
გაზაფხული მძიმედ
მოდიოდა,
ჩიტი სტვენდა,
ვარდი იშლებოდა,
ტოტს ტირიფის
ტრფობა შეჰპარვოდა,
ალუბლებზე ნამი
ცრემლად კრთოდა,
შროშანს შაშვი
შველას შესჩიოდა,
ცას სიცილით
ცრემლი მოსდიოდა,
არცრა მქონდა...
და არცრა გინდოდა..
იდგა ჟამი,არც დრო
არ იძვროდა...
კაცი ბჭობდა,
ღმერთი იცინოდა.

ღმერთო!
ყველამ თითო რამ მოითხოვა
უფლისგან ჯილდოდ...
სოლომონს - სიბრძნე,
მოსეს - ძალა, დავითს -
დიდება...
კადნიერებად ნუ ჩამითვლი,
უფალო დიდო,
მე მხოლოდ შენი 
სიყვარულის შუქი მჭირდება!
მარინე ოქრომელიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი