ჩრდილების ბრალია

მუდამ ორს ვხედავდი...ჩრდილებს წარმოვიდგენდი იმ ორისას და ცარცით საზღვრებს ვუხატავდი, რომ არ გაქცეულიყვნენ. ერთგვარი შიშია ადამიანის, მითუმეტეს ბავშვობაში. როცა სათამაშოებსაც კი იცავ, სინათლეში სიბნელისგან, სითბოში - სიცივისგან და ასე სანამ არ გაიზრდები და ჩრდილები ჩემოდნიან ადამიანებად იქცევიან. 
იცი, ფიქრი ჩემთვის მუდმივად თოვლიანი სივრცე იყო და როცა ვფიქრობდი, გონებაში ბურუსით შეფერილი ნაპერწკლები ინთებოდნენ, ან კვდებოდნენ ხოლმე უმეტესად.
ჩემთვის არ უთქვამთ, რომ ბარგი ყოველთვის ჩალაგებული აქვთ ჩრდილებსაც კი და ცალი ფეხით გვისწრებენ... ეს გასწრება წყევლის გორგალივით იბურდება, ჭიქაში ვარდება და წყალს გასმევს, ლუკმას გაჭმევს, ძილისწინ სარეცელს ეკვრის და გესიზმრება.
გესიზმრება, რომ მიდიან და ჯერ არავინ დაბრუნებულა.
იღვიძებ და ცოცხლობ. გესმის, როგორ ხმაურობენ და შენ საუბარი გენატრება...
იმ ჩრდილების ბრალია...
მუდამ ორნი იყვნენ...
და თურმე არც ყოფილან..
მერე შენი საზღვრები? ან შავი ფერი სულ რომ გეყვითლებოდა? ან ბალახისფერი დღეები.
დაცოტავებულ ღამეებს ციფრებს უმრგვალებ და იქვე სარკესთან თმებში პირველ თოვლს ესალმები...როგორც ბავშვობაში, განთიადზე, გადაწეული ფარდის მიღმა ვნებით აცელქებული ფიფქები ცვიოდნენ ღმერთის ხელისგულიდან...მაშინ გიხაროდა...თვალები გიფართოვდებოდა და დიდი სამყაროს პატარა ნაწილი ხდებოდი...
გვიანია...
შენმა ტუჩებმა ილაპარაკეს
შენმა ყურებმა მოისმინეს...
გვიანია...
შენ უნდა იწვე სიბნელეში და კითხულობდე ოთახის აზრებს.
ჩრდილების ბრალია.
ფანჯრის წინ მდგარ ხეს აღარ უყურებ, არ ელოდები და აღარ ფიქრობ, რომ ხის მეორე მხარეს შენი ბავშვობა დგას, რომლისთვისაც ყველა ფოთოლი აუტანლად ნარინჯისფერია და ფესვები მზის გულზე ხარობენ...
ყველაფერი დაუშვებელი ხომ წარმოუდგენლად დასაშვებია . . .
შენ კი წუხდი ვინ უნდა ყოფილიყავი მაშინ, როცა ყოფნა არავის სჭირდებოდა და პირიქით...
დასდევდი სიმეტრიებს უსწორმასწორო ზედაპირზე, ავლებდი პარალელებს და კვდებოდი იმ დროს, როდესაც უნდა გეცოცხლა.
გვიანია ....
ჩრდილების ბრალია