სიღარიბე

სარეცხს ძლივს ვაშრობთ, სახურავიც უკვე ძველია,
ფარდის ნაკერი იასამნის ფურცლით დავმალეთ,
სახლის კედლები უმეტესად ძლიერ სველია,
წუხელ ონკანში საბოლოო წვეთი დავცალეთ.

ქვაბის ძირს ყველა რიგრიგობით ჩუმად დავცქერით,
ჭაღის სინათლე იმედივით დავასაფლავეთ,
პურის ნატეხი ცხრაჯერ უფრო მეტად დავჭერით,
ეს საწოლებიც დაემსგავსნენ უკვე საფლავებს.

და გარდერობშიც მხოლოდ ერთი პალტო კიდია,
ვიცვამთ და ვიხდით სათითაოდ, ,,და რომ წაგვართვან,,?
კითხულობს სევდა, ღმერთივით რომ ძლიერ დიდია
და ვსაყვედურობთ ბედისწერას ეს რომ დაგვმართა.

და ვსაყვედურობთ დედის მუცელს დაბადებისთვის
მზერით ვაცილებთ ერთმანეთის ლუკმას ხახიდან,
ხმა არ ამოგვდის ულუფაზე დამატებისთვის,
თითქოს მინდა და უფრო მეტად თითქოს არ მინდა.

სარეცხს ძლივს ვაშრობთ, სახურავიც უკვე ძველია

/ ნანუკა ჭკუასელი /